თქვენს ვებ-ბრაუზერს ან არ აქვს JavaScript-ის მხარდაჭერა, ან სკრიპტების გამოყენება დაბლოკილია!

თბილისი, დ.თავხელიძის ქ. №1

(+995 32) 2 18 65 30

mc.greenmed@gmail.com

მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური

ცენტრი

ჰიპერვიტამინოზი

ჰიპერვიტამინოზი

თარიღი: 2018-09-30

დათვალიერება: 729

ჰიპერვიტამინოზი (ვიტამინებით ინტოქსიკაცია) ვიტამინების ზედოზირებით გამოწვეული მდგომარეობაა. ოპტიმალური დოზა და ზედოზირებით გამოწვეული სიმპტომები ყველა ვიტამინისთვის სხვადასხვაა. ჰიპერვიტამინოზი უფრო და უფრო ხშირდება იმ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც პოპულარულია ვიტამინოვანი დანამატები. ბევრიც ამა თუ იმ დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით ვიტამინების ჭარბ დოზას (მეგადოზას) იღებს.

ვიტამინები საკვებში შემავალი ორგანული მოლეკულური ნაერთებია. მათი ზომიერი რაოდენობა აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდა-განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის. ვიტამინები ორ დიდ ჯგუფად - წყალში ხსნად და ცხიმში ხსნად ვიტამინებად იყოფა. წყალში ხსნადია B ჯგუფის ყველა ვიტამინი და C ვიტამინი, ხოლო ცხიმში ხსნადი - A, D, E და K ვიტამინები. B ჯგუფის ვიტამინებია თიამინი (ანუ ანევრინი), რიბოფლავინი (B2), ნიაცინი (ნიკოტინმჟავა), პანტოთენის მჟავა (B5), პირდოქსინი (B6), ციანკობალამინი (B12), ფოლიუმის მჟავა (B9), ბიოტინი (B7), ლეციზინი. ნებისმიერი ვიტამინის ზედოზირებამ შეიძლება ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. ამ მხრივ ყველაზე საშიშია A და D ვიტამინები. რიბოფლავინის, პანტოთენის მჟავას, ბიოტინის და C ვიტამინის ზედოზირების რისკი უმნიშვნელოა.

ვიტამინები მედიცინაში

მედიცინაში ვიტამინებს ზოგიერთი დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის იყენებენ. მაგალითად, ფოლიუმის მჟავას ზომიერი მოხმარება აქვეითებს კიბოს ზოგიერთი ფორმისა და ზოგიერთი თანდაყოლილი ანომალიის (მაგალითად, ნერვული მილის დეფიციტის) განვითარების რისკს, D ვიტამინის ზედოზირებას კი შეუძლია შეუქცევადი ცვლილებები გამოიწვიოს. მისი მცირედი ზედოზირებაც კი საშიშია. ნიკოტინის მჟავა ინიშნება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს. ის D ვიტამინზე ნაკლებტოქსიკურია. თუმცა ნებისმიერი ვიტამინი მხოლოდ და მხოლოდ ექიმმა უნდა დანიშნოს.

ვიტამინების ზედოზირება

ჯანმრთელი ადამიანის მიერ ვიტამინების დანამატების მოხმარებას (გარდა ფოლიუმის მჟავასი) არავითარი კავშირი არ აქვს ჯანმრთელობის მოძლიერებასთან, ორგანიზმისთვის აუცილებელი რაოდენობის ვიტამინების მიღება უმეტესად საკვებითაც შესაძლებელია, მაგრამ ბევრი მათ ტაბლეტების სახით მიღებას ამჯობინებს, თანაც რეკომენდებულზე დიდი დოზით. ვიტამინების დიდ დოზას ზოგჯერ მეგადოზას უწოდებენ. მრავალი ვიტამინი მეგადოზირების შემთხვევაშიც უვნებელია, მაგრამ A-ს, D-სა და B-ს ზედოზირება საშიშია და შესაძლოა, ლეტალური შედეგიც კი გამოიწვიოს. ზოგიერთი კვლევის შედეგების თანახმად, C და E ვიტამინების მეგადოზებს შეუძლია დააქვეითოს ონკოლოგიური დაავადებებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი და შეაფერხოს დაბერება, თუმცა ორგანიზმზე მათი გავლენა ბოლომდე არ არის შესწავლილი: ზოგ მეცნიერს მიაჩნია, რომ C ვიტამინი გვიცავს კიბოსგან, ზოგის აზრით კი, პირიქით, ის კიბოს განვითარებას უწყობს ხელს.

ჰიპერვიტამინოზის მიზეზები და სიმპტომები

ცხიმში ხსნადი ვიტამინები

D ჰიპერვიტამინოზი

D ჰიპერვიტამინოზს უმთავრესად მზა ვიტამინის ჭარბი მიღება იწვევს, თუმცა ისიც შესაძლოა, ვიტამინი ასაკის შესაბამისი დოზით იყოს დანიშნული, მაგრამ ბავშვს ჰქონდეს მის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. შედეგი ისეთივე იქნება, როგორიც დოზის გადაჭარბებისას.

D ვიტამინის მიმართ მგრძნობელობა იზრდება:

სამშობიარო ტრავმის, ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) შედეგად;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციის, მძიმე დისტროფიის დროს;

სრულფასოვანი ცილის, A, C, B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის დროს;

რაციონის არასწორი ბალანსირებისას, როცა ბავშვი დიდი ოდენობით იღებს კალციუმისა და ფოსფორის შემცველ საკვებს.

D ჰიპერვიტამინოზი უმეტესად ისეთ პატარებს უვითარდებათ, რომელთა დედებიც ორსულობისას ჭარბად იღებდნენ ამ ვიტამინს ან განმეორებითი კურსის ჩატარებისას, როცა ორგანიზმის სენსიბილიზაცია ხდება. გარდა ამისა, კანში D ვიტამინის წარმოქმნას ასტიმულირებს მზის ულტრაიისფერი გამოსხივება, ამიტომ ზაფხულში ან ულტრაიისფერი დასხივების პარალელურად D ვიტამინის მიღებამ, სავსებით შესაძლებელია, დაავადების განვითარებას შეუწყოს ხელი. ასეთივე რისკფაქტორია რაქიტის მკურნალობისას თევზის ქონის, კალციუმის პრეპარატების, დიდი ოდენობით ძროხის რძისა და ხაჭოს მიღება.

D ვიტამინის ზედოზირებით გამოწვეული ტოქსიკურობის ხარისხი დამოკიდებულია არა მარტო დოზაზე, არამედ ვიტამინის მიღების ხანგრძლივობაზეც. მაგალითად, ახალშობილებთან მოწამვლა შეიძლება გამოიწვიოს 15 მგ D ვიტამინის ერთჯერადმა მიღებამაც და 1 მგ პრეპარატის დიდხანს ყოველდღიურმა მიღებამაც. ზრდასრულებისთვის საშიშია ერთჯერადად 50 მგ და ყოველდღიურად, მაგრამ ხანგრძლივად 1-2 მგ-ზე მეტი D ვიტამინის მიღება.

D ჰიპერვიტამინოზი საშიში დაავადებაა. იმდენად საშიში, რომ ექიმები იმასაც კი ამბობენ, მსუბუქ D ჰიპერვიტამინოზს მსუბუქი რაქიტი სჯობსო.

რითია საშიში?

D ვიტამინი მჭიდროდ უკავშირდება ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას. ეს მიკროელემენტები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ორგანიზმის ნორმალურ, ჰარმონიულ ცხოველმყოფელობაში. D ვიტამინის სიჭარბე კალციუმის ცვლის უხეშ დარღვევას იწვევს, აზიანებს თირკმელებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, უარყოფითად მოქმედებს იმუნური სისტემის მთავარი ორგანოს - თიმუსის ფუნქციობაზე და, საზოგადოდ, იმუნიტეტზე. ბავშვებს, რომლებიც ამ დაავადებას ადრეულ ასაკში გადაიტანენ, შემდგომ წლობით აწუხებთ უმადობა, დისტროფია, ფიზიკური ჩამორჩენა, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, შესაძლოა, განუვითარდეთ კარდიომიოპათიები, ქრონიკული პიელონეფრიტი და უამრავი სხვა პათოლოგია.

რა ხდება ამ დროს?

როცა კალციუმის ცვლა ირღვევა, იზრდება ნაწლავებში მისი შეწოვის ხარისხი და შინაგან ორგანოებში, უპირველეს ყოვლისა, თირკმელებსა და გულში, ზედმეტი კალციუმი გროვდება. ვითარდება ამ ორგანოთა შეუქცევადი კალცინოზი, ხოლო ქსოვილებში - კალიუმისა და მაგნიუმის დეფიციტი. ეს გულის კუნთის შეკუმშვის უნარს აქვეითებს და გულის უკმარისობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. D ვიტამინის სიჭარბის შედეგად ძლიერდება ძვლებიდან კალციუმისა და ფოსფორის მარილების გამოლექვა, ეს კი ოსტეოპოროზს იწვევს, რაც, თავის მხრივ, მრავალრიცხოვან მოტეხილობათა მიზეზად იქცევა. ამავე დროს, ეს მიკროელემენტები გაძლიერებულად ლაგდება ძვლების ზრდის ზონებში, ხდება ხრტილოვანი ქსოვილის ნაადრევი გაძვალება და ორგანიზმის ფიზიკური ზრდა ფერხდება. ჭარბი D ვიტამინი უჯრედულ დონეზეც მოქმედებს - ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, ნერვული სისტემის, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და თირკმელების ქსოვილებს აზიანებს.

რა ნიშნები ახასიათებს დაავადებას?

მწვავე ინტოქსიკაცია, ჩვეულებრივ, 6 თვემდე ასაკის პატარებს უვითარდებათ. მათ შედარებით მოკლე პერიოდში აძლევენ პრეპარატის დარტყმით დოზებს. ასეთ დროს ბავშვს აღენიშნება:

უმადობა;

მრავალჯერადი პირღებინება;

წონის სწრაფი კლება;

ხშირი შარდვა;

გაძლიერებული წყურვილი.

პატარა მოდუნებულია, ძილად არის მივარდნილი, თუმცა ამავე დროს გაღიზიანებულიცაა. ზოგჯერ კრუნჩხვაც კი ემართება. ტემპერატურა 38-39 გრადუსამდე იმატებს. კანი მონაცრისფრო-მოყვითალო ხდება, ეშვება. მცირდება კუნთების ტონუსიც. მდგომარეობა თანდათან მძიმდება და შესაძლოა, თირკმლის მწვავე უკმარისობით დასრულდეს. ქრონიკული ინტოქსიკაცია მაშინ ვითარდება, როცა ბავშვს 6-8 თვისა და მეტი ხნის განმავლობაში აძლევენ პრეპარატის ზომიერ დოზას, ოღონდ ისეთს, რომელიც ბავშვის ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას აღემატება. ამ დროს კლინიკური სურათი არც ისე მკვეთრია: ინტოქსიკაცია სუსტია, მადა ოდნავ არის დაქვეითებული, ღებინება იშვიათია, - მაგრამ ეს სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს, ვინაიდან ამ ნიშნებს მოჰყვება:

ყიფლიბანდის ნაადრევი დახურვა, რაც აფერხებს ტვინის განვითარებას და იწვევს გონებრივ ჩამორჩენას;

ძვლების ზრდის ნაადრევი შეწყვეტა, რასაც ფიზიკური ჩამორჩენა მოსდევს;

ოსტეოპოროზი;

ქრონიკული პიელონეფრიტი;

ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.

ჰიპერვიტამინოზის შიშით D ვიტამინზე უარის თქმა შეცდომაა, თუ არ გსურთ, თქვენს შვილს ბრტყელი თავი და გაღუნული ფეხები ჰქონდეს. მით უფრო, დღეს D ვიტამინის პრეპარატები ისეთი ფორმით გამოდის, ერთი წვეთის ნაცვლად ბავშვს შემთხვევით ათიც რომ ჩააწვეთოთ, დიდი უბედურება არ მოხდება, მაგრამ მაინც ყურადღებით ყოფნა ჯობს. კარგად დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ პედიატრის ყველა რჩევა: "დღეში ერთი წვეთი" ნიშნავს ერთ წვეთს და არამც და არამც ორს ან, მით უმეტეს, სამს.

A ჰიპერვიტამინოზი

A ვიტამინის ტოქსიკური ეფექტი მოსალოდნელია დღეში 20 მგ-ის ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში. A ჰიპერვიტამინოზი შესაძლოა გამოიწვიოს განსაზღვრული ტიპის პროდუქტების ჭარბმა მოხმარებამ. მაგალითად, 10 მგ რეტინოლს შეიცავს 30 გ საქონლის ღვიძლი, 500 გ კვერცხი და 2,5 კგ სკუმბრია.

A ჰიპერვიტამინოზის სიმპტომებია: ჰიდროცეფალია (თავის ქალას ღრუში თავზურგტვინის სითხის დაგროვება), ღებინება, სისუსტე, შეკრულობა, მოთენთილობის შეგრძნება, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, კანის სიმშრალე, ფრჩხილების სიმყიფე, თმის ცვენა.

A ვიტამინის მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ორსულობისას. ორსულებს, რომლებიც ყოველდღიურად 10 მგ და მეტ A ვიტამინს იღებენ, შესაძლოა გაუჩნდეთ განვითარების ანომალიის (სახის დეფექტის, გულის მანკის, მკერდუკანა ჯირკვლის დეფექტის, ნერვული სისტემის დარღვევის) მქონე ბავშვები.

E ჰიპერვიტამინოზი

E ჰიპერვიტამინოზის სიმპტომებია: თავის ტკივილი, სწრაფად დაღლა, თვალებში გაორება, დიარეა. ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ E ვიტამინის სიჭარბე ხელს უშლის სხვა ცხიმში ხსნადი ვიტამინების ადსორბციას (სისხლში შეწოვას), ამიტომ მეგადოზით მისმა ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა D, A და K ვიტამინების დეფიციტი გამოიწვიოს.

K ჰიპერვიტამინოზი

K3 ვიტამინის მეგადოზით ხანგრძლივი მიღება აფერხებს სისხლში წითელი სხეულაკების გამომუშავებას, რასაც ანემიამდე მივყავართ. ახალშობილებში ამ ვიტამინის ხანგრძლივი მიღება იწვევს ჰიპერბილირუბინემიას, აზიანებს ნერვულ სისტემას და ხელს უწყობს სისხლის წითელი სხეულაკების დაშლას (ჰემოლიზს), რაც შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს. 10 მგ K3 ვიტამინის ყოველდღიური ინექცია სასიკვდილოა ბავშვისთვის. წინათ ახალშობილებს ჰემორაგიული დაავადების პროფილაქტიკისთვის K3 ვიტამინის ინექციას უკეთებდნენ, რაც ზოგჯერ ფატალურ შედეგს იწვევდა, ამიტომ დღეს ამ მიზნით K ვიტამინის სხვა ფორმას იყენებენ.

წყალში ხსნადი ვიტამინები

ფოლატები (ფოლიუმმჟავა მარილები)

საკვები სხვადასხვა ფორმით შეიცავს ფოლატებს. ცნობილია მათი ათზე მეტი ფორმა. ვიტამინების დანამატებში მხოლოდ ფოლიუმის მჟავა შედის. ზედოზირების (დღეში 20 მგ-ზე მეტის მიღების) შემთხვევაში შესაძლოა დაირღვეს თირკმლის ფუნქცია. ფოლატები სხვა ვიტამინებთან შედარებით არატოქსიკურია (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ მიღებას ავთვისებიანი ანემიის გამოწვევა შეუძლია).

B12 ჰიპერვიტამინოზი

B12 ვიტამინი დიდ როლს ასრულებს ავთვისებიანი ანემიის მკურნალობაში. ამ დროს პაციენტის ორგანიზმში ინექციით შეჰყავთ მისი დიდი დოზა (წესისამებრ, 0,1 მგ ყოველდღიურად სიმპტომების გაქრობამდე), მერე კი პერორალურად (დასალევად) უნიშნავენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ავთვისებიანი ანემიის დროს ვიტამინის ტოქსიკურობა ნაკლებმნიშვნელოვანია, მაგრამ ფოლიუმის მჟავათი მკურნალობამ შესაძლოა სხვა პრობლემებს გაუწიოს პროვოცირება. ავთვისებიანი ანემიის ნებაზე მიშვებამ შესაძლოა ნერვული სისტემის დაზიანება გამოიწვიოს. ფოლიუმის მჟავათი მკურნალობის სირთულე ის არის, რომ იგი, მართალია, აფერხებს დაავადების შემდგომ განვითარებას, მაგრამ ზოგჯერ თავად აზიანებს ნერვიულ სისტემას.

B6 ჰიპერვიტამინოზი

B6 ვიტამინი საშიშია რეკომენდებული დოზის 1000-ჯერ გადაჭარბების შემთხვევაში. 2-3 გრამის ყოველდღიურმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიარულის გაძნელება, ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნება. თუ მეგადოზებით B6-ის მიღება დიდხანს გაგრძელდა, არასასიამოვნო შეგრძნება ძლიერდება - ხელები ბუჟდება და პაციენტს პატარა ნივთების დაჭერა უჭირს. ვიტამინის მიღების შეწყვეტიდან ორი თვის განმავლობაში ყველა სიმპტომი ქრება, ხოლო სრული გამოჯანმრთელებისთვის 2-3 წელია საჭირო.

C ჰიპერვიტამინოზი

C ვიტამინის დღიური დოზა 60 მგ-ია. ზედოზირება საშიშია მათთვის, ვისაც თირკმელებში ან ნაღვლის ბუშტში კენჭების გაჩენისადმი მემკვიდრეობითი განწყობა აქვს. ამ შემთხვევაში, წესისამებრ, ოქსალატები ჩნდება. ამ ტიპის კენჭები შეიცავს მჟაუნმჟავას მარილებს, რომლებითაც მდიდარია კაკაო, შოკოლადი, რევანდი და ისპანახი. ორგანიზმში ამ ნივთიერების გამომუშავება ნორმალური მოვლენაა და C ვიტამინის გახლეჩით მიმდინარეობს, მაგრამ ყოველდღე 3 გრამი ამ ვიტამინის მიღება აორმაგებს მჟაუნმჟავას მარილების დონეს, რომლებიც ორგანიზმიდან თირკმელების გავლით შარდთან ერთად გამოიყოფა.

ნიაცინი

ზრდასრულ ადამიანს დღეში 15-19 გ ნიაცინი სჭირდება. მისი ორი ფორმა არსებობს: ნიკოტინის მჟავა და ნიკოტინამიდი. ნიაცინზე ზრდასრული ადამიანის მოთხოვნილებას ნებისმიერი მათგანი აკმაყოფილებს, მაგრამ ნიკოტინის მჟავა ძალზე საშიშია რეკომენდებული დოზის 100-ჯერ და მეტად გადაჭარბებისას. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია კანის სიწითლე, გულისრევის შეგრძნება, დიარეა, ღვიძლის ფუნქციის მოშლა. კანის სიწითლეს იწვევს კანის სისხლძარღვებში წნევის მატება, რაც, თავის მხრივ, სახესა და სხეულის სხვა ნაწილებზე უფრო მსხვილი კანქვეშა სისხლძარღვების გაფართოებითაა გამოწვეული. მიუხედავად გვერდითი ეფექტებისა, ნიკოტინის მჟავა დიდი დოზებით (დღეში 1,5-4 გრამი) ინიშნება სისხლში „ცუდი" ქოლესტერინის დასაქვეითებლად და „კარგის" მოსამატებლად, ასევე - სისხლის პლაზმაში ტრიგლიცერიდების დონის დასაწევად. აღსანიშნავია, რომ ხშირად სახის სიწითლე მკურნალობის დასაწყისში იჩენს თავს და მკურნალობის პროცესში თანდათან გაივლის.

დიაგნოსტიკა

ჰიპერვიტამინოზის დიაგნოსტირება შესაძლებელია პაციენტის კვების რაციონისა და ავადმყოფობის ისტორიის შესწავლის საფუძველზე. ამა თუ იმ სიმპტომის მიზეზის დასადგენად ექიმმა შესაძლოა ჰკითხოს პაციენტს, რომელ ვიტამინებიან დანამატს იღებს იგი. ზოგჯერ დიაგნოზის დასადასტურებლად ინიშნება სისხლისა და შარდის ანალიზი. ორგანიზმში დიდი რაოდენობით წყალში ხსნადი ვიტამინების მოხვედრისას მათი დიდი ნაწილი სისხლში შეიწოვება და სწრაფად გამოიყოფა შარდთან ერთად. ცხიმში ხსნადი ვიტამინები უმეტესად სისხლში, იქიდან კი ცხიმოვან და სხვა ქსოვილებში ხვდება. როგორც ცხიმში, ისე წყალში ხსნადი ვიტამინების ჭარბი ნაწილი (ის, რომელიც არ ადსორბირდება ანუ არ შეიწოვება ნაწლავებში) განავალთან ერთად გამოიყოფა. ბევრი ვიტამინის ზედოზირება დიარეას იწვევს. ეს იმით აიხსნება, რომ ნივთიერება, რომელიც ნაწლავებში არ შეიწოვება, ორგანიზმიდან ისრუტავს წყალს, რამაც შესაძლოა გაუწყლოებამდე მიგვიყვანოს.

მკურნალობა

ჰიპერვიტამინოზის დროს, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეწყდეს ვიტამინების მიღება. D ვიტამინით ინტოქსიკაციის შემთხვევაში აუცილებელია სისხლში კალციუმის დონის დაქვეითებაც, რადგან D ჰიპერვიტამინოზი შესაძლოა ჰიპერკალციემიის (სისხლის პლაზმაში კალციუმის მაღალი შემცველობის) მიზეზად იქცეს. მწვავე ჰიპერკალციემიის შემთხვევაში საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და იზოტონური ხსნარის გადასხმა.

პროგნოზი

ჰიპერვიტამინოზის პროგნოზი უმეტესად კეთილსაიმედოა. გვერდითი ეფექტები ვიტამინების დოზის ნორმალიზების შემდეგ, ჩვეულებრივ, ქრება. გამონაკლისია D, A და B6 ვიტამინებით ინტოქსიკაცია. D ვიტამინის სიჭარბე კალციფიკატების წარმოქმნას იწვევს, А ვიტამინით ინტოქსიკაცია - თანდაყოლილ დეფექტებს, B6 ვიტამინის ზედოზირებას კი ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევამდე მივყავართ, რომლის მკურნალობას შესაძლოა მთელი წელი დასჭირდეს.

სიახლეები

დიოდური ლაზერული ეპილაცია, კოსმეტოლოგია-დერმატოლოგია

უროლოგის კონსულტაცია, საშარდე გზების და წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა. შარდის საერთო ანალიზი

ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა