თქვენს ვებ-ბრაუზერს ან არ აქვს JavaScript-ის მხარდაჭერა, ან სკრიპტების გამოყენება დაბლოკილია!

მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური

ცენტრი

მაობლიტირებელი თრომბანგიტი

მაობლიტირებელი თრომბანგიტი

თარიღი: 2014-04-14

დათვალიერება: 3068

მაობლიტირებელი თრომბანგიტი სისხლძარღვთა ობსტრუქციული დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს საშუალო და მცირე კალიბრის არტერიებისა და ვენების სეგმენტური ანთებითი და პროლიფერაციული დაზიანება.

მაობლიტირებელი თრომბანგიტი უმთავრესად ახალგაზრდა (20-40 წლის) მამაკაცების დაავადებაა და ახასიათებს რეგიონულობა - უფრო მეტად აღმოსავლეთის ქვეყნებში, ისრაელსა დ ინდოეთში, აშშ-სა და დასავლეთ ევროპაშია გავრცელებული. შესაძლოა, ამის მიზეზი დაავადებისადმი მემკვიდრეობითი განწყობა იყოს.

ბიურგერის დაავადების გამომწვევი მიზეზები უცნობია. დაავადებულთა აბსოლუტური უმრავლესობა მწეველია. მრავალ მათგანს უვლინდება კანის ზემგრძნობელობა თამბაქოს პროდუქტების ვენაში შეყვანის შემდეგ. გარდა ამისა, დაავადების განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს აუტოიმუნური რეაქციები.

დაავადება სეგმენტურად აზიანებს საშუალო და მცირე ზომის არტერიებსა და ვენებს. მწვავე დაზიანებისას ვითარდება ინტიმის პროლიფერაცია და თრომბოზი. არტერიების/ვენების ყველა შრე ინფილტრირებულია ლეიკოციტებით, ლიმფოციტებითა და გიგანტური უჯრედებით. ასეთი ინფილტრაცია თრომბზეც ვრცელდება.

დაავადებას არ ახასიათებს ქოლესტერინის ან კალციუმის დაგროვება (ანუ არ წარმოიქმნება ათეროსკლეროზული ფოლაქები და არ ხდება კალციფიკაცია).

სიმპტომები და მიმდინარეობა. ავადმყოფს, რომელიც, წესისამებრ, მწეველია, აღენიშნება კიდურის იშემიისა და ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტის გამოხატული სურათი. უჩივის რეინოს ფენომენისთვის დამახასიათებელ ნიშნებს (თითების გაფითრებას და ციანოზის შეტევების განვითარებას სიცივისა და ემოციის ზეგავლენით), რასაც ერთვის თითების დაწყლულება.

მაობლიტირებელი თრომბანგიტის დროს ტკივილი სხვადასხვაგვარია. ყველაზე ხშირია მოსვენებისას აღმოცენებული ერთი ან რამდენიმე თითის ტკივილი. მას შესაძლოა ახლდეს იშემიის სურათი (კანის ფერისა და ტემპერატურის ცვლილება). მოგვიანებით მოსალოდნელია დაწყლულება და განგრენის განვითარება, რომელსაც მღრღნელი, გახანგრძლივებული ტკივილი ახასიათებს. ტკივილის ინტენსიურობა იმატებს ღამით. ზოგჯერ შეგრძნება სისხლძარღვის მთელ სიგრძეზე ვრცელდება, რაც მისი კედლის ანთებით არის განპირობებული.

იშემიურმა ნეიროპათიამ შესაძლოა გამოიწვიოს შეტევითი და ძლიერი ტკივილი. ამ შემთხვევაში მას პარესთეზიაც ახლავს. ზოგჯერ ვითარდება ხანგამოშვებითი კოჭლობისთვის დამახასიათებელი ტკივილი (აღმოცენდება ფიზიკური დატვირთვის დროს, ზღუდავს მოძრაობას და დასვენების შემდეგ გაივლის) წინამხრის არესა და მტევნებში. ხშირია სიცივის აუტანლობა, რომელიც პარესთეზიითა და რეინოს ფენომენით ვლინდება.

მაობლიტირებელი თრომბანგიტის კიდევ ერთი გამოვლინებაა ზედაპირული ვენების მიგრაციული თრომბოფლებიტისთვის დამხასიათებელი კლინიკური სურათი, ზედაპირული ვენების ანთება და მტკივნეულობა, რაც რამდენიმე კვირა გრძელდება.

არტერიებზე (იდაყვისა და სხივის არტერიები, ტერფის დორსული არტერია, წვივის უკანა არტერია), უმთავრესად კიდურების დისტალურ ნაწილში, პულსაცია შესუსტებულია. დათვალიერებისას თითებზე აღინიშნება ციანოზი, სიფითრე ან მუდმივი სიწითლე. ზოგჯერ კიდურების შეფერილობა მდებარეობის შეცვლასთან ერთად იცვლება. თითების დაწყლულება მოსალოდნელია როგორც ზემო, ისე ქვემო კიდურებზე. ტერფები, წესისამებრ, შეშუპებულია.

ძალიან იშვიათია მაობლიტირებელი თრომბანგიტის დროს შინაგანი ორგანოების არტერიათა (ჯორჯლის, თირკმელების, კორონარული და ცერებრული არტერიების) დაზიანება.

მაობლიტირებელი თრომბანგიტი სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებად არ მიიჩნევა (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პათოლოგიური პროცესი შინაგან ორგანოებსაც არის მოდებული), თუმცა კი ამ დაავადების დროს არცთუ იშვიათად ხდება საჭირო კიდურის ამპუტაცია.

ავადმყოფს ეკრძალება მოწევა. სიგარეტისთვის თავის დანებების შემდეგ მაობლიტირებელი თრომბანგიტისთვის დამახასითებელი ახალი დაზიანებები თითქმის არ ვითარდება.

დიაგნოსტიკა. მაობლიტირებელ თრომბანგიტს ვარაუდობენ, როდესაც კიდურის არტერიათა ოკლუზიური პათოლოგიით გამოწვეულ იშემიის სურათს ერთვის ზედაპირული ვენების მიგრაციული თრომბანგიტის სურათიც. დიაგნოსტიკის ინფორმაციული მეთოდია არტერიოგრაფია, რომლის მეშვეობითაც ვლინდება საშუალო და მცირე ზომის არტერიების მრავლობითი სეგმენტური ოკლუზია. ამ დროს დიდი არტერიები არ არის დაზიანებული, რაც ამ დაავადებას მაობლიტირებელი არტერიოსკლეროზისგან განასხვავებს.

მკურნალობა. მკურნალობა კონსერვატიულია. ტაქტიკა ისეთივეა, როგორიც შორსწასული მაობლიტირებელი არტერიოსკლეროზის დროს. მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად საჭიროა კიდურის სითბოში მოთავსება, დაზიანებული ადგილის (წყლული, განგრენა) მოვლა. საჭიროებისამებრ ტარდება ამპუტაცია.

სიახლეები

ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა