თქვენს ვებ-ბრაუზერს ან არ აქვს JavaScript-ის მხარდაჭერა, ან სკრიპტების გამოყენება დაბლოკილია!

მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური

ცენტრი

ორსულთა ტოქსიკოზი

ორსულთა ტოქსიკოზი

თარიღი: 2014-05-11

დათვალიერება: 5304

ორსულთა ტოქსიკოზი მრავალსიმპტომური პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ორსულის ორგანიზმში ადაპტაციური პროცესების დარღვევისას ვითარდება, ანუ ტოქსიკოზი ორსულობაზე ორგანიზმის გაუკუღმართებული რეაქციაა. მისი სიმპტომები აღმოცენდება ორსულობის დროს, ართულებს მის მიმდინარეობას და, როგორც წესი, სრულდება მშობიარობის შემდეგ.

ტოქსიკოზის განვითარების რამდენიმე თეორია არსებობს: ალერგიული, ტოქსიკური, იმუნოლოგიური, ნეირორეფლექტორული, ჰუმორული და სხვა.

ორსულთა ტოქსიკოზის კლასიფიკაცია:

ორსულთა ტოქსიკოზები პირობითად ორ დიდ ჯგუფად იყოფა:

1. ადრეული ტოქსიკოზი (ორსულთა ნერწყვდენა და ორსულთა ღებინება), რომელიც აღმოცენდება ორსულობის პირველ ტრიმესტრში და წესისამებრ, 12 კვირის შემდეგ გაივლის;

2. გვიანი (პრეეკლამფსია და ეკლამფსია), რომელიც ორსულობის მესამე ტრიმესტრში ვითარდება.

არსებობს ორსულთა ტოქსიკოზის იშვიათი ფორმებიც:

ორსულთა ტეტანია (კრუნჩხვა),

დერმატოზები (კანის დაზიანება),

ოსტეომალაცია (ძვლების დარბილება),

ორსულთა ბრონქული ასთმა, ორსულთა სიყვითლე.

ორსულთა ადრეული ტოქსიკოზი

ორსულთა ნერწყვდენა იშვიათად მიმდინარეობს ადრეული ტოქსიკოზის დამოუკიდებელი ფორმის სახით. ის უმეტესად თან სდევს ღებინებას. ძლიერი ნერწყვდენის დროს ორსული დღე-ღამეში 1 ლიტრამდე სითხეს კარგავს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს:

ორგანიზმის გაუწყლოება;

ჰიპოპროტეინემია;

კანის აქერცვლა;

უარყოფითად იმოქმედოს ფსიქიკაზე;

შეამციროს სხეულის მასა.

ორსულთა ღებინება ადრეული ტოქსიკოზის შედარებით ხშირი ფორმაა, მაგრამ მკურნალობას იშვიათად მოითხოვს.

ორსულობის რაც უფრო ადრეულ ვადაზე დაიწყება ღებინება, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს იგი.

განასხვავებენ ღებინების მსუბუქ, საშუალო სიმძიმის და მძიმე ფორმებს.

მსუბუქი ანუ პერიოდული პირღებინება დღეში 2-3-ჯერ, უზმოზე ან ჭამის შემდეგ, აგრეთვე სუნებზე, ორსულთა უმრავლესობას აწუხებს. ის უვნებელია როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვისაც და მედიკამენტურ ჩარევას არ საჭიროებს.

საშუალო სიმძიმის ტოქსიკოზის დროს ღებინება დღეში 6-10-ს აღწევს, საკვების მიღებასთან კავშირი არ აქვს, თან სდევს წონის კლება, საერთო სისუსტე, ტაქიკარდია, კანის სიმშრალე, დიურეზის დაქვეითება. არტერიული წნევა უმნიშვნელოდ ეცემა. ამ დროს აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია ან დღის სტაციონარში ინფუზიური თერაპიის ჩატარება (სითხეების გადასხმა) სისხლში სითხისა და საკვები ნივთიერებების შემცველობის აღსადგენად.

მძიმე ღებინება სასწრაფო ჰოსპიტალიზაციის ჩვენებაა. ამ დროს ღებინება მრავალჯერადი ან შეუკავებელია. მეორდება დღეში 15-20-ჯერ და მეტჯერ, არა მარტო დღისით, არამედ ღამითაც. მძიმე ღებინება იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას და წონის მკვეთრ კლებას, კანის გამოშრობას და მოდუნებას. ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, პირიდან ამოდის უსიამოვნო სუნი, სხეულის ტემპერატურა იმატებს, პულსი წუთში 110-120-ს აღწევს. არტერიული წნევა ეცემა, შარდში ჩნდება აცეტონი. ზოგჯერ ორსულის სიცოცხლეს საფრთხეც კი ემუქრება. ამ შემთხვევაში დგება ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის საკითხი.

დიაგნოსტირება. აუცილებელია ადრეული ტოქსიკოზის დიფერენცირება ისეთი დაავადებებისგან, რომლებიც ასევე ღებინებით ვლინდება. ასეთია კვებითი ინტოქსიკაცია, გასტრიტი, პანკრეატიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება, ნეიროინფექცია.

მკურნალობა. მსუბუქი ტოქსიკოზი მკურნალობას არ საჭიროებს, შეუკავებელი პირღებინების დროს კი აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია. მკურნალობა კომპლექსურია. გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აწესრიგებს წყალმარილოვან და ელექტროლიტურ ბალანსს. გაუწყლოების აღმოსაფხვრელად, დეტოქსიკაციისთვის და წყალმარილოვანი ცვლის გასაუმჯობესებლად მიმართავენ ინფუზიურ თერაპიას.

ტოქსიკოზის დროს მეტად მნიშვნელოვანია ორსულთა კვება. მსუბუქი ადრეული ტოქსიკოზის დროს რეკომენდებულია ნახშირწყლების მკაცრი შეზღუდვა და საჭმელი მარილის ოდენობის გაზრდა. საკვები კარგად უნდა მოიხარშოს და გაიხეხოს. კვება საჭიროა 2-3-საათიანი შუალედებით, მცირე ულუფებით. სითხის ოდენობა არ იზღუდება, მაგრამ მისი მიღებაც მცირე ულუფებით (50-100 მლ) არის სასურველი. კვების რაციონი უნდა გამდიდრდეს ცილით, უნდა შეიზღუდოს ცხიმიანი, ცხარე, მჟავე, შემწვარი საკვები, ასევე - დაკონსერვებულ ხილი და მისი წვენი, ტკბილეული. რეკომენდებულია მარცვლეული, პარკოსნები, კვერცხი, თევზი, ქათმის ხორცი, კაკალი და ავოკადო. ასევე - ლიმონი და პიტნა, რომლებიც გულისრევას ამცირებს.

სიახლეები

ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა