თქვენს ვებ-ბრაუზერს ან არ აქვს JavaScript-ის მხარდაჭერა, ან სკრიპტების გამოყენება დაბლოკილია!

მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური

ცენტრი

სოკო

სოკო

თარიღი: 2016-08-24

დათვალიერება: 16588

დერმატომიკოზებს, კანის სოკოვან დაავადებებს, უმარტივეს სპოროვან მცენარეთა კლასის წარმომადგენელი, პათოგენური მიკროორგანიზმი სოკო იწვევს. ის ფართოდ არის გავრცელებული ბუნებაში. განასხვავებენ ანთროპოფილურ სოკოებს, რომლებიც მხოლოდ ადამიანის კანსა და კანის დანამატებზე პარაზიტობენ და ზოოფილურ სოკოებს, რომლებიც ასნებოვნებენ როგორც ცხოველებს, ასევე ადამიანს.

ცნობილია ადამიანისთვის პათოგენური სოკოს 60-მდე სახეობა.

დერმატოფიტიები კანისა და კანის დანამატების ყველაზე გავრცელებულ და გადამდებ სოკოვან დაავადებათა ჯგუფია, რომელსაც მრავალფეროვანი კლინიკური მიმდინარეობა ახასიათებს. ამ ჯგუფში შედის: საზარდულის ეპიდერმოფიტია, ტერფების ეპიდერმოფიტია, რუბროფიტია, ტრიქოფიტია, მიკროსპორია და ფავუსი.

საზარდულის ეპიდერმოფიტიის დროს, ჩვეულებრივ, ზიანდება საზარდულის ნაოჭები, ბარძაყების შიგნითა ზედაპირები, სასქესო მიდამო, ზოგჯერ - დუნდულებს შორის არსებული ნაოჭები, ქალის სარძევე ჯირკვლების ქვედა მიდამო. ეს დაავადება თმას არ აზიანებს. გადაედება უშუალოდ დაავადებული ადამიანის კანთან შეხებით, ასევე - პირადი მოხმარების ნივთების (თეთრეულის, დასაბანი ღრუბლის) საშუალებითაც. სოკოს ელემენტები აღწევენ კანის ეპიდერმული ნაწილის რქოვანა შრეში და ანთებით რეაქციას იწვევენ. კანზე ჩნდება მოვარდისფრო-მოწითალო, საღი კანიდან ოდნავ შემაღლებული და მკაფიოდ შემოსაზღვრული ლაქები, რომლებიც იზრდება, ერთმანეთს უერთდება და წარმოქმნის არასწორი მოხაზულობის კერებს. ლაქების ცენტრალურ ნაწილში ანთებითი მოვლენები მცირდება და კანი მოყავისფრო შეფერილობას იღებს. ჩნდება მონაცრისფრო, ქატოსებური ქერცლი. დაავადებას თან სდევს სხვადასხვა ინტენსივობის ქავილი. პროცესი ქრონიკულია.

ტერფების ეპიდერმოფიტია მაღალი კონტაგიოზურობით გამოირჩევა - გადაედება როგორც უშუალო კონტაქტით, ასევე ინფიცირებული საგნების: წინდების, ფეხსაცმლის საშუალებით. აბანოში, საშხაპეში, აუზზე, სადაც სანიტარული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის, დასნებოვნების ალბათობა დიდია.

დაავადების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებს: ტერფების ჭარბ ოფლიანობას, ოფლის ქიმიურ შემადგენლობას, ბრტყელტერფიანობას, ორგანიზმის საერთო და ნერვული სისტემის ფუნქციურ მდგომარეობას. დაავადება ასაკთან ერთად ხშირდება, აღენიშნება მოზრდილთა 60-80%-ს, 15 წლამდე ასაკის ბავშვთა და მოზარდთა 4%-ს.

განასხვავებენ ტერფის ეპიდერმოფიტიის 4 კლასიკურ ფორმას: წაშლილს, სქვამოზურს (აქერცვლით მიმდინარეს), ინტერტრიგინოზურს (ნაოჭთაშორისს), დისჰიდროზულს (სითხის შემცველი ბუშტუკებით მიმდინარეს). ცალკე განიხილავენ ფრჩხილების სოკოვან დაავადებას. მას ონიქომიკოზი ეწოდება.

წაშლილი ფორმის დროს კლინიკური სურათი მწირია. ფეხის მე-4 და მე-5 თითებს შორის არსებულ ნაოჭებში კანი ოდნავ იქერცლება. ზოგჯერ ჩნდება ზედაპირული ნაპრალები. სკვამოზური ჰიპერკერატოზული ფორმის დროს ფეხისგულებზე, თაღების მიდამოში, აღინიშნება მშრალი მოლურჯო-მოწითალო ბრტყელკვანძოვანი ელემენტები. გამონაყარის ზედაპირი, განსაკუთრებით - შუაგულში, მონაცისფრო-მოთეთრო ქერცლით არის დაფარული. კვანძები დაუზიანებელი კანიდან მკაფიოდ არის შემოსაზღვრული. ზოგჯერ ერთეული ბუშტუკებიც ჩნდება. გამონაყარი შესაძლოა მთელ ფეხისგულზე გავრცელდეს. აქერცლილ კერებთან ერთად შესაძლოა წარმოიქმნას ზედაპირული ნახეთქების მქონე მოყვითალო ჰიპერკერატოზული (მომეტებულად გარქოვანებული) უბნები.

ინტერტრიგინოზული ფორმის დროს ზიანდება ნაოჭები ფეხის II, IV და V თითებს შორის. დაავადებას ახასიათებს მკაფიოდ გამოხატული სიწითლე, შეშუპება, სისველე და მაცერაცია. ხშირად ამ სიმპტომებს ეროზიაც ერთვის. ნახეთქები ზოგჯერ ღრმა და მტკივნეულია. დისჰიდროზული ფორმა ვლინდება მრავლობითი ბუშტუკოვანი ელემენტით. ისინი უმეტესად ფეხისგულებზე ჩნდება, იშვიათად - ტერფის სხვა არეებზე, თითებს შორის ნაოჭებსა და თითებზეც. ბუშტუკების შეერთებისას წარმოიქმნება მრავალკამერიანი ბუშტუკები, რომელთა გახეთქვის შემდეგ ჩნდება სველი, წითელი ეროზიული ელემენტები. თანდართული ანთება იწვევს შეშუპებას, სიწითლეს, რაც ზოგჯერ ეგზემის მსგავს სურათს წარმოქმნის.

დერმატოფიტიების კიდევ ერთი წარმომადგენელია რუბროფიტია ან რუბრომიკოზი - სოკოს განსაზღვრული სახეობით გამოწვეული დაავადება. ის აზიანებს მსხვილ ნაოჭებს, ხელისგულებისა და ფეხისგულების კანს, ფრჩხილებს.

დასნებოვნება შესაძლოა მოხდეს აბანოში, აუზზე, საშხაპეში, პლაჟზე. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ჭარბი ოფლიანობა, პირადი ჰიგიენის დაუცველობა, ენდოკრინული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, ორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქტიულობის დაქვეითება.

რუბროფიტიას ახასიათებს კანის მდგრადი ჰიპერემია (სიწითლე), რქოვანა შრის დიფუზური გასქელება. კანის ზედაპირი მშრალია და წვრილი ქერცლით არის დაფარული. დაზიანება ზოგჯერ თითებს შორის ნაოჭებშია ლოკალიზებული, ზოგჯერ კი ტერფების გვერდით ზედაპირებზეც ვრცელდება. ეპიდერმოფიტიის მსგავსად, რუბროფიტიაც იწყება წაშლილი ფორმით, რომელიც თანდათან პროგრესირებს და უფრო აქტიურ კლინიკურ გამოვლინებად ტრანსფორმირდება. პროცესში, წესისამებრ, ფრჩხილებიც ერთვება. ეპიდერმოფიტიის დროს უპირატესად I და II თითების ფრჩხილის ფირფიტები ზიანდება, რუბროფიტიის დროს კი ყველა.

კანდიდოზი

ადამიანის კანზე მობინადრე ზოგიერთ სოკოს პირობითპათოგენურს უწოდებენ. ასეთია, მაგალითად, კანდიდას გვარის საფუარა სოკო. ის ბუნებაში ფართოდ არის გავრცელებული, ვეგეტირებს ხილსა და ბოსტნეულზე, შეუძლია საპროფიტირება ადამიანის კანსა და ლორწოვან გარსებზე. ორგანიზმის რეზისტენტულობის დამაქვეითებელი ფაქტორების გავლენით საფუარა სოკომ შესაძლოა გამოიწვიოს დაავადება, რომელიც კანდიდოზის, კანდიდამიკოზის სახელით არის ცნობილი. ამ დაავადებას რამდენიმე ფორმა აქვს, რომლებიც სოკოვან დაავადებათა კლასიფიკაციაში ცალკე ჯგუფად შედის.

კანდიდოზი ვლინდება სადა კანზე, ლორწოვან გარსებზე, ფრჩხილის მორგვებსა და ფირფიტებზე არსებული ალერგიული გამონაყარის სახით. არსებობს შინაგანი ორგანოების კანდიდოზიც, რომელიც როგორც გართულება ვითარდება ანტიბიოტიკების გამოყენების ცალკეულ შემთხვევებში.

ცნობილია კანდიდოზური სტომატიტი ანუ რძიანა, რომელიც ხშირად ემართებათ ძუძუთა ბავშვებს: პირის ღრუს შეწითლებულ ლორწოვანზე თეთრი წერტილოვანი ნადები ჩნდება, ერთიანდება და წარმოქმნის აპკს, რომელიც ადვილად სცილდება. მოზარდებსა და ზრდასრულ ადამიანებს რძიანა უვითარდებათ მძიმე ავადმყოფობის დროს და ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, ზოგადი იმუნური სისუსტის ფონზე. პროცესი შესაძლოა გავრცელდეს სასუნთქ გზებსა და საყლაპავის ლორწოვან გარსებზე ან ჩამოყალიბდეს ვისცერული ფორმა, რომლის დროსაც შინაგანი ორგანოებიც ზიანდება.

პირის კუთხეების კანდიდამიკოზი ვითარდება მოსახსნელი პროთეზის გამოყენებისას, აგრეთვე - დაწეული თანკბილვისას. პროცესი შესაძლოა გავრცელდეს ლოყისა და ტუჩების მიმდებარე ლორწოვან გარსზე, ასევე - კანზე. ლორწოვანი გარსი მოთეთრო, სადაფისებრი ხდება, უჩნდება ეროზიები და ნახეთქები, კანი შეწითლებულია, იქერცლება, ზოგჯერ თხელი მოწაბლისფრო ქერქით იფარება. დაავადება ხშირად ორმხრივია.

კანის ნაოჭებს კანდიდოზი უმთავრესად საზარდულთან, უკანა ტანის არეში, სარძევე ჯირკვლების ქვეშ, ხელისა და ფეხის თითებს შორის აზიანებს. ჩნდება მუქი წითელი ფერის ზერელე ეროზია, რომელსაც მკვეთრი საზღვრები აქვს და კიდეებზე მოთეთრო რქოვანას გვირგვინი მიუყვება. ავადმყოფი უჩივის ქავილსა და წვას.

ხელის თითებს შორის კანდიდოზი უმეტესად საკონდიტრო და საკონსერვო წარმოებაში მომუშავე ადამიანებს უვითარდებათ.

დაავადების გამომწვევი სოკო ხშირად ფრჩხილის მორგვებსა და ფრჩხილებსაც აზიანებს. უმეტესად ქალებს უზიანდებათ ხელის მე-3 და მე-4 თითების ფრჩხილები. მორგვები მოლურჯო-მოწითალო ფერს იღებს, სქელდება, მკვრივდება, შუპდება, მტკივნეული ხდება. ნუნები ქრება, ფრჩხილის ფირფიტები უსწორმასწოროა, მქრქალი, ნუნებსა და კიდეებთან - მოშავო-მოწაბლისფრო.

კერატომიკოზები

ასე უწოდებენ კანის სოკოვან დაავადებებს, რომელთა დროსაც გამომწვევი აზიანებს მხოლოდ კანის გარეთა შრის, ეპიდერმისის, სულ ზემოთა, რქოვანა ფენას, არ იწვევს ანთებით მოვლენებს. კერატომიკოზის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნაირსახეობაა ნაირფერი პიტირიაზი (სირსველი). დაავადების ხელშემწყობი პირობაა კანის სისველე, ამიტომ ის ხშირად ემართებათ ადამიანებს, რომელთაც ჭარბი ოფლიანობა აწუხებთ. დაავადებისთვის დამახასიათებელია კანზე ასიმეტრიულად განვითარებული, უსწორმასწორო, მოყვითალო-მოყავისფრო, მოვარდისფრო ან მოყავისფრო, ქატოსებრი ქერცლით დაფარული, საღი კანისგან მკაფიოდ გამიჯნული მცირე ზომის ლაქოვანი ელემენტები. გამონაყარი უპირატესად კისერზე, გულმკერდზე, ზურგზეა ლოკალიზებული, იშვიათად - მუცელსა და კიდურებზე.

მკურნალობის გარეშე ლაქები თვეობით და წლობით რჩება. სუბიექტური მოვლენები არ ახასიათებს. ცალკეულ შემთხვევებში ავადმყოფები უჩივიან სუსტ ქავილს. დაავადების კერების მზის ან ხელოვნური სხივებით ინსოლაციის შედეგად რჩება თეთრი ლაქები, რომლებიც ნორმალურ შეფერილობას კარგა ხანს ვერ იბრუნებს. ასეთ დროს სურათი ვიტილიგოს წააგავს.

ფრჩხილების სოკოვანი დაავადება

ფრჩხილების სოკოვან დაავადებას, ონიქომიკოზს სხვადასხვა სახეობის სოკო იწვევს, მათ შორის - დერმატოფიტებიც. დაავადება უმთავრესად 20-25 წლის ასაკში ემართებათ, მამაკაცებს - უფრო ხშირად, ვიდრე ქალებს.

ონიქომიკოზის გავრცელების მექანიზმი ისეთივეა, როგორიც ტერფების მიკოზისა - სპორტდარბაზში, საუნაში, აუზზე, საშხაპეში, გასახდელში (სადაც ცუდად იცავენ სანიტარიულ ნორმებს) დაავადებული ტერფებიდან ჩამოფცქვნილი კანის ან ფრჩხილის მიკრონაწილაკებთან ერთად გარემოში იფანტება სოკოს ელემენტები, რომლებიც იატაკზე, ხალიჩაზე, ხის ცხაურზე დიდხანს ცოცხლობენ, წყლის პროცედურების დროს კი ტერფების კანი ფაშრდება, რაც დაავადების გამომწვევის შეღწევას აადვილებს. ამიტომ:

ზემოხსენებული ადგილების სტუმრობისას ფეხები სოკოს საწინააღმდეგო საშუალებით დაიმუშავეთ.

ფრჩხილებზე წაისვით სპეციალური დამცავი ლაქი.

აბანოსა და პლაჟზე ჩაიცვით პლასტმასის ფეხსაცმელი - სოკოს მასში უფრო უჭირს გამრავლება, ვიდრე ფოროვან რეზინში.

ყურადღებით შეარჩიეთ ფეხსაცმელი, განსაკუთრებით - სპორტული. ის ზუსტად თქვენი ზომისა უნდა იყოს. როგორც ვიწრო, ასევე ხალვათი ფეხსაცმელი მიკოზის განვითარებას უწყობს ხელს.

არასოდეს ჩაიცვათ სხვისი ფეხსაცმელი და ნურც თქვენსას ათხოვებთ სხვას.

სოკოს გავრცელების ერთ-ერთი საშუალება სალონში პედიკიურისთვის განკუთვნილი იარაღებია. ისინი სრული სტერილიზაციისთვის ოთხ საფეხურს უნდა გადიოდეს: დეზინფექციას, წინასასტერილიზაციო გაწმენდას, სტერილიზაციას და ბოლოს ულტრაიისფერი სხივებით დამუშავებას. გახსოვდეთ: სადეზინფექციო ხსნარები სოკოს კი სპობს, მაგრამ სპორებს ვერაფერს აკლებს.

სოკოვანი დაავადების დროს ფეხის ფრჩხილები გაცილებით ხშირად ზიანდება, ვიდრე ხელისა. განასხვავებენ ფრჩხილების დაზიანების სამ ტიპს: ნორმოტროფიულს, ჰიპერტროფიულს და ონიქოლიზურს.

ნორმოტროფიული დაზიანების დროს იცვლება ფრჩხილის ფირფიტის ფერი, გარეთა კიდეებთან წარმოიქმნება ლაქები და ზოლები, რომელთა შეფერილობა თეთრიდან მოყვითალომდე ვარირებს. თანდათან მთელი ფრჩხილი იცვლის ფერს, თუმცა სისქესა და სიპრიალეს ინარჩუნებს.

ჰიპერტროფიული დაზიანების დროს ფრჩხილის საწოლსა და ფირფიტას შორის გარქოვანება იმატებს, ფრჩხილი მქრქალდება, განიცდის დეფორმაციას, მყიფდება, იფშვნება და საწოლს სცილდება, განსაკუთრებით - გვერდებზე. ზოგჯერ ფრჩხილის ფირფიტა ისე სქელდება, რომ ფრინველის კლანჭს ემსგავსება (ონიქოგრიფოზი) და სიარულის დროს ტკივილს იწვევს. ონიქოლიზური დაზიანებისას ფრჩხილის დაზიანებული ნაწილი მღვრიე ნაცრისფერს იღებს და ატროფირდება, ფირფიტა საწოლს სცილება, საწოლის გაშიშვლებული ნაწილი ფხვიერი გარქოვანებული ფენით არის დაფარული.

ონიქომიკოზი პირველადიც შეიძლება იყოს და მეორეულიც. პირველადი პათოლოგიის დროს ზიანდება ჯანმრთელი ფრჩხილი. დაავადების ალბათობას ზრდის სისხლის მიმოქცევის დარღვევა (ასაკოვან პირებში - გულ-სისხლძარღვთა დაავადებები), ძვლის მოტეხილობა, ინერვაციის დარღვევა (ხერხემლისა და ზურგის ტვინის დაზიანების დროს). მეორეული ონიქომიკოზები სხვა დაავადებების ფონზე, უკვე დაზიანებულ ფრჩხილზე ვითარდება.

გაითვალისწინეთ: ფრჩხილების დაზიანება ზოგიერთ ქრონიკულ დაავადებასაც სდევს თან. მაგალითად, ფსორიაზს, წითელ ბრტყელ ლიქენს, ეგზემას, ნეიროდერმიტს. ასეთ დროს ვითარდება ონიქოდისტროფია, რომლის ონიქომიკოზისგან გასარჩევად ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას მიმართავენ. მიკოზის დროს ფრჩხილებიდან აღებულ მასალაში სოკოს ელემენტებს პოულობენ, ონიქოდისტროფიის დროს კი ვერა.

ტრიქოფიტია

დერმატომიკოზის ერთ-ერთი სახეობაა ტრიქოფიტია, რომელსაც სხვადასხვა სახის ტრიქოფიტონი იწვევს. სახელწოდება ორი სიტყვისგან შედგება: წინათ მიაჩნდათ, რომ გამომწვევი სოკო მხოლოდ თმას აზიანებდა, შემდეგ კი გაირკვა, რომ ის კანსა და ფრჩხილებსაც აავადებს. გამომწვევის ბუნების, ორგანიზმის საპასუხო რეაქციისა და დაზიანებული არის ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ დაავადების რამდენიმე კლინიკურ ფორმას: ზერელეს, ქრონიკულს, ღრმას, ინფილტრირებულ-დაჩირქებულს და ფრჩხილებისას.

თავის თმიანი მიდამოს ზერელე ტრიქოფიტიის დროს, რომელიც უმთავრესად სასკოლო და სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ემართებათ, სოკო იჭრება თმის ფოლიკულში და იქიდან თმაში აღწევს. დაავადება ვრცელდება ავადმყოფთან უშუალო კონტაქტით და ავადმყოფის მიერ გამოყენებული საგნების (თავსაბურავის, სავარცხლის, მაკრატლის, ჯაგრისის, საწოლის თეთრეულის) საშუალებით.

თავის თმიანი ნაწილის ზერელე ტრიქოფიტია კლინიკურად ვლინდება ერითემულ-სკვამოზური (წითელლაქოვან-ქერცლოვანი), სკვამოზური და იმპეტიგოსებრი (სტრეპტოკოკული ინფექციის მსგავსი) გამონაყარით.

ერითემულ-სკვამოზური ფორმის დროს კანზე წარმოიქმნება 1-2 სმ დიამეტრის ბაცი ვარდისფერი ბრტყელი გაფანტული კერები, რომლებიც ზოგჯერ გარემომცველი საღი კანიდან წამოწეულია და პატარა ბუშტუკებით არის დაფარული.

სკვამოზური ფორმის დროს მეტ-ნაკლებად შემოფარგლულ მცირე არეზე იწყება ქატოსებრი მოთეთრო-მონაცრისფრო აქერცვლა კლინიკურად თითქმის შეუმჩნეველი ანთებითი მოვლენებით. ამასთანავე, დაზიანებულ ადგილებზე თმის ღერი ოდნავ სქელდება და ადვილად ტყდება ფოლიკულის ყელიდან გამოსვლის ადგილთან ან კანის დონეზე. შედეგად თმა ემსგავსება ცალკეულ შავ წერტილებს, რომლებიც თმის ფოლიკულთა ხვრელებშია ჩამჯდარი, ზოგან კი წამოწეულია. თმის დაზიანებული ნაწილი, რომლის ზრდასაც ხელს უშლის ქერცლი, ამ ქერცლის ქვეშ რჩება და მძიმისებრ ან კითხვის ნიშნისებრ მოყვანილობას იღებს. ზოგჯერ ასეთი ადგილები ნაწილობრივ ყვითელი ქერქით იფარება, რის გამოც სურათი სტრეპტოკოკულ დაავადებას - ვულგარულ იმპეტიგოს წააგავს. თუ დაავადებას არ უმკურნალეს, დაზიანების კერები გამრავლდება, ერთმანეთს შეუერთდება, დაავადება გახანგრძლივდება და მკურნალობის გარეშე არ ალაგდება.

სადა კანის ზერელე ტრიქოფიტიის დროს კანის ღია უბნებზე ჩნდება მკვეთრად შემოსაზღვრული მრგვალი ან ოვალური მოვარდისფრო-მოწითალო ინფიცირებული ლაქები. შეფერილობა უფრო მკაფიოა კიდეებზე, სადაც შესაძლოა მცირე ზომის ბუშტუკები და ქერქიც შევამჩნიოთ. სხვაგან ბუშტუკები არ წარმოიქმნება და დაზიანებული კერა აქერცლილ ლაქას ჰგავს. ლაქებს აქვთ მიდრეკილება პერიფერიული ზრდისკენ და შესაძლოა, ერთმანეთს შეუერთდნენ კიდეც. ყოველი ლაქა უკუგანვითარებას ცენტრიდან იწყებს და ჯერ წაბლისფერი ხდება, შემდეგ კი ქატოსავით იქერცლება. ამ დროს უმთავრესად ზიანდება კანის ღია უბნები: სახე, კისერი, ხელის მტევნები და წინამხრები.

მოზრდილთა ქრონიკული ტრიქოფიტია მეტწილად ერთდროულად აზიანებს თავის თმიან ნაწილს, სადა კანსა და ფრჩხილებს. მისი სურათი ძლიერ განსხვავდება ჩვეულებრივი ზერელე ტრიქოფიტიის კლინიკური სურათისგან. ქრონიკული ტრიქოფიტიის დროს სადა კანზე ჩნდება არცთუ ისე მკვეთრად შემოფარგლული მოლურჯო-მოწითალო, აქერცლილი, უსწორმასწორო ფორმისა და სხვადასხვა ზომის ლაქები, რომლებიც ზოგჯერ ერთდება. სადა კანი უმეტესად ზიანდება მუხლებზე, წვივებზე, წინამხრებზე, ხელისგულებსა და ფეხისგულებზე, დუნდულებზე. ხელისგულებსა და ფეხისგულებზე აქერცვლასთან ერთად შეინიშნება გარქოვანების გაძლიერება - ჰიპერკერატოზი. ზოგჯერ ავადმყოფები ქავილს უჩივიან. ფრჩხილები უზიანდება მოზრდილთა ქრონიკული ტრიქოფიტიით დაავადებულთა 30%-ს. ესე იგი, გაცილებით მეტს, ვიდრე ზერელე ტრიქოფიტიის დროს. ჩვეულებრივ, ზიანდება ხელის რამდენიმე ან ყველა ფრჩხილი, არცთუ იშვიათად - ფეხისაც. დაზიანება იწყება ფრჩხილების თავისუფალი კიდიდან. ფრჩხილის ფირფიტის სიღრმეში ჩნდება მონაცრისფრო-მოთეთრო ლაქები და ზოლები. ფირფიტა თანდათან სქელდება, ფხვიერდება და იფშვნება. მისი ზედაპირი დეფორმირებულია. დამახასიათებელია, რომ ფრჩხილის მორგვის ანთებითი მოვლენები არ შეიმჩნევა.

ტრიქოფიტიის ინფილტრირებულ-ჩირქოვანი ფორმა უმეტესად გვხვდება სოფლის მკვიდრთა შორის, რომელთაც კონტაქტი აქვთ ცხოველებთან, რადგან ამ დაავადების გამომწვევი ზოოფილური წარმოშობისაა.

თავის თმიან ნაწილზე, წვერ-ულვაშის მიდამოში ან სადა კანზე წარმოიქმნება ოვალური ან მრგვალი, ბაცი წითელი, 2-3-სმ-იანი და უფრო დიდი დიამეტრის მკვეთრად შემოფარგლული ანთებითი კერა, რომელიც საკმაოდ არის შემაღლებული გარემომცველი საღი კანიდან. კანი ამ ადგილას ინფილტრირებულია, დაფარულია ფოლიკულური პუსტულებით (ჩირქოვანი ბუშტუკებით), საიდანაც ხელის დაჭერისას, ისე, როგორც საცერიდან, გამოდის ჩირქოვანი სითხე. ზედაპირი ალაგ-ალაგ სქელი ქერქით იფარება. დაზიანებულ კერაში თმა მორყეულია და ადვილად ძვრება. დაავადებას ზოგჯერ თან სდევს ტემპერატურის მომატება, საერთო სისუსტე, ლიმფური კვანძების გადიდება.

მიკროსკოპიული გამოკვლევის დროს თმაში ჩანს სპორების მცირე ნაწილი. ეს სპორები ძეწკვისებურად არის განლაგებული და გარედან ეკვრის თმის ღერს.

მიკროსპორია

მიკროსპორიის წყაროა დაავადებული ადამიანი და ცხოველი (უმეტესად - ძაღლი და კატა). დაავადება აზიანებს სადა კანს, თავის თმიან მიდამოს, ძალიან იშვიათად - ფრჩხილებს. დაავადება ზერელე ხასიათისაა. ღრმა ფორმა იშვიათია. მიკროსპორიით უმეტესად სასკოლო ასაკის ბავშვები ავადდებიან. სქესობრივი მომწიფების პერიოდში დაავადება, ჩვეულებრივ, თავისთავად გაივლის. მიკროსპორია მოზრდილებს, წესისამებრ, მხოლოდ სადა კანს უზიანებს.

დაზიანებულ არეში 2-სმ-იანი ან უფრო დიდი დიამეტრის მრგვალი, მკვეთრად შემოფარგლული კერა ჩნდება. მისი ზედაპირი ძალიან წვრილი ქერცლით არის დაფარული, თითქოს ფქვილი მოუყრიათო. ამ ადგილებში თმა გადატეხილია დაახლოებით ერთსა და იმავე დონეზე - კანის ზედაპირიდან 4-5 მმ სიმაღლეზე.

სადა კანის მიკროსპორია ვლინდება ცალკეულ ადგილებზე ვარდისფერი ლაქების სახით. ეს ლაქები საკმაოდ სწრაფად იზრდება, ზოგჯერ ერთმანეთს უერთდება და სხვადასხვა მოხაზულობის ფიგურებს ქმნის. ლაქების კიდეები ოდნავ შემაღლებულია. ზოგჯერ წარმოიქმნება კონცენტრირებული რკალები. რკალებს შორის ადგილები ნაკლებინტენსიური შეფერილობისაა, თვით რკალები კი ბაცი წითელია.

ფავუსი

ფავუსის გამომწვევი მხოლოდ ადამიანისთვის არის პათოგენური. დაავადება გადაედება უშუალო კონტაქტით, უფრო ხშირად კი გამომწვევით დაბინძურებული საგნების მეშვეობით. გაცილებით იშვიათია ცხოველისგან (თაგვისგან ან კატისგან) დასნებოვნება.

ფავუსი უმთავრესად ბავშვობაში იწყება, თუმცა შესაძლოა მოზრდილსაც დაემართოს. ის ნაკლებად კონტაგიოზურია, ვიდრე ტრიქოფიტია და მიკროსპორია. უმთავრესად თავის თმიან მიდამოს აზიანებს, ძალიან იშვიათად - სადა კანს. თავის თმიან ნაწილზე, მის ცალკეულ ადგილებზე ჩნდება ლამბაქის ფორმის მოყვითალო-მოჩალისფრო ქერქის გროვები. ეს ქერქი თავის თმიან ნაწილს ზოგჯერ ერთიანი ჯავშანივით ფარავს. ფავუსით დაზიანებული თმა კარგავს ნორმალურ ფერსა და ბზინვარებას, ნაცრისფერი ედება და შრება. დაზიანებულ ადგილზე თანდათანობით ვითარდება ნაწიბუროვანი ატროფია.

ფავუსით ფრჩხილების დაზიანება თავისუფალი კანიდან იწყება. ფრჩხილი სქელდება, ფერს იცვლის და დეფორმირდება, ხუნდება, მყიფე ხდება და იფშვნება.

სოკოვანი დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა

არსებობს სოკოვანი დაავადების დიაგნოსტიკის ლაბორატორიული მეთოდები, რომლებიც ამ დაავადების წინააღმდეგ სწორი სამკურნალო და პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების საშუალებას იძლევა.

ლაბორატორიული გამოკვლევისთვის მასალას წარმოადგენს თმა, ქერქი, ქერცლი, ჩირქი, ფრჩხილი. პათოლოგიურ მასალაში მიკროსკოპიულად პოულობენ სოკოს ელემენტებს, სპორებსა და მიცელიუმის ძაფებს. მიკროსპორიის დროს მნიშვნელოვანია ლუმიესენციური მეთოდი. მკურნალობა აუცილებლად ექიმმა დერმატოლოგმა უნდა დანიშნოს. მკურნალობა კომპლექსურია და გულისხმობს როგორც ზოგადი, ისე ადგილობრივი საშუალებების გამოყენებას. ზოგადი მკურნალობისთვის გამოიყენება ფართო სპექტრის (სოკოს სხვადასხვა სახეობაზე მოქმედი) ანტიმიკოზური საშუალებები. ზოგიერთი მათგანი სოკოს ზრდას აფერხებს (ფუნგისტატიკები), ზოგიერთი სოკოს სპობს (ფუნგიციდები). ზოგ შემთხვევაში ადგილობრივად ჯერ კერატოლიზური (რქოვანას გამლღობი) საშუალებები გამოიყენება, ფრჩხილის უმტკივნეულოდ (არაქირურგიული გზით) მოცილების შემდეგ კი ანტიმიკოზური მალამოები, ლოსიონები და სხვა. თავის თმიან მიდამოში ინფილტრირებულ-ჩირქოვანი ფორმის დროს ადგილობრივად, კერის სათანადო დამუშავების (ხელოვნური ეპილაციის) შემდეგ, ტარდება ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა, ხოლო ანთებითი მოვლენების ჩაცხრობის შემდეგ - ანტიმიკოზური.

მნიშვნელოვანია მკურნალობის პროცესის მონიტორინგი - აუცილებელია, სოკო-პარაზიტის არარსებობა მკურნალობის შემდეგ რამდენიმე საკონტროლო ლაბორატორიული გამოკვლევით დადასტურდეს. სოკო ადამიანის ორგანიზმში ნელა იზრდება, მკურნალობის შედეგი საკმაო ხნის შემდეგ ხდება თვალსაჩინო. ასე რომ, დაზიანებული მიდამოს ჯანსაღი იერი განკურნებას ჯერ კიდევ არ ნიშნავს. მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელია რეციდივი, განმეორებითი კურსის ჩატარებისას კი სავსებით შესაძლებელია საჭირო გახდეს ახალი ანტიმიკოზური პრეპარატის დანიშვნა, რადგან უკვე გამოყენებული უეფექტო ხდება.

ბავშვთა ასაკში სოკოვანი დაავადებების მკურნალობისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის ფაქტი, რომ ჯანმრთელ ბავშვს მიკოზი არ ემართება, ამიტომ მკურნალობის პროცესში უნდა ჩაერთონ ზოგადი პროფილის პედიატრი და ინფექციონისტიც.

პროფილაქტიკა გულისხმობს:

დაავადების აქტიურ გამოვლინებას (საჭიროების შემთხვევაში - ავადმყოფის იზოლაციას), მის დროულ და სრულფასოვან მკურნალობას;

სოკოვანი დაავადების თითოეული შემთხვევის ეპიდემიოლოგიურ ანალიზს მიკოზის კლინიკური ფორმის გათვალისწინებით;

გამომწვევის სახეობისა და გავრცელების გზების შესწავლას მისი ლიკვიდაციის მიზნით;

დაავადების ხელშემწყობი ფაქტორების (ჭარბი ოფლიანობა, მიკროტრავმატიზაცია) აღმოფხვრას;

სანიტარულ-საგანმანათლებლო მუშაობას.

სიახლეები

ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა