შაქრიანი დიაბეტი
შაქრიანი დიაბეტი
თარიღი: 2014-03-26
დათვალიერება: 7985
შაქრიანი დიაბეტი დისჰორმონული, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებაა. ამ დროს ადამიანის ორგანიზმი ნორმალურად ვერ ითვისებს შაქარს, რის გამოც სისხლში მისი დონე იზრდება - ვითარდება ჰიპერგლიკემია. ამის მიზეზია ინსულინის სეკრეციის ან მისი მოქმედების დეფექტი, ზოგჯერ - ორივე ერთად.
ინსულინი პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) ჰორმონია, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის ერთ-ერთი მთავარი წყაროს - გლუკოზის უჯრედში შეღწევას. ინსულინის ნაკლებობისას გლუკოზა უჯრედში ვერ აღწევს და სისხლში რჩება, რის გამოც უჯრედები შიმშილობენ. საკვების მიღების შემდეგ სისხლში შაქრის დონე იმატებს, ორგანიზმში მეტი ინსულინი გამომუშავდება და უჯრედები სისხლიდან მეტ გლუკოზას შთანთქავენ. შედეგად უჯრედები საჭირო ენერგიას იღებენ, სისხლში კი შაქრის დონე ქვეითდება. ასეა ნორმაში. ინსულინის დეფიციტის შემთხვევაში კი საკვების მიღების შემდეგ სისხლში შაქრის დონე იმატებს. მატების ხარისხი ორგანიზმში მოხვედრილი ნახშირწყლების ოდენობაზეა დამოკიდებული.
შაქრიანი დიაბეტის დროს ინსულინის უკმარისობა შეიძლება იყოს:
აბსოლუტური - კუჭუკანა ჯირკვალი არ ან თითქმის არ გამოიმუშავებს ინსულინს;
შედარებითი - კუჭუკანა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ინსულინი არ კმარა გლუკოზის ნორმალური შეთვისებისთვის.
ამის კვალობაზე, განასხვავებენ შაქრიანი დიაბეტის ორ ძირითად ფორმას: ტიპ I-ს და ტიპ II-ს. შაქრიანი დიაბეტი, ტიპი I. მას იუვენილურ შაქრიან დიაბეტსაც უწოდებენ. ამ დროს დაზიანებულია ინსულინის წარმომქმნელი უჯრედები და ისინი ინსულინს ან სრულებით ვერ გამოიმუშავებენ, ან გამოიმუშავებენ ძალიან ცოტას. პანკრეასის უჯრედების დაზიანების მიზეზი უცნობია, თუმცა განსაზღვრულ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი განწყობა.
შაქრიანი დიაბეტის I ტიპი დიაბეტიან პაციენტთა 10-15%-ში გვხვდება. ის ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა მეტწილად ბავშვებს, მოზარდებს, ახალგაზრდებს უვლინდებათ სხეულის ნორმალური მასის ფონზე. 30 წლის შემდეგ ის უფრო იშვიათად ვითარდება.
შაქრიანი დიაბეტი, ტიპი II. მას მოზრდილთა დიაბეტსაც უწოდებენ. იგი ვითარდება მოწიფულ ასაკში (40 წლის შემდეგ), ამასთანავე - სხეულის ჭარბი მასის, ზოგჯერ - ინსულინის სიჭარბის ფონზეც კი. ამ ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს ინსულინის გამომუშავება არასწორად ხდება. კერძოდ, ორგანიზმი შენელებულად ან არასაკმარისად რეაგირებს სისხლში გლუკოზის ოდენობის მომატებაზე და გამომუშავებული ინსულინი არ კმარა მთელი გლუკოზის ასათვისებლად. არსებობს ტიპი II შაქრიანი დიაბეტის განვითარების მეორე მექანიზმიც: ცხიმოვანი უჯრედები ვერ ახერხებენ გამომუშავებული ინსულინის მთლიანად გამოყენებას. ასეთ მდგომარეობას ინსულინორეზისტენტობა ეწოდება. ამ ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი განწყობა. გარდა ზემოთ აღწერილი ორი ძირითადი ფორმისა, არსებობს შაქრიანი დიაბეტის სპეციფიკური ტიპებიც: სხვა (მეორეული) დიაბეტი - ვლინდება ინსულინის წარმომქმნელი ბეტა-უჯრედების გენეტიკური დეფიციტის შედეგად, ენდოკრინოპათიების, გენეტიკური სინდრომების დროს; გესტაციური (ორსულთა) დიაბეტი - ვლინდება ორსულობისას და ზოგჯერ დაავადებად ყალიბდება, ზოგჯერ კი თვითგანკურნებით სრულდება;
გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა, რაც შუალედური მდგომარეობაა ნორმასა და შაქრიან დიაბეტს შორის. ამ დროს უზმოზე სისხლის პლაზმაში გლუკოზის დონე არ აღემატება ნორმას (ნაკლებია 6,1 მმოლ/ლ-ზე), მაგრამ გლუკოზით დატვირთვიდან (კვებიდან) 2 საათის შემდეგ 7,8-11,1 მმოლ/ლ-ის ფარგლებშია. ეს მდგომარეობა განიხილება როგორც პრედიაბეტი - დიაბეტისწინარე მდგომარეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში მოსალოდნელია შაქრიანი დიაბეტის განვითარება.
შაქრიანი დიაბეტის რისკის ფაქტორებია:
დიაბეტის ოჯახური ანამნეზი;
სხეულის ჭარბი წონა;
რასობრივი კუთვნილება (ინდიელები, ესპანური და აფრიკოამერიკული წარმოშობის პირები); 45 წელზე მეტი ასაკი;
წარსულში დიაგნოსტირებული გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, ჰიპერტენზია ან ჰიპერლიპიდემია (სისხლში ქოლეტერინის ჭარბი შემცველობა);
გესტაციური დიაბეტი;
4,5 კგ ან ამაზე მეტი წონის ბავშვის გაჩენა.
კლინიკური ნიშნები. II ტიპის შაქრიან დიაბეტს ხშირად არავითარი სიმპტომი არ ავლენს. შესაძლოა, დაავადება წლობით ისე მიმდინარეობდეს, რომ ავადმყოფმა ვერაფერი იგრძნოს. ამ ტიპის დიაბეტის ფონზე, გლუკოზის მაღალი მაჩვენებლების შემთხვევაში, მოსალოდნელია:
ძლიერი წყურვილი - პოლიდიფსია;
შარდის ოდენობის მატება - პოლიურია;
ადვილად დაღლა;
ქავილი და კანის მორეციდივე დაავადებები;
ჭრილობის შეხორცების გაძნელება;
საშარდე გზების განმეორებადი ინფექციები;
მადის მომატება - პოლიფაგია;
წონის უმიზეზო კლება.
I ტიპის შაქრიანი დიაბეტი იწყება მწვავედ. ახასიათებს გაძლიერებული წყურვილი, მადის მომატება, შარდვის გახშირება, წონის კლება, მხედველობის დაბინდვა და სოკოვანი დაავადებებისადმი მიდრეკილება. ბავშვებს ამ სიმპტომების პარალელურად უვითარდებათ სისუსტე და აპათია.
მცირეწლოვან ბავშვებში დიაგნოზის დასმა რთულია. ამ დროს ზრდასა და წონაში ჩამორჩენა შაქრიანი დიაბეტის ეჭვს ბადებს. დიაბეტს ეჭვობენ მაშინაც, როდესაც ბავშვს, რომელსაც მანამდე ასეთი რამ არ აწუხებდა, ღამით უნებლიე შარდვა დასჩემდება.
გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა მეტწილად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ავადმყოფს აღენიშნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი. გართულებები. გართულებები შაქრიანი დიაბეტის მთავარი პრობლემაა. სისხლძარღვთა დაზიანება იწვევს თირკმლის ქრონიკულ უკმარისობას, სიბრმავეს, მსხვილი არტერიების ათეროსკლეროზს. შაქრიანი დიაბეტის ქრონიკული გართულებებია ნეიროპათია და დიაბეტური ტერფიც. არსებობს შაქრიანი დიაბეტის მწვავე გართულებებიც: ჰიპოგლიკემიური და კეტოაციდოზური კომები. ინსულინოთერაპიის ფონზე შესაძლოა განვითარდეს გარდამავალი კეტოზი და ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა. ჰიპეროსმოლარული კომა II ტიპის შაქრიან დიაბეტს ახასიათებს, თუმცა შედარებით იშვიათია.
შაქრიანი დიაბეტის ქრონიკული გართულებების თავიდან აცილება ერთადერთი გზით შეიძლება: სისხლში შაქრის დონე ნორმასთან უნდა იყოს მიახლოებული. ამას მედიცინაში ნახშირწყლოვანი ცვლის კომპენსაციას უწოდებენ.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა. შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტირებისთვის საჭიროა:
სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა;
სისხლში გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა;
შარდში შაქრის დონის განსაზღვრა;
შარდში აცეტონის განსაზღვრა.
მკურნალობა მოიცავს:
დიეტოთერაპიას;
ფიზიკურ დატვირთვას;
ტაბლეტირებული შაქრის დამწევი საშუალებების გამოყენებას;
ინსულინოთერაპიას.
ტაბლეტირებული შაქრის დამწევი საშუალებები გამოიყენება II ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს. ისინი ორ ძირითად ჯგუფს აერთიანებს: სულფანილშარდოვანას წარმოებულებს და ბიგუანიდებს. ამჟამად ძალზე გავრცელებულია სულფანილშარდოვანას წარმოებულები: მანინილი, დიაბეტონი, დიამიკრონი, გლურენორმი, ამარილი. ბიგუანიდების ჯგუფს ეკუთვნის მეტფორმინი (გლუკოფაზი, სიოფორი). ცნობილია ასევე ალფა-გლუკოზიდაზის ინჰიბიტორები (აკარბოზა), თიაზოლიდინდიონები - როზიგლიტაზონი (ავანდია) და პიოგლიტაზონი (აქტოსი). საუკეთესო შედეგისთვის მიღებულია ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებით კომბინირებული მკურნალობა. როგორი კომბინაცია უფრო ეფექტურია კონკრეტულ შემთხვევაში, ამას ენდოკრინოლოგი ინდივიდუალურად წყვეტს. მიღების წესიც ინდივიდუალურია. ზოგჯერ მხოლოდ სულფანილშარდოვანას პრეპარატს უნიშნავენ, ზოგჯერ - სულფანილშარდოვანასა და ბიგუანიდის, სულფანილშარდოვანასა და აკარაბოზას, როზიგლიტიზონის ან პიოგლიტაზონის კომბინაციას.
შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის საფუძველია დიეტოთერაპია. II ტიპის შაქრიანი დიაბეტისა და სიმსუქნის დროს დიეტის მთავარი მიზანი წონის ნორმალიზებაა. დიეტა I ტიპის დროსაც საჭიროა, ვინაიდან შეუძლებელია ინსულინის ფიზიოლოგიური სეკრეციის ზუსტი იმიტაცია. საზოგადოდ, I ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს დიეტა ცხოვრების წესია, რომელიც დაავადების ოპტიმალურ კომპენსაციას უზრუნველყოფს. დიაბეტიანს ეზღუდება ნახშირწყლებითა და ცხიმებით მდიდარი საკვები, ზოგჯერ - ცილებიც.
გასათვალისწინებელია, რომ ყოველგვარი ნახშირწყლის მოხმარება არ იკრძალება. ნახშირწყლები სხვადასხვა სახისაა: მარტივი (გლუკოზა, გალაქტოზა, ფრუქტოზა); შედარებით რთული (საქაროზა, ლაქტოზა, მალტოზა); რთული (სახამებელი, გლიკოგენი და ცელულოზა).
მარტივ ნახშირწყლებს ორგანიზმი სწრაფად იწოვს, ამიტომ მათ სწრაფ შაქრებს უწოდებენ. ასეთ ნახშირწყლებს შეიცავს შაქარი, თაფლი, მურაბა, საკონდიტრო ნაწარმი, წვენები, ტკბილი სასმელები, ზოგიერთი ხილი (ყურძენი, ლეღვი, კარალიოკი, ხურმა, თუთა, ბალი). დიაბეტიანებს სწორედ სწრაფი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები ეკრძალებათ.
რთულ ნახშირწყლებს ორგანიზმი შედარებით ნელა იწოვს, ამიტომ მათ ნელ შაქრებს უწოდებენ. ამ სახის ნახშირწყლებს შეიცავს ყოველგვარი მარცვლეული და მისი ნაწარმი (პური, მაკარონი, სიმინდი), კარტოფილი, ლობიო, ბარდა. ამ პროდუქტების მიღება შეიძლება შეზღუდული ოდენობით. არსებობს ნახშირწყლები, რომლებსაც ორგანიზმი არ შეიწოვს. ასეთია უჯრედისი - მცენარეული ბოჭკო. გარდა ამისა, ხსნადი უჯრედისი არეგულირებს ტრიგლიცერიდებისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონეს. ასეთ სასარგებლო ნახშირწყლებს შეიცავს ხილი (ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა), ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა, პარკოსნები (ლობიო, ბარდა, ოსპი), დაღერღილი ხორბალი, ბურღულეული, მკვრივი ჯიშის ხორბლის მაკარონი.
სასმელები და დიაბეტი
სპირტიანი სასმელები: არაყი, კონიაკი, ვისკი, რომი და სხვა - დიაბეტიანებისთვის აკრძალულია. მცირე რაოდენობით (1-2 ჭიქა) ნებადართულია სუფრის მშრალი ნატურალური ღვინო, რომელიც შეიცავს მიკროელემენტებსა და ვიტამინებს. მშრალი სუფრის ღვინო, განსაკუთრებით - წითელი, მეტად სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. ის ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (ე.წ. მავნე ქოლესტერინის) გამოდევნას. შაქრიანი დიაბეტის დროს ალკოჰოლის მიღება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ლიპიდური (ცხიმოვანი) ცვლის ერთ-ერთი კომპონენტი – ტრიგლიცერიდები არ არის მომატებული. თუ ტრიგლიცერიდების მაჩვენებელი მომატებულია, ალკოჰოლის მოხმარება მის მოწესრიგებამდე უნდა აიკრძალოს.
დიაბეტიანის კვების რეჟიმი, უწინარეს ყოვლისა, მკურნალობის რეჟიმზეა დამოკიდებული. ინსულინდამოკიდებულთათვის ის უფრო მკაცრია, ვინაიდან აუცილებელია საკვების მიღება ინსულინის ინექციიდან განსაზღვრული ხნის შემდეგ. თუ კვება დაგვიანდა, შესაძლოა, სისხლში შაქრის დონე მკვეთრად დაეცეს და ჰიპოგლიკემია გამოიწვიოს (მხედველობაში გვაქვს მდგომარეობა, როდესაც სისხლში შაქრის დონე 60 მგ/დლ-ზე დაბალია). რეჟიმის დაცვა ტაბლეტოთერაპიის დროსაც საჭიროა, მაგრამ ტაბლეტის მიღებიდან მცირე ხნით, მაგალითად, 10-15 წუთით კვების დაგვიანება ჰიპოგლიკემიას არ გამოიწვევს.
სასურველია, დიაბეტიანი დღეში სამჯერ იკვებებოდეს, შუალედში კი წაიხემსოს ხილით ან ბოსტნეულით (უპუროდ).
ინსულინოთერაპია I ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს ინიშნება. II ტიპის შემთხვევაში აბებს უნიშნავენ, თუმცა გამორიცხული არ არის, დიაბეტიანის ინსულინზე გადაყვანა ამ დროსაც გახდეს საჭირო. ეს მაშინ, როდესაც სისხლში შაქრის მაჩვენებლების ნორმალიზება დიეტით და ტაბლეტოთერაპიით ვერ ხერხდება, პაციენტს სჭირდება ქირურგიული ჩარევა, ემართება ფილტვების ანთება ან რომელიმე მწვავე პათოლოგია. ამჟამად გამოიყენება ადამიანის სინთეზური ინსულინი, რომლის პრეპარატები ორ ძირითად ჯგუფად: გახანგრძლივებული და ხანმოკლე მოქმედების ინსულინებად იყოფა. არსებობს ასევე ინსულინის ანალოგები, რომლებსაც ულტრახანმოკლე მოქმედება ახასიათებს. პრაქტიკულად გამოიყენება მხოლოდ გახანგრძლივებული (ბაზალური) ინსულინი ან (უფრო ხშირად) გახანგრძლივებული და ხანმოკლე მოქმედების ინსულინების კომბინაცია. ულტრახანმოკლე მოქმედების ინსულინი - ლისპრო, ნოვორაპიდი ასევე კომბინაციაში ინიშნება.
ინსულინოთერაპიის მიზანია სისხლში შაქრის მაჩვენებლის ნორმასთან მიახლოება, შაქრიანი დიაბეტის I ტიპის შემთხვევაში ბავშვთა და მოზარდთა ნორმალური ზრდა-განვითარების უზრუნველყოფა და ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დონის დაცემის) თავიდან აცილება. ინსულინის დოზებს, ინსულინოთერაპიის სქემას ექიმი ინდივიდუალურად შეარჩევს.
ორსულთა ანუ გესტაციური დიაბეტი ორსულობისას ვლინდება. მშობიარობის შემდეგ შესაძლოა გაქრეს, შესაძლოა, II ტიპის შაქრიან დიაბეტად ჩამოყალიბდეს (ასეთი რამ ხდება ასიდან 50 შემთხვევაში). გესტაციური დიაბეტის დროს პერორალური თერაპია უკუნაჩვენებია. რეკომენდებულია მხოლოდ დიეტოთერაპია და ინსულინოთერაპია. ნაყოფის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია, სისხლში შაქრის დონე მაქსიმალურად უახლოვდებოდეს ნორმას. ორსულობის მე-9-12 კვირას ნაყოფი ჯერ კიდევ ვერ გამოიმუშავებს საკუთარ ინსულინს. ამ დროს მიმდინარეობს ორგანოგენეზი - ნაყოფის ორგანოთა (გულის, ხერხემლის, ზურგის ტვინის და საჭმლის მომნელებელი სისტემის) განვითარება. თუ დედის სისხლში შაქრის დონე მაღალია, შესაძლოა, განვითარდეს ანომალიები. ორსულობის მე-12 კვირას ნაყოფის პანკრეასი იწყებს ინსულინის გამომუშავებას, რაც შემდგომში ჰიპერინსულინემიას და ნაყოფის განუვითარებლობას იწვევს.
ორსულის დიეტა ნახშირწყლებით მდიდარი უნდა იყოს, ცხიმებით - ღარიბი. ცილების ოდენობა კილოგრამზე საშუალოდ 1,5 გრამს უნდა შეადგენდეს. თუ დიეტოთერაპიით სისხლში შაქრის დონის მოწესრიგება ვერ მოხერხდა, ინიშნება ინსულინოთერაპია.
ორსულობისას ინსულინის მოთხოვნილება იცვლება - I ტრიმესტრში შედარებით მცირეა, II ტრიმესტრში კი იმატებს. მშობიარობის შემდეგ ინსულინის მოთხოვნილება მკვეთრად იკლებს და ნულამდე ეცემა. ქალმა, რომელსაც ორსულობისას დიაბეტი განუვითარდა, ხშირად უნდა გაიზომოს სისხლში შაქარი. განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ სიმსუქნით დაავადებულ ქალებს.
სიახლეები
ანგიოლოგიური (სისხლძარღვოვანი) პათოლოგიების კომპლექსური კვლევა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სერვისი
ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა
სასარგებლო ბმულები