ნევროზი
ნევროზი
თარიღი: 2015-01-16
დათვალიერება: 21241
ნევროზები - ეს არის შექცევადი ხასიათის ფუნქციური ფსიქოგენური დარღვევებით მიმდინარე დაავადებათა ჯგუფი, რომლებიც აღმოცენდება ფსიქიკური ტრავმის ზემოქმედების შედეგად და მიმდინარეობს უგუნებობით, ხასიათის ცვალებადობითა და სომატოვეგეტატიური გამოვლინებებით. ნევროზი ყველა ასაკში სხვადასხვა ფორმით გვხვდება. ბავშვთა ნევროზის გამოვლინებაა ლოგონევროზი (მეტყ ველების გაძნელება), უნებლიე მოძრაობები, ღამის ენურეზი (ღამით შარდის შეუკავებლობა), რაც პიროვნების ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას. ზრდასრულ ასაკში ნევროზის კლინიკური გამოვლინება პიროვნების თავისებურებებს უკავშირდება და გარემოსთან შეგუების მექანიზმების დათრგუნვას გულისხმობს. ეს იმაზეა დამოკიდებული, შეუძლია თუ არა პიროვნებას, დაძლიოს საკუთარი მოთხოვნილებები, როდესაც ვითარდება კონფლიქტი მოთხოვნილებებს, შესაძლებლობებსა და შედეგს შორის.
ნევროზი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ მისი ხასიათი და ფორმა ფაქტორთა მთელ წყებაზეა დამოკიდებული. ერთი მხრივ, ნევროზის ფორმირება უშუალოდ უკავშირდება ადამიანის პიროვნულ თავისებურებებს, გარეშე ზემოქმედებათა მიმართ ამტანობის მემკვიდრეობით ხასიათს, ორგანიზმის შემგუებლობის უნარს. მეორე მხრივ, ნევროზის განვითარება განისაზღვრება ფსიქიკური ტრავმით, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ერთმომენტიანი (მაგალითად, საყვარელი ადამიანის მოულოდნელი გარდაცვალება), ასევე ხანგრძლივი (კონფლიქტური სიტუაცია ოჯახში, სამსახურში და ა.შ.), მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ემოციურად მნიშვნელოვანია ავადმყოფისთვის და მისთვის განსაზღვრულ ცხოვრებისეულ ფასეულობას წარმოადგენს. გარდა ამისა, ნევროზი ხშირად ემართებათ ადამიანებს, რომელთაც ბავშვობაში ფსიქიკური ტრავმა აქვთ გადატანილი, მაგალითად, იზრდებოდნენ არასასურველ ოჯახურ ატმოსფეროში, ხშირად ავადმყოფობდნენ და სხვა.
პავლოვი ნევროზს განმარტავდა როგორც უმაღლესი ნერვული მოქმედების ქრონიკულად ხანგრძლივ დარღვევას, რომელიც გამოწვეულია ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქში ნერვული პროცესების გადაძაბვით, რასაც, თავის მხრივ, განაპირობებს არაადეკვატური ძალისა და ხანგრძლივობის გარეგანი გამღიზიანებლის ზემოქმედება.
ფსიქოანალიტიკური თეორიების თანახმად, ნევროზი და მისი სიმპტომატიკა განიმარტება როგორც ადამიანის შიგნით არსებული კონფლიქტის შედეგი.
ზიგმუნდ ფროიდს მიაჩნდა, რომ ნევროზი იმ შეუსაბამობის შედეგია, რომელიც წარმოიშობა ადამიანის ინსტინქტურ ლტოლვასა და შინაგან აკრძალვას შორის (ამ აკრძალვას განაპირობებს ადამიანში ბავშვობიდან ჩადებული ქცევის კანონები და მორალი).
კარენ ჰორნი მიიჩნევდა, რომ ნევროზი ვითარდება როგორც ერთგვარი თავდაცვა ისეთი არასასურველი სოციალური ფაქტორებისგან, როგორიც არის დამცირება, სოციალური იზოლაცია, ბავშვობაში მშობლების ჭარბი მეურვეობა (ტოტალური კონტროლი), შვილის მიმართ მშობლების აგრესია და სხვა. ასეთ შემთხვევებში ბავშვს უყალიბდება დაცვის სამი ძირითადი სახეობა: "მოძრაობა ადამიანებისკენ", "მოძრაობა ადამიანების საპირისპიროდ", "მოძრაობა ადამიანებისგან". "ადამიანებისკენ მოძრაობა" სიყვარულისა და დაცვის მოთხოვნილებას გულისხმობს. "მოძრაობა ადამიანების საპირისპიროდ" - ეს არის ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენის, დიდების, აღიარების, წარმატების, ძლიერებისა და ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვის მოთხოვნილება. "მოძრაობა ადამიანებისგან" წარმოადგენს დამოუკიდებლობის, თავისუფლების, ადამიანებისგან განცალკევებით ყოფნის მოთხოვნილებას. ნევროზის თითოეულ შემთხვევაში შეინიშნება დაცვის სამივე სახეობა, მაგრამ დომინირებს ერთი. ამის მიხედვით ნევროზით დაავადებულებს ყოფენ "სხვაზე დამოკიდებულებად", "აგრესიულებად" და "განდეგილებად".
სიმპტომები
ფსიქიკური სიმპტომები:
უგუნებობა (ხშირად უმიზეზო);
გაუბედაობა (უჭირთ გადაწყვეტილების მიღება);
პრობლემები ადამიანებთან ურთიერთობაში;
არაადეკვატური (ჭარბი ან დაქვეითებული) თვითშეფასება;
ხშირი განცდები, შფოთვა, შიში, ცუდი წინათგრძნობა, ფობიები, პანიკური შეტევები, პანიკური აშლილობები;
დაავადებულებს უჭირთ ფასეულობათა გასაზღვრა, ვერ ერკვევიან საკუთარ სურვილებში, არ გააჩნიათ გარკვეული აზრი საკუთარ თავზე, სხვებზე, ცხოვრებაზე, ხშირად ამჟღავნებენ ცინიზმს;
ხასიათის არასტაბილურობა, გუნება-განწყობის ხშირი და მკვეთრი ცვლა;
გაღიზიანებადობა;
სტრესისადმი მაღალი მგრძნობელობა (უმნიშვნელო სტრესულ მოვლენებზე ღრმა სევდით ან აგრესიით რეაგირება);
ადვილად გულისტკენა;
შფოთვა;
ფსიქომატრავმირებელ სიტუაციაზე ჩაციკვლა;
საქმიანობისას - ადვილად დაღლა (სუსტდება მეხსიერება, ყურადღება, აზროვნების უნარი);
მომატებული მგრძნობელობა მაღალი ხმების, მკვეთრი სინათლის, ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ;
ძილის დარღვევები (აღგზნების გამო ჭირს ჩაძინება, ძილი ზედაპირულია, მშფოთვარე, არ მოაქვს შვება, დილაობით ხშირია ძილიანობა).
ფიზიკური სიმპტომები:
თავის, გულისა და მუცლის ტკივილი;
დაღლილობა, შრომის უნარის დაქვეითება;
ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, თავბრუხვევა და თვალთ დაბნელება წნევის ცვალებადობის გამო;
მადის დარღვევა (გაძლიერება, დაქვეითება; შიმშილის შეგრძნება და სწრაფი დანაყრება);
ძილის დარღვევა (უძილობა): ჩაძინების გაძნელება, ადრე გაღვიძება; ღამით გაღვიძება; დილაობით, ახალგაღვიძებულზე, დასვენების შეგრძნების უქონლობა; კოშმარული სიზმრები;
ფსიქოლოგიური განცდები ფიზიკური ტკივილის გამო, საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტისმეტი ზრუნვა;
ვეგეტატიური მოშლილობანი: ოფლიანობა, გულისცემის შეგრძნება, არტერიული წნევის ცვალებადობა (ხშირად - წნევის დაქვეითებისადმი მიდრეკილება), ხველა, კუჭის მოქმედების მოშლა, შარდვის ხშირი სურვილი, თხელი განავალი;
ზოგჯერ - ლიბიდოსა და პოტენციის დაქვეითება.
ნევროზის ფორმები
ნევროზის ძირითადი ფორმებია: ნევრასთენია, ისტერიული ნევროზი, აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი, ფობიური და ჰიპოქონდრიული ნევროზები, ნევრასთენიული დეპრესია, შიშის ნევროზი და სხვა. განვიხილავთ ყევლაზე გავრცელებულ ფორმებს.
ნევრასთენია
ნევრასთენია ნევროზის ერთ-ერთ გავრცელებული კლინიკური გამოვლინებაა. იგი წარმოადგენს ფუნქციურ დაავადებას, რომელსაც ახასიათებს გამოფიტვის, ნერვული სისტემის სისუსტის ნიშნები, სწრაფი ფიზიკური და ფსიქიკური ასთენია ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების სიმპტომების გარეშე. ნევრასთენია ორივე სქესის წარმომადგენლებს ემართებათ.
სიმპტომები და მიმდინარეობა. დაავადების საწყის ეტაპზე შეინიშნება ემოციური და ფიზიკური დატვირთვის აუტანლობა და გაღიზიანებადობა. ავადმყოფები ძნელად იტანენ მკვეთრ სინათლეს, მკვეთრ ხმაურს, ხმამაღალ საუბარს, ტემპერატურის ცვალებადობას; ადვილად უვითარდებათ ვეგეტატიური რეაქციები: გულისცემის შეგრძნება, ოფლიანობა, კიდურების გაცივება. ნევრასთენიისთვის დამახასიათებელია დაძინების გაძნელება და ზედაპირული ძილი. ავადმყოფები ხშირად უჩივიან თავის ტკივილს, თავში პულსაციისა და ხმაურის შეგრძნებას, რაც ართულებს გონებრივ მუშაობას. თანდათანობით გაღიზიანებას ცვლის გამოფიტვა, ძლიერი სისუსტე და დაღლილობა. ავადმყოფს უჭირს ყურადღების კონცენტრირება, გულს ვერ უდებს სამუშაოს, უჩნდება საკუთარი თავით უკმაყოფილების განცდა, ხდება გულჩათხრობილი, ხშირად ტირის. თუ თავს საქმის კეთება აიძულა, უჩნდება სისუსტის და ცუდად ყოფნის შეგრძნება. დილაობით ასეთ ადამიანებს ახასიათებთ ძილიანობა, ღამით - უძილობა. გამოხატული ვეგეტატიური სიმპტომების შემთხვევაში იწყებენ საკუთარი ორგანოების ფუნქციობისთვის თვალყურის დევნებას (მაგალითად, აკვირდებიან, როგორ უცემთ გული, როგორ უმუშავებთY კუჭი, როგორ სუნთქავენ და ა.შ.), ყურადღებას ამახვილებენ უსიამოვნო შეგრძნებებზე და ფიქრობენ, რომ მძიმე დაავადება აქვთ.
ნევრასთენია უმეტესად კეთილად სრულდება. მდგომარეობის ნორმალიზებისთვის უმეტესად საკმარისია ემოციური დაძაბულობის გამომწვევი სიტუაციის მოგვარება და კარგი დასვენება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ხანგრძლივი მკურნალობაა საჭირო.
ისტერიული ნევროზი
ისტერიულ ნევროზს მრავალფეროვანი სიმპტომატიკა აქვს. ვლინდება ფუნქციურ-სომატური, ნევროლოგიური და ფსიქიკური დარღვევებით. ეს დარღვევები ავადმყოფის შთაგონებასა და თვითშთაგონებას უკავშირდება, ამიტომ ისტერიკის სიმპტომები შესაძლოა სხვადასხვა დაავადების გამოვლინებას ჰგავდეს. ისტერიული ნევროზი უმეტესად ისტერიული ბუნების ადამიანებს ემართებათ. მას საფუძვლად უდევს თავის ტვინში აგზნება-შეკავების პროცესთა მოშლა. ახასიათებს ემოციურ-აფექტური, ფსევდოორგანული და ვეგეტატიურ-ვისცერული დარღვევები. ავადმყოფობენ უპირატესად ახალგაზრდა ქალები. აღსანიშნავია, რომ პაციენტთა მშობლებსაც აქვთ სხვადასხვა სახის ნევროზული გამოვლინება. ანამნეზში ფიქსირდება მძლავრი სოციალური და ფსიქიკური დისტრესმდგომარეობა, აღზრდის მანკიერება, ხშირი ოჯახური კონფლიქტი.
სიმპტომები და მიმდინარეობა. დაავადების კლინიკურ სურათში წამყვანია ემოციის დემონსტრაციული ხასიათი: აფექტური რეაქცია ვლინდება ხალხში, ერთბაშად და უმიზეზოდ. ისტერიული პიროვნებისთვის დამახასიათებელია სიტუაციური მოვლენების დამძიმება, ფაქტების არაადეკვატური აღქმა, თვითკრიტიკის უქონლობა. ხშირია ისტერიული ეგოიზმის გამოვლენა, ტირილი და გულის წასვლა. ისტერიული ადამიანი ჩივის, რომ მისი არ ესმით, არ აფასებენ, რომ ვიღაცის მსხვერპლია. ეს ე.წ. მცირე ისტერიაა.
ჩამოთვლილ სიმპტომებს თანდათან ემატება დიდი ისტერიის კლინიკური სიმპტომატიკა, რომელიც ვლინდება დიდი ისტერიული გულყრით: თავდაპირველად ვითარდება ზოგადი ტონური სპაზმი, შემცივნება და კანკალი, შემდეგ - კიდურებისა და ტანის კუნთების კლონური კრუნჩხვა, ზედა კიდურები განიცდის როტაციას, კიდური გაშლილია ტანისკენ ან აწეულია და სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს, ქვედა კიდურები მოხრილია და მოძრაობს ყველა მიმართულებით, თითები შეკრულია მუშტად, ტანის კუნთები დაჭიმულია და ქმნის ისტერიულ რკალს. კრუნჩხვა ვრცელდება მიმიკური ჯგუფის კუნთებში, კრიჭა შეკრულია, ცნობიერება - დაბინდული, მაგრამ არა ისე, როგორც ჭეშმარიტი ეპილეფსიური გულყრის დროს - ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ისტერიული გულყრის შემდეგ ავადმყოფი აღწერს ცნობიერების დაბინდვის მომენტს. ორიენტაცია და მოვლენების აღქმა შენარჩუნებულია. დაცემაც კი სხეულის დაუზიანებლად ხდება. რაც უფრო ძლიერია გარშემო მყოფთა აჟიოტაჟი, მით უფრო მეტხანს გრძელდება გულყრა. დამახასიათებელია მისი განვითარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
ვლინდება ფსევდოორგანული სინდრომები, რომლებსაც ისტერიის კლინიკურ სურათში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ხშირად ჭირს მათი დიფერენცირება ჭეშმარიტი ორგანული დაავადებებისგან, რაც მკურნალობას, ცხადია, ართულებს.
გულყრები შესაძლოა კრუნჩხვების გარეშე, ჰიპერტონიული ან გულისმიერი კრიზის, მოხრჩობის შეტევის, კანკალის, ხანგრძლივი ტირილის თანხლებით მიმდინარეობდეს. საკმაოდ ხშირია ისეთი სიმპტომები, როგორიც არის კიდურების დამბლა, "ხელთათმანისა" და "წინდების" ტიპის მგრძნობელობის დაკარგვა, სიარულის მანერის შეცვლა. რამდენადმე იშვიათია ისტერიული სიბრმავე, სიყრუე და სიმუნჯე: როცა კითხვას უსვამენ, ავადმყოფი დუმს, მაგრამ შეუძლია, კითხვას წერილობით უპასუხოს.
ისტერიული დარღვევები შეიძლება იყოს როგორც ხანმოკლე, ასევე ხანგრძლივი. ზოგჯერ ტალღოვანი ხასიათისაა და ხშირი გამწვავებით მიმდინარეობს - გააჩნია, რამდენად მოახერხებს ავადმყოფი თავისი ავადმყოფობით საწადელის მიღწევას. მაგრამ ხშირად პირიქით ხდება - ავადმყოფებს თავიანთი ინტერესების რეალიზებაზე მეტად საკუთარი თავისთვის ზიანი მოაქვთ: ენგრევათ ოჯახი, კარგავენ სამსახურს და ა.შ.
აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი
აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი - ეს არის დაავადება, რომლის დროსაც უნებლიეთ ჩნდება აკვიატებული აზრები, შიში, მოძრაობა. ავადმყოფები მტკივნეულად იღებენ, ებრძვიან მათ, მაგრამ თავის დაღწევას ვერ ახერხებენ. უმეტესად გვხვდება აკვიატებული შიშები (ფობიები), რის გამოც ფობიურ ნევროზებს ცალკე გამოყოფენ. ფსიქიკური ტრავმის გავლენით თავდაპირველად აღმოცენდება ვეგეტატიური რეაქციები გულსა და მუცელში უსიამოვნო შეგრძნების სახით, რასაც თან ახლავს შფოთვა.
სიმპტომები და მიმდინარეობა. აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზს აკვიატებათა მრავალფეროვნება ახასიათებს, თუმცა კლინიკური სურათი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ერთფეროვანია. აკვიატება გამოიხატება უნებლიეთ აღმოცენებული დაუძლეველი სურვილებითა და აზრებით, რომლებიც გამოვლინდება რაღაცისადმი შიშის, ეჭვიანობის, ლტოლვის ან განსაზღვრული მოძრაობების სახით. აკვიატება სუბიექტურად უსიამოვნოა, ამ დროს დაავადებული (ბოდვისგან განსხვავებით) ხვდება, რომ ეს დარღვევაა და კრიტიკულად არის განწყობილი მისდამი.
ცალკე გამოყოფენ აკვიატებულ მდგომარეობებს (აკვატებული იდეა, აზრი, წარმოდგენა), აკვიატებულ შიშებს (ფობია), აკვიატებულ ლტოლვას და აკვიატებულ მოქმედებას.
აკვიატებული მდგომარეობები იყოფა აფექტურ-ნეიტრალური ხასიათის და მძიმე აფექტური ხასიათის აკვიატებად (გაუცხოების განცდა, შინაგანი კონფლიქტი). აფექტურ-ნეიტრალური აკვიატების დროს ყველაზე ხშირია აკვიატებული ხასიათის თვლა (საფეხურების, ჩიტების, ხეების...), დავიწყებული სახელებისა და ძალიან ძველი მოვლენების გახსენების მცდელობა და სხვა.
მძიმე აფექტით მიმდინარე აკვიატების დროს ადამიანს უჩნდება აკრძალულის კეთების, მაგალითად, ცინიკური სიტყვების წამოყვირების, ვისიმე გამოლანძღვის სურვილი, ასევე - ახლობლის გარდაცვალების დეტალებში დაწვრილებით გარკვევის დაუძლეველი სურვილი და სხვა. დაუძლეველი ეჭვიანობისას ადამიანს იპყრობს ეჭვი უკვე მიღებული გადაწყეტილების ან ჩადენილი ქმედების გამო (ჩაკეტა თუ არა კარი, ჩააქრო თუ არა გაზქურა და ა.შ).
ხშირია აგორაფობია (გაშლილი სივრცის შიში), კლაუსტროფობია (დახურული სივრცის შიში), სიმაღლის შიში, ცალკეული სახის ტრანსპორტით მგზავრობის შიში, საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლის შიში, ერითროფობია (გაწითლების შიში), რომელიმე ჩვევითი ფუნქციის (ყლაპვის, მოშარდვის, სქესობრივი აქტის) შეუსრულებლობის შიში, ასევე - ნოზოფობიები (ავად გახდომის შიში): კანცეროფობია (კიბოთი დაავადების შიში), კარდიოფობია (მიოკარდიუმის ინფარქტის შიში), შიდსოფობია (აივ-ინფიცირების შიში), შიზოფობია (ჭკუიდან გადასვლის შიში) და სხვა (უფრო დაწვრილებთ იხ. ჰიპოქონდრიული ნევროზი).
აკვიატებული ქმედებები (მოძრაობები) უნებლიეა. ისინი ძალიან ჰგავს ბუნებრივ, მაგრამ აზრს მოკლებულ ჟესტებსა და მოძრაობებს. აკვიატებული შეიძლება იყოს თავის ქნევა, თავსაბურავის, თმის, ტანსაცმლის ნაკეცის გასწორების მასგავსი მოძრაობა და სხვა.
რიტუალი - ეს არის აკვიატებული მოძრაობა ან ქმედება, რომელსაც აქვს შელოცვის ხასიათი და ავადმყოფს, მისივე წარმოდგენით, ამა თუ იმ საშიშროებისგან იცავს. რიტუალებს, წესისამებრ, წინ უძღვის ფობია, უბედურების მოახლოების შიში და ა.შ. ამ დროს ადამიანი განსაზღვრული თანამიმდევრობით ასრულებს რიგ აკვიატებულ ქმედებას - მოძრაობს მხოლოდ განსაზღვრული მარშრუტით, მეტროს მხოლოდ წინა ვაგონში ჯდება და ა.შ. რიტუალის შესრულება მას შვებას ჰგვრის.
აკვიატებული მდგომარეობების ნევროზი სხვა სახის ნევროზებზე მკვეთრად არის გამოხატული და ხანგრძლივია. თუ ამ დროს სიმპტომატიკის მნიშვნელოვანი გავრცობა არ მოხდა, ავადმყოფი თანდათანობით ეგუება ფობიებს, სწავლობს შიშის გამომწვევი სიტუაციების თავიდან აცილების გზებს. ამრიგად, დაავადება ცხოვრების ხარისხს მკვეთრად არ აქვეითებს.
დეპრესიული ნევროზი
დეპრესიული ნევროზი არის ფსიქოგენური დეპრესიული მდგომარეობა, რომლის დროსაც უგუნებობა ფუნქციურ სომატურ დარღვევებს ერწყმის (ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია). ნევროზული დეპრესია უმეტესად ემართებათ უკომპრომისო ადამიანებს, რომელთაც მძაფრად აქვთ განვითარებული პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის გრძნობა. ამ დროს ფსიქიკური ტრავმა, ჩვეულებრივ, ღრმავდება ან თავად ავადმყოფი იწვევს მას.
სიმპტომები და მიმდინარეობა. დეპრესიის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა ასთენია, რომლისთვისაც დამახასიათებელია შფოთვის სინდრომი, მაღალი მგრძნობელობა ყოველგვარი (სმენითი, მხედველობითი, ყნოსვითი, ტაქტილური) გამღიზიანებლის მიმართ.
საზოგადოდ, დეპრესია მდგომარეობაა, რომელსაც შეუძლია, ადამიანს დიდი ხნით დააკარგვინოს ემოციური წონასწორობა და გააუარესოს მისი ცხოვრების ხარისხი (შრომითი საქმიანობა, პირადი ცხოვრება და დასვენება). დეპრესია უმეტესად ფსიქოლოგი ური ტრავმის ან რაიმე ნეგატიური მოვლენის (ახლობლის გარდაცვალების) საპასუხო რეაქციაა, თუმცა არც ის არის გამორიცხული, სრულიად უმიზეზოდ განვითარდეს. მისთვის დამახასიათებელია სევდა, მოწყენილობა ან გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, საქმიანობის, კვების, ინტიმური ცხოვრების მიმართ ინტერესის დაკარგვა, მომავლის იმედის უქონლობა, მუდმივი დაღლილობა, კონცენტრაციის უნარის მოშლა, წონის მკვეთრი კლება ან მატება, ტკივილი თავის, გულის, ზურგის არეში (ორგანული დაზიანების არარსებობის ფონზე), საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ გაზვიადებული ყურადღება, სიკვდილის შიში. ზოგჯერ ასეთი პაციენტი ექიმს ეუბნება, რომ ეშინია, არ გაგიჟდეს.
ჰიპოქონდრიული ნევროზი
ჰიპოქონდრიული ნევროზი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანს ჰგონია, რომ უკურნებელი სენი სჭირს და საკუთარ ჯანმრთელობას გადამეტებულად ადევნებს თვალყურს. ნევროზის ამ ფორმას შესაძლოა სათავე დაუდოს სხვა სახის, მაგალითად, ფობიურმა ნევროზმა ან დამოუკიდებლად განვითარდეს განსაზღვრული ხასიათის ფსიქომატრავმირებელი სიტუაციის შედეგად.
სიმპტომები და მიმდინარეობა. ჰიპოქონდრიული ნევროზის უკეთ დასახასიათებლად განვიხილოთ ასეთი მაგალითი: ვთქვათ, მიოკარდიუმის ინფარქტით გარდაცვლილი ახლობლის დასაფლავების დროს ადამიანს გულში უსიამოვნო შეგრძნება გაუჩნდა. ამ არეში განმეორებითმა "ტკივილმა" შესაძლოა გულის დაავადების ეჭვი გააჩინოს. ექიმი ვერ პოულობს ამ დაავადების ობიექტურ ნიშნებს, ამიტომ პაციენტი სხვა ექიმს მიმართავს. ასეთ ადამიანებს ზოგჯერ მართლაც აღმოაჩნდებათ განსაზღვრული ფუნქციური სომატური დარღვევები, მაგრამ ისინი არ შეესაბამება წარმოსახვითი დაავადების სიმძიმეს. უკურნებელი დაავადების არსებობის შესახებ ეჭვი აკვიატებული ხდება.
საწყის ეტაპზე, ჰიპოქონდრიული სიმპტომატიკის შესაბამისი მკურნალობის ფონზე, ეს დაავადება შესაძლოა შესუსტდეს ან საერთოდ გაქრეს. უფრო შორს წასულ შემთხვევებში ხდება პიროვნების ჰიპოქონდრიული განვითარება, რაც ძნელად ემორჩილება თერაპიას.
მკურნალობა
ნევროზის მკურნალობა რთულია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის პრევენციას, რაც გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას, სოციალური მდგომარეობის შეძლებისდაგვარად გაუმჯობესებას, სტრესული ფაქტორებისთვის თავის არიდებას. დაავადების ადრეულ ეტაპზე ნეიროფსიქოლოგთან მისვლა გააადვილებს მკურნალობას, ხელს შეუწყობს პიროვნების ჰარმონიულ განვითარებას, ფსიქოტრავმული სიტუაციების შემცირებისა და განეიტრალების უნარის გამომუშავებას. დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოთერაპიას.
განვითარებულ ქვეყნებში პირადი ფსიქოთერაპევტის ყოლა ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ შემთხვევაში ნეიროფსიქოლოგის ფუნქცია იქნება დაავადების პროფილაქტიკა და არა მკურნალობა, რაც გაცილებით შედეგიანი და ქმედითია.
თანამედროვე შეხედულებით, ნევროზული მოშლილობები სისტემური დისბალანსის შედეგია - ცუდ განწყობას უცილობლად თან სდევს ნეიროქიმიური და ენდოკრინული ცვლის დარღვევები, ამიტომ სპეციალისტი, ვიდრე დიაგნოზს დასვამს და მკურნალობას დანიშნავს, ისწრაფის, ყოველმხრივ და ზედმიწევნით გამოიკვლიოს ორგანიზმის ყველა სისტემის მუშაობა.
ნევროზის მკურნალობისას უთუოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული შინაგანი ორგანოებისა და მათი სისტემების ფუნქციური შესაძლებლობები. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი, ენდოკრინული სისტემების გამოკვლევა. ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ სამკურნალო ღონისძიებათა კომპლექსში უნდა ჩაერთოს პრეპარატები, რომლებიც ამ ორგანოთა მუშაობას არეგულირებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისტემური ნევროზების, გულთან დაკავშირებული ფობიების მკურნალობისას. ფსიქიკური ტონუსის დაწევა იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს, ისე რომ, ნევროზით შეპყრობილი ადამიანი სომატური დაავადებებისგან ნაკლებად არის დაზღვეული. ფსიქიკური ჯანმრთელობის აღდგენა ხელს უწყობს ფიზიკური სიჯანსაღის შენარჩუნებას. სიცოცხლისუნარიანი, სრულფასოვნად მცხოვრები ადამიანები უფრო იშვიათად ცივდებიან.
ფიზიკური უქეიფობა შესაძლოა ამა თუ იმ ნევროზული მოშლილობის გამოხატულება იყოს. ასეთი ადამიანები ხშირად დადიან ექიმებთან, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზს ვერ პოულობენ. ნევროზული მოშლილობა თავს იჩენს ცხოვრების ყველა სფეროში და საგრძნობლად ამცირებს მის ხარისხს. ადამიანი, რომელიც ვერ მიმხვდარა, რა ხდება მის თავს, ამ ნეგატიურ ცვლილებებს შეუქცევადად მიიჩნევს და ამით ფაქტობრივად უარს ამბობს ჯანმრთელობისთვის ბრძოლაზე, რაც უფრო მეტად ამძიმებს მის ისედაც არასახარბიელო მდგომარეობას. ნებაზე მიშვებული ნევროზული მდგომარეობა შეიძლება გაღრმავდეს, ექიმთან დროული ვიზიტი კი დაზოგავს პაციენტის სულიერ ძალებს რეალურ სირთულეებთან ბრძოლისათვის. ნევროზის მკურნალობისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მედიკამენტურ (ტრანკვილიზატორებით, ანტიდეპრესანტებით, სედაციური საშუალებებით) თერაპიას, მაგრამ მხოლოდ მედიკამენტებით სრული განკურნება შეუძლებელია. მთავარი საშუალება ფსიქოთერაპიაა. მნიშვნელოვანია, თითოეული ავადმყოფისთვის ინდივიდუალურად შეირჩეს ფსიქოთერაპიის ზუსტად ის მეთოდი, რომელიც ყველაზე ეფექტური აღმოჩნდება. ნევროზულ პრობლემებზე ექიმთან საუბარი ნიშნავს პირველი ნაბიჯის გადადგმას გამოჯანმრთელების გრძელ გზაზე. ნევროზისა და ნევრასთენიის კომპლექსურ თერაპიაში კარგ შედეგს იძლევა აუტოტრენინგი, ჰიპნოზი, ოჯახური ფსიქოთერაპია, მშვიდი გარემო, სწორად შერჩეული კვების, შრომისა და დასვენების რეჟიმი, დიეტა, ბუნებაში გასეირნება, მასაჟი, წყლის პროცედურები, ერთი სიტყვით, ცხოვრების ჯანსაღი წესი.
სიახლეები
ანგიოლოგიური (სისხლძარღვოვანი) პათოლოგიების კომპლექსური კვლევა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სერვისი
ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა
სასარგებლო ბმულები