პანკრეატიტი
პანკრეატიტი
თარიღი: 2014-03-26
დათვალიერება: 12547
პანკრეატიტი კუჭქვეშა (პანკრეასის) ჯირკვლის ანთებითი დაავადებაა. განასხვავებენ მის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს.
მწვავე პანკრეატიტი
მწვავე პანკრეატიტის მიზეზი შეიძლება იყოს:
პანკრეასისა და ნაღვლის სადინართა დახშობა (რაც, თავის მხრივ, გამოწვეულია ნაღველკენჭოვანი დაავადებით, პანკრეასის სიმსივნით, ფატერის დვრილის პარაზიტებით, მაგალითად, ასკარიდებით, უცხო სხეულით), პანკრეასის თანდაყოლილი გახლეჩა;
ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
მუცლის ტრავმა;
ქირურგიული ოპერაცია;
პეპტიკური წყლული (პანკრეასში ჩაზრდილი);
ტოქსინები (ორგანოფოსფორული ინტოქსიკაცია, მორიელის შხამი);
ზოგიერთი მედიკამენტი (აზათიოპრინი, ესტროგენები, ტეტრაციკლინი, მეტრონიდაზოლი, სულფონამიდები, ფუროსემიდი, ციმეტიდინი და სხვა);
ვირუსული ინფექცია (ყბაყურა, B ჰეპატიტი, ინფექციური მონონუკლეოზი);
ვასკულიტები (კვანძოვანი პოლიარტერიიტი, სისტემური წითელი მგლურა);
მეტაბოლური დარღვევები (გენეტიკური ჰიპერლიპიდემია, ჰიპერკალციემია);
კრონის დაავადება;
პანკრეასის სისხლძარღვოვანი ემბოლია.
ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ფერმენტები, რომლებიც, წესით, თორმეტგოჯა ნაწლავში უნდა იქნეს გადასროლილი, შეგუბებითი მოვლენების გამო იქ ვერ ხვდება და პანკრეასშივე აქტიურდება. ეს იწვევს პანკრეასის ქსოვილის ანთებასა და რღვევას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კუჭქვეშა ჯირკვალში იწყება მისივე ქსოვილის მონელება (ანუ თვითმონელება). არსებობს კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა - ჯირკვლის ანთების დროს გამოყოფილი ტოქსინები შესაძლოა სისხლში მოხვდეს და დააზიანოს სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები: გული, ღვიძლი და თირკმელები.
კუჭქვეშა ჯირკვალი ერთდროულად ორი: საჭმლის მომნელებელი და ენდოკრინული - სისტემის ნაწილია. როგორც გარეგანი სეკრეციის ჯირკვალი, იგი ამარაგებს თორმეტგოჯა ნაწლავს პანკრეასის წვენით, რომელიც საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს შეიცავს. როგორც შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, გამოიმუშავებს სპეციალურ ნივთიერებებს - ჰორმონებს, რომლებიც უშუალოდ სისხლში ხვდება. ყველასათვის ცნობილი ჰორმონი ინსულინი სწორედ ამ ჯირკვლის ენდოკრინულ უბანში გამომუშავდება, ამიტომ პანკრეასის დაავადებამ შესაძლოა შაქრიანი დიაბეტის განვითარებამდე მიგვიყვანოს.
დაზიანების ხასიათის მიხედვით განასხვავებენ შეშუპებით,Nცხიმოვან და ჰემორაგიულ პანკრეატიტს, პათოლოგიური პროცესის კუჭქვეშა ჯირკვალში გავრცელების მხრივ - ლოკალურს, სუბტოტალურსა და ტოტალურს, მიმდინარეობის მხრივ კი აბორტალურსა და პროგრესირებადს.
სიმპტომები და მიმდინარეობა. მწვავე პანკრეატიტი იწყება მუცლის ზედა ნაწილში ძლიერი შეტევითი ხასიათის ტკივილით, რომელიც გადაეცემა წელისა და ზურგის მიდამოს (სარტყლისებური ტკივილი). ტკივილის შეტევა უმეტესად ღამით აღმოცენდება, ცხიმიანი საკვების და/ან ალკოჰოლის მიღების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ამ დროს, მწვავე მუცლისგან განსხვავებით, ჩახველება და ღრმა ჩასუნთქვა ტკივილს არ აძლიერებს, ხოლო სუნთქვაში მუცელიც მონაწილეობს. ავადმყოფს ეწყება გულისრევა და ღებინება, რომელსაც, კუჭის დაავადებებისგან განსხვავებით, შვება არ მოაქვს.
მწვავე პანკრეატიტს ახასიათებს ხანგრძლივი, შემაწუხებელი სლოკინი, რაც დიაფრაგმის ნერვის გაღიზიანების შედეგია. შეინიშნება მუცლის მკვეთრი შებერილობა, მსხვილი ნაწლავებიდან აირების გამოყოფა შეჩერებული ან მკვეთრად შემცირებულია. შეტევის დასაწყისში ავადმყოფი საწოლში წრიალებს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი იძულებით უძრავ მდგომარეობას იღებს: ფეხებმოხრილი წევს მარჯვენა გვერდზე, ანდა ზის და წინ არის წახრილი. გაფითრებულია, შუბლზე ცივი ოფლი ასხამს, მუცლის მარჯვენა და მარცხენა გვერდით ზედაპირებზე უჩნდება მოლურჯო, ზოგჯერ მოიისფრო ლაქები; ჭიპის არეში კანი წითელ ფერს იღებს. თუ ტკივილი გაძლიერდა, შესაძლოა განვითარდეს შოკი, რაც მეტად საშიში გართულებაა (ტოქსიკური შოკის შემთხვევათა 50% სიკვდილით სრულდება). გარდა ამისა, ტემპერატურა მაღალია (390ჩ-ამდე), შარდის გამოყოფა - შემცირებული ან შეწყვეტილი.
მიუხედავად ძლიერი ტკივილისა, ავადმყოფს მუცელი რბილი აქვს, ხელის დადებისას ზოგიერთი წერტილი ძალზე მტკივნეულია.
მწვავე პანკრეატიტის დროს ხშირია ჰიპოკალციემია, რის გამოც ზოგჯერ კრუნჩხვა ვითარდება. მოსალოდნელია ტაქიკარდია, წნევის დაცემა, პლევრისა (პლევრიტი) და მუცლის ღრუში (ასციტი) სითხის დაგროვება, სუნთქვის უკმარისობის განვითარება, ფილტვის ინფარქტი. მწვავე პანკრეატიტს შეიძლება მოჰყვეს როგორც ლოკალური, ასევე სისტემური გართულება. ლოკალური გართულებებიდან აღსანიშნავია პანკრეასის ნეკროზი, აბსცესი, ფლეგმონა, ცრუ კისტები (ფსევდოკისტები). სისტემური გართულებებია ჰიპოტენზია, შოკი, პერიკარდიტი, მიოკარდიტი, პლევრიტი, გასტრიტი, ასციტი, ნაწლავთა გაუვალობა, ოლიგურია, თირკმელების უკმარისობა, ანემია, ჰიპოკალციემია, ჰიპერგლიკემია, ენცეფალოპათია, ფსიქოზი.
დიაგნოსტიკა. მწვავე პანკრეატიტის დიაგნოსტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კლინიკური სურათის შეფასებას, სისხლისა და შარდის ლაბორატორიულ გამოკვლევას, ასევე - ლაპაროსკოპული, ექოსკოპიური, კომპიუტერული ან ბირთვულ-მაგნიტური ტომოგრაფიული გამოკვლევის მონაცემებს. სისხლის ანალიზში შეინიშნება ლეიკოციტოზი, ედს-ის მომატება, ამილაზის დონის მომატება, გლუკოზის დონის ცვლილება (მომატება ან დაკლება). ექოსკოპიური გამოკვლევა ავლენს კუჭქვეშა ჯირკვლის გადიდებას (ანთების, კისტების, აბსცესის ხარჯზე). მწვავე პანკრეატიტის კლინიკური და ლაბორატორიული სიმპტომების გამოხატულება უმთავრესად მის კლინიკურ ფორმაზეა (შეშუპებითი, ჰემორაგიული, ტოტალური და სხვა) დამოკიდებული. დაავადების იდენტიფიკაციის მიზნით უნდა გამოირიცხოს მწვავე ქირურგიული დაავადებები (მწვავე კალკულოზური ქოლეცისტიტი, ნაწლავთა მწვავე გაუვალობა, ჯორჯლის სისხლძარღვის თრომბოზი და სხვა). ზოგჯერ საჭირო ხდება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის გამორიცხვაც.
მკურნალობა. მწვავე პანკრეატიტის დროს მკურნალობის მიზანია კუჭქვეშა ჯირკვალში განვითარებული ანთებითი და ნეკროზული პროცესების შემოსაზღვრა, ტკივილის მოხსნა და ინტოქსიკაციის ჩაქრობა.
აუცილებელია, ავადმყოფი დაავადების პირველსავე საათებში მოთავსდეს სტაციონარში, რადგან სწრაფად დაწყებულ მკურნალობას შეუძლია, ანთებითი პროცესი საწყის სტადიაზე შეაჩეროს.
შეტევის დაწყებიდან 3-4 დღის განმავლობაში ავადმყოფს ენიშნება მკაცრი წოლითი რეჟიმი, სრული შიმშილი, მუცელზე ყინულის ბუშტის დადება, წვრილი ზონდით კუჭის ამორეცხვა, ანტაციდური (ტუტე) პრეპარატები სეკრეციის ბლოკირების მიზნით. აუცილებელია ტკივილის მოხსნა, რისთვისაც კეთდება სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ინექცია ან წვეთოვანი გადასხმა (მორფინის გამოყენება ამ დროს სახიფათოა, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს ოდის სფინქტერის - მდებარეობს პანკრეასსა და თორმეტგოჯა ნაწლავს შორის - სპაზმი). ზოგჯერ მიმართავენ ნოვოკაინით ბლოკადას. ინფექციური გართულებების თავიდან ასაცილებლად ინიშნება ანტიბიოტიკები, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (არასტეროიდები), ორგანიზმის დეზინტოქსიკაციისთვის - ჰემოდეზის, მანიტოლის და სხვა ამგვარი პრეპარატების ინტრავენური გადასხმა, შეშუპების მოსახსნელად - ლაზიქსი. შოკის შემთხვევაში აუცილებელია სითხის ადეკვატური შევსება. ზოგჯერ ავადმყოფს დღე-ღამეში 6-8 ლ სითხესაც კი უსხამენ. პარალელურად აუცილებელია შარდის გამოყოფის, ვენური წნევის მონიტორინგი. თუ ავადმყოფს ჰიპოკალციემიის ფონზე კრუნჩხვა განუვითარდა, ინტრავენურად ენიშნება კლაციუმის გლუკონატი, 10%-იანი კალციუმის ქლორიდი. ფერმენტული ინტოქსიკაციის თავიდან ასაცილებლად ინიშნება ანტიფერმენტული პრეპარატები.
თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში მიმართავენ ჰემოდიალიზს, სუნთქვის უკმარისობისას - მექანიკურ ვენტილაციას.
მწვავე პანკრეატიტის მძიმე ფორმების შემთხვევაში ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა.
ქრონიკული
პანკრეატიტი
ქრონიკული პანკრეატიტი პროგრესირებადი დაავადებაა, რომელსაც გამწვავებისა და რემისიის მონაცვლეობა ახასიათებს. გამწვავება უკავშირდება ჯირკვლის ფერმენტთა თვითგააქტიურებას, რომელსაც თან სდევს აუტოლიზი - საკუთარი ქსოვილის მონელება. ხშირი რეციდივის შემთხვევაში თანდათან ვითარდება პანკრეასის ქსოვილთა ფიბროზი - ჯირკვლის ქსოვილს შემაერთებელი ქსოვილი ჩაენაცვლება.
ქრონიკული პანკრეატიტის მიზეზები მეტად მრავალფეროვანია. ყველაზე ხშირად მის განვითარებაში ბრალი მიუძღვის:
ალკოჰოლური სასმელების ჭარბ მოხმარებას (ალკოჰოლური პანკრეატიტი). კუჭქვეშა ჯირკვლის ქსოვილის დეგენერაციული და ჰიპოქსიური ცვლილებები ალკოჰოლის თუნდაც ერთჯერადი, მაგრამ ჭარბი მიღების შემთხვევაშიც კია მოსალოდნელი, მისი ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში კი ჩნდება ნეკროზული კერები პანკრეასში და კენჭები მის სადინარებში. გარდა ამისა, ალკოჰოლი იწვევს ოდის სფინქტერის სპაზმს, რაც ხელს უშლის პანკრეასის წვენის ნორმალურ დინებას. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება პანკრეასის წვენის გასქელებასაც იწვევს, რაც თორმეტგოჯა ნაწლავში მის გადასვლას აფერხებს.თუ კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორული მოქმედება გაგრძელდა, მის სადინარებში წნევა პროგრესულად იმატებს და ხდება შეშუპება;
სანაღვლე გზებისა და ღვიძლის დაავადებებს. ჰეპატიტისა და ციროზის დროს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა განაპირობებს პათოლოგიურად შეცვლილი (დიდი რაოდენობით თავისუფალი რადიკალების შემცველი) ნაღვლის გამოყოფას, რომელიც პანკრეასის სადინარში მოხვედრისას კენჭების წარმოქმნას და ანთების განვითარებას იწვევს;
თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებებს. ამ შემთხვევაში პანკრეატიტის მიზეზი ხშირად არის თორმეტგოჯას შიგთავსის რეფლუქსი (უკუგადასვლა) კუჭუკანა ჯირკვლის სადინარში;
წყლულოვან დაავადებებს - კუჭუკანა ჯირკვალში წყლულის ჩაზრდის შემთხვევაში (მეორეული პანკრეატიტი);
ალიმენტურ ფაქტორებს - ცხიმიანი, შემწვარი, შებოლილი, ცხარე საკვების მოხმარებას, რაციონში ცილების დაბალ შემცველობას;
არანამკურნალებ პარათირეოზს (ფარისებრახლო ჯირკვლის დაავადება). ჰიპერპარათირეოზის დროს პარათირეოიდული ჰორმონის გავლენით ირღვევა პანკრეასის წვენში არსებული კალციუმის თანაფარდობა წყალსა და ბიკარბონატებთან, რაც ხელს უწყობს პანკრეასის სადინარში კალციუმისა და ცილების პრეციპიტატების გამოლექვას და სადინარის დაცობას;
გენეტიკას (მემკვიდრეობითი პანკრეატიტი);
უცნობ მიზეზებს (ამ შემთხვევაში ამბობენ, რომ ადამიანს აქვს იდიოპათიური პანკრეატიტი). მიზეზთა ასეთი მრავალფეროვნების მიუხედავად ქრინიკული პანკრეატიტის პათოგენეზი მსგავსია. დაავადების დროს პანკრეასის ქსოვილში ხდება კეროვანი ან დიფუზური ცვლილებები, რომელებსაც პროგრესული ხასიათი აქვს. კერძოდ, შესაძლოა განვითარდეს შეშუპება, შესაძლოა, დაზიანებულ უბანში ბუნებრივ ქსოვილს ფიბროზული ჩაენაცვლოს, წარმოიშვას კისტომები და კალციფიკატები.
სიმპტომები
ქრონიკული პანკრეატიტის კლინიკურ სურათს 3 ძირითადი სინდრომი ახასიათებს: ტკივილის სინდრომი;
კუჭუკანა ჯირკვლის გარესეკრეციული სიდრომი (საკვების მონელების დარღვევა, დიარეა); შიდასეკრეციული უკმარისობის სინდრომი (ინსულინის სეკრეციის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი);
ტკივილის სინდრომი
ტკივილი უმთავრესად მარცხენა გვერდში იგრძნობა. შესაძლოა, ჰქონდეს სარტყლისებური ხასიათი. ხშირად ტკივილის შეტევა აღმოცენდება ალკოჰოლის ჭარბი გამოყენების ფონზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ალკოჰოლი დაბალი ხარისხისაა და დიდი ოდენობით შეიცავს ტოქსიკურ მინარევებს. თუმცა ასეთი შეტევების პროვოცირება შეუძლია ცხიმიანი და ცხარე საკვების ჭარბ მოხმარებასაც.
აღსანიშნავია, რომ ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავებას უფრო სუსტი ტკივილი ახასიათებს, ვიდრე მწვავე პანკრეატიტის შეტევას, თუმცა ეს შეტევები პერიოდულად შესაძლოა გამეორდეს ალკოჰოლიანი სასმლის, ცხიმიანი, ცხარე საკვების ჭარბი მიღების ფონზე. ტკივილი უმეტესად ჭამის შემდეგ აღმოცენდება, შიმშილის შედეგად კი ცხრება, ამიტომ ბევრი ავადმყოფი ცოტას ჭამს და ხდება.
ტკივილს აქვს განსაზღვრული რიტმი: დაავადებულს ტკივილი სადილობამდე ნაკლებად აწუხებს, სადილის შემდეგ შესამჩნევი ხდება, ხოლო საღამოსთვის ტკივილის ინტენსივობა მატებას იწებს.
ტკივილი შეიძლება იყოს მოჭერითი, მწველი, მბურღავი, განსაკუთრებით მკვეთრია წოლისას, იკლებს ჯდომისას და წინ გადახრისას.
ქრონიკული პანკრეატიტის დროს ტკივილს სხვადასხვაგვარი ხასიათი აქვს. ის შეიძლება უკავშირდებოდეს პანკრეასის წვენის გადინების მოშლას, კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეციის გაძლიერებას, ორგანოს იშემიას, გარემომცველი უჯრედების ანთებას, ნერვული დაბოლოებების ცვლილებას, მეზობელ ორგანოებზე (ნაღვლის სადინარებზე, კუჭზე, თორმეტგოჯა ნაწლავზე) ზეწოლას. ტკივილის მიზეზთა ასეთი მრავალფეროვნების გამო აუცილებელია პაციენტის სრულფასოვანი გამოკვლევა და გართულებების გამოვლენა.
გართულებათა არარსებობის შემთხვევაში ავადმყოფს უნიშნავენ პანკრეასის ფერმენტების (მეზიმ-ფორტე, პანკრეატინი და სხვა) დიდ დოზას.
კუჭუკანა ჯირკვლის გარესეკრეციული უკმარისობის სინდრომი
პანკრეატიტის დისპეფსიური სიდრომი - ჰიპერსალივაცია (ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფა), ბოყინი ან წამოქაფება, გულისრევა, ღებინება, ცხიმიანი საკვების ზიზღი, მუცლის შებერვა; წონის კლება - განპირობებულია მუცლის ტკივილის გამო საკვების შეზღუდვით;
პანკრეასოგენული ფაღარათი და ნაწლავში შეწოვის დარღვევის სინდრომი - დამახასიათებელია ქრონიკული პანკრეატიტის მძიმე და გახანგრძლივებული ფორმისთვის, რომლის დროსაც მკვეთრად არის გამოხატული გარესეკრეციული ფუნქციის დარღვევა (პანკრეასის ფუნქციური შესაძლებლობები ნორმის მხოლოდ 10%-ს აღწევს);ფაღარათს განაპირობებს კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტის გამოყოფისა და ნაწლავური შეწოვის ფუნქციის დარღვევა. დამახასიათებელია მყრალი ფაფისებური განავალი, რომელსაც ცხიმისებური შესახედაობა აქვს (სტეატორეა) და გადაუმუშავებელი საკვების მინარევებს შეიცავს.
ქრონიკული პანკრეატიტის მძიმე ფორმების დროს თავს იჩენს საკვებ ნივთიერებათა შეწოვის დარღვევის სიმპტომები - წონის დაქვეითება, კანის სიმშრალე, პოლიჰიპოვიტამინოზი, ცხიმოვანი ქსოვილის განლევა, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, ანემია, განავალში სახამებლის, გადაუმუშავებელი კუნთოვანი ბოჭკოების არსებობა.
ინკრეტორული (შინაგანი სეკრეციის) უკმარისობა
თავს იჩენს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა. მძიმე შემთხვევაში ვითარდება ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი.
ქრონიკული პანკრეატიტის მიმდინარეობას რამდენიმე ეტაპად ყოფენ.
დაავადების საწყისი ეტაპი გრძელდება საშუალოდ 1-5 წელი (ზოგჯერ - 10 წლამდე). ამ პერიოდში უმეტესად თავს იჩენს სხვადასხვა ინტენსივობისა და ლოკალიზაციის ტკივილი:
მუცლის მარჯვენა ზედა ნახევრის ტკივილი - პანკრეასის თავის დაზიანების დროს;
ეპიგასტრიუმის მიდამოს ტკივილი - პანკრეასის სხეულის დაზიანების დროს;
მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოს ტკივილი - კუჭქვეშა ჯირკვლის კუდის დაზიანების დროს. თუ ამ ეტაპზე დისპეფსიურმა მოვლენებმა იჩინა თავი, ისინი თანმხლები ხასიათისაა და მკურნალობის შედეგად ყველაზე ადრე გაივლის.
დაავადების სურათი სრულფასოვნად შედარებით გვიან ყალიბდება და გრძელდება დაახლოებით 5-10 წელი. ძირითადი სიმპტომებია ტკივილი, გარესეკრეტორული უკმარისობა, ინკრეტორული უკმარისობის ელემენტები (სისხლში შაქრის დონის მატება ან შემცირება). ყველაზე მკვეთრია გარესეკრეტორული უკმარისობის ნიშნები.
პათოლოგიური პროცესის ჩაცხრობა ან გართულება დაავადების დაწყებიდან 7-15 წლის შემდეგ არის მოსალოდნელი. შემთხვევათა 2/3-ში შეინიშნება პათოლოგიური პროცესის ჩაცხრობა ავადმყოფის ქრონიკულ პანკრეატიტთან ადაპტაციის გამო (ალკოჰოლური აბსტინენცია, ბილიარული სისტემის სანაცია, დიეტის დაცვა), შეთხვევათა მესამედში კი ვითარდება გართულება. მკურნალობის გავლენით იცვლება ტკივილის ინტენსივობა ან მისი ირადიაცია და დინამიკა.
ქრონიკული პანკრეატიტის გართულებებია:
პანკრეასის სადინარში წნევის მატება;
პანკრეასის კისტები და ფსევდოკისტები;
ქოლესტაზი (ნაღვლის შეგუბება);
ინფექციური გართულებები (ინფექციური ინფილტრატები, ჩირქოვანი ქოლანგიტი, პერიტონიტი, სეპტიკური მდგომარეობა);
თორმეტგოჯა ნაწლავის ობსტრუქცია;
პორტული და ელენთის ვენების თრომბოზი;
პორტული ჰიპერტენზია;
სისხლდენა (ეროზიული ეზოფაგიტი, მელორი-ვეისის სინდრომი (ალკოჰოლის ან დიდი რაოდენობის საკვების მიღების შემდეგ იწყება მასიური ღებინება კუჭის შიგთავსით, მერე კი შეუცვლელი სისხლით. სისხლდენა იშვიათად არის ინტენსიური), გასტროდუოდენალური წყლული);
პლევრიტი;
ასციტი;
მექანიკური სიყვითლე;
ჰიპოგლიკემიური კრიზი;
პანკრეასის ავთვისებიანი სისმსივნე;
აბდომინალური იშემიური კრიზი.
დიაგნოსტიკა. ქრონიკული პანკრეატიტის დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია, რადგან დაავადება ნელა, დუნედ მიმდინარეობს (ხშირად 20 წელიც კი გრძელდება). დიაგნოსტიკა ეფუძნება კლინიკურ მონაცემებს (მუცლის მუდმივი ან პერიოდული ტკივილი, სტეატორეა, ანორექსია, გულძმარვა, მუცლის შებერვა, წონის დაკლება და სხვა), ლაბორატორიული, ფუნქციური და ინსტრუმენტული კვლევის შედეგებს. ყველაზე ინფორმაციულია პანკრეასის ბიოფსია, რომელიც ავლენს ანთებით ცვლილებებს, პანკრეასის ქსოვილის დესტრუქციას, ფიბროზს და სხვა. მაგრამ აღნიშნული გამოკვლევის ჩატარება რთულია და, ჩვეულებრივ, ლაპაროსკოპიის პირობებში წარმოებს.
ლაბორატორიული გამოკვლევები. სისხლში ამილაზისა და ლიპაზის აქტიურობა მხოლოდ გამწვავების პერიოდში იმატებს. შრატის ტუტე ფოსფატაზის აქტიურობა და ბილირუბინის დონე იმატებს, როცა ნაღვლის საერთო სადინარი იჭყლიტება ან ვითარდება აღნიშნული მიდამოს ანთება. მრავალ ავადმყოფს დარღვეული აქვს ტოლერანტობა გლუკოზის მიმართ. განავალში მომატებულია ცხიმის გამოყოფა (სტეატორეა), რაც შორსწასულ ფორმაზე მიუთითებს. ქრონიკული პანკრეატიტისთვის სპეციფიკურია სისხლის შრატში ტრიფსინის დონის დაქვეითება.
ფუნქციური ცდები. პანკრეასის ეგზოკრინული (გარეგანი სეკრეციის) ფუნქციის დასადგენად სპეციალური მეთოდით ხდება პანკრეასის წვენის გამოკვლევა. ინსტრუმენტული მეთოდები. მეტად ინფორმაციულია ექოსკოპიური, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა. დიფერენციული დიაგნოსტიკა უნდა ჩატარდეს მწვავე პანკრეატიტის, პეპტიკური წყლულის, ბილიარული პათოლოგიების, აორტის განშრევების, პანკრეასის კიბოს და ზოგიერთი სხვა დაავადებების მიმართ.
მკურნალობა. გაურთულებელი ქრონიკული პანკრეატიტის მკურნალობა კონსერვატიულია და მიმართულია:
ტკივილის სინდრომის მოხსნისკენ;
ეგზოკრინული უკმარისობის კომპენსაციისკენ;
ენდოკრინული უკმარისობის კომპენსაციისკენ.
ქრონიკული პანკრეატიტის კონსერვატიული მკურნალობა შეზღუდულია. უშუალოდ ქრონიკულ პანკრეატიტზე მოქმედი პრეპარატები პრაქტიკულად არ არსებობს, ამიტომ ძირითადი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს რაციონალური დიეტით ტკივილის შემსუბუქებისკენ, კუჭქვეშა ჯირკვლის გარე- და შიდასეკრეციული უკმარისობის კორექციისკენ, ასევე - პანკრეატიტის გამომწვევი მიზეზის მოხსნისკენ (სანაღვლე გზებში ანთებითი პროცესის კუპირება, ალკოჰოლდამოკიდებულებასთან ბრძოლა და სხვა).
ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავების მკურნალობა სასურველია ჩატარდეს სტაციონარში. პირველი ორი დღე მიზანშეწონილია შიმშილი და მცირე რაოდენობით სითხის მიღება. ნებადართულია დღეში 2-3 ჭიქამდე მსუბუქი, დაუტკბობელი თბილი ჩაი. ავადმყოფი უნდა იკვებებოდეს სპეციალური დიეტის მიხედვით (დიეტას ქვემოთ მოგაწვდით), ცილების რაოდენობა დღე-ღამეში 100-200 გ უნდა იყოს. იკრძალება მაგარი ჩაი,Yყავა, კაკაო და შოკოლადის ნაწარმი.
მედიკამენტური თერაპია კომპლექსური უნდა იყოს და სტაციონარში ჩატარდეს. ტკივილის მოსახსნელად ინიშნება ანალგეტიკები (მორფინი უკუნაჩვენებია ოდის სფინქტერის სპაზმის გამო). ტკივილს ეფექტურად ხსნის ნოვოკაინით ბლოკადა. ტკივილს ამცირებს ასევე ფერმენტებისა და ანტისეკრეტორული პრეპარატების მიღება.
კუჭქვეშა ჯირკვლის გარესეკრეციული უმარისობის ნიშნების არსებობისას (გახდომა, სტეატორეა, აირების დაგროვება) საჭიროა ლიპაზის შემცველი პრეპარატებით ჩანაცვლებითი თერაპია, რაც ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვის დარღვევისა და სტეატორეის კორექციას უწყობს ხელს. გამოიყენება მიკროგრანულებიანი პრეპარატი, რომელიც მოთავსებულია სპეციალური საფარის (კრეონი) მქონე კაფსულაში. კაფსულა ხელს უშლის ლიპაზის დეზაქტივაციას კუჭის მჟავე გარემოში.
გარესეკრეციული აქტივობის დათრგუნვა ხდება შიმშილით, ქოლინოლიზური საშუალებებით. ადგილობრივად, მუცელზე, ედება ცივი. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება ინსულინიც. ინფექციის თავიდან ასაცილებლად ინიშნება ანტიბიოტიკები, დეზინტოქსიკაციის მიზნით - გადასხმა (მაგალითად, ჰემოდეზი) და სხვა. გართულებული ქრონიკული პანკრეატიტის შემთხვევაში ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა.
დიეტა ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავების ფაზაში
ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავების ფაზაში სრულ გამოჯანმრთელებამდე ინიშნება დიეტა, რომელიც ხელს უწყობს კუჭუკანა ჯირკვლის მუშაობას. იზღუდება პროდუქტები, რომლებიც აძლიერებს კუჭის სეკრეციას, ასევე - ქოლესტერინის შემცველი საკვები. სასურველია კვება მცირე ულუფებით და ხშირად (დღეში 5-6-ჯერ).
სიახლეები
ანგიოლოგიური (სისხლძარღვოვანი) პათოლოგიების კომპლექსური კვლევა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სერვისი
ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა
სასარგებლო ბმულები