თქვენს ვებ-ბრაუზერს ან არ აქვს JavaScript-ის მხარდაჭერა, ან სკრიპტების გამოყენება დაბლოკილია!

მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური

ცენტრი

რაქიტი

რაქიტი

თარიღი: 2014-04-04

დათვალიერება: 6847

რაქიტი D ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული დაავადებაა. ახასიათებს ფოსფორისა და კალციუმის ცვლის დარღვევა, ძვლოვან ქსოვილებში სპეციფიკური დაზიანების განვითარება. რაქიტი ყველაზე ხშირად 2-3 თვიდან 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ.

D ვიტამინი სტეროიდული ჰორმონია. იგი ორი მოლეკულური ფორმით გვხვდება: D2 (ერგოკალციფეროლი) და D3 (ქოლეკალციფეროლი).

D3 ვიტამინი ადამიანის ორგანიზმში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით გამომუშავდება, ხოლო D2 მცენარეთა ერგოსტეროლისგან წარმოიშობა.

D3 ვიტამინი შედის საკვებში, უმთავრესად - თევზის ქონსა და კვერცხის ცილაში. რძე და რძის ნაწარმი, ჩვეულებრივ, ვიტამინის ორივე ფორმას შეიცავს.

რაქიტი სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაში მიმდინარე დარღვევების მიზეზია. მისი მთავარი სამიზნეებია ნაწლავები, ძვლები, თირკმელები და პარათირეოიდული ჯირკვალი. D ვიტამინის დეფიციტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ძვლის ქსოვილის განვითარებასა და ნორმალურ ფუნქციაზე. ცვლილებები განსაკუთრებით მინერალური მარილების - ფოსფორისა და კალციუმის - ცვლაში შეინიშნება. ამ დროს ირღვევა კალციუმის ნაწლავებში შეწოვა და ძვლებში ჩალაგება, რაც იწვევს ძვლოვანი ქსოვილის დარბილებას, ნერვული სისტემისა და სხვა შინაგანი ორგანოების ფუნქციის დარღვევას.

D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეულ კლინიკურ სინდრომს ბავშვებში რაქიტი ეწოდება, ხოლო მოზრდილებში - ოსტეომალაცია (ძვლების დარბილება).

რაქიტის მიზეზები:

ორსულისა და ჩვილის არასწორი და არასაკმარისი კვება, რაციონში D ვიტამინის ნაკლებობა;

ჩვილ ასაკში მზის სხივების დეფიციტი, რადგან მზის სხივები ხელს უწყობს ბავშვის კანში D ვიტამინის წარმოქმნას;

კუჭ-ნაწლავის აშლილობით მიმდინარე დაავადებები, რომელთა დროსაც ნაწლავიდან კალციუმის შეწოვა ირღვევა.

რაქიტის რისკჯგუფში შედიან:

დღენაკლული ბავშვები;

ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები;

ძუძუზე მყოფი ბავშვები, რომელთა დედები არ იღებენ ვიტამინებით, ცილებითა და ცხიმებით მდიდარ საკვებს და ცოტა ხანს ატარებენ სუფთა ჰაერზე;

ბავშვები, რომლებიც იზრდებიან აკვანში, რადგან აკვანში მწოლიარე ბავშვის უმოძრაო და უჰაერო მდგომარეობა ხელს უწყობს ძვლებში რაქიტული ცვლილებების განვითარებას;v

ზოგიერთი დაავადება: შეწოვის ფუნქციის მოშლა (ცელიაკია, მუკოვისციდოზი და სხვა), თირკმელებისა და ღვიძლის ქრონიკული პათოლოგიები;

კრუნჩხვების საწინააღმდეგო თერაპია;

D ვიტამინისა და კალციუმ-ფოსფორის ცვლის მემკვიდრეობითი ანომალია;

ეკოლოგიური ფაქტორები.

სიმპტომები და მიმდინარეობა

საწყის სტადიაში რაქიტი აზიანებს ნერვულ სისტემას. ბავშვს პირველი ნიშნები შეიძლება 4-5 კვირის ასაკშიც კი გამოაჩნდეს, თუმცა დაავადების მანიფესტირება უმეტესად 2-3 თვის ასაკში ხდება. ამ დროს ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ:

ძილის დარღვევა - უძილობა; ფრთხილი ძილი, ძილში კრთომა;

ჭირვეულობა და ხშირი ტირილი - ბავშვი შეშინებულია, გაღიზიანებული, ჭირვეული ან მივარდნილი; ცუდი მადა;

ყიფლიბანდის დიდი ზომა; თავის ქალას ნაკერების გარშემო ვითარდება ძვლების არასაკმარისი მინერალიზაცია (კრანიოტაბესი);

ოფლიანობის მომატება, განსაკუთრებით - კეფის არეში, რაც ამ მიდამოში გამელოტებას იწვევს (ე.წ. კეფის სიქაჩლე) - ბალიშზე სველი თმის ხახუნის გამო.

თუ ღონისძიებები დროულად არ გატარდა, შესაძლოა, ძვლის ქსოვილში ცვლილებები მოხდეს. სახელდობრ:

ცვლილებები ქალას ძვლებში: კეფის დარბილება და გაბრტყელება, დიდი და მცირე ყიფლიბანდის კიდეების დარბილება, დიდი ყიფლიბანდის მოგვიანებით დახურვა, თავის ასიმეტრია. ამას მოჰყვება ძვლოვანი ქსოვილის ჭარბად განვითარება, შედეგად კი გამოიკვეთება შუბლისა (წინ წამოწეული შუბლის ბორცვებით) და თხემის ბორცვები, თავი კვადრატულ ფორმას მიიღებს (ხშირად რაქიტის დროს თავი შედარებით დიდია და კანქვეშა ვენური ქსელი კარგადაა გამოხატული);

დიდი, ბაყაყისებური მუცელი - ხშირია ყაბზობა და ფაღარათი;

კბილების დაგვიანებით ამოსვლა - ამოსული კბილები ხშირად დეფორმული და დემინერალიზებულია; გულმკერდის დეფორმაცია - გულმკერდზე შეინიშნება ნეკნთა ბოლოების შემსხვილება (რაქიტული კრიალოსანი); ლავიწები რამდენადმე დეფორმირებულია;

სხივ-მაჯის სახსრის შემსხვილება (რაქიტული სამაჯური);

ხოხვისა და სიარულის დაგვიანება, რადგან ქვეითდება კუნთების ტონუსი;

ქვედა კიდურების 0-სებრი (გარეთ გაზნექილი) ან X-ისებრი (მუხლის არეში შიგნით შედრეკილი და ურთიერთმიახლოებული) დეფორმაცია. იგი მას შემდეგ ვლინდება, რაც ბავშვი ფეხს აიდგამს. დეფორმაციას განიცდის მენჯი და ტერფები.

იხვისებური სიარული.

რაქიტის ნიშნებს მშობლები ხშირად ყურადღებას არ აქცევენ ან უგულისყუროდ ეკიდებიან ექიმის რჩევებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლისა და ფეხების მნიშვნელოვანი გამრუდება, განვითარდეს ბრტყელტერფიანობა, არასწორად ჩამოყალიბდეს მენჯის ძვლები, რაც რაქიტულ გოგონებს შემდგომში ორსულობისა და მშობიარობისას დიდ პრობლემებს უქმნის.

ასაკოვან ადამიანებში ოსტეომალაციის დროს სიმპტომების გამოვლენა ასაკსა და დაავადების ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. დაავადების დასაწყისი ხშირად ფარულია. მოგვიანებით პაციენტს აწუხებს ძვლებისა და კუნთების ტკივილი, უჭირს კიბეზე ასვლა და სკამიდან წამოდგომა. ოსტეომალაციისთვის დამახასიათებელია ძვლების ხშირი მოტეხილობები. დაავადება ხშირად აზიანებს ხერხემალს, მენჯისა და ქვედა კიდურების ძვლებს.

დიაგნოსტიკა

რაქიტის დიაგნოზს, როგორც წესი, პედიატრი ბავშვის გასინჯვის დროს სვამს, მაგრამ ზოგჯერ დამატებითი გამოკვლევაა საჭირო. ხანდახან ტარდება სისხლის ბიოქიმიური ანალიზი (რაქიტის დროს იმატებს ტუტე ფოსფატაზა, მცირდება ფოსფორის დონე, იშვიათად - კალციუმისაც). შარდის ანალიზი საჭირო არ არის. თუ დაავადება სწრაფად პროგრესირებს და მკურნალობას არ ემორჩილება, ინიშნება ძვლების რენტგენოგრაფიული კვლევა. რაქიტის მემკვიდრეობით, D-დამოკიდებულ და D-რეზისტენტულ ფორმებზე ეჭვის შემთხვევაში, ინიშნება დამატებითი ბიოქიმიური სინჯები.

პროფილაქტიკა

რაქიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ბავშვის ძუძუთი კვებას, ყოველდღიურად სუფთა ჰაერზე სეირნობას, რეგულარულ ვარჯიშს, მასაჟს, ცურვას, დამატებით კვებაზე დროულად გადაყვანას. 6 თვიდან სასარგებლოა წიწვის აბაზანები.

პროფილაქტიკის მიზნით D და სხვა ვიტამინების მიცემა მხოლოდ პედიატრის კონსულტაციის შემდეგ უნდა მოხდეს, განსაკუთრებით - ხელოვნური კვების შემთხვევაში, რადგან ბავშვის საკვების უმრავლესობა D ვიტამინს შეიცავს.

პროფილაქტიკის დაწყება მუცლად ყოფნის პერიოდიდანვეა საჭირო. მომავალი დედა ყოველდღე უნდა სეირნობდეს, სწორად იკვებებოდეს, საჭიროების შემთხვევაში უნდა მიიღოს პოლივიტამინი. გასათვალისწინებელია, რომ თანდაყოლილი რაქიტის მიზეზად შეიძლება იქცეს გვიანი ტოქსიკოზი. რაქიტის პროფილაქტიკურ ღონისძიებებში შედის:

სწორი მოვლა:

ბავშვი ჩვილობიდანვე, თანდათანობით, 5-10-წუთობით, მიაჩვიეთ სუფთა ჰაერზე ყოფნასა და ძილს;

ბავშვი არ უნდა გაზარდოთ აკვანში, გაუნიავებელ ოთახში;

უნდა ჩააცვათ თავისუფლად, არ ჩაფუთნოთ;

გაზაფხულის ან ზაფხულის თბილ, მზიან ამინდში (თუ ძლიერ არ ცხელა) ბავშვი ტრუსით და ქუდით დღის უმეტეს ნაწილს, შუადღის გარდა, უნდა ატარებდეს მზეზე;

ასევე ზამთარშიც, განსაკუთრებით - კარგ ამინდში, სათანადოდ ჩაცმული ბავშვი ხშირად უნდა იყოს გარეთ.

სწორი კვება:

მეძუძური დედა უნდა იღებდეს ცილებითა და ვიტამინებით მდიდარ, კალორიულ საკვებს;

ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები უნდა იღებდნენ ადაპტირებულ (დედის რძის შემადგენლობასთან მიახლოებულ, ვიტამინებით გამდიდრებულ) ნარევებს ან მაწონს.

მეძუძური დედები და 1 წელს გადაცილებული ბავშვები უნდა იკვებებოდნენ შემდეგი პროდუქტებით:

რძით,

ხაჭოთი,

მაწვნით,

ყველით,

კვერცხით,

საქონლისა და ქათმის ხორცით,

თევზით,

ხილით (ვაშლით, ალუჩით, ალუბლით, კივით, ატმით, გარგარით, კენკრით),

ბოსტნეულით (კარტოფილით, კომბოსტოთი, გოგრით, სტაფილოთი, ჭარხლით, მწვანილით).

როგორ ვკვებოთ ბავშვი

ძუძუთი კვების შემთხვევაში:

თუ ბავშვის წონა შეესაბამება ასაკობრივ ნორმას (აუცილებელია კონტროლი პედიატრის ზედამხედველობით), 4-6 თვემდე იგი უნდა იკვებებოდეს მხოლოდ დედის რძით;

4 თვიდან საკვებ რაციონს უნდა დაუმატოთ ხილის: ვაშლის, ალუბლის, ბროწეულის, აგრეთვე კენკრის: მოცხარის, ჟოლოს - წვენი;

4,5 თვიდან ბავშვს უნდა მივცეთ გახეხილი ცოცხალი ხილი: ვაშლი, ატამი, გარგარი;

4,5-5,5 თვიდან - ბოსტნეულის ფაფა (კარტოფილი, სტაფილო, კომბოსტო, ჭარხალი, ხახვი, მწვანილი);

6 თვიდან: ბურღულის - წიწიბურას, ბრინჯის, სიმინდის, შვრიის - ფაფები (ფაფას შეიძლება დაემატოს 1 ჩაის კოვზი კარაქი);

6,5 თვიდან - ხაჭო (კვირაში 2-3-ჯერ);

7 თვიდან - მაგრად მოხარშული ნახევარი კვერცხის გული დღეგამოშვებით (ვიწყებთ კვერცხის გულის მერვედით და ოდენობას თანდათან ვზრდით), მაწონი, ქათმის თეთრი ხორცი და ღვიძლი (კვირაში ერთხელ);

8 თვიდან ბავშვს ეძლევა ძვლის ნახარშზე მომზადებული წვნიანი (კვირაში 1-2-ჯერ), საქონლის მოხარშული, გატარებული ხორცი;

9 თვიდან ვაძლევთ საქონლის გატარებული ხორცისგან მომზადებულ გუფთას, მოხარშულ თევზს (კვირაში 1-2-ჯერ), მშრალ უკრემო ნამცხვარს ("პეჩენიას").

ძუძუთი კვებაზე მყოფი 1 წლამდე ასაკის ბავშვების კვების სქემა

ხილის წვენი:

0-3 თვე - 0 მლ; 4 თვე - 5-30 მლ; 5 თვე - 40-50 მლ; 6 თვე - 50-60 მლ; 7 თვე - 60 მლ; 8 თვე - 70 მლ; 9 თვე - 80 მლ; 10-12 თვე - 90-100 მლ;

ხილის პიურე:

0-3 თვე - 0 მლ; 4 თვე - 5-30 მლ; 5 თვე - 40-50 მლ; 6 თვე - 50-60 მლ; 7 თვე - 60 მლ; 8 თვე - 70 მლ; 9 თვე - 80 მლ; 10-12 თვე - 90-100 მლ;

ხაჭო:

0-5 თვე - 0 გ; 6 თვე - 10-30 გ; 7 თვე - 40 გ; 8 თვე - 40 გ; 9 თვე - 40 გ; 10-12 თვე - 50 გ;

კვერცხის გული:

0-6 თვე - 0 ცალი; 7 თვე - 0,25 ცალი; 8 თვე - 0,50 ცალი; 9 თვე - 0,50 ცალი; 10-12 თვე - 0,50 ცალი;

ბოსტნეულის პიურე:

0-4 თვე - 0 გ; 5 თვე - 10-100 გ; 6 თვე - 150 გ; 7 თვე - 150 გ; 8 თვე - 170 გ; 9 თვე - 180 გ; 10-12 თვე - 200 გ;

ფაფები:

0-5 თვე - 0 გ; 6 თვე - 50-100 გ; 7 თვე - 150 გ; 8 თვე - 150 გ; 9 თვე - 180 გ; 10-12 თვე - 200 გ;

ხორცი:

0-7 თვე - 0 გ; 8 თვე - 5-30 გ; 9 თვე - 50 გ; 10-12 თვე - 60-70 გ;

მაწონი ან რძე:

0-7 თვე - 0გ; 8 თვე - 200გ; 9 თვე - 200გ; 10-12 თვე - 400-600გ;

პური (ხორბლის):

0-7 თვე - 0 გ; 8 თვე - 5 გ; 9 თვე - 5 გ; 10-12 თვე - 10 გ;

ორცხობილა, მშრალი ნამცხვარი:

0-6 თვე - 0 გ; 7 თვე - 3-5 გ; 8 თვე - 5 გ; 9 თვე - 5 გ; 10-12 თვე - 10-15 გ;

ზეთი (მზესუმზირასი, სიმინდისა):

0-4 თვე - 0 გ; 5 თვე - 1-3 გ; 6 თვე - 3 გ; 7 თვე - 3 გ; 8 თვე - 5 გ; 9 თვე - 5 გ; 10-12 თვე - 6 გ;

კარაქი:

0-5 თვე - 0 გ; 6 თვე - 1-4 გ; 7 თვე - 4 გ; 8 თვე - 4 გ; 9 თვე - 5 გ; 10-12 თვე - 6 გ;

ხელოვნური კვების შემთხვევაში:

4 თვემდე ეძლევა ადაპტირებული (ხელოვნური კვებისთვის რეკომენდებული) ნარევები ან მაწონი;

3 კვირიდან ვუმატებთ ალუბლის, ვაშლის, მოცხარის, ჟოლოს, ბროწეულის წვენს;

1,5 თვიდან - გახეხილ ცოცხალ ხილს: ვაშლს, ატამს, გარგარს;

4 თვიდან - ბოსტნეულის ფაფას (კარტოფილი, სტაფილო, კომბოსტო, ჭარხალი, ხახვი, მწვანილი);

4,5 თვიდან - ბურღულის: წიწიბურას, ბრინჯის, სიმინდის, შვრიის - ფაფებს (ფაფას შეიძლება დაემატოს 1 ჩაის კოვზი კარაქი); დღეგამოშვებით ვაძლევთ მოხარშულ ნახევარ კვერცხის გულს (ვიწყებთ მერვედით და ულუფას თანდათან ვზრდით);

5 თვიდან ვაძლევთ ბოსტნეულის სუპ-პიურეს, ქათმის თეთრ ხორცს და ღვიძლს (კვირაში 1-ხელ), ხაჭოს (კვირაში 2-3-ჯერ);

7 თვიდან - ძვლის ნახარშზე მომზადებულ წვნიანს (კვირაში 1-2-ჯერ);

8 თვიდან - საქონლის მოხარშულ, გატარებულ ხორცს;

9 თვიდან – საქონლის ხორცისგან მომზადებულ გუფთას, მოხარშულ თევზს (კვირაში 1-2-ჯერ), მშრალ ნამცხვარს ("პეჩენიას").

დღენაკლულ ბავშვებს 3 თვიდან დღეგამოშვებით უნდა მიეცეთ მაგრად მოხარშული კვერცხის გული (ვიწყებთ მერვედით).

ხელოვნურ კვებაზე მყოფი 1 წლამდე ასაკის ბავშვის კვების სქემა

ადაპტირებული ნარევი:

0-1 თვე - 700-800 მლ; 2 თვე - 800-900 მლ; 3 თვე - 800-900 მლ; 4 თვე - 800-900 მლ; 5 თვე - 700 მლ; 6 თვე - 400 მლ; 7 თვე - 300-400 მლ; 8 თვე - 350 მლ; 9 თვე - 200 მლ; 10-12 თვე - 200 მლ;

ხილის წვენი:

0-3 თვე - 0 მლ; 4 თვე - 5-30 მლ; 5 თვე - 40-50 მლ; 6 თვე - 50-60 მლ; 7 თვე - 60 მლ; 8 თვე - 70 მლ; 9 თვე - 80 მლ; 10-12 თვე - 90-100 მლ;

ხილის პიურე:

0-3 თვე - 0 მლ; 4 თვე - 5-30 მლ; 5 თვე - 40-50 მლ; 6 თვე - 50-60 მლ; 7 თვე - 60 მლ; 8 თვე - 70 მლ; 9 თვე - 80 მლ; 10-12 თვე - 90-100 მლ;

ხაჭო:

0-5 თვე - 0 გ; 6 თვე - 40 გ; 7 თვე - 40 გ; 8 თვე - 40 გ; 9 თვე - 40 გ; 10-12 თვე - 50გ;

კვერცხის გული:

0-6 თვე - 0 ცალი; 7 თვე - 0,25 ცალი; 8 თვე - 0,5 ცალი; 9 თვე - 0,5 ცალი; 10-12 თვე - 0,5 ცალი;

ბურღულის ფაფა:

0-5 თვე - 0 გ; 6 თვე - 50-150 გ; 7 თვე - 150 გ; 8 თვე - 170 გ; 9 თვე - 180 გ; 10-12 თვე - 200 გ;

ხორცის ფარში:

0-6 თვე - 0 გ; 7 თვე - 5-30 გ; 8 თვე - 50 გ; 9 თვე - 50 გ; 10-12 თვე - 60-70 გ;

მაწონი ან რძე:

0-6 თვე - 0 გ; 7 თვე - 200 გ; 8 თვე - 200 გ; 9 თვე - 400 გ; 10-12 თვე - 100 გ;

პური (ხორბლის):

0-7 თვე - 0 გ; 8 თვე - 5 გ; 9 თვე - 5 გ; 10-12 თვე - 10 გ;

ორცხობილა, მშრალი ნამცხვარი:

0-5 თვე - 0 გ; 6 თვე - 3-5 გ; 7 თვე - 5 გ; 8 თვე - 5 გ; 9 თვე - 10 გ; 10-12 თვე - 10-15 გ;

ზეთი (მზესუმზირასი, სიმინდის):

0-4 თვე - 0 გ; 5 თვე - 3 გ; 6 თვე - 3 გ; 7 თვე - 3 გ; 8 თვე - 5 გ; 9 თვე - 5 გ; 10-12 თვე - 6 გ;

კარაქი:

0-5 თვე - 0 გ; 6 თვე - 4 გ; 7 თვე - 4 გ; 8 თვე - 5 გ; 9 თვე - 5 გ; 10-12 თვე - 6 გ.

(კვების სქემები შედგენილია შესაბამის ქართულ და უცხოურ ლიტერატურაში არსებული მონაცემების მიხედვით).

მკურნალობა

რაქიტის ნიშნების შემჩნევისთანავე დედამ უნდა მიმართოს პედიატრს, რათა თავიდან აიცილოს მოსალოდნელი გართულებები.

არ შეიძლება რაქიტის მკურნალობა ექიმის კონსულტაციის გარეშე.

რაქიტის მკურნალობა კომპლექსურად უნდა ჩატარდეს, ანუ სპეციფიკურ (მედიკამენტურ) მეთოდებთან ერთად მასში ჩაირთოს არასპეციფიკურიც (დღის სწორად ორგანიზება, სუფთა ჰაერზე ხშირი სეირნობა, ძუძუთი ხანგრძლივი კვება, მეძუძური დედის სწორი კვება, ბავშვის მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა და ცურვა). რაქიტის სპეციფიკური მკურნალობა გულისხმობს D ვიტამინის, კალციუმისა და ფოსფორის შემცველი პრეპარატების მიღებას. დოზის შერჩევა და მკურნალობის ხანგრძლივობის დადგენა შეუძლია მხოლოდ პედიატრს ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით. D ვიტამინის არასწორმა დოზირებამ შესაძლოა თირკმლის დაზიანება და სხვა საშიში გართულებები გამოიწვიოს.

D ვიტამინით მდიდარი პროდუქტები

D ვიტამინით მდიდარია: რძის ნაწარმი, ნაღების კარაქი, თევზის ქონი, კვერცხის გული, მცენარეული ზეთი, ღვიძლი, კაკალი და სხვა. აღსანიშნავია, რომ ადამიანის ორგანიზმში D ვიტამინი გამომუშავდება ბუნებრივად, მზის სხივების ზემოქმედების შედეგად.

რაქიტი და აცრა

გეგმით გათვალისწინებული ვაქცინაციის ჩატარება შეიძლება მკურნალობის დაწყებიდან მხოლოდ 2-3 კვირის შემდეგ, რათა ორგანიზმმა მკურნალობასთან ადაპტირება მოასწროს - აცრა თავისთავადაც დიდი დატვირთვაა იმუნური სისტემისათვის. ეს განსაკუთრებით ეხება დღენაკლულ ბავშვებს, რომელთაც ნევროლოგიური დარღვევები (მათ შორის - რაქიტის ნევროლოგიური გამოვლინება) აღენიშნებათ ან ქრონიკული დაავადებები აქვთ.

ხალხური მედიცინა გვირჩევს

1. აიღეთ 150-150 გრამი კოთხუჯისა და ჭინჭრის ფესვი, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და 10 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ 50 წუთი გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში, გადაწურეთ, ჩაასხით აბაზანაში (ტემპერატურა - 370C) და აბანავეთ ბავშვი.

2. 100 გ თავშავას დაასხით ერთი სათლი (დაახლოებით 10 ლ) მდუღარე წყალი და დააყენეთ. ნაყენს დაუმატეთ წყლის იელის ნაყენი, რომელიც ასე უნდა მოამზადოთ: 1 სუფრის კოვზ წყლის იელს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და თავდახურულ ჭურჭელში ერთი საათი გააჩერეთ. გაურიეთ თავშავას ნაყენიან წყალში, გაფილტრეთ და გამოიყენეთ აბაზანისთვის (ტემპერატურა - 370C).

3. 10-10 გრამ კულმუხოსა და ოროვანდის ფესვებს დაასხით 10 ლ მდუღარე წყალი, 50 წუთი გააჩერეთ ნელ ცეცხლზე, საათ-ნახევარი - თავდახურულ ჭურჭელში უცეცხლოდ, გაფილტრეთ და გამოიყენეთ აბაზანისთვის (ტემპერატურა - 370C).

4. აურიეთ ერთმანეთში 400 გ ორკბილა და 100 გ ფარსმანდუკი, დაასხით 10 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 5 წუთი დაბალ ცეცხლზე, 50 წუთი - თავდახურულ ჭურჭელში უცეცხლოდ, გაფილტრეთ და გამოიყენეთ აბაზანისთვის (ტემპერატურა - 370C).

სიახლეები

ანგიოლოგიური (სისხლძარღვოვანი) პათოლოგიების კომპლექსური კვლევა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სერვისი

ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა