თქვენს ვებ-ბრაუზერს ან არ აქვს JavaScript-ის მხარდაჭერა, ან სკრიპტების გამოყენება დაბლოკილია!

თბილისი, დ.თავხელიძის ქ. №1

(+995 32) 2 18 65 30

mc.greenmed@gmail.com

მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური

ცენტრი

ალცჰაიმერის დაავადება

ალცჰაიმერის დაავადება

თარიღი: 2017-05-26

დათვალიერება: 1078

ალცჰაიმერის დაავადება ცენტრალური ნერვული სისტემის დეგენერაციული პათოლოგიაა, რომელსაც ახასიათებს თავის ტვინის ქერქული ფუნქციების - ინტელექტის, მეხსიერების - პროგრესირებადი დაქვეითება და ქცევის ცვლილება. მოხუცებულთა დემენციის (მეხსიერების დაქვეითების) მიზეზი ხშირად სწორედ ალცჰაიმერის დაავადებაა. 65 წელს გადაცილებულებს შორის 10-15%-ში გვხვდება, ხოლო 80 წლის შემდეგ - 20%-ში. თანამედროვე თეორიათა თანახმად, ალცჰაიმერის დაავადებას სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზი აქვს: ზოგჯერ ის მემკვიდრეობითია, ზოჯგერ - სპორადული.

ალცჰაიმერის დაავადების დროს ატროფირდება თავის ტვინი (მცირდება მისი მოცულობა და წონა), ქერქის ხვეულები, ფართოვდება ქერქის ღარები და პარკუჭები. ყველაზე მეტად ატროფიას განიცდის თხემის, საფეთქლისა და შუბლის წილები. მიკროსკოპიული გამოკვლევა ავლენს თავის ტვინის ნეირონების, ჰიპოკამპის, ბაზალური ბირთვების ნეირონთა მასიურ დეგენერაციას. ალცჰაიმერის დაავადების დროს ნევროლოგიური სიმპტომები მრავალფეროვანია, ვინაიდან თავის ტვინის სხვადასხვა უბანში ნეირონული დეგენერაცია დისპროპორციულად ხდება.

ავადდებიან საშუალო ასაკის პირები და მოხუცები. დაავადების დასაწყისი შეუმჩნეველია. განსაზღვრულ დრომდე ვერც ავადმყოფი და ვერც ახლობლები ამას ვერ ამჩნევენ. შემდეგ თანდათანობით ვლინდება მნესტიური (მეხსიერების) ფუნქციის მოშლა, ყურადღების, შრომის უნარის დაქვეითება, ინტერესთა წრის შევიწროება, გუნება-განწყობის ცვალებადობა, ეჭვიანობა, განგაშის განცდა. თანდათანობით მეხსიერება ისე სუსტდება, რომ ავადმყოფს ავიწყდება ახლობლების, ნათესავების, საგნების სახელები. მერე და მერე იწყება მეტყველების მოშლა. ავადმყოფს უჭირს საჭირო სიტყვების პოვნა, კითხვა (კარგავს ტექსტის გაგების უნარს), წერა. კარგავს გარემოში ორიენტაციის უნარს (ვეღარ აგნებს სახლს, იკარგება), უჭირს მარტივი ყოფითი ამოცანების გადაჭრა, ჩაცმა, საყოფაცხოვრებო ნივთებით სარგებლობა. მოგვიანებით სტადიაში აფექტური მოშლილობანი ხშირდება: ვლინდება გუნება-განწყობის მკვეთრი ცვლილებები, ავადმყოფს იპყრობს განგაშის შეგრძნება, შიში, აღმოცენდება ფსიქომოტორული აგზნება, რომელსაც აპათია ენაცვლება. შესაძლოა, განვითარდეს ჰალუცინაციები, ბოდვა (ეჭვიანობის და სხვა). ავადმყოფთა 40%-ს უვითარდება დეპრესია. დროთა განმავლობაში თავს იჩენს ნერვული სისტემის დაზიანების სხვა ნიშნებიც.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზს კლინიკური სურათის საფუძველზე სვამენ. დასაზუსტებლად ტარდება კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, ელექტროენცეფალოგრაფია და თავ-ზურგტვინის ლიქვორის ბიოქიმიური კვლევები.

მკურნალობა და პროფილაქტიკა. ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს აცეტილქოლინერგულ სისტემაზე (ამირიდინი, ტაკრინი, ექსელონი და სხვა), ასევე - ნოოტროპული საშუალებები და ვაზოდილატატორები, ნეიროტროპული (ცერებლოლიზინი) და სხვა პრეპარატები. მკურნალობის შედეგად პროცესი ფერხდება, მაგრამ არ უკუვითარდება.

ალცჰაიმერის დაავადების პროფილაქტიკის სპეციფიკური მეთოდები არ არსებობს. პროცესს ტვინის ვერავითარი ვარჯიში ვერ შეაფერხებს. პროფილაქტიკური ღონისძიებები ისეთივეა, როგორიც ათეროსკლეროზის დროს.

სიახლეები

დიოდური ლაზერული ეპილაცია, კოსმეტოლოგია-დერმატოლოგია

უროლოგის კონსულტაცია, საშარდე გზების და წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა. შარდის საერთო ანალიზი

ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა