თქვენს ვებ-ბრაუზერს ან არ აქვს JavaScript-ის მხარდაჭერა, ან სკრიპტების გამოყენება დაბლოკილია!

მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური

ცენტრი

ინსულტი

ინსულტი

თარიღი: 2017-10-11

დათვალიერება: 7252

ინსულტი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა, რომელსაც თან სდევს ტვინის ქსოვილის დაზიანება და მისი მმართველი ფუნქციის მოშლა.

განასხვავებენ იშემიურ და ჰემორაგიულ ინსულტებს.

იშემიური ინსულტი. ინსულტების უმრავლესობა იშემიური ხასიათისაა. ამ დროს მკვებავი სისხლძარღვის ძლიერი შევიწროების ან დახშობის გამო წყდება ტვინის რომელიმე უბნის სისხლით მომარაგება. ყველაზე ხშირად სისხლძარღვის გაუვალობის მიზეზია ათეროსკლეროზული ფოლაქის ნაწილი, მოწყვეტილი თრომბი ან სისხლძარღვის ხანგრძლივი სპაზმი, მაგალითად, სისხლძარღვის მიჭყლეტა სიმსივნური წარმონქმნით ან ტრავმის შედეგად. სისხლძარღვი შეიძლება დაახშოს - თუმცაღა გაცილებით იშვიათად - ცხიმის წვეთმა ან ჰაერის ბუშტმა (ცხიმოვანი და ჰაეროვანი ემბოლია). ამის შედეგად ტვინის უჯრედებს აღარ მიეწოდება სისხლი, რომელიც მათ ჟანგბადითა და საკვების ნივთიერებებით ამარაგებდა, და ტვინის ქსოვილი რბილდება.

იშემიური ინსულტი შესაძლოა მოულოდნელიც იყოს, თუმცა უმეტესად თანდათანობით ვითარდება. ზოგჯერ ის ძილის დროს აღმოცენდება. მეტწილად ემართებათ 40-50 წელს გადაცილებულ ადამიანებს.

ჰემორაგიული ინსულტის დროს სისხლძარღვის კედელი სკდება, ტვინის ქსოვილში სისხლი ჩაიქცევა და წარმოიქმნება ტვინშიგა ჰემატომა, რომელიც ავსებს თავისუფალ სივრცეს. ამის მიზეზად შეიძლება იქცეს ანევრიზმა ან სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევა ათეროსკლეროზული ცვლილებების გამო. მაპროვოცირებელი ფაქტორებია წნევის მკვეთრი ცვლილება, გონებრივი და ფიზიკური გადატვირთვა, სტრესი. ამ ტიპის ინსულტი უფრო იშვიათია, მაგრამ გაცილებით საშიში. ადამიანს ჰემორაგიული ინსულტი ხშირად აქტიური ცხოვრების პერიოდში, უმეტესად - 40 წლამდე ასაკში ემართება. ათიდან 7 შემთხვევა სიკვდილით სრულდება.

ორივე ტიპის ინსულტის შემთხვევაში ტვინის დაზიანებულ უბანში იწყება ნერვული უჯრედების კვდომა. ავადმყოფის მდგომარეობა და პროგნოზი დამოკიდებულია იმაზე, ტვინის რომელი უბანია დაზიანებული. ტვინის სხვადასხვა უბანი ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციას განაგებს. მაგალითად, თავის ტვინის წინა ნაწილში მდებარეობს მოძრაობათა მართვის ცენტრები: მარჯვენა ჰემისფეროში - მარცხენა ხელ-ფეხისა, ხოლო მარცხენაში - მარჯვენისა. ტვინის ღეროს დაზიანებისას ვითარდება ალტერნაციული სისუსტე - სახის კუნთების სისუსტე ერთ მხარეს და კიდურების სისუსტე მეორე მხარეს. როდესაც ტვინის ამ უბნებში ირღვევა სისხლის მიმოქცევა, ვითარდება დამბლა - აქტიურ მოძრაობათა შეზღუდვა ან სრული შეუძლებლობა. მოძრაობათა მოშლასთან ერთად ინსულტს ხშირად თან სდევს მგრძნობელობის დარღვევა, მეტყველებისა და ყლაპვის გაძნელება, მხედველობისა და მეხსიერების დაქვეითება, თავბრუხვევა და სხვა სიმპტომები.

შემჩნეულია, რომ ინსულტი (როგორც ჰემორაგიული, ასევე იშემიურიც) უმეტესად ვითარდება ჰიპერტონიული დაავადების, ათეროსკლეროზისა და თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმის ფონზე. ხელშემწყობი დაავადებებია მოციმციმე არითმია, გულის მანკი, პაროქსიზმული ტაქიკარდია, გულის უკმარისობა და ქრონიკული ტონზილიტი.

რისკფაქტორებია:

არტერიული ჰიპერტენზია;

გულის დაავადებები;

დისლიპოპროტეინემია;

მოწევა;

სტრესი;

მოციმციმე არითმია;

შაქრიანი დიაბეტი;

გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ინსულტის განვითარებაზე მიანიშნებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა, რომელიც შეიძლება მოხდეს ინსულტის განვითარებამდე რამდენიმე კვირით ან რამდენიმე თვით ადრე. ეს არის ერთგვარი მცირე ინსულტი, რომელიც დროებით აბრკოლებს ტვინში სისხლის ცირკულაციას. სისხლის უკმარისობის გამო ტვინი ნორმალურად ვეღარ ფუნქციონირებს. ტრანზიტორული იშემიური შეტევის სიმპტომები ჰგავს ინსულტის სიმპტომებს: მოულოდნელად აღმოცენებული თავის ტკივილი (ხშირად - ცალ მხარეს), თავში ხმაურისა და სიმძიმის შეგრძნება, თავბრუხვევა, სისუსტე, ძილიანობა, ხელის ან ფეხის სისუსტე და მეტყველების ნაწილობრივი დარღვევა, - მაგრამ 10-15 წუთის შემდეგ გაივლის. ამ ეტაპზე ორგანიზმს ჯერ კიდევ ძალუძს, აღადგინოს სისხლის ნორმალური მიწოდება და თავიდან აიცილოს გამოუსწორებელი შედეგები.

ინსულტის პირველი სიმპტომებია:

სახის, ზედა ან ქვედა კიდურების კუნთების (განსაკუთრებით - ცალ მხარეს) მოულოდნელი დასუსტება ან დაბუჟება;

მეტყველების მოულოდნელი დარღვევა;

ცალ ან ორივე თვალში მხედველობის მკვეთრი დაქვეითება;

მოძრაობის კოორდინაციის უეცარი დარღვევა, სიარულის დროს მოულოდნელი მერყეობა და თავბრუხვევა;

მკვეთრი, ძლიერი და შეუქცევადი ხასიათის თავის ტკივილის მოულოდნელი აღმოცენება.

ადამიანი ინსულტის დროს არცთუ იშვიათად კარგავს გონებას, შესაძლოა, აუკანკალდეს სხეულის ნახევარი და ტემპერატურამ 38-39 გრადუსამდე აუწიოს. სახე წამოუწითლდება, გუგები უფართოვდება, ერღვევა სუნთქვა, ზოგჯერ ზედიზედ აღებინებს.

ინსულტის შედეგად შესაძლოა პარალიზება განიცადოს სხეულის ნახევარმა თავის ტვინის დაზიანებული ნაწილის საპირისპირო მხარეს. პარალიზებული კიდურები სრულიად ან ნაწილობრივ კარგავს მგრძნობელობას. ხშირად მარჯვენამხრივ დამბლას თან სდევს მეტყველების დარღვევა, ხოლო მარცხენამხრივს - ფსიქიკური გადახრები: ადამიანი გონზეა, მაგრამ ვერ ცნობს ახლობლებს, არ ახსოვს, სად არის, რამდენი წლისაა, რა ჰქვია.

დიაგნოსტიკა. უწინარეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს ინსულტის ტიპი. ამისთვის ტარდება თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. იგი საშუალებას იძლევა, ერთმანეთისგან გავარჩიოთ ჰემორაგიული და იშემიური ინსულტები, გამორიცხავს სხვა დაავადებებს და ავლენს ტვინის დაზიანებული უბნის ზუსტ ზომასა და მდებარეობას.

იშემიური ინსულტის დიაგნოზის დადასტურების შემდეგ ტარდება თავის ტვინის სისხლძარღვების ექოსკოპიური კვლევა.

ჰემორაგიული ინსულტის დიაგნოსტირების შემთხვევაში სისხლჩაქცევის მიზეზის გამოსავლენად აუცილებლად უნდა ჩატარდეს ცერებრული ანგიოგრაფია და დოპლეროგრაფია. ზოგჯერ საჭიროა ნეიროქირურგის კონსულტაციაც. პირველი დახმარება ინსულტის დროს. შევამჩნევთ თუ არა ინსულტის პირველ ნიშნებს, უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ინსულტის პირველ დღეებში მკურნალობა მხოლოდ სტაციონარულ პირობებში ტარდება, ვინაიდან აუცილებელია რთული მანიპულაციების ჩატარება ავადმყოფის სუნთქვის შესანარჩუნებლად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დასარეგულირებლად, პნევმონიისა და შარდის შეკავების პროფილაქტიკისთვის.

სასწრაფო დახმარების მოსვლამდე:

ავადმყოფი უნდა დავაწვინოთ ისე, რომ თავი 30 გრადუსით ჰქონდეს წამოწეული;

გამოვაღოთ ფანჯარა, რათა ოთახში შემოვიდეს სუფთა ჰაერი, ავადმყოფს შევუხსნათ ქამარი და საყელო, გამოვუღოთ პირიდან ყველაფერი, რამაც კი შეიძლება სუნთქვა შეაფერხოს: კბილის პროთეზი, საღეჭი რეზინი, საჭმლის ლუკმა;

თავზე დავადოთ ქსოვილში (პირსახოცში, ჩაის ტილოში) გახვეული ყინული;

გავუსინჯოთ არტერიული წნევა. თუ მომატებული აქვს, მივცეთ წნევის დამწევი საშუალება, რომელსაც, ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევებში იღებს ხოლმე;

ღებინების დაწყებისთანავე თავი გვერდზე მივაბრუნებინოთ, რათა პირნაღები მასა სასუნთქ გზებში არ გადასცდეს, ქვედა ყბის ქვეშ დავუდგათ თასი, გულდასმით გამოვუწმინდოთ პირის ღრუ პირნაღები მასისგან.

მკურნალობა. არსებობს ინსულტის მკურნალობის ორი მეთოდი: კონსერვატიული და ქირურგიული. მათ ინსულტის ფორმისა და ტვინის დაზიანების ხარისხის მიხედვით შეარჩევენ. კონსერვატიული მკურნალობის დროს ტარდება ინფუზიური, ვაზოაქტიური და ანტიაგრეგანტული თერაპია, რომლებიც ხელს უწყობს ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ინიშნება მედიკამენტები, რომლებიც ააქტიურებს ნერვულ უჯრედებს შორის ნერვული იმპულსის გადაცემას.

გავრცელებულია მცდარი შეხედულება, თითქოს აუცილებელი იყოს არტერიული წნევის დაქვეითება ინსულტის პირველ საათებში. სინამდვილეში დაბალი არტერიული წნევა ინსულტის დროს არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე მაღალი. ინსულტის პირველ საათებში არტერიული წნევის ზომიერი მომატება განიხილება როგორც კომპენსატორული რეაქცია თავის ტვინის სისხლით მომარაგების უზრუნველსაყოფად. არტერიული წნევა პირველ დღესვე თავისთავად იკლებს. თუ წნევის მაჩვენებლები მეტისმეტად მაღალია (აღემატება 200-220/100-120 მმ.ვწყ.სვ-ს) ან გულის, ფილტვის, თირკმლის პათოლოგიის გამო აუცილებელია მისი დაწევა, მაშინ წნევის მაჩვენებლები უნდა შემცირდეს თანდათანობით, თავდაპირველად - არა უმეტეს 10%-სა. მაღალი არტერიული წნევის მატარებელი ადამიანისთვის იშემიური ინსულტის პირველ საათებში არტერიული წნევის სასურველი მაჩვენებელი 180/100 მმ.ვწყ.სვ-ია, ხოლო ნორმალური წნევის პატრონისთვის - 160/90 მმ.ვწყ.სვ.

ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია. როდესაც ავადმყოფს შენარჩუნებული აქვს ნათელი ცნობიერება და ზოგადი მდგომარეობაც იძლევა საშუალებას, სასურველია, სარეაბილიტაციო ღონისძიებები ადრეულად იქნეს დაწყებული. უპირველეს ყოვლისა, ავადმყოფი სწორად უნდა იწვეს საწოლში (პირველ დღეს თავი წამოწეულია დაახლოებით 30°-ით) და სწორად ეწყოს მოძრაობაშეზღუდული კიდურები. რეკომენდებულია, პირველსავე კვირას დაიწყოს დადამბლავებული კიდურების მსუბუქი ზედაპირული მასაჟი. დღეს აქტიურად იყენებენ კუნთების ელექტროსტიმულაციას სპეციალური აპარატით, მაგრამ მოძრაობის ფუნქციის აღსადგენ უმთავრეს მეთოდად კვლავაც სამკურნალო ვარჯიში მიიჩნევა.

ინსულტგადატანილი ავადმყოფები ფაქტობრივად თავიდან სწავლობენ სიარულს, ჩაცმას, ჭამას, თვითმომსახურებას, ითვისებენ დაკარგულ უნარ-ჩვევებს, ამიტომ მათ სჭირდებათ ახლობლების მხარდაჭერა და გამოჯანმრთელების რწმენა.

ფიზიოთერაპია, მასაჟები და სამკურნალო ვარჯიში მიზნად ისახავს მოძრაობის დაკარგული უნარის აღდგენას და ისეთი გართულებების თავიდან აცილებას, როგორიც არის კუნთთა სპასტიკურობა - ტონუსის ჭარბი და არათანაბარი მომატება. ზედმიწევნით ჭარბი სპასტიკურობის ფონზე შესაძლოა განვითარდეს კუნთების მყარი დაჭიმულობა, რაც გამოიწვევს მათ დამოკლებას, შეჭმუხვნას, დეფორმაციას, მოძრაობის შეზღუდვას და ტკივილსაც კი. ამას კუნთოვანი კონტრაქტურა ეწოდება. სპასტიკურობის მკურნალობის მიზანია დადამბლავებული კიდურების ფუნქციურ შესაძლებლობათა გაუმჯობესება, ტკივილისა და კოსმეტიკური დეფექტის შემცირება. ძირითადი სამკურნალო საშუალებებია დაზიანებული კიდურების პასიური მოძრაობა და აქტიური სამკურნალო ვარჯიში, ანტისპასტიკური მედიკამენტები, ბოტულოტოქსინის ადგილობრივი ინექციები, უკიდურეს შემთხვევაში - ქირურგიული ჩარევა. როდესაც დაზიანებულ კიდურში კუნთთა ტონუსი უმნიშვნელოდ არის მომატებული, მის შემცირებას არ უნდა ვეცადოთ, რადგან შესაძლოა, კუნთების ტონუსის მკვეთრი შემცირების ფონზე მოიმატოს სისუსტის ხარისხმა. თუ ინსულტი მეტყველების ფუნქციის დარღვევით წარიმართა, აუცილებელია სარეაბილიტაციო ღონისძიებები მეტყველების დეფექტის აღმოსაფხვრელად. ამაში ავადმყოფს ლოგოპედი და ფსიქოთერაპევტი დაეხმარებიან. სარეაბილიტაციო ღონისძიებები ტარდება დიდხანს და სისტემატურად, განსაკუთრებით ინტენსიურად - პირველი 2-3 თვის განმავლობაში. დაკარგული ფუნქციების აღდგენის პროცესი ერთ წელიწადს გრძელდება. შემდგომში ეს პროცესი ნელდება და ავადმყოფი უფრო მეტად ეგუება დეფექტებს, ადაპტირდება გარესამყაროსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ სამკურნალო ვარჯიში, მასაჟი, მედიკამენტური და ფიზოთერაპია ერთი წლის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს. აუცილებელია, აღდგენით და ადაპტაციურ ღონისძიებებში აქტიურად იყვნენ ჩაბმული პაციენტის ოჯახის წევრებიც.

აშშ-ის ინსულტის ნაციონალური ასოციაციის რეკომენდაციები ინსულტის პროფილაქტიკისთვის:

იცოდეთ ყველაფერი თქვენი არტერიული წნევის შესახებ. შეამოწმეთ ის წელიწადში ერთხელ მაინც. მაღალი არტერიული წნევა ინსულტის მთავარი მიზეზია. თუ ზედა ციფრები (სისტოლური არტერიული წნევა) მუდმივად 140-ზე მაღალია ან ქვედა ციფრები (დიასტოლური არტერიული წნევა) - მუდმივად 90-ზე მაღალი, მიმართეთ ექიმს. გაარკვიეთ, გაქვთ თუ არა მოციმციმე არითმია.

მოციმციმე არითმია არის გულის არარეგულარული შეკუმშვა, რაც გულის ფუნქციის მოშლას და მის რომელიმე ნაწილში სისხლის შეგუბებას იწვევს. შეგუბებულმა სისხლმა შესაძლოა წარმოქმნას თრომბები, რომელთა ნაწილი გულის შეკუმშვის დროს გადავა საერთო სისხლის მიმოქცევის სისტემაში და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღევას გამოიწვევს.

თუ მწეველი ხართ, დაანებეთ თავი მოწევას.

მოწევა ინსულტის ალბათობას ზრდის. როგორც კი მოწევას თავს დაანებებთ, ინსულტის რისკი მაშინვე დაიწყებს კლებას და ხუთი წლის შემდეგ არამწეველებისას გაუტოლდება.

თუ სასმელი გიყვართ, სვით ზომიერად.

თუ რაიმე სხვა მიზეზით ალკოჰოლური სასმლის მიღება არ გეკრძალებათ, ყოველდღიურად ჭიქა ღვინის ან კათხა ლუდის მიღება ინსულტის რისკს დააქვეითებს კიდეც, უფრო მეტი ალკოჰოლის მოხმარება კი გაზრდის.

შეიმოწმეთ სისხლში ქოლესტერინის დონე.

ჭარბი ქოლესტერინი ზრდის ინსულტის განვითარების რისკს. ზოგს მის შესამცირებლად დიეტა და ფიზიკური ვარჯიშიც ჰყოფნის, ზოგს კი უფრო სერიოზული მკურნალობა სჭირდება.

თუ შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, მკაცრად დაიცავით ექიმის რეკომენდაციები.

დიაბეტი ინსულტის განვითარების ალბათობას ზრდის, მაგრამ ჯანმრთელობის მუდმივი კონტროლითა და ექიმის რჩევების ზედმიწევნით შესრულებით რისკის შემცირება შესაძლებელია.

ივარჯიშეთ.

ყოველდღე ნახევარსაათიანი სეირნობა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს და ინსულტის რისკს დააქვეითებს. თუ სეირნობა არ გიყვართ, მისდიეთ სპორტის სხვა სახეობას: ველოსპორტს, ცურვას, ჩოგბურთს, ცეკვას...

დაიცავით დიეტა მარილისა და ცხიმის დაბალი შემცველობით.

საკვებში მარილისა და ცხიმის ოდენობის შემცირებით დააქვეითებთ არტერიულ წნევას და შეამცირებთ ინსულტის განვითარების ალბათობას. ეცადეთ, იკვებოთ ბალანსირებულად, რაციონი გაიმდიდროთ ხილით, ბოსტნეულით, ზღვის პროდუქტებით და ყოველდღიურად მიიღოთ ცილები, ოღონდ ზომიერად.

სიახლეები

ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა