თქვენს ვებ-ბრაუზერს ან არ აქვს JavaScript-ის მხარდაჭერა, ან სკრიპტების გამოყენება დაბლოკილია!

მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური

ცენტრი

პერიოსტიტი

პერიოსტიტი

თარიღი: 2017-02-16

დათვალიერება: 5424

პერიოსტიტი ძვლისაზრდელას ანთებითი დაავადებაა, რომელიც, ჩვეულებრივ, ძვლის შიდა ან ზედაპირულ შრეზე იწყება და შემდეგ მთელ ძვალზე ვრცელდება. ძვლისაზრდელას (პერიოსტის) ძვალთან მჭიდრო კონტაქტის გამო ანთებითი პროცესი ადვილად გადადის ერთი ქსოვილიდან მეორეზე (ოსტეოპერიოსტიტი).

კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით პერიოსტიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული, ხოლო პათოლოგანატომიური სურათის და ნაწილობრივ ეტიოლოგიის მიხედვით - მარტივი, ფიბროზული, ჩირქოვანი, სეროზული, ოსიფიცირებული, ტუბერკულოზური და სიფილისური.

მარტივი პერიოსტიტი მწვავე ასეპტიკური ანთებითი პროცესია, რომლის დროსაც შეიმჩნევა ჰიპერემია, ძვლისაზრდელას უმნიშვნელო გასქელება და ინფილტრაცია. პალპაციით (ხელით მოსინჯვით) შესაძლოა ხაოიანი ზედაპირი შეიგრძნოთ.

მარტივი პერიოსტიტი ყველაზე ხშირად დაჟეჟვის, მოტეხილობის (ტრავმული პერიოსტიტი) ან ანთებითი კერის ძვლისაზრდელას სიახლოვეს ლოკალიზების (მაგალითად, ძვალში ან კუნთებში) შემთხვევაში ვითარდება. მარტივ პერიოსტიტს ახასიათებს განსაზღვრული მიდამოს ტკივილი და შეშუპება. ძვლისაზრდელა ყველაზე ხშირად რბილი ქსოვილებით ნაკლებად დაცულ არეში (მაგალითად, დიდი წვივის ძვლის წინა ზედაპირზე, იდაყვის ძვალზე) ზიანდება. ანთებითი პროცესი უმეტესად რამდენიმე კვირაში თავისთავად გაივლის, მაგრამ ზოგჯერ იწვევს ფიბროზულ დაზიანებას, კალციუმის მარილების დალექვას ან ძვლოვანი ქსოვილის ახალწარმონაქმნების (ოსტეოფიტების) გაჩენას, ანუ ოსიფიცირებულ პერიოსტიტში გადაიზრდება.

ოსიფიცირებული პერიოსტიტი ძვლისაზრდელას ანთების გავრცელებული ფორმაა. იგი აღმოცენდება პერიოსტის ხანგრძლივი გაღიზიანების შედეგად და ახასიათებს ჰიპერემიული და პროლიფიცირებული ძვლისაზრდელას შიდა შრიდან ახალი ძვლის ინტენსიური განვითარება. ეს პროცესი ზოგჯერ დამოუკიდებლად მიმდინარეობს, უმეტესად კი ირგვლივ არსებული ქსოვილების ანთებაც ახლავს თან. ოსიფიცირებული პერიოსტიტი ვითარდება ძვალში არსებული ანთებითი ან ნეკროზული კერების (მაგალითად, ოსტეომიელიტი) მიდამოში, წვივზე ქრონიკული ვარიკოზული წყლულის ქვეშ, ანთებითი ცვლილებებით დაზიანებული სახსრის ახლოს, ძვლის კორტიკალურ შრეში ტუბერკულოზური კერების არსებობისას.

ოსტეოფიცირებული პერიოსტიტის მოვლენებით გამოწვეული გაღიზიანების დაცხრობის შემდეგ ძვლის შემდგომი წარმოქმნა წყდება. ოსტეოფიტების მსხვილ კომპონენტებში შეიძლება მოხდეს ძვლის შიდა გადაწყობა (მედულიზაცია) და ქსოვილმა მიიღოს სპონგიოზური (ღრუბლისებური) ძვლის სახე.

ზოგჯერ ოსიფიცირებული პერიოსტიტი იწვევს სინოსტაზს (სინოვიური სითხის შეგუბება), რაც უმეტესად შეინიშნება ხერხემლის მეზობელ მალებს შორის, წვივის ძვლებს შორის, იშვიათად - ტერფის ძვლებსა და მაჯის ძვლებს შორის.

ფიბროზული პერიოსტიტი

ფიბროზული პერიოსტიტი ვითარდება თანდათანობით და მიმდინარეობს ქრონიკულად. იგი აღმოცენდება წლობით მიმდინარე გაღიზიანების შედეგად და ვლინდება ძვლისაზრდელას კოჟიჟისებრი გასქელებით, რომელიც მჭიდროდ არის შეზრდილი ძვალთან. მაგალითად, ფიბროზული პერიოსტიტი შეიმჩნევა დიდ წვივის ძვალზე წვივზე ქრონიკული წყლულის, ძვლის ნეკროზის, სახსრის ქრონიკული ანთების და სხვათა დროს. ფიბროზული ქსოვილის მნიშვნელოვნად განვითარებამ შესაძლოა ძვლის ზედაპირული დაზიანება გამოიწვიოს. ზოგჯერ, პროცესის ხანგრძლივი მიმდინარეობის შემთხვევაში, ძვლოვან ქსოვილზე ჩნდება სიმსივნური წარმონაქმნები. გამღიზიანებლის მოშორების შემდეგ, ჩვეულებრივ, პროცესის უკუვითარდება.

ჩირქოვანი პერიოსტიტი

ჩიქოვანი პერიოსტიტი, წესისამებრ, ვითარდება ძვლისაზრდელას დაზიანების შემდეგ ან მეზობელი ორგანოებიდან მასში ინფექციის შეჭრის შემთხვევაში (მაგალითად, ყბის პერიოსტიტი კბილის კარიესის დროს), ასევე - ჰემატოგენური გზით (მაგალითად, პიემიის დროს მეტასტაზური პერიოსტიტი). მეტასტაზური პერიოსტიტი, ჩვეულებრივ, აზიანებს რომელიმე გრძელი ლულოვანი ძვლის (ბარძაყის, წვივის, მხრის ძვლის) ძვლისაზრდელას ან ერთდროულად რამდენიმე ძვალს. ჩირქოვანი პერიოსტიტის მთავარი კომპონენტია მწვავე ჩირქოვანი ოსტეომიელიტი. არის შემთხვევები, როდესაც ჩირქოვანი პერიოსტიტის დროს ინფექციის წყაროს აღმოჩენა ვერ ხერხდება.

ჩირქოვანი პერიოსტიტი იწყება ძვლისაზრდელას ჰიპერემიით, მასში სეროზული ან ფიბროზული ექსუდატის გაჩენით, შემდეგ კი ვითარდება ჩიქოვანი ინფილტარაცია, რომელიც ადვილად სცილდება ძვალს. პერიოსტის ფაშარი (ფხვიერი) შიგნითა შრე იჟღინთება ჩირქით, რომელიც შემდეგ პერიოსტსა და ძვალს შორის გროვდება და წარმოქმნის სუბპერიოსტულ აბსცესს. პროცესის მნიშვნელოვანი გავრცელების შემთხვევაში პერიოსტი შრევდება, რამაც შესაძლოა ძვლის კვების დარღვევა და მისი ზედაპირული ნეკროზი გამოიწვიოს. თუ ჩირქმა ძვლის ტვინის სივრცეში შეაღწია, ნეკროზი მოიცავს ძვლის მთელ უბანს ან მთლიანად ძვალს. ანთებითი პროცესი შეიძლება შეჩერდეს (განსაკუთრებით - ჩირქის დროული მოშორების ან ორგანიზმიდან მისი თავისთავად გამოსვლის შემთხვევაში), ანდა მოედოს გარემომცველ რბილ ქსოვილებს და მთელ ძვალს.

პროცესის სწრაფი მიმდინარეობის შემთხვევაში ხდება ძვლისაზრდელას აშრევება, რასაც განაპირობებს ძვლისაზრდელასა და კორტიკულ შრეში არსებული ჩირქი ან ინფილტრატი (ანთებითი ან სიმსივნური). ასეთი რამ მოსალოდნელია მწვავე ოსტეომიელიტის, იუნგას სიმსივნისა და რეტიკულოსარკომის დროს. მწვავე ანთებითი პროცესის დროს, როცა პერიოსტის ქვეშ გროვდება ჩირქი და იქმნება დიდი წნევა, ძვლისაზრდელა შესაძლოა გაგლიჯოს - ამ ადგილას ძვლის წარმოქმნა გაგრძელდეს.

სეროზული ალბუმინური პერიოსტიტი

სეროზული ალბუმინური პერიოსტიტი ის ფორმაა, როდესაც ძვლისაზრდელაში მიმდინარე ანთებით პროცესს თან ახლავს ალბუმინით მდიდარი, სეროზულ-ლორწოვანი ხასიათის ექსუდატის წარმოქმნა, რომელიც გროვდება ძვლისაზრდელას ქვეშ. ექსუდატი გარემოცულია მოყავისფრო-მოწითალო გრანულაციური ქსოვილით. გარედან იგი მთლიანად გარსით არის დაფარული და ჰგავს კისტას, რომელიც ქალაში ლოკალიზაციის შემთხვევაში ტვინის თიაქარში ერევათ. ექსუდატის რაოდენობა ზოგჯერ 2 ლიტრსაც კი აღწევს. ის, ჩვეულებრივ, დაგროვილია ძვლისაზრდელას ქვეშ ან თავად ძვლისაზრდელაზე კისტისმაგვარი ტომრის სახით. შეიძლება, ძვლისაზრდელას გარეთა ზედაპირზეც დაგროვდეს. უკანასკნელ შემთხვევაში გამოხატულია გარემომცველი ქსოვილების გავრცობილი შეშუპება. როცა ექსუდატი მდებარეობს ძვლისაზრდელას ქვეშ, იგი შრევდება, ძვალი შიშვლდება და შესაძლოა განვითარდეს ნეკროზი - წარმოიშვას გრანულაციებით სავსე ღრუ.

პროცესი, ჩვეულებრივ, ლოკალიზდება გრძელი ლულოვანი ძვლების (მეტწილად - ბარძაყის ძვლის, იშვიათად - წვივის, მხრის ძვლის, ნეკნის) ბოლოში (დიაფიზში). ავადდებიან უმეტესად ახალგაზრდები.

ხშირად ძვლისაზრდელას ანთება ვითარდება ტრავმის შემდეგ. აღმოცენდება მტკივნეული შეშუპება, ტემპერატურა იმატებს, მაგრამ მალევე უბრუნდება ნორმას. სახსრის არეში პროცესის ლოკალიზების შემთხვევაში შესაძლოა დაირღვეს მისი ფუნქცია. თავდაპირველად შეშუპება მკვრივია, მაგრამ დროთა განმავლობაში შესაძლოა დარბილდეს და გამოიხატოს მეტ-ნაკლები ფლუქტუაცია. ახასიათებს ქვემწვავე ან ქრონიკული მიმდინარეობა.

მკურნალობა

როდესაც დაავადება ჩირქოვანი ინფექციის გარეშე მიმდინარეობს, მისი მკურნალობა შესაძლებელია შინაც, ანტიბიოტიკებით, ცივის დადებით და ტკივილგამაყუჩებლებით. მთავარია, მოშორებულ იქნეს გამაღიზიანებელი ფაქტორი. ამ დროს უნდა შეწყდეს ფიზიკური ვარჯიში, ანთებითი ძვლისაზრდელას მიდამოს ფიზიკური დატვირთვა უნდა გამოირიცხოს.

პერიოსტიტი უფრო მეტხანს გრძელდება, ვიდრე რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა (ჰემატომა) - ზოგჯერ 3 კვირა და მეტიც კი.

ჩირქოვანი პერიოსტიტის მკურნალობა ქირურგიულია.

სიახლეები

ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა