თქვენს ვებ-ბრაუზერს ან არ აქვს JavaScript-ის მხარდაჭერა, ან სკრიპტების გამოყენება დაბლოკილია!

თბილისი, დ.თავხელიძის ქ. №1

(+995 32) 2 18 65 30

mc.greenmed@gmail.com

მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური

ცენტრი

პიელონეფრიტი

პიელონეფრიტი

თარიღი: 2014-12-03

დათვალიერება: 2349

პიელონეფრიტი თირკმელების ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება თირკმლის ქსოვილი, თირკმლის მენჯი და ფიალები. ის უმეტესად ცალმხრივია, იშვიათად - ორმხრივიც.

პიელონეფრიტს აღმავალი ინფექცია იწვევს. ჯანმრთელ ადამიანს სტერილური შარდი აქვს, მაგრამ ბაქტერიას შეუძლია, ახლომდებარე ორგანოებიდან (მაგალითად, ნაწლავებიდან, სასქესო ორგანოებიდან) ლიმფური და სისხლძარღვოვანი სისტემის საშუალებით საშარდე გზებში მოხვდეს და იქ გამრავლდეს. პიელონეფრიტი მოსალოდნელია მაშინაც, როცა დარღვეულია თირკმელებიდან შარდის გამოყოფა (მაგალითად, საშარდე გზების ობსტრუქცია კენჭებით, სიმსივნური წარმონაქმნით, სტრიქტურებით, პროსტატის ჰიპერტოფიის გამო). ეს იწვევს შარდის სტაზს (შეგუბებას) და მასში ბაქტერიების გამრავლებას. პიელონეფრიტით ადამიანი ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაავადდეს, მაგრამ ეს პათოლოგია უმეტესად 7 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის გვხვდება, ასევე ხშირია 18-დან 30 წლამდე ასაკის ქალებში, ორსულებსა და ხანში შესულ მამაკაცებშიც.

7 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის პიელონეფრიტის მიზეზს წარმოადგენს რეფლუქსი - მდგომარეობა, როდესაც შარდი შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთს უბრუნდება.

18-დან 30 წლამდე ასაკის ქალებში ამ დაავადების განვითარების მიზეზია საშარდე სისტემის ანატომიური თავისებურება – შარდსადენი, რომელიც შარდის ბუშტიდან შარდის გამოყოფას უზრუნველყოფს, ქალს უფრო სწორი და მოკლე აქვს, ვიდრე მამაკაცს, რაც კანის ზედაპირიდან, გარეთა სასქესო ორგანოებიდან და სწორი ნაწლავიდან შარდის ბუშტში მიკრობების შეღწევას აადვილებს.

ხშირია (და მეტად საყურადღებოა!) პიელონეფრიტი ორსულებს შორის.

ხანში შესულ მამაკაცებში პიელონეფრიტის მიზეზი წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ადენომაა.

პიელონეფრიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზია შარდკენჭოვანი დაავადება, რომელსაც თირკმლის ჭვალის – უძლიერესი ტკივილის შეტევები ახლავს.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა დაავადება არღვევს შარდის დინებას თირკმლიდან და, შესაბამისად, ხელსაყრელ პირობებს ქმნის ბაქტერიების გამრავლებისთვის.

პიელონეფრიტის აღმოცენებას ხელს უწყობს:

შაქრიანი დიაბეტი;

ქრონიკული ანთებითი დაავადებები;

ორგანიზმის საერთო იმუნიტეტის დაქვეითება.

პიელონეფრიტით დაავადების ალბათობა იზრდება შარდის ბუშტის კათეტერიზაციის, ცისტოსკოპიის (სპეციალური ხელსაწყოს – ცისტოსკოპის მეშვეობით მისი დათვალიერების), რეტროგრადული უროგრაფიის დროს. ეს უკანასკნელი საშარდე სისტემის რენტგენოლოგიური გამოკვლევაა, რომლის დროსაც საკონტრასტო ნივთიერება რეტროგრადულად ანუ შარდის დინების საპირისპიროდ კათეტერის მეშვეობით შეჰყავთ შარდის ბუშტში ან შარდსაწვეთსა და თირკმელში.

კლინიკური სურათი და მიმდინარეობა

მწვავე პიელონეფრიტის დროს ტემპერატურა ერთბაშად 39-40 გრადუსამდე იმატებს, ვითარდება სისუსტე, შემცივნება, თავის ტკივილი, ჭარბი ოფლდენა, შესაძლოა გულისრევა და ღებინება. ტემპერატურის მატებასთან ერთად აღმოცენდება წელის ტკივილი, რომელიც, წესისამებრ, ცალმხრივია. ტკივილის ინტენსივობა სხვადასხვაგვარია – ყრუც შეიძლება იყოს და მეტისმეტად შემაწუხებელიც. ზოგჯერ ტკივილის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილშია ლოკალიზებული და საზარდულის არისკენ განიცდის ირადიაციას.

როდესაც პიელონეფრიტი თირკმლის კენჭების ფონზე ვითარდება, მას, როგორც წესი, წინ უძღვის თირკმლის ჭვალი – ეგრეთ წოდებული კენჭის გავლა. მართალია, პიელონეფრიტის გაურთულებელ შემთხვევებში შარდის გამოყოფა არ ირღვევა, მაგრამ იცვლება შარდი – ის მღვრიეა, ზოგჯერ მოწითალო, რაც სისხლის მინარევის არსებობას მოწმობს, მძაფრსუნიანი. არცთუ იშვიათად პიელონეფრიტი ვლინდება მტკივნეული შარდვით, რასაც მედიცინაში სტრანგურიას უწოდებენ.

მწვავე პიელონეფრიტის სადიაგნოზო კრიტერიუმებია:

დაავადების უეცარი დასაწყისი;

მაღალი სიცხე;

დიზურია - შარდის გახშირება და ღამის შარდვა;

პიურია (შარდში ჩირქის არსებობა), ბაქტერიურია და ჰემატურია.

არანამკურნალები პიელონეფრიტი შეიძლება გადაიზარდოს ქრონიკულ ფორმაში, ანდა განვითარდეს ჩირქოვანი პროცესი თირკმელებში, რომელიც ვლინდება ავადმყოფის მდგომარეობის გაუარესებით და ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობით (დილით 35-36-დან საღამოს 40-41 გრადუსამდე). ქრონიკული პიელონეფრიტი უმეტესად იმ მწვავე პიელონეფრიტის შედეგია, რომლის მკურნალობაც ბოლომდე არ (ან ვერ) იქნა მიყვანილი, მაგალითად, როცა მწვავე ანთება კი ჩაცხრა, მაგრამ გამომწვევის ბოლომდე განადგურება და თირკმელებიდან შარდის ნორმალური გამოყოფის აღდგენა ვერ მოხერხდა. ქრონიკულ პიელონეფრიტს ახასიათებს წელის არეში ლოკალიზებული მუდმივი ყრუ, შემაწუხებელი ტკივილი, განსაკუთრებით - ცივ ამინდში. დროდადრო მწვავდება და მწვავე პიელონეფრიტს ემსგავსება.

დიაგნოსტიკა

აღნიშნული სიმპტომების საფუძველზე ექიმი ივარაუდებს, რომ პაციენტს პიელონეფრიტი აქვს და სათანადო გამოკვლევებს უნიშნავს. უპირველეს ყოვლისა, შარდის საერთო ანალიზს, რომელიც ავლენს ლეიკოციტებს, ბაქტერიებს, ცილას. ინფექციის გამომწვევის იდენტიფიკაციისთვის შარდს თესავენ სპეციალურ ნიადაგზე, სადაც ხდება მიკრობების ზრდა-გამრავლება. ამავე მეთოდით არკვევენ მგრძნობელობას ანტიბიოტიკების მიმართ - ადგენენ, რომელი პრეპარატით მკურნალობა იქნება უფრო ეფექტიანი.

ვინაიდან შარდვის დროს ტკივილი და შარდის გამოკვლევით გამოვლენილი ანთების ნიშნები შესაძლოა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დროსაც აღმოცენდეს, პიელონეფრიტის დიაგნოსტირებისთვის რეკომენდებულია ქალებში - საშოს, ხოლო მამაკაცებში ურეთრის (შარდსადენის) ნაცხის გამოკვლევა.

მკურნალობა

დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის დროულად დაწყებას და ბოლომდე მიყვანას. დაავადების გაურთულებელი შემთხვევები დროული მკურნალობის შემთხვევაში განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს. პაციენტებს, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს ქმნიან (ბავშვები, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები, თირკმლისა და საშარდე გზების ანომალიის მქონენი), შესაძლოა ქრონიკული პიელონეფრიტი ჩამოუყალიბდეთ, ეს უკანასკნელი კი დროთა განმავლობაში თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მიზეზად იქცეს.

მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტის მკურნალობის პრინციპი მსგავსია – იყენებენ ანტიბაქტერიულ პრეპარატებს, თუმცა ქრონიკული პიელონეფრიტის მკურნალობა გაცილებით ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია.

ანტიბაქტერიული პრეპარატები (პრეპარატები, რომლებიც ეფექტურია, საზოგადოდ, საშარდე გზების ინფექციის დროს) ან ემპირიულად ინიშნება, ან იყენებენ იმ საშუალებებს, რომელთა ეფექტიც კონკრეტული პაციენტისთვის დადგენილია ზემოთ აღწერილი ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგად. დაავადების გაურ¬თულებელ შემთხვევებში, ჩვეულებრივ, ტაბლეტირებული მედიკამენტები გამოიყენება.

პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ ერთი რამ – მიუხედავად იმისა, რომ მწვავე ანთების მოვლენები 3-4 დღეში მცირდება, მკურნალობა, სულ ცოტა, ორ კვირას მაინც მოითხოვს. ასე რომ, მედიკამენტების მიღების თვითნებურად შეწყვეტა დაუშვებელია, მკურნალობის ხანგრძლივობა მხოლოდ ექიმმა შეიძლება დაადგინოს.

ანტიბაქტერიული მკურნალობის დასრულების შემდეგ აუცილებელია შარდის საკონტროლო გამოკვლევა, რათა ექიმი დარწმუნდეს, რომ შარდში ლეიკოციტები და ბაქტერიები აღარ არის.

ანტიბაქტერიული მკურნალობის დასრულებისა და პიელონეფრიტის ნიშნების გაქრობის შემდეგ ექიმი აუცილებლად დანიშნავს დამატებით გამოკვლევას, რათა გამოვლინდეს პიელონეფრიტის მაპროვოცირებელი ფაქტორები ან გამოირიცხოს მათი არსებობა. ამ მიზნით შეიძლება ჩატარდეს:

ინტრავენური უროგრაფია – ვენაში შეჰყავთ საკონტრასტო ნივთიერება, რომელიც თირკმელების მეშვეობით გამოიყოფა და შედეგად რენტგენის სურათზე თირკმლის მენჯფიალოვანი სისტემის გამოსახულებას ვიღებთ;

საშარდე სისტემის ექოსკოპია;

ცისტოსკოპია – სპეციალური ხელსაწყოს – ცისტოსკოპის მეშვეობით შარდსადენის გავლით შარდის ბუშტის დათვალიერება.

თუ გამოკვლევის პროცესში გაირკვა, რომ ერთ-ერთი შარდსაწვეთი კენჭმა დაახშო და თირკმლიდან შარდის დენა შეწყდა, დღის წესრიგში დგება მცირე ქირურგიული ჩარევის საკითხი. კენჭს იღებენ სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით, რომელიც შარდსადენის გავლით ჯერ შარდის ბუშტში, მერე კი შარდსაწვეთში შეჰყავთ.

პროფილაქტიკა

შესაძლოა, ვერც კი წარმოიდგინოთ, რომ ამ დაავადებას თავიდან აიცილებთ მარტივი წესების დაცვით:

ეცადეთ, გამორეცხოთ ბაქტერიები საშარდე სისტემიდან, არ მისცეთ მათ იქ დაბუდებისა და გამრავლების საშუალება. ამისთვის აუცილებელია, მიიღოთ სათანადო ოდენობის სითხე, თანაც 0,5 ლიტრი აუცილებლად წყალი უნდა იყოს. სათანადო ოდენობით სითხის მიღება უზრუნველყოფს შარდის წარმოქმნას და საშარდე სისტემის ორგანოებში მის განახლებას, თანაც ეს ღონისძიება შარდკენჭოვანი დაავადების – პიელონეფრიტის ერთ-ერთი უმთავრესი პროვოკატორის - პროფილაქტიკაც არის.

მუდმივად სვით C ვიტამინით მდიდარი მჟავე წვენები. ისინი ხელს უწყობენ შარდის შემჟავებას, მჟავა არეში კი ბაქტერიების გამრავლება ფერხდება. შორისის მიდამოს ჰიგიენის დროს ქალებს უნდა ახსოვდეთ, რომ დაბანა და გამშრალება საჭიროა წინიდან უკან და დაუშვებელია პირიქით. ამ გზით მცირდება განავლის მიკროორგანიზმების სწორი ნაწლავიდან საშარდე გზებში მოხვედრის რისკი.

სქესობრივი კავშირის წინ აუცილებელია გარეთა სასქესო ორგანოების ტუალეტი, რაც ამცირებს საშარდე გზებში ბაქტერიების მოხვედრის ალბათობას. სქესობრივი კონტაქტის შემდეგ მოშარდვა ხელს უწყობს საშარდე გზებში მოხვედრილი ბაქტერიების გამოდევნას. პროფილაქტიკურ ღონისძიებად შეიძლება ჩაითვალოს საშარდე სისტემის აგებულების დარღვევის გამო შარდის შეგუბების შემთხვევაში ქირურგიული მკურნალობა შარდის პასაჟის აღდგენის მიზნით.

ქრონიკული პიელონეფრიტის პროფილაქტიკა

ქრონიკული პიელონეფრიტის პროფილაქტიკისთვის თავი უნდა ვარიდოთ დაავადებებს, რომლებიც მაპროვოცირებელ როლს ასრულებს – შარდკენჭოვან დაავადებას, წინამდებარე ჯირკვლის ადენომას, აგრეთვე - ყველა იმ მდგომარეობას, რომელიც შარდის პასაჟს არღვევს.

პიელონეფრიტი ორსულებში

თირკმლის დაავადებებიდან ორსულებში ყველაზე ხშირად პიელონეფრიტი გვხვდება.

ორსულობისას პიელონეფიტს უმთავრესად პირობითპათოგენური მიკრობები იწვევს. ეს ის მიკრობებია, რომლებიც მუდმივად ბინადრობენ ჩვენს ორგანიზმში და მას არაფერს ვნებენ, მაგრამ იმუნური სისტემის დასუსტებისას ხელშემწყობი ფაქტორების გავლენით აქტიურდებიან და დაავადებას იწვევენ. ყველაზე ხშირად პიელონეფრიტის გამომწვევებად გვევლინებიან სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ურეაპლაზმა, ტრიქომონა, ნაწლავის ჩხირი. პიელონეფრიტი უმეტესად პირველმშობიარეებს ემართებათ, რაც ორსულობასთან მათი ორგანიზმის არასაკმარისი ადაპტაციით აიხსნება. პიელონეფრიტის განვითარებას ხელს უწყობს:

ორსულობისთვის დამახასიათებელი ჰორმონული ძვრები. მაგალითად, პლაცენტის მიერ გამომუშავებული ჰორმონი პროგესტერონი იწვევს ნაწლავების, შარდის ბუშტისა და შარდსაწვეთების მოდუნებას, ამის გამო ვითარდება ყაბზობა და ირღვევა შარდის გამოყოფა, რაც ხელს უწყობს შარდის შეფერხებას ზემოთა საშარდე გზებში;

გადიდებული საშვილოსნოს შარდსაწვეთებზე ზეწოლა;

თირკმელებში ფარულად არსებული ინფექციის გააქტიურება;

ორგანიზმში ინფექციის ქრონიკული კერების (ანგინა, კარიესული კბილები, ფურუნკულოზი) არსებობა.

ორსულობისას თირკმლის ქრონიკული დაავადებები მწვავდება. გამწვავება შესაძლოა მოხდეს ორსულობის როგორც ადრეულ პერიოდში - მე-15-16 კვირისთვის, ასევე მიწურულს - 26-30-ე კვირას (უმეტესად სწორედ ასეა). ამ დროს ინტენსიურად მზარდი საშვილოსნო იწყებს შარდსაწვეთის მიჭყლეტას, რის შედეგადაც ირღვევა შარდის ევაკუაცია და აქტიურდება თირკმელებში არსებული ინფექცია. ეს პერიოდი პიელონეფრიტიანი ორსულისთვის კრიტიკულად მიიჩნევა.

თირკმლის დაავადებების გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე

წესისამებრ, მწვავე პიელონეფრიტი ორსულობაზე გავლენას არ ახდენს, ქრონიკული პიელონეფრიტის დროს კი ხშირია სპონტანური აბორტი და ნაადრევი მშობიარობა. ორსულობა ხშირად რთულდება მეორე ნახევრის ტოქსიკოზით (გესტოზით), რომელიც მძიმედ მიმდინარეობს და მკურნალობას ძნელად ემორჩილება. ამ პერიოდში ხშირად იჩენს თავს ორსულთა ანემია, არცთუ იშვიათად ირღვევა პლაცენტის ფუნქცია, ყოველივე ეს კი აფერხებს ნაყოფის ზრდასა და განვითარებას.

განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ პიელონეფიტს.

მწვავე პიელონეფრიტი იწყება მწვავედ, შემცივნებით. მკვეთრად - 39-40 გრადუსამდე - იმატებს სხეულის ტემპერატურა. ორსული უჩივის სისუსტეს, თავის ტკივილს, ძლიერ ოფლიანობას. მოსალოდნელია გულისრევა და პირღებინებაც, რაც ხშირად ორსულობის პირველი ნახევრის ტოქსიკოზის სიმპტომებში ერევათ. ტემპერატურის მატებასთან ერთად წელის არეში აღმოცენდება ტკივილი, რომელიც გადაეცემა შარდსაწვეთებს, საზარდულს, ქვედა კიდურებსა და სასქესო ბაგეებს. ტკივილი, წესისამებრ, ცალმხრივია, უმეტესად - მარჯვენამხრივი, რაც იმით აიხსნება, რომ ორსულობის დროს მარჯვენა საკვერცხის ვენა განივრდება და ჭყლეტს შარდსაწვეთს, რის გამოც ირღვევა შარდის ნორმალური ევაკუაცია.

ცისტიტის დართვის შემთხვევაში შარდვა ხშირი და მტკივნეული ხდება.

ქრონიკული პიელონეფრიტი, წესისამებრ, ბავშვობაში იწყება. დაავადებას ხანგრძლივი რემისია ახასიათებს, ამიტომ მას ყურადღებას არ აქცევენ. ქრონიკული პიელონეფრიტი სწორედ ნებაზე მიშვებული პროცესის შედეგია - მწვავე ანთება ცხრება, მაგრამ თირკმელებში ბაქტერიები რჩება. ჰორმონული ძვრების (სქესობრივი მომწიფების პერიოდი, სქესობრივი ცხოვრების დასაწყისი, ორსულობა, მშობიარობა) ფონზე ხშირად თავს იჩენს ყრუ, მღრღნელი ტკივილი წელის მიდამოში. ტკივილი უმეტესად ნესტიან ამინდში აღმოცენდება. გარდა ამისა, დროდადრო ქრონიკული პიელონეფრიტი მწვავდება, რაც მწვავე პროცესის ნიშნებით ვლინდება.

გამწვავებიდან გამწვავებამდე ავადმყოფი თავს კარგად გრძნობს, თუმცა ზოგჯერ უჩივის გაურკვეველ სისუსტეს, ყრუ ტკივილს წელის მიდამოში. ორსულთა 5-10%-ს აღენიშნება უსიმპტომო ბაქტერიურია - შარდში ბაქტერიების არსებობა აშკარა კლინიკური სიმპტომების გარეშე, 40%-ში კი ქრონიკული პიელონეფრიტი კლინიკურად გამოვლენილ სახეს იღებს.

პიელონეფრიტის გავლენა ნაყოფზე

პიელონეფრიტი, განსაკუთრებით კი მისი ქრონიკული ფორმა, ნაყოფზე არასასურველ გავლენას ახდენს. მუცლადყოფნის პერიოდში ინფიცირებული ახალშობილები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მშობიარობის შემდგომი ჩირქოვან-სეპტიკური დაავადებების მიმართ.

გართულებები

ორსულობისა და მშობიარობის მოსალოდნელ გართულებათა მიხედვით განასხვავებენ რისკის სამ ხარისხს:

პირველი ხარისხი - მწვავე პიელონეფრიტი, რომელიც განვითარდა ორსულობის დროს;

მეორე ხარისხი - ქრონიკული პიელონეფრიტი;

მესამე ხარისხი - ქრონიკული პიელონეფრიტი, რომელსაც ერთვის მაღალი წნევა ან აზოტემია, ასევე - პიელონეფრიტი ცალი თირკმლის უქონლობის ფონზე.

პირველი და მეორე ხარისხის რისკის მქონე ქალებისთვის ორსულობის შენარჩუნება შესაძლებელია, ოღონდ აუცილებელია შარდის მუდმივი კონტროლი - ანალიზი თვეში ერთხელ (22-ედან 28-ე კვირამდე - კვირაში ერთხელ) - და ნეფროლოგის მეთვალყურეობა. მესამე ხარისხის შემთხვევაში რისკის ორსულობა უკუნაჩვენებია, ვინაიდან დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ნებაზე მიშვებული მწვავე პიელონეფრიტი გადაიზრდება ქრონიკულ ფორმაში ან განვითარდება თირკმლის ჩირქოვანი დაავადება - აბსცესი ან კარბუნკული, რაც არასასურველ გავლენას მოახდენს როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობაზე.

ლოგინობის ხანა

გესტაციური პიელონეფრიტის შემდეგ ქალების 20%-ს თირკმელების ფუნქცია დაქვეითებული აქვს, რის გამოც ლოგინობის მე-4 და მე-12-14 დღეებში - კრიტიკულ პერიოდში - დაავადება შესაძლოა გამწვავდეს, ამიტომ ქალის გაწერამდე აუცილებელია გამოკვლევა და გამწვავების პროფილაქტიკა, ხოლო შემდეგ - უროლოგის მეთვალყურეობა.

მკურნალობა

ორსულობისას პიელონეფრიტის შემთხვევაში უნდა გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

ქალი სამშობიაროში ორსულობის 36-ე კვირას უნდა მოთავსდეს.

დედისა და ნაყოფისთვის გართულებათა თავიდან ასაცილებლად ჩატარდეს პროფილაქტიკური მკურნალობა.

მშობიარობამ ჩაიაროს ჩვეულებრივ, ბუნებრივი გზით, მაგრამ არტერიული წნევის მუდმივი კონტროლის ფონზე.

საკეისრო კვეთა ჩატარდეს მხოლოდ თანაარსებული სამეანო გართულებების შემთხვევაში.

სამკურნალოდ გამოყენებულ იქნეს ანტიბაქტერიული, დეზინტოქსიკაციური და იმუნური სისტემის მასტიმულირებელი საშუალებები. ორსულობის პირველ ტრიმესტრში დაინიშნოს პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები, რომლებსაც ნაყოფზე ტოქსიკური ზემოქმედება არ ახასიათებს (ამპიცილინი, ოქსაცილინი, მეტიცილინი), ხოლო მეორეში, პლაცენტის დამცავი ფუნქციის ჩართვის შემდეგ, ანტიბიოტიკების სპექტრი შეიძლება გაფართოვდეს. კერძოდ, ნებადართულია ცეფალოსპორინებისა და სხვა ჯგუფის ანტიბაქტერიული პრეპარატების (ნევიგრამონი, უროსულფანი, 5-ნოკი) გამოყენება.

ანტიბიოტიკებთან ერთად დაინიშნოს დეზინტოქსიკაციური, ინფუზიური, სედაციური თერაპია, ვიტამინები, შარდმდენები. ბოლო ხანს უროლოგიური პრაქტიკაში წარმატებით იყენებენ მცენარეული წარმოშობის პრეპარატს კანეფრონს, რომელსაც აქვს ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ანტიბაქტერიული, დიურეზული მოქმედება.

პიელონეფრიტიანი ორსული სტაციონარში უნდა მოთავსდეს:

ორსულობის გართულების დროს;

დაავადების გამწვავების დროს;

კრიტიკულ პერიოდში (22-28-ე კვირას) თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის დასადგენად;

ნაყოფის ჰიპოქსიისა და ჰიპოტროფიის გამოვლენისას.

რჩევები:

ორსულობის დროს აკრძალულია ტეტრაციკლინი, სტრეპტომიცინი, ლევომიცეტინი, ბისეპტოლი, ფურაზოლიდონი, სულფადიმეტოქსინი - ეს პრეპარატები ნაყოფზე ძალზე მავნე ზემოქმედებას ახდენს.

სიფრთხილეა საჭირო კანამიცინის, გენტამიცინის გამოყენებისას - მათ ოტოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება ახასიათებთ.

დაჩირქებისა და კენჭოვანი დაავადების შემთხვევაში ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა.

ორსულობის გართულებათა პროფილაქტიკისთვის საჭიროა მუდმივი დაკვირვება არტერიულ წნევაზე, წონაზე, საშვილოსნოს ტონუსზე, ნაყოფის მდგომარეობაზე.

მშობიარობა სასურველია ბუნებრივი გზით. საკეისრო კვეთა ტარდება სამეანო ჩვენებით.

საჭიროა შარდის ბუშტის ხშირი დაცლა, ასევე - წოლა სპეციალურად შერჩეულ პოზებში, რომლებიც აადვილებს შარდის ევაკუაციას - მუხლ-იდაყვის პოზაში ან მარცხენა გვერდზე.

სიახლეები

დიოდური ლაზერული ეპილაცია, კოსმეტოლოგია-დერმატოლოგია

უროლოგის კონსულტაცია, საშარდე გზების და წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა. შარდის საერთო ანალიზი

ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა