თქვენს ვებ-ბრაუზერს ან არ აქვს JavaScript-ის მხარდაჭერა, ან სკრიპტების გამოყენება დაბლოკილია!

მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური

ცენტრი

ლიმფოსტაზი

ლიმფოსტაზი

თარიღი: 2014-03-27

დათვალიერება: 11349

ლიმფოსტაზი არის ლიმფის ცირკულაციის მოშლა, რომელიც ლიმფური სადინარების დახშობის შედეგად ვითარდება. შეგუბების ადგილას სხეული შუპდება (უმეტესად - ხელ-ფეხი, იშვიათად - გარეგანი სასქესო ორგანოები). უჯრედშორის სივრცეში გროვდება უჯრედის ცხოველქმედების პროდუქტები (დაშლილი ლიპიდების, ცილებისა და სხვათა ფრაგმენტები), რომლებიც თანდათან ეზრდება შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოებს. ამ პროცესს ფიბროზი ეწოდება. კიდურები დიდდება, დეფორმირდება, უჩნდება ნაკეცები. კანი შრება და ხშირად სკდება, ჭრილობებში ადვილად აღწევს ინფექცია, რის შედეგადაც ვითარდება კანის (წითელი ქარი) და ლიმფური სადინარების (ლიმფანგიტი) ანთება. შედეგად ლიმფის მიმოქცევა უფრო მეტად რთულდება, იზრდება შინაგანი წნევა, რაც ლიმფის შეგუბებას უწყობს ხელს. ყალიბდება მანკიერი წრე: ლიმფოსტაზი (ლიმფის მიმოქცევის დარღვევა) - ქსოვილოვანი ნაგვის დაგროვება - ფიბროზი - ლიმფის მიმოქცევის მკვეთრი დარღვევა და შინაგანი წნევის მატება - ლიმფოსტაზი.

ლიმფის ცირკულაციის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს:

ლიმფური სადინარების თანდაყოლილმა დეფექტებმა;

სხივურმა თერაპიამ;

ლიმფური სადინარების გადაკვეთამ (გადაჭრამ) ან ლიმფური კვანძების ამოკვეთამ;

ხანგრძლივმა სითბურმა ზემოქმედებამ (მზე, საუნა და სხვა);

ინტენსიურმა ფიზიკურმა დატვირთვამ;

კუნთების ტონუსის დაქვეითებამ;

სიმსუქნემ;

ლიმფურ სადინარებზე სიმსივნური წარმონაქმნის ზეწოლამ;

კიდურების ინფექციურმა და ანთებითმა დაავადებებმა;

კიდურების ტრავმამ (მათ შორის - მოყინვამ და დამწვრობამ);

გულის ან თირკმელების დაავადებამ (ჰიპერტონიამ, პიელონეფრიტმა).

მიუხედავად უამრავი მიზეზისა, ლიმფის შეგუბებას თავისი ”პროფესიული პრიორიტეტი” აქვს:

ის უმეტესად ”ფეხზე მდგომი” პროფესიის წარმომადგენლებს ემართებათ. რისკჯგუფში შედიან:

ექიმები (განსაკუთრებით - ქირურგები);

მასწავლებლები;

გამყიდველები;

მუსიკოსები;

სპორტის ტრავმულ სახეობათა მიმდევარი სპორტსმენები.

მიზეზისა და გამოვლინების კვალობაზე, განასხვავებენ ლიმფოსტაზის რამდენიმე ფორმას:

რბილს (მკვრივი შემაერთებელი ქსოვილის განვითარება კანქვეშა ბოჭკოების ცხიმოვან წილებში);

მაგარს (კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედების სრული ჩანაცვლება შემაერთებელი ქსოვილით);

შერეულს (რბილი და მაგარი ფორმების შერწყმა, რაც განპირობებულია ლიმფური სადინარების, კვანძების, არტერიების ან ვენების თანდაყოლილი დეფექტებით);

მექანიკურს (მსხვილი ლიმფური სადინარების გადაჭრის ან მათზე ნაწიბურების წარმოქმნის,

რენტგენოთერაპიის, არტერიული ან ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემთხვევაში);

ანთებითს (მორეციდივე წითელი ქარის ან სხვა ქრონიკული კანის ინფექციური დაავადების შედეგად);

ბლასტომურს (ვითარდება კეთილთვისებიანი სიმსივნეების - ჰემანგიომის, ლიმფანგიომის, მიომის, ნეიროფიბრომის და სხვათა - გამო);

გულისმიერს (გულის თანდაყოლილი ან ხანდაზმული მანკების დროს, რომლებიც სისხლის მიმოქცევის მკვეთრი დარღვევით მიმდინარეობს);

თირკმლისმიერს (თირკმელების შარდგამომყოფი ფუნქციის ხანგრძლივი და მკვეთრი დაქვეითების დროს).

სიმპტომები და მიმდინარეობა. ზემოთ აღწერილ პრობლემებთან დაპირისპირებული ორგანიზმი მთელი ძალით ცდილობს აღადგინოს ლიმფის ცირკულაცია (მაგალითად, ქსოვილთაშორისი სითხის ნაწილს ვენებიდან სისხლში გადაისვრის), ამიტომ ლიმფოსტაზი არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით ვითარდება და ოთხ სტადიას მოიცავს:

I - პერიოდული შეშუპება. ლიმფის ცირკულაცია უკვე დარღვეულია, მაგრამ ორგანიზმს ამის კომპენსირება შეუძლია. დაზიანებული კიდური შუპდება, თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ შეშუპება ცხრება. ამ სტადიაზე ლიმფოსტაზის განვითარების შეჩერება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

II - მუდმივი შეშუპება. წინა სტადიის ლოგიკური გაგრძელებაა.

III - ფიბროზი და სკლეროზი. უჯრედის ცხოველმყოფელობის პროდუქტები ლიმფასთან ერთად გროვდება და იწყებს შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოებთან შეზრდას. კანი სქელდება, მკვრივდება.

IV - სპილოვნობა. დაზიანებული კიდურები პრაქტიკულად ცილინდრის ფორმას იღებს. მათი მოცულობა რამდენჯერმე იმატებს. სახსრებში მოძრაობა იზღუდება, ვითარდება ჰიპერკერატოზი (მეჭეჭები), მოსალოდნელია ქრონიკული დერმატიტი.

მკურნალობა. ქრონიკული ლიმფოსტაზი, წესისამებრ, ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს. მაგრამ იშვიათი გამონაკლისის გარდა (ლაპარაკია ლიმფური სადინარების თანდაყოლილ დეფექტებზე) შეშუპების თავიდან აცილება შესაძლებელია. ამისთვის საკმარისია რამდენიმე რეკომენდაციის შესრულება:

ზემო და ქვემო კიდურების ფრჩხილების რეგულარული მოვლა. ფრჩხილები ფაქიზად დაიჭერით, არ დააზიანოთ მათ ახლოს მდებარე კანი. უმჯობესია ფრჩხილების დალბობა და მოხეხვა.

თუ ერთ ხელზე ოპერაცია გაქვთ გაკეთებული (მაგალითად, მოტეხილობის შემდეგ), სისხლის არტერიული წნევა მეორე ხელზე გაიზომეთ. ინექციებიც არანაოპერაციევ ხელზე გაიკეთეთ. დაზოგეთ ნაოპერაციევი კიდური ფიზიკური დატვირთვისას.

ერიდეთ კიდურებზე კანის დაზიანებას. შეიძინეთ სპეციალური საოჯახო ხელთათმანები და გაიკეთეთ რეცხვისა თუ სხვა საოჯახო საქმიანობის დროს. თუ ზაფხულობით ფეხშიშველს გიყვართ სიარული, ყურადღებით ათვალიერეთ, სად ადგამთ ფეხს.

ნებისმიერი ჭრილობა, ნაკაწრი თუ ნახეთქი აუცილებლად დაიმუშავეთ ანტისეპტიკით (წყალბადის ზეჟანგით ან ბრილიანტის მწვანით, ასკილის ან ქაცვის ზეთით). ანთების ერთი ნიშანიც რომ შეამჩნიოთ (დაზიანებულ ადგილას კანის შეწითლება, შეშუპება და გახურება, დაზიანებული ადგილის მტკივნეულობა), მაშინვე მიმართეთ ექიმს.

ატარეთ ხალვათი ტანსაცმელი და საცვლები, რომლებიც მოძრაობაში ხელს არ შეგიშლით. ეცადეთ, აბაზანაში დიდხანს არ დარჩეთ, ხოლო სააბაზანო ოთახი მეტისმეტად არ იყოს გახურებული.

სამსახურიდან დაბრუნებული (განსაკუთრებით - თუ დიდხანს მოგიწიათ ფეხზე დგომა) აუცილებლად წამოწექით ოციოდე წუთით. ფეხები ბალიშზე შეაწყვეთ.

თუ მკურნალობა სწორად წარიმართა, პროგნოზი საიმედოა, თუმცა სასურველი შედეგის მიღებამდე საკმაო ხანი გაივლის. მკურნალობა მოიცავს განმეორებით ოპერაციებს (აცილებენ დაზიანებულ ქსოვილებს, აკეთებენ მიკროქირურგიულ ლიმფოვენოზურ ანასთომოზებს - ლიმფურ სადინარს აერთებენ ვენასთან), მედიკამენტურ თერაპიას (p ვიტამინის პრეპარატები, ვენორუტონი, ტროქსევაზინი, პირიპიდოქსინი და ფოლიუმის მჟავა), სპეციალურ ჰიდრო და პნევმომასაჟებს, ფიზიო და ბალნეოთერაპიას (ნახშირმჟავების და გოგირდის მინერალური აბაზანები).

მკურნალობის პერიოდში გაიკეთეთ (ან ოჯახის რომელიმე წევრს სთხოვეთ გაგიკეთოთ) ხელებისა და ფეხების აღმავალი მასაჟი (ხელი გაისვით ხელის თითებიდან იღლიებისკენ, ფეხის თითებიდან საზარდულისკენ). ერიდეთ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას. ლიმფურ სადინარებში წნევა რომ გაზარდოთ და მათ უფრო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობა აიძულოთ, შეიძინეთ აფთიაქებში სპეციალური ელასტიკური ბანდი და დაავადებულ კიდურზე შემოიხვიეთ.

გაითვალისწინეთ: თუ ლიმფოსტაზი პროვოცირებული იყო კიდურების პროფესიული გადაღლით, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია პროფესია შეიცვალოთ. მოგიწევთ სპორტის ისეთი სახეობისთვის თავის დანებებაც, რომელიც ტრავმირების საფრთხეს გიქმნით (ფეხბურთი, ხელბურთი, ტანვარჯიში და სხვა).

სიახლეები

ანგიოლოგიური (სისხლძარღვოვანი) პათოლოგიების კომპლექსური კვლევა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სერვისი

ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა