პოდაგრული ართრიტი
პოდაგრული ართრიტი
თარიღი: 2014-10-01
დათვალიერება: 10702
პოდაგრული ართრიტი მიკროკრისტალური ართრიტის ერთ-ერთი სახეობაა. პოდაგრა დაავადებაა, რომლის დროსაც სახსრებსა და სხვა ქსოვილებში ურატული წარმოშობის კრისტალები ლაგდება. მას ან პურინული ცვლის დარღვევა უდევს საფუძვლად, ან თირკმელების მიერ შარდმჟავას შემცირებული ოდენობით გამოყოფა.
სიმპტომები და მიმდინარეობა
პოდაგრულ ართრიტს სახსართა მწვავე ლოკალური ანთებითი პროცესისა და უსიმპტომო პერიოდების მონაცვლეობა ახასიათებს. ის უმეტესად შუა ხნის მამაკაცებს ემართებათ. ვითარდება უეცრად, თითქოსდა უმიზეზოდ, თუმცა ცნობილია შეტევის რისკფაქტორები, რომელთა შორის აღსანიშნავია პურინებით მდიდარი საკვები და ალკოჰოლური სასმელები, ტრავმა, ფიზიკური და ნერვულ-ემოციური გადაძაბვა, გაციება, ქირურგიული ჩარევა, ცხოვრების წესის შეცვლა (აქტიური ცხოვრებიდან პასიურზე გადასვლა ან პირიქით), სხვადასხვა ინფექციური დაავადება, ალერგიული რეაქცია, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატი (კოფეინი, თეობრომინი, დიურეტინი, ეუფილინი, ვიტამინები, შარდმდენები, სულფანილამიდები, ღვიძლის ექსტრაქტები და ა.შ.), ხანგრძლივი სტეროიდული თერაპია ან სტეროიდების უეცარი შეწყვეტა. ხშირად რამდენიმე ფაქტორი ერთმანეთს ერწყმის.
მწვავე პოდაგრული ართრიტის კლინიკური სურათი, განსაკუთრებით - მისი პირველი შეტევა, იმდენად სპეციფიკურია, რომ პოდაგრის ერთ-ერთ დიაგნოსტიკურ კრიტერიუმად არის მიჩნეული. დაავადება უმეტესად ტერფის დიდი თითის წინატერფ-ფალანგის სახსრის ანთებით იწყება. ტერფის სხვა თითების, კოჭ-წვივის, მუხლის ანთება იშვიათია, სხივ-მაჯის, იდაყვის, ხელის მტევნის, მენჯ-ბარძაყისა და სხვა სახსრებისა - კიდევ უფრო იშვიათი. როგორც წესი, ანთებითია ერთი სახსარი, თუმცა არც პოლიართრიტის განვითარებაა გამორიცხული.
პოდაგრულ ართრიტს ლოკალიზაციის მხრივ ერთგვარი კანონზომიერება ახასიათებს: ზედა კიდურების სახსრებზე ხშირად ქვედა კიდურებისა ზიანდება, მსხვილ სახსრებზე ხშირად - წვრილი.
პოდაგრული ართრიტის შეტევა მოულოდნელად, უმეტესად ღამით ვითარდება. ავადმყოფს ტერფის დიდი თითის ძლიერი ტკივილი აღვიძებს. სახსარი სწრაფად (რამდენიმე საათში) სივდება, კანი ჰიპერემიულია, დაჭიმული და მბზინავი. ხშირად გაფართოებული ვენებიც მოჩანს. შესიებული ქსოვილები მკვრივია, ადგილობრივი ტემპერატურა - მომატებული, ანთებით სახსარში ყოველგვარი მოძრაობა - მკვეთრად მტკივნეული. ასეთი ძლიერი ტკივილი არც ერთმა ართროლოგიურმა დაავადებამ არ იცის. კრიზი, ჩვეულებრივ, რამდენიმე საათიდან 10-12 დღემდე გრძელდება, მერე კი თანდათან გაივლის. პარალელურად ქრება შეშუპება და სახსრის ფუნქცია აღდგება. კრიზს შესაძლოა ცხელებაც დაერთოს. წვრილი სახსრების დაზიანებისას ტემპერატურა სუბფებრილურია, მსხვილი სახსრების დაზიანებისას - მაღალი.
პოდაგრული კრიზის დასრულების შემდეგ ავადმყოფი თავს ჯანმრთელად გრძნობს, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ შეტევა მეორდება. შეტევების სიხშირე და ინტენსივობა თითოეული ავადმყოფისთვის ინდივიდუალურია. ზოგს სახსროვანი კრიზი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ უმეორდება, ტკივილი არცთუ ძლიერია და შრომის უნარს დიდი ხნით არ აქვეითებს, ზოგს კი ძლიერი ინტენსივობის ხშირი შეტევები აქვს, რომლებიც ადრეულ ინვალიდობას იწვევს. პირველი რამდენიმე შეტევა უპირატესად ტერფის პირველი თითის წინატერფ-ფალანგთაშუა სახსარს აზიანებს, მომდევნოები კი სხვა სახსრების დაზიანებასაც განაპირობებს. დაავადების დასაწყისში უმეტესად ერთი სახსარია ანთებითი, მერე და მერე კი შეტევები ერთდროულად ორი ან რამდენიმე სახსრის ანთებით მიმდინარეობს.
პირველი სახსროვანი კრიზიდან 3-5 წლის შემდეგ პოდაგრა ქრონიკულ ფორმაში გადადის. ეს პერიოდი შესაძლოა 10-15 წლამდე გაგრძელდეს. დაავადების ხანის მატებასთან ერთად შეტევებს შორის ინტერვალი მცირდება. პროცესში სულ უფრო მეტი სახსარი ერთვება. შეუმჩნევლად წარმოიქმნება პოდაგრისთვის დამახასიათებელი კვანძები (ტოფუსები). იმატებს სახსრების მყარი დაზიანებანი. ყალიბდება ტიპური ქრონიკული პოლიართრიტის სურათი: სახსრების დეფიგურაცია და დეფორმაცია ძვლების წანაზარდების ხარჯზე, თითების ქვეამოვარდნილობები, კონტრაქტურები, სახსრების უხეში ხრაშუნი, მოძრაობის შეზღუდვა. ავადმყოფს უჭირს მოძრაობა, უქვეითდება ან სრულიად ეკარგება შრომის უნარი.
ქრონიკული პოლიართრიტის საბოლოო შედეგი მეორეული მადეფორმირებელი პოლიოსტეოართროზია. ტოფუსი სხვადასხვა ზომისაა - როგორც მუხუდოს მარცვლის, ისე ვაშლისოდენა. კანქვეშა, ზედაპირულად მდებარე ტოფუსი მკვრივი კონსისტენციის თეთრი წარმონაქმნია. უმეტესად ყურის ნიჟარებზე, თვალის სკლერაზე, იდაყვის არეებში ჩნდება, შედარებით იშვიათად - ხელისა და ფეხის თითებზე და სხვა ადგილებში. ტოფუსი ხშირად რბილდება, თავისთავად იხსნება და იქიდან კბილის პასტისმაგვარი თეთრი მასა გადმოედინება. მიკროსკოპული გამოკვლევისას მასში შარდმჟავა ნატრიუმის კრისტალებს პოულობენ. ჭრილობა იშვიათად ინფიცირდება, რაც შარდმჟავა მარილების ბაქტერიოციდული ეფექტით უნდა აიხსნას (ამ ეფექტს მჟავა რეაქცია განაპირობებს).
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
სისხლსა და დღე-ღამის შარდში შარდმჟავას განსაზღვრა ძირითადი ბიოქიმიური გამოკვლევაა, რომელიც პოდაგრით დაავადებულს უნდა ჩაუტარდეს. ტარდება სხვა გამოკვლევებიც, რომლებსაც ექიმი შეარჩევს. პოდაგრის მკურნალობა კომპლექსურია. იგი მოიცავს კრიზის კუპირებას, მწვავე ართრიტის ჩაქრობის შემდეგ - ბაზისური პრეპარატების დანიშვნას, მეორეული მადეფორმირებელი ოსტეოართროზის მკურნალობას, დიეტოთერაპიას, ფიზიოთერაპიას, ბალნეოთერაპიას, ორთოპედიულ ოპერაციებს. მწვავე სახსროვანი კრიზის დროს, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა წოლითი რეჟიმი, დაზიანებული კიდურის ოდნავ მაღლა აწევა. აუცილებელია დიეტოთერაპია.
მედიკამენტებიდან სახსროვანი შეტევის კუპირებისთვის გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ინდომეტაცინი, დიკლოფენაკი, კოლხიცინი, იბუპროფენი და სხვა), იშვიათად - სტეროიდული საშუალებები (გლუკოკორტიკოსტეროიდები). მსხვილი სახსრების ანთებითი პროცესის დროს, როდესაც ვითარდება გამოხატული სინოვიტი, იშვიათად დასაშვებია გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთჯერადი სახსარშიგა ინექცია.
მწვავე პოდაგრული კრიზის დასრულების შემდეგ ავადმყოფს უნდა დაენიშნოს ე.წ. ბაზისური თერაპია, რომელიც ურიკოდეპრესანტებით (ალოპურინოლი, მილურიტი, თიოპურინოლი და სხვა) და ურიკოელიმინატორებით (ანტურანი, ეტამიდი, ბენემიდი) ხორციელდება. მათ, ვისაც მყარი უსიმპტომო ჰიპერურიკემია და პოდაგრის მიმართ მემკვიდრეობითი მიდრეკილება აქვთ (განსაკუთრებით - მამაკაცებმა), პროფილაქტიკის მიზნით უნდა დაიცვან დიეტა, უარი თქვან ალკოჰოლურ სასმელებზე, ერიდონ ცხიმიან საკვებს და, საზოგადოდ, ყველა იმ ფაქტორს, რომლებსაც პოდაგრის შეტევის პროვოცირება შეუძლია. ავადმყოფებს ეკრძალებათ ალკოჰოლური სასმელები, განსაკუთრებით - ლუდი, ხორცის ნახარში, შემწვარ-მოხრაკული, პარკოსნები, სოკო, ჟოლო.
სიახლეები
ანგიოლოგიური (სისხლძარღვოვანი) პათოლოგიების კომპლექსური კვლევა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სერვისი
ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა
სასარგებლო ბმულები