ათეროსკლეროზი
ათეროსკლეროზი
თარიღი: 2014-03-26
დათვალიერება: 5221
ათეროსკლეროზი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც არტერიის კედლები სქელდება და ეშვება, სანათური ვიწროვდება და სისხლის მიმოქცევა ძნელდება. დაავადება შუახნის და ასაკოვან ადამიანებს ემართებათ, თუმცა არ არის გამორიცხული, ათეროსკლეროზული ცვლილებები ბავშვებსაც (ახალშობილებსაც კი) აღმოაჩნდეთ.
განსაკუთრებით სარისკოა ასაკის (35 წლის ზემოთ) და სტრესის თანხვედრა. დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით ფაქტორს. ათეროსკლეროზის განვითარებას ხელს უწყობს ზოგიერთი დაავადებაც, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, პოდაგრა, ნაღველკენჭოვანი დაავადება. დაავადების კიდევ ერთი რისკფაქტორია მაგრამ არა უშუალო მიზეზი ცხოველური ცხიმის ჭარბი მიღება.
ათეროსკლეროზის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ფიზიკური აქტივობის სიმცირე, ფსიქოემოციური გადაძაბვა, ნერვული სისტემის ტრავმა, ცხოვრების დაძაბული რიტმი, ხმაური, სპეციფიკური სამუშაო გარემო და სხვა.
დაავადების განვითარების მექანიზმი. ჯანმრთელი ადამიანის სისხლი თავისუფლად მიედინება არტერიებში, აღწევს სხეულის ყველა უბანს და მას ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს. სისხლში არსებული ჭარბი ქოლესტერინი სისხლძარღვების შიგნითა ზედაპირზე ილექება და წარმოქმნის ათეროსკლეროზულ ფოლაქებს, რომლებიც უმთავრესად ცხიმისა და კალციუმისგან შედგება. დროთა განმავლობაში ათეროსკლეროზული ფოლაქის ზედაპირზე ილექება თრომბოციტები (სისხლის შედედებაში მონაწილე სისხლის ელემენტები) და ცილები. ჩნდება თრომბი.
თრომბი, გარდა იმისა, რომ უფრო მეტად ავიწროებს არტერიის სანათურს, იმითაც არის საშიში, რომ შეიძლება მოსწყდეს ნაწილი, რომელიც სისხლის ნაკადის მეშვეობით მანამდე გადაადგილდება სისხლძარღვში, ვიდრე სადმე არ გაიჭედება. დახშული სისხლძარღვი სისხლის მიმოქცევას მკვეთრად არღვევს. რომელიმე ორგანოს (ან მის ნაწილს) სისხლი აღარ მიეწოდება და ის კვდება.
გულის მკვებავი სისხლძარღვის დაზიანებისას მიოკარდიუმის ინფარქტი ვითარდება, ხოლო თუ ათეროსკლეროზმა თავის ტვინის მკვებავი არტერია დააზიანა, მოსალოდნელია ინსულტი. დაავადება წლობით მიმდინარეობს, ნელ-ნელა პროგრესირებს და უფრო და უფრო მეტ სისხლძარღვს აზიანებს.
როცა სისხლძარღვის სანათური 2-ჯერ შევიწროვდება, ადამიანი ამა თუ იმ ქსოვილის ან ორგანოს სისხლით მომარაგების უკმარისობის პირველ ნიშნებს შეიგრძნობს.
სიმპტომები და მიმდინარეობა
ათეროსკლეროზის გამოვლინება მის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული.
აორტის ათეროსკლეროზი ვლინდება თანდათანობით მზარდი არტერიული ჰიპერტენზიის სახით. უარეს შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს აორტის აშრევებადი ანევრიზმა აორტის კედელი მეტისმეტად თხელდება, შიგნიდან კი თრომბი აწვება, ამიტომ მოსალოდნელია აორტის გახეთქვა.
აორტის რკალის ათეროსკლეროზი იწვევს თავის ტვინის სისხლძარღვოვან უკმარისობას, რაც თავბრუხვევას, გულის წასვლას განაპირობებს. მოსალოდნელია ინსულტიც. გულის კორონარული არტერიების ათეროსკლეროზი გულის იშემიური დაავადების მიზეზად იქცევა.
ჯორჯლის არტერიის (ნაწლავების მკვებავი არტერიის) ათეროსკლეროზმა შეიძლება გამოიწვიოს:
არტერიის ტოტების თრომბოზი, რაც, თავის მხრივ, ნაწლავის კედლისა და ჯორჯლის ნეკროზს განაპირობებს;
მუცლის კოლიკის (ჭვალის) მსგავსი შეტევა, რომელიც ჭამის შემდეგ იჩენს თავს, არცთუ იშვიათად თან სდევს ღებინება და მუცლის შებერვა.
თირკმლის არტერიის ათეროსკლეროზის დროს თირკმელებში სისხლის მიმოქცევა ირღვევა, რაც მყარ, მკურნალობისადმი დაუმორჩილებელ არტერიულ ჰიპერტენზიას იწვევს. მისი შედეგი ნეფროსკლეროზი და თირკმელების ქრონიკული უკმარისობაა.
სასქესო ასოს სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანება, რომელიც თამბაქოს წევის, შაქრიანი დიაბეტისა და ჰიპერტენზიის ფონზე ვითარდება, ერექციის დარღვევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია.
ქვედა კიდურთა არტერიების ათეროსკლეროზს ავლენს წვივების ქრონიკული ტკივილი, რომელიც სიარულისას აღმოცენდება და დასვენებისას ქრება. სიარულის დროს ფეხის კუნთების ტკივილი ადამიანს შეჩერებას აიძულებს. ამას ხანგამოშვებით კოჭლობას უწოდებენ. დიაგნოსტირება. ავადმყოფის ჩივილების საფუძველზე ექიმი გამოკვლევის გეგმას ადგენს. პირველ ყოვლისა, აუცილებელია სისხლის ბიოქიმიური ანალიზი და ქოლესტერინის დონის განსაზღვრა. შემდეგ, საჭიროებისამებრ, ტარდება გამოკვლევა. მაგალითად, თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი შესაძლოა კარგა ხანს უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, მაგრამ კვლევის თანამედროვე მეთოდი ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია მის ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა. სისხლძარღვთა მდგომარეობის შესასწავლად მიმართავენ კორონაროგრაფიას, რომლის მეშვეობითაც ზუსტად განისაზღვრება ათეროსკლეროზული ფოლაქის ადგილმდებარეობა.
მკურნალობა
ათეროსკლეროზს და მის შედეგებს ქირურგიული მეთოდით მკურნალობენ, რომლის მიზანია შევიწროებული სისხლძარღვების ბალონური გაფართოება, ათეროსკლეროზული ფოლაქის მოცილება, სისხლძარღვის დაზიანებული ნაწილის სტენტირება, სისხლის ნაკადისთვის ახალი გზის შექმნა და ა.შ.პროფილაქტიკა. ჯანმრთელობის შენარჩუნება ამ რადიკალური ჩარევის გარეშეც შეიძლება. მაგალითად, თუ ფეხების ტკივილი იგრძენით, სიარულს კი არ უნდა მოუკლოთ, არამედ მოუმატოთ. ტკივილის აღმოცენებისას შეისვენეთ, შემდეგ კი, როცა ტკივილი გაგივლით, ოდნავ უფრო ნელ ტემპში განაგრძეთ სიარული. სიარული კოლატერალური სისხლძარღვების ამუშავებას უწყობს ხელს და მდგომარეობა შესამჩნევად უმჯობესდება.
დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ჯანსაღ წესს: ჯანსაღ კვებას, სიგარეტის მიტოვებას, ექიმთან დროულ ვიზიტსა და პროფილაქტიკურ გამოკვლევას. არსებობს პრეპარატებიც, რომლებიც სისხლში ქოლესტერინის შემცველობას ამცირებს.
სიახლეები
ანგიოლოგიური (სისხლძარღვოვანი) პათოლოგიების კომპლექსური კვლევა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სერვისი
ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა
სასარგებლო ბმულები