რევმატოიდული ართრიტი
რევმატოიდული ართრიტი
თარიღი: 2015-01-13
დათვალიერება: 4911
რევმატოიდული ართრიტი შემაერთებელი ქსოვილის ქრონიკული სისტემური ანთებითი დაავადებაა, რომელიც უპირატესად სახსრების დაზიანებით ვლინდება. პათოლოგიური პროცესი იწვევს სახსრების შესამჩნევ დეფორმაციას და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციის მოშლას.
რევმატოიდული ართრიტის მიზეზები და განვითარების მექანიზმი ბოლომდე გარკვეული არ არის. სავარაუდოა, მასში მონაწილეობდეს ინფექციები, აუტოიმუნური დარღვევები და გენეტიკური ფაქტორები.
სიმპტომები და მიმდინარეობა. ავადმყოფი დაავადების დაწყებას უკავშირებს მაპროვოცირებელ ფაქტორებს, მათ შორის - ინფექციას (უმთავრესად - რესპირაციულს), ტრავმას, ფსიქონერვულ მოშლილობას, მშობიარობას, აბორტს, კლიმაქსს. დაავადების კლინიკურ გამოვლინებამდე რამდენიმე კვირით ან თვით ადრე მოსალოდნელია უგუნებობა, წონის კლება, ოფლიანობა, ტემპერატურის მატება 37-38 გრადუსამდე, სახსრების ტკივილი, დილაობით - შებოჭილობა (რომელიც აქტიური მოძრაობის შემდეგ გაივლის), ანემია და სხვა.
რევმატოიდული ართრიტის მთავარი ნიშანია სახსრების დაზიანება, რომელიც რამდენიმე თავისებურებით გამოირჩევა, მაგალითად, მრავალრიცხოვანი დაზიანებით (პათოლოგიურ პროცესში პრაქტიკულად ყველა სახსარი შეიძლება ჩაერთოს), სიმეტრიულობით, პროგრესირებადი მიმდინარეობითა და რეციდივებისკენ მიდრეკილებით.
დაავადება იწყება მტევნებისა და ტერფების წვრილი სახსრებიდან. ახასიათებს ტკივილი ღამის მეორე ნახევარში, შესივება და მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა. დაავადების დასაწყისში მტევნის თითები თითისტარივით მსხვილდება და მოლურჯო ფერს იღებს. წვრილი სახსრების ანთებასთან ერთად ზიანდება მომხრელი მყესები და ვითარდება კონტრაქტურა (სახსრის მოძრაობის შეზღუდვა). სახსრების მყესების, იოგების და კუნთების დაზიანების შედეგად მტევანი განიცდის დეფორმაციას და მან შეიძლება სხვადასხვა ფორმაც კი მიიღოს: სელაპის ფარფლისებრი, გედის კისრისებრი და სხვა. ეს რევმატოიდული ართრიტის უტყუარი ნიშანია.
მტევნისა და ტერფების წვრილი სახსრების სიმეტრიული დაზიანება რევმატოიდული ართრიტის ადრეული სტადიის გამოვლინებაა, თუმცა პროცესი შეიძლება სხვა სახსრის დაზიანებითაც დაიწყოს. მაგალითად, მუხლის სახსრის დაზიანებით. გარკვეული პერიოდის შემდეგ პათოლოგიური პროცესი შეიძლება გავრცელდეს ყველა სახსარზე - სხივ-მაჯის, იდაყვის, მხრის, კოჭ-წვივის, მენჯ-ბარძაყის. შედარებით იშვიათად ზიანდება საფეთქელ-ქვედა ყბის, მკერდ-ლავიწის და გავა-თეძოს შესახსრებები.
ზოგადი რეაქციებიდან აღსანიშნავია:
სხეულის ტემპერატურის მატება;
შებოჭილობა, განსაკუთრებით - დილის საათებში;
სისხლძარღვების ფუნქციური დარღვევები - რეინოს სინდრომი, ხელისგულის ერითემა და ფრჩხილების ტროფიკული ცვლილებები.
არასახსროვანი დაზიანებებიდან აღსანიშნავია:
რევმატოიდული კვანძების გაჩენა. ისინი წარმოადგენს მკვრივ, ბრინჯის მარცვლის ან თხილისოდენა მარცვლებს, რომლებიც კანქვეშ არის განლაგებული. ხელით გასინჯვისას ისინი უმტკივნეულო და მოძრავია. უმეტესად განლაგებულია წინამხარზე, იდაყვის სახსართან, მტევნის ზურგზე, ქუსლის ზემოთ და კეფაზე. რევმატოიდული კვანძები, დილის შებოჭილობის მსგავსად, ამ დაავადების სადიაგნოსტიკო კრიტერიუმად მიიჩნევა.
პოლინეიროპათია - ზიანდება ის სისხლძარღვები, რომლებითაც პერიფერიული ნერვები იკვებება. ავადმყოფები უჩივიან კიდურების დაბუჟებას, წვას, სიცივეს, მგრძნობელობის გაძლიერებას ან დაქვეითებას.
შედარებით იშვიათია შინაგანი ორგანოების რევმატოიდული დაზიანება, მაგალითად, პერიკარდიტი, მიოკარდიტი, გულის მანკი, ალვეოლიტი, პლევრიტი, გლომერულონეფრიტი, თირკმლის ამილოიდოზი. დიაგნოსტირება. ამერიკის რევმატოიდული ასოციაციის მიერ მოწოდებული სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები ასეთია:
სახსრებში შებოჭილობა, რომელიც გრძელდება არანაკლებ 1 საათის განმავლობაში;
ერთდროულად სამი ან მეტი სასახსრე არის რბილი ქსოვილის შესივება და სახსარშიგა გამონაჟონი;
მტევნების ერთ-ერთი სასახსრე არის შესივება;
ართრიტის სიმეტრიულობა;
რევმატოიდული კვანძების არსებობა;
სისხლის შრატში რევმატოიდული ფაქტორის მაღალი ტიტრის გამოვლენა;
რევმატოიდული ართრიტისთვის დამახასიათებელი რენტგენოლოგიური სიმპტომები მტევნის სურათზე. თუ ავადმყოფს ამ 7 კრიტერიუმიდან 4 აღენიშნება, რევმატოიდული ართრიტი უნდა ვივარაუდოთ.
მკურნალობა. რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა ითვალისწინებს:
ანთების საწინააღმდეგო და ბაზისურ თერაპიას;
ინდივიდუალურ თერაპიას რევმატოიდული ართრიტის მიმდინარეობის, სიმძიმის, სტადიის მიხედვით. პრეპარატებიდან გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ინდომეტაცინი, დიკლოფენაკი, იბუპროფენი და სხვა), ზოგჯერ - გლუკოკორტიკოსტეროიდებიც, მძიმე შემთხვევაში - ბაზისური პრეპარატები, როგორიც არის კრიზანოლი, მიოკრიზინი, დელაგილი. რემისიის პერიოდში შედეგიანია ფიზიოთერაპია (ელექტროფორეზი, ფონოფორეზი, მაგნიტოთერაპია) და კურორტული თერაპია.
კომპლექსური მკურნალობისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამკურნალო ფიზკულტურას და მასაჟს. ვარჯიშები სახსარში მაქსიმალური მოძრაობისა და კუნთოვანი მასის შენარჩუნებისკენ უნდა იყოს მიმართული. მყარი ართრიტის შემთხვევაში ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა:
სინოექტომია,
რეკონსტრუქციული ოპერაცია
სიახლეები
ანგიოლოგიური (სისხლძარღვოვანი) პათოლოგიების კომპლექსური კვლევა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სერვისი
ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა
სასარგებლო ბმულები