თქვენს ვებ-ბრაუზერს ან არ აქვს JavaScript-ის მხარდაჭერა, ან სკრიპტების გამოყენება დაბლოკილია!

მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური

ცენტრი

ადიპოზო-გენიტალური სინდრომი

ადიპოზო-გენიტალური სინდრომი

თარიღი: 2014-03-26

დათვალიერება: 2802

ადიპოზო-გენიტალური სინდრომი, იგივე ადიპოზო-გენიტალური დისტროფია, პეხკრანც-ბაბინსკ-ფრელიხის სინდრომი, ნეიროენდოკრინული სისტემის პათოლოგიაა, რომელსაც ახასიათებს პროგრესული გაცხიმოვნება, გარეგანი და შინაგანი სასქესო ორგანოების განუვითარებლობა და სასქესო ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითება.

მიზეზი შეიძლება იყოს ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის ორგანული დაზიანება, მათი სიმსივნე, ნეიროინფექცია, მიკროცეფალია, მკერდუკანა არისა და ჰიპოფიზის ფუნქციური დარღვევები. უმეტესად ბავშვობაში ვლინდება და ნელა ვითარდება. ამ დროს მუცელსა და თეძოებზე ცხიმის ჭარბი ჩალაგება შეინიშნება. ბოქვენსა და იღლიებში თმიანობა იშვიათია ან საერთოდ არ არის. მამაკაცებს არ აქვთ თმა სახეზე, ხმა მაღალი აქვთ, განუვითარებელია გარეგანი სასქესო ორგანოები, სათესლე ჯირკვლები (ერთი ან ორივე) არ ჩამოდის სათესლე პარკში. ქალებს არ აქვთ განვითარებული გარეგანი და შინაგანი სასქესო ორგანოები, არ აქვთ მენსტრუაცია. კანი ფერმკრთალია, ხშირად - მშრალი. სარძევე ჯირკვლების ადგილას ცხიმოვანი ნადებია. ძვლოვანი ასაკი ჯანმრთელი ადამიანისას ჩამორჩება.

დამახასიათებელი სიმპტომებია ადვილად დაღლა, თავის ტკივილი, მადის მომატება, სქესობრივი სისუსტე, ზოგჯერ - გაძლიერება.

ბავშვთა ასაკში ამ სინდრომს ზოგჯერ ინტელექტის სისუსტეც ახლავს თან.

ადეპოზო-გენიტალური სინდრომი შესაძლოა შერწყმული იყოს ჰიპოთირეოზთან, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობასთან, უშაქრო დიაბეტთან.

დიაგნოზი დასტურდება თავის ქალას რენტგენოგრამით (სიმსივნის არსებობა, მომატებული ქალასშიდა წნევა) და ჰორმონული გამოკვლევით.

საჭიროა დიფერენცირება სიმსუქნის სხვადასხვა ფორმისა და ჰიპოგონადიზმისგან. სიმსივნის არსებობისას ნაჩვენებია სხივური თერაპია ან სიმსივნის ქირურგიული ამოკვეთა, ანთებითი პროცესების დროს კი ანტიბიოტიკები და ბიოქინოლი.

მნიშვნელოვანია დიეტა. ავადმყოფმა უნდა მიიღოს არა უმეტეს 1200-1600 კილოკალორიისა დღეში. ინიშნება განტვირთვის დღეები. მკურნალობა ტარდება მადის დამაქვეითებელი და შარდმდენი პრეპარატებით. მამაკაცებსა და ქალებს უტარდებათ შესაბამისი ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია.

სიახლეები

ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა