პოლიკისტოზი
პოლიკისტოზი
თარიღი: 2015-02-15
დათვალიერება: 5506
საკვერცხეების ძირითადი ფუნქციაა ოვულაცია ანუ მომწიფებული კვერცხუჯრედის გადმოსვლა საკვერცხიდან. პოლიკისტოზი არის საკვერცხის გადაგვარება, როდესაც ოვულაცია არ ხდება, ანუ ადგილი აქვს ანოვულაციას. ფოლიკულის გარსი, სადაც კვერცხუჯრედი არის მოთავსებული, სქელდება, რის გამოც შემდეგი ოვულაცია ფერხდება. იკვრება მანკიერი წრე – გასქელებული ფოლიკულის გარსი, ანოვულაცია, ისევ გარსის გასქელება და ა. შ.
უფრო მოკლედ რომ განვსაზღვროთ, პოლიკისტოზი ანოვულაციასთან დაკავშირებული სიმპტომო-კომპლექსია, რომლის დროსაც სქელდება საკვერცხის გარსი, რომელიც პატარა ან დიდ კისტებს შეიცავს.
არსებობს პოლიკისტოზის სამი ფორმა:
შტეინ-ლევენტალის სინდრომი ანუ საკვერცხისმიერი პოლიკისტოზი, რომელიც, ძირითადად, თანდაყოლილი დაავადებაა.
პოლიკისტოზის ჰიპოთალამური ფორმა, რაც ჰიპოთალამურ სინდრომთანაა დაკავშირებული და ვლინდება წონის, მადის, თმიანობის მომატებით, მას ახასიათებს ანოვულაციაც.
შერეული ფორმა, რომელიც თირკმელზედა ჯირკვალსა და საკვერცხეში სტეროიდული ჰორმონის სინთეზის დეფექტის შედეგია.
პოლიკისტოზის ხელშემწყობი ფაქტორებია:
გენეტიკური წინასწარ განწყობა;
ნათესავებს შორის ქორწინება;
ნებისმიერი ენდოკრინული დაავადება, რომელიც ანოვულაციას იწვევს.
პოლიკისტოზის კლინიკური ნიშნები ცვალებადობს იმის მიხედვით, დაავადების რა ფორმაა გამოხატული, თუმცა არსებობს საერთო ნიშნებიც:
ჰირსუტიზმი ანუ ჭარბთმიანობა მამაკაცის ტიპის;
სიმსუქნე;
მენსტრუალური ციკლის მოშლა – შესაძლოა ქალმა ვერც შეამჩნიოს, რომ ციკლი დარღვეული აქვს და აღენიშნება ანოვულაცია. (ოვულაციის არსებობა დგინდება რექტალურად ანუ უკანა ტანში ტემპერატურის ცვალებადობის მიხედვით); უშვილობა.
პოლიკოსტოზის დასადგენად გამოიყენება:
ავადმყოფის კლინიკა;
საკვერცხის ხელით გასინჯვა ექიმის მიერ – ამ დროს ისინჯება ნორმასთან შედარებით 2-3-ჯერ გადიდებული და გამკვრივებული საკვერცხეები;
ულტრაბგერითი გამოკვლევა;
ლაპაროსკოპია;
მალუთეინიზირებელი ჰორმონის განსაზღვრა სისხლში.
პოლიკისტოზის დროს გამოიყენება როგორც კონსერვატიული მკურნალობა ჰორმონალური პრეპარატებით, ასევე ქირურგიული მკურნალობა. გაუთხოვარ ქალებში ოპერაციის გაკეთებე არაა მიზანშეწონილი, რადგან თუ ოპერაციის შემდგომ უახლოეს 6 თვეში ქალი არ გათხოვდა და არ დაორსულდა, თავს იჩენს დაავადების რეციდივი (განმეორება). პოლიკისტოზზე ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
სიახლეები
ანგიოლოგიური (სისხლძარღვოვანი) პათოლოგიების კომპლექსური კვლევა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სერვისი
ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა
სასარგებლო ბმულები