ნევრალგია
ნევრალგია
თარიღი: 2014-03-26
დათვალიერება: 18958
ნევრალგია არის ტკივილის შეტევა, რომელიც რომელიმე ნერვის გასწვრივ არის ლოკალიზებული. ნევრალგიის ერთადერთი სიმპტომია სხვადასხვა ინტენსივობის შეტევისებური ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე, მწველი და მოპულსირე. ნევრალგია ვითარდება ტრავმის, გადატანილი ინფექციის, გაციების, ამა თუ იმ ქრონიკული პათოლოგიის შედეგად. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ნევრალგიის მიზეზი დაუდგენელი რჩება.
იმის მიხედვით, ნერვული სისტემის რომელ ნაწილში აღმოცენდება ტკივილი, განასხვავებენ ნევრალგიის სხვადასხვა სახეს. ზოგიერთ მათგანს ნერვული სისტემის დაზიანებული უბნის სახელს უწოდებენ. ასეთია, მაგალითად, სამწვერა ნერვის ნევრალგია, ნეკნთაშუა ნერვის ნევრალგია, კეფის ნერვის ნევრალგია. ყველაზე მეტად გავრცელებულია სამწვერა ნერვის ნევრალგია. იგი ათასიდან ხუთ ადამიანს აქვს, უმეტესად - 40 წელს გადაცილებულ ქალებს. პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ცალკე სახეობად მიიჩნევა გვირაბის სინდრომი - დაავადება, რომლის დროსაც ნერვის ტოტი იჭყლიტება მაჯის არეში, რასაც თავად ნერვის, ამ არხის შემომფარგვლელი მეზობელი მყესებისა და იოგების გასქელება განაპირობებს. ამის მიზეზია ხანგრძლივი ერთგვაროვანი სამუშაო, რომლის დროსაც მაჯა დიდხანს იმყოფება უხერხულ მდგომარეობაში (მაგალითად, ავტომობილის მართვა, კომპიუტერთან მაუსით მუშაობა და სხვა). გვირაბის სინდრომს თან სდევს ტკივილა, სპაზმი და მაჯაში მგრძნობელობის დაქვეითება.
ნევრალგიის მკურნალობის დაწყებამდე მისი მიზეზი უნდა გაირკვეს. თვითმკურნალობა და ტკივილის ტაბლეტებით გაყუჩება გამოსავალი არ არის. ნევრალგიის ნიღბის ქვეშ შესაძლოა უამრავი დაავადება იმალებოდეს, ამიტომ საჭიროა საგულდაგულო გამოკვლევა და სათანადო მკურნალობა.
რაც შეეხება ტკივილის სინდრომს, მის მოსახსნელად გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლები, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. მძიმე შეტევის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ნარკოტიკული საშუალების გამოყენება და ნერვული ტოტის ბლოკადაც. სამკურნალოდ მიმართავენ ფიზიოთერაპიას, ზოგჯერ - ქირურგიულ ჩარევასაც კი.
სამწვერა ნერვის ნევრალგია
სამწვერა ნერვის (ტრიგემინული) ნევრალგია სამწვერა ნერვის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა.
სამწვერა ნერვი შერეული ტიპის ნერვია, ანუ შეიცავს როგორც მგრძნობელობით (სენსორულ), ისე მამოძრავებელ (მოტორულ) ნეირონებს და, შესაბამისად, ორივე ფუნქციის მატარებელია. მგრძნობელობითი ნეირონები სახის მთელი ნახევრის მგრძნობელობას განაგებენ, რაც სამი: თვალბუდის, ზედა ყბისა და ქვედა ყბის - ტოტის მეშვეობით ხორციელდება, მოტორული ნეირონებით კი საღეჭი კუნთების ინერვაცია ხდება. გარდა ამისა, სამწვერა ნერვის მგრძნობელობითი ტოტების მეშვეობით გადაეცემა პარასიმპათიკური ნერვული იმპულსები საცრემლე და სანერწყვე ჯირკვლებს.
განასხვავებენ სამწვერა ნერვის ტიპურ და ატიპურ ნევრალგიას.
ტიპური სამწვერა ნევრალგიისათვის დამახასიათებელია:
ტკივილი სახის ნახევარში, სამწვერა ნერვის ერთი ან რამდენიმე ტოტის საინერვაციო მიდამოში, რომელიც რამდენიმე წამიდან 2 წუთამდე გრძელდება;
უეცარი, მწვავე ტკივილი, რომელიც "დენის გავლას" ჰგავს. ტკივილს აქვს ტრიგერული (მაპროვოცირებელი) წერტილები და ზონები. ეს იმას ნიშნავს, რომ ტკივილი შესაძლოა აღმოცენდეს ამ ზონების გაღიზიანებისას, მაგალითად, ჭამისას, პირის დაბანისას, ლაპარაკისას, კბილების გამოხეხვისას;
ტკივილის ეპიზოდებს შორის ნევროლოგიური სიმპტომატიკისა და ჩივილების არარსებობა; ტკივილის სტერეოტიპურობა ანუ მსგავსება ყველა პაციენტში;
დაავადების საწყის სტადიაში კარბამაზეპინის (ტეგრეტოლის, ფინლეფსინის) მიღებით ტკივილის ინტენსივობის შემცირება.სამწვერა ნერვის ნევრალგიის დიაგნოზის დასასმელად ჩამოთვლილი 5 კრიტერიუმიდან საკმარისია ოთხის არსებობა.
უნდა ითქვას, რომ ტკივილის მიზეზი ბოლომდე შესწავლილი არ არის. ყველაზე პოპულარულია ნეიროვასკულური კონფლიქტის თეორია. ამ თეორიის თანახმად, ტკივილის მიზეზია სამწვერა ნერვზე არტერიის ზეწოლა იქ, სადაც ნერვი ტვინის ღეროში შედის. ამ ადგილას სამწვერა ნერვი არ არის დაფარული მიელინის დამცავი გარსით, რის გამოც არტერიის ხანგრძლივი პულსაცია ნერვული იმპულსების გაუკუღმართებას იწვევს. სწორედ ეს განაპირობებს ტკივილს
ატიპურ ნევრალგიას, ტიპურისგან განსხვავებით, ტკივილთან ერთად ნევროლოგიური სიმპტომატიკაც, დამატებითი ჩივილებიც ახასიათებს. მისი მიზეზი შეიძლება იყოს თავის ტვინის უკანა ფოსოში ლოკალიზებული სიმსივნური ან სისხლძარღვოვანი წარმონაქმნი ან რომელიმე მადემიელინიზებელი დაავადება, მაგალითად, გაფანტული სკლეროზი. სამწვერა ნერვის ორმხრივი ნევრალგიის დროს ტკივილის მიზეზი უმეტესად სწორედ გაფანტული სკლეროზია.
მკურნალობა. სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს, ჩვეულებრივ, კონსერვატიული მკურნალობა ტარდება. ყველაზე ხშირად გამოიყენება კარბამაზეპინი (ტეგრეტოლი, ფინლეფსინი), რომელიც ათიდან 7 შემთხვევაში საგრძნობლად აუმჯობესებს მდგომარეობას. აღნიშნული მედიკამენტით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში პერიოდულად უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზი. კარბამაზეპინის უეფექტობის შემთხვევაში გამოიყენება სხვა პრეპარატები, მაგალითად, ბაკლოფენი ან გაბაპენტინი. ასევე შეიძლება დაინიშნოს ფენიტოინი, კლონაზეპამი და სხვა. როცა მედიკამენტური თერაპია უშედეგოა, ტარდება ქირურგიული მკურნალობა. ოპერაციული ჩარევა რეკომენდებულია უეფექტო მედიკამენტური მკურნალობის დროს და ისეთ შემთხვევებში, როდესაც კონსერვატიული მკურნალობის გვერდითი მოვლენები გამოხატული და ძნელად ასატანია.
სამწვერა ნერვის ნევრალგიის მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებს მიეკუთვნება მცირე ინვაზიური პროცედურები და ინტრაკრანიული პროცედურა. მცირე ინვაზიური პროცედურებია პერკუტანული ტრიგემინული რიზოტომია ანუ სამწვერა ნერვის ნაწილობრივი დაზიანება, რომლის მიზანია ტკივილის ბოჭკოების მწყობრიდან გამოყვანა და მგრძნობიარეთა უვნებლად შენარჩუნება. ამ მიზნით ყველაზე ხშირად გამოიყენება სტერეოტაქსიური რადიოსიხშირული რიზოტომია (ნერვის თერმული დაზიანება რადიოტალღებით), გლიცეროლის ინექცია სამწვერა ნერვის კვანძში (გასერის კვანძში) ან მიკროკომპრესია ფოგარტის კათეტერით (კათეტერი შეჰყავთ სამწვერა ნერვის კვანძში და ახდენენ მასზე მცირე ზეწოლას ტკივილის ბოჭკოების დასაზიანებლად). ინტრაკრანიული პროცედურაა სამწვერა ნერვის მიკროვასკულური დეკომპრესია. ეს მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული, ეფექტური და ამავე დროს ფიზიოლოგიური მეთოდია, რომელიც გულისხმობს ნერვის ანატომიური მთლიანობის შენარჩუნებას და უშუალოდ ტკივილის მიზეზზე ზემოქმედებას - ოპერაციის დროს ხდება თავის ქალას უკანა ფოსოს ტრეპანაცია და სამწვერა ნერვის არტერიისგან გამოყოფა სპეციალური პროტექტორის მეშვეობით, რომელიც არტერიასა და ნერვს შორის თავსდება.
ნეკნთაშუა ნევრალგია
გულმკერდის არეში ტკივილის აღმოცენების ყველაზე ხშირი მიზეზია ნეკნთაშუა სივრცეში ნეკნთაშუა ნერვის მიჭყლეტა. ამ ტკივილის კარდიულისგან გარჩევა ადვილია: ნევრალგია ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის დროს, იცვლება სხეულის მდებარეობის შეცვლის, გულმკერდის მოძრაობის შემთხვევაში.
გულის ტკივილი არ იცვლება ღრმა ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის, გულმკერდის მოძრაობისა და მდებარეობის შეცვლის დროს. გარდა ამისა, შესაძლოა თან ახლდეს გულის რიტმის დარღვევა, არტერიული წნევის მატება ან დაცემა. წესისამებრ, ხსნის ნიტროგლიცერინი. მიზეზი. ადამიანს აქვს 12 წყვილი ნეკნი. ყოველ ნეკნთაშუა სივრცეში გადის ნერვი. მასზე ზეწოლა ან მისი გაღიზიანება იწვევს ძლიერ ტკივილს, რომელმაც შესაძლოა სუნთქვითი მოძრაობის შეზღუდვაც კი გამოიწვიოს.
ნეკნთაშუა ნერვის მიჭყლეტის ან გაღიზიანების მიზეზი ნეკნთაშუა სივრცის დეფორმაციაა. ის შესაძლოა გამოიწვიოს გულმკერდის არეში მიყენებულმა ტრავმამ, კუნთების გადაჭარბებულმა დაჭიმვამ, ხერხემლის გამრუდებამ, ხერხემლის გულმკერდის ნაწილის თიაქარმა.
მკურნალობა. ნეკნთაშუა ნევრალგია წარმატებით იკურნება. მკურნალობის ამოცანაა ნერვზე კუნთების, ნეკნების, მალათაშუა დისკოს მხრივ არსებული გაღიზიანების მოხსნა. მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია მანუალური თერაპია. ტკივილის მოხსნის მიზნით გაღიზიანებული ან მიჭყლეტილი ნერვის არეში შეჰყავთ (ინექცია, ელექტროფორეზი) ანტიბიოტიკი. ეფექტი რამდენიმე წუთში ხდება თვალსაჩინო და 3 კვირას გასტანს. ამ ხნის განმავლობაში ვარჯიშებითა და მანუალური თერაპიით მკურნალობენ ნერვის მიჭყლეტის მიზეზს.
კეფის ნერვის ნევრალგია
კეფის ნერვის ნევრალგიას ახასიათებს კეფის არეში მკვეთრი, მტეხი ტკივილი, რომელიც თანდათანობით მოიცავს მთელ თავს საფეთქლებისა და თვალების ჩათვლით. ტკივილი ძლიერდება თავის მიბრუნება-მობრუნების, კისერზე თითების დაჭერის, ცემინებისა და ხველების დროს. ხშირად თან ახლავს გულისრევის შეგრძნება და ღებინება.
მკურნალობა. მწვავე და ქვემწვავე სტადიებში ტარდება კეფის ნერვის ფიზიოთერაპია.
თეძოს გარეთა კანის ნერვის ნევრალგია
თეძოს გარეთა კანის ნერვის ნევრალგია უმეტესად მამაკაცებს ემართებათ. მისი გავრცელებული მიზეზია საზარდულის ნაკეცში ნერვის მიჭყლეტა, რაც უმეტესად სიმსუქნისას ან ამა თუ იმ სამუშაოსთვის დამახასიათებელ პოზაში დიდხანს ყოფნისას ხდება. ქალებში თეძოს გარეთა კანის ნერვის ნევრალგია აღმოცენდება ორსულობის დროს და გაივლის მშობიარობის შემდეგ.
სიმპტომებიდან აღსანიშნავია პარესთეზია - თეძოს გარეთა ზედაპირის დაბუჟება, სიწითლე და წვის შეგრძნება. პარესთეზია ძლიერდება დგომისა და სიარულის დროს, წოლისას კი ქრება. დაავადება მძაფრად მიმდინარეობს, ტკივილი ძლიერდება სიცივეში, ნესტში. იშვიათი არ არის რემისია და თვითგანკურნება. მძიმე შემთხვევაში საჭირო ხდება საზარდულის ნაკეცის გადაჭრა.ენა-ხახის ნერვის ნევრალგია
ენა-ხახის ნერვის დაზიანება იწვევს ნუშისებრი ჯირკვლების არეში პაროქსიზმულ, ძლიერ ტკივილს, რომელიც ყლაპვის დროს ძლიერდება. ამ დროს აშკარა მგრძნობელობითი ან მამოძრავებელი დაზიანება არ შეიმჩნევა. მედიკამენტური მკურნალობა ეფექტიანია, მაგრამ ქირურგიული ჩარევა ზოგჯერ მაინც ხდება საჭირო. ამ ნერვის დაზიანება შესაძლოა გამოიწვიოს ჰერპესმა და კომპრესიულმა ნევროპათიამ, როცა ის შერწყმულია ცდომილი ნერვის დამბლასთან და სიმსივნური წარმონაქმნით ან ანევრიზმით არის გამოწვეული.
გვირაბის სინდრომი
გვირაბის სინდრომს ახასიათებს ხელის, განსაკუთრებით - მარჯვენა მტევნის ტკივილი, რომელსაც ხანგრძლივი ერთგვაროვანი სამუშაო იწვევს. ამ სინდრომს მინიჭებული აქვს პროფესიულ დაავადებათა სტატუსი და ხშირია მძღოლებსა და ოფისის მუშაკებს (კომპიუტერთან მომუშავეებს) შორის. ტკივილის მიზეზია მაჯის არხში ნერვის გაჭყლეტა. დიაგნოზს სვამს ნევროლოგი პაციენტის გასინჯვისა და გამოკითხვის შედეგად. კვლევის ინსტრუმენტული მეთოდებიდან გამოიყენება ელექტრომიოგრაფია, რომლის მეშვეობითაც ადგენენ წინამხრის კუნთის დაზიანების ხარისხს.
მკურნალობა გულისხმობს მაჯის არეში კორტიკოსტეროიდების შეყვანას, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატების, ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებას, სპეციალური მაჯის ბანდაჟის ტარებას. მედიკამენტური თერაპიის უეფექტობის შემთხვევაში მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას.
გვირაბის სინდრომის პროფილაქტიკისა და ეფექტური მკურნალობისთვის აუცილებელია, პაციენტს ჰქონდეს სათანადო სამუშაო პირობები, ხშირად შეწყვიტოს მუშაობა და ხელი გაავარჯიშოს.
არსებობს ვარჯიშთა მარტივი კომპლექსი:
1. დაფერთხეთ ხელები;
2. 10-ჯერ შეკარით მუშტი;
3. ამოძრავეთ მტევნები მაჯის სახსარში;
4. დააწექით ხელისგულით მეორე ხელის თითებს.
ამ ვარჯიშების წყალობით კუნთებში სისხლის მიმოქცევა გაგიუმჯობესდებათ და თავს უკეთ იგრძნობთ.
რაც უფრო ხშირად შეწყვეტთ მუშაობას ვარჯიშის შესასრულებლად, მით უკეთესი იქნება შედეგი.
გასათვალისწინებელია შემდეგი რეკომენდაციებიც:
კლავიატურასთან მუშაობის დროს იდაყვში ხელის მოხრის კუთხე უნდა შეადგენდეს 90 გრადუსს;
მაუსით მუშაობის დროს მტევანი უნდა იდოს სწორად და მაგიდის კიდიდან რაც შეიძლება შორს;
სკამს ან სავარძელს უნდა ჰქონდეს სახელურები. სასურველია მაჯისთვის დამატებითი საყრდენის არსებობაც (თაგვის ხალიჩა, სპეციალური ფორმის კლავიატურა ან კომპიუტერის მაგიდა სილიკონის ბალიშით);
თუ მაჯით ბევრი და ერთგვაროვანი სამუშაოს შესრულება გიხდებათ, უნდა ატაროთ მაჯისთვის განკუთვნილი სპეციალური ბანდაჟი.
სიახლეები
ანგიოლოგიური (სისხლძარღვოვანი) პათოლოგიების კომპლექსური კვლევა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სერვისი
ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა
სასარგებლო ბმულები