თქვენს ვებ-ბრაუზერს ან არ აქვს JavaScript-ის მხარდაჭერა, ან სკრიპტების გამოყენება დაბლოკილია!

მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური

ცენტრი

ლარინგიტი

ლარინგიტი

თარიღი: 2015-07-17

დათვალიერება: 14345

ლარინგიტი არის ხორხის ლორწოვანი გარსის მწვავე ან ქრონიკული ანთება. ხშირდება გრიპის ეპიდემიის პერიოდში - გვიან შემოდგომაზე, ზამთარში და ადრე გაზაფხულზე.

მწვავე ლარინგიტის დროს ავადმყოფს აქვს ყელში ჩახეხვის, სიმშრალის, ფხაჭნის შეგრძნება, ახველებს, თავდაპირველად - მშრალად, შემდეგ კი შესაძლოა, ნახველიც გაუჩნდეს, ხმა ეხლიჩება, შესაძლოა, დაკარგოს კიდეც. განასხვავებენ მწვავე ლარინგიტის ორ ფორმას: კატარულს და ფლეგმონურს.

მწვავე კატარული ლარინგიტი არის ხორხის ლორწოვანი გარსის, ლორწქვეშა შრისა და კუნთების კატარული ანთება. დამოუკიდებელი დაავადების სახით იშვიათად გვხვდება - ჩვეულებრივ, ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის სიმპტომს წარმოადგენს.

მწვავე ფლეგმონური ლარინგიტი ხორხის მწვავე ანთებითი დაავადებაა, რომლის დროსაც ჩირქოვანი პროცესი ვრცელდება ხორხის არა მარტო ლორწქვეშა შრეში, არამედ კუნთებში, იოგებში, ზოგჯერ ხრტილზედა შრესა და ხრტილშიც კი.

სამკურნალოდ აუცილებელია გამომწვევი მიზეზის დადგენა და მასთან ბრძოლა. ხორხის დასასვენებლად ავადმყოფს ეძლევა რეკომენდაცია, 5-7 დღის განმავლობაში არ ილაპარაკოს, ეკრძალება მოწევა, სპირტიანი სასმელების მიღება. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ცხარე სანელებლები. სასარგებლოა თბილი სასმელების (რძე, ბორჯომი) სმა, გვირილისა და სალბის ნახარშის გამოვლება, თბილი ტუტე ინჰალაცია, ანტიბიოტიკების აეროზოლით ინჰალაცია, ყელის თბილად შეხვევა, ფეხის თბილი აბაზანები (42-45ოჩ 20-30 წუთის განმავლობაში). ხველების შემთხვევაში ინიშნება ხველების საწინააღმდეგო პრეპარატი (ლიბექსინი, კოდეინი). მიმართავენ მკურნალობის ფიზიოთერაპიულ მეთოდებსაც.

ქრონიკული ლარინგიტი ხორხის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელსაც იწვევს შემდეგი ფაქტორები:

ხშირი მწვავე ლარინგიტი;

ხმის ხანგრძლივი და მეტისმეტი დაძაბვა;

ნიკოტინი;

ალკოჰოლი;

მტვრისა და აირების ჩასუნთქვა;

ქრონიკული ტონზილიტი, ფარინგიტი, სინუსიტი. მისდამი მიდრეკილნი არიან გულითა და ფილტვებით დაავადებულნიც. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების ზემოქმედებით ზიანდება ხორხის ქსოვილი და ვითარდება დისტროფიული პროცესი.

განასხვავებენ ქრონიკული ლარინგიტის კატარულ, ჰიპერტროფიულ და ატროფიულ ფორმებს.

ქრონიკული კატარული ლარინგიტის დროს საქმე გვაქვს ხორხის ლორწოვანი გარსის დიფუზურ ანთებასთან. ახასიათებს:

ხმის ჩახლეჩა;

პერიოდული ხველა ნახველით.

მკურნალობა გულისხმობს დაავადების გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრას, ხმის დამზოგველ რეჟიმს, რაციონიდან ცხელი საკვების, ნიკოტინისა და ალკოჰოლის გამორიცხვას, ზეთოვანი და ტუტე ხსნარებით ინჰალაციას, ადგილობრივ ანტიბიოტიკოთერაპიას. ეფექტურია ფიზიოთერაპიაც.

ქრონიკული ჰიპერტროფიული ლარინგიტის დროს ზიანდება ლორწქვეშა შრე. დამახასიათებელია:

ხმის ჩახლეჩა სრულ დაკარგვამდე;

ყელში წვისა და დისკომფორტის შეგრძნება.

მკურნალობა ისეთივეა, როგორიც კატარული ფორმის დროს. ზოგიერთ შემთხვევაში მიმართავენ ქირურგიულ მკურნალობასაც.

ქრონიკული ატროფიული ლარინგიტის დროს ხდება ხორხის ლორწოვანი გარსის ატროფია. ახასიათებს:

ყელში სიმშრალის, ფხაჭნისა და უცხო სხეულის შეგრძნება;

მშრალი ხველა, ხმის ჩახლეჩა.

მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია. გამოიყენება ტუტოვანი და ზეთოვანი ინჰალაცია, წასასმელად - იოდგლიცერინის ხსნარი.

სიახლეები

ანგიოლოგიური (სისხლძარღვოვანი) პათოლოგიების კომპლექსური კვლევა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სერვისი

ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა