ნეიროცირკულარული დისტონია
ნეიროცირკულარული დისტონია
თარიღი: 2015-09-02
დათვალიერება: 31812
ზოგიერთი დაავადების დახასიათება შესაძლებელია რამდენიმე სიტყვით, ნეიროცირკულარული დისტონიის (ნცდ-ის) ერთი, ორი და თუნდაც რამდენიმე ფრაზით აღწერა კი ვერ მოგვცემს ამ პათოლოგიური მდგომარეობის სრულ და ზუსტ სურათს, რადგან მას აქვს რამდენიმე დაავადების მსგავსი სიმპტომები. შეიძლება ითქვას, რომ ნცდ ორგანიზმის ყველა სისტემის მოშლის ცოცხალი მაგალითია, რითაც ვლინდება ამ დაავადების ერთ-ერთი ძირითადი თვისება - სიმპტომთა მრავალფეროვნება. არსებობს უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადებები. ზოგჯერ დაავადება მხოლოდ ერთი სუბიექტური ნიშნით ვლინდება, ნცდ-ის დროს კი ადამიანს ყველაფერი "სტკივა". თუ ავადმყოფს აწუხებს მხოლოდ ერთი რამ, მაგალითად, გული და მეტი არაფერი, მაშინ ეს ჯერ კიდევ არ არის ნცდ.
ნცდ-ს უმეტესად ქალები უჩივიან, დაავადება, ჩვეულებრივ, ახალგაზრდობისას იწყება, მაგრამ ვლინდება 30-40 ან 46-59 წლის ასაკში. ნცდ-ით დაავადებულები უმეტესად თავდაჯერებას მოკლებული, მოუსვენარი, მშფოთვარე და სუსტი ნებისყოფის ადამიანები არიან. ისინი უკმაყოფილონი არიან საკუთარი თავით, განსაკუთრებით კი ჯანმრთელობით და ამაში სხვებს (განსაკუთრებით - ექიმებს) ადანაშაულებენ. ისინი იშვიათად არიან კარგი მუშაკები, რადგან მუდმივი უგუნებობის გამო საქმეს გულს ვერ უდებენ. მათი უმრავლესობა, როდესაც ხვდება, რომ ვერ ახერხებს პროფესიულ ზრდას, სამსახურს თავს ანებებს ან უფრო იოლ სამუშაოზე გადადის. ისინი მოსაწყენი, მძიმე პიროვნებები არიან. დადიან ექიმებთან, თავს კომფორტულად გრძნობენ სამკურნალო დაწესებულებაში, უყვართ გამოკვლევების ჩატარება და მკურნალობა მოდური მეთოდებით, თუმცა ზოგიერთი თავის დაავადებასთან მარტო რჩება და ბედს ეგუება.
ნცდ-ით დაავადებულებს ხშირად უჭირთ თავიანთი ჩივილების აღწერა. მათ, უპირველეს ყოვლისა, აწუხებთ "ძნელად გადმოსაცემი" განცდები, თავს ცუდად გრძნობენ, უჩივიან სისუსტეს, დროდადრო, ემოციის, გადაღლის, ამინდის ცვალებადობის ფონზე ანდა უმიზეზოდ, კარგავენ გონებას. ზოგჯერ აწუხებთ თავში სიმძიმის შეგრძნება, კიდურების დაბუჟება, სიცივე, ჩხვლეტის შეგრძნება. ჩივილების მრავალფეროვნება, დაავადების სხვადასხვა ეტაპზე მათი სხვადასხვაგვარი გამოვლენა ქმნის სხვადასხვა დაავადების შთაბეჭდილებას, რადგან ზოგჯერ წინა პლანზე სუბფებრილური ტემპერატურა და სისუსტე წამოიწევს, ზოგჯერ - ტკივილი, ზოგჯერ - სუნთქვის მოშლილობა, ზოგჯერ - ვეგეტაციური კრიზი და სხვა. ავადმყოფები უჩივიან სუბფებრილურ ტემპერატურას, სისუსტესა და სიცხის შეგრძნებას, მაგრამ ამ სიმპტომებს არ აქვს მუდმივი ხასიათი, კიდურები უსველდებათ და უცივდებათ, მოულოდნელად უწითლდებათ სახე, მთელი სხეული უხურთ. დაავადებულები ძნელად იტანენ სიცხეს, უხვად სდით ოფლი. ოფლდენას ხშირად ლოკალური ხასიათი აქვს, თან ახლავს პირისა და ტუჩების სიმშრალე და წყურვილის შეგრძნება. ავადმყოფებს ყელსა და გულმკერდზე ხშირად უჩნდებათ წითელი ლაქები, რომლებიც ჭინჭრის ნასუსხს ჰგავს. ავადმყოფთა დიდ ნაწილს ნერვიულობის დროს უვითარდება ზედა კიდურების ტრემორი (კანკალი), ზოგჯერ - შინაგანი კანკალის შეგრძნებაც. თითქმის მუდმივად აწუხებთ სახსრების, კუნთების, ძვლების ტკივილი და ტეხა, რომელიც უფრო მოსვენებისას იჩენს თავს, ვიდრე მოძრაობისას. ქალებს აღენიშნებათ ქუთუთოების შეშუპება დილაობით ან ფეხების პასტოზურობა საღამოობით. არცთუ იშვიათად მძაფრდება მენსტრუაციამდელი სინდრომი. ხშირია დისპეფსიური ხასიათის ჩივილები - მუცლის ტკივილი, შებერილობა, ჭრა, ყურყური, ცხარე საკვების აუტანლობა. არცთუ იშვიათია ყავის და თითქმის მუდმივია ყოველგვარი ალკოჰოლური სასმლის აუტანლობა, თვით იდიოსინკრაზიის ჩათვლით. საკმაოდ ხშირად აღინიშნება ძილის დარღვევა - ძილი ხდება ზედაპირული, მშფოთვარე, ავადმყოფს აწუხებს კოშმარული სიზმრები, ახალგაღვიძებულზე უჩივიან სისუსტეს. გულისრევა და ღებინება დილაობით უმთავრესად ქალებისთვის არის დამახასიათებელი.
დაავადებულთა ნაწილს, განსაკუთრებით - ისტერიკულ პირებს, უქვეითდება მადა თვით ანორექსიის ჩათვლითაც კი. მრავალი ავადმყოფისთვის დამახასიათებელია შფოთვა, ეჭვიანობა, უგუნებობა, საკუთარი თავის რწმენის უქონლობა და პესიმიზმი. არცთუ იშვიათად ამას ენაცვლება სრულიად საპირისპირო თვისებები - საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა და ეგოიზმი. ეს შინაგანი კონფლიქტი იწვევს მიდრეკილებას ისტერიკული რეაქციების, გულის წასვლის, ჰაერის უკმარისობის, კიდურების სპაზმური შეკუმშვებისა და კანკალის მიმართ. იშვიათი არ არის სქესობრივი დარღვევები: ქალებში - ფრიგიდულობა, მამაკაცებში - იმპოტენცია.
ქალების უმრავლესობას აღენიშნება მენსტრუაციამდელი სინდრომი და სხვადასხვა დიზოვარიული დარღვევა. ზემოთ აღწერილი სიმპტომატიკა ნცდ-ის კლინიკური სურათისთვის არის არა წამყვანი, არამედ ფონური. ძირითადი სიმპტომებიდან აღსანიშნავია ტკივილი გულის არეში, არიტმია ან გულის ფრიალი, ტაქიპნოე ან დისპნოე, სისხლძაღვოვანი დისტონია და ვეგეტაციური დისფუნქცია. ეს სიმპტომები აღენიშნება პარაქტიკულად ყველა დაავადებულს, განსაზღვრავს დაავადების სიმძიმეს, განაპირობებს შრომის უნარის დაქვეითებას ან დროებით დაკარგვას. აღნუსხულია ნცდ-ის 40-მდე ყველაზე ხშირად გამოვლინებადი სიმპტომი. ერთ ავადმყოფს 9-დან 26-მდე სიმპტომი აღენიშნება. ყველაზე ხშირია: ტკივილი გულის არეში (98%); სისუსტე და ადვილად დაღლა (97%); ნერვული მოშლილობანი - გაღიზიანებადობა, შფოთვა, მოუსვენრობა, ხასიათის გაფუჭება (95%); თავის ტკივილი (88%); სუნთქვითი მოშლილობანი - ჰაერის უკმარისობა, ხშირი ღრმა ჩასუნთქვის საჭიროება (85%); გულისცემის შეგრძნება (83%); კიდურების გაცივება და პარესთეზია (75%); ძილის დარღვევა (73%); ვეგეტო-სისხლძარღვოვანი პაროქსიზმი (64%); თავბრუხვევა, თვალების დაბნელება (62%); მენსტრუაციამდელი სინდრომი (59%); ხელების კანკალი, შინაგანი კანკალის შეგრძნება (54%); კარდიოფობია (54%); მუცლის ტკივილი (50%); სასხრების ტკივილი, მიალგია, ნევრალგია (50%); ჩქარი სიარულის დროს ქოშინი (44%); დილაობით სახისა და ქუთუთების ოფლიანობა (44%); გულის დაღლის შეგრძნება (42%); გულისრევის შეგძნება (35%); ყელისა და თავის სისხლძარღვების პულსაციის შეგრძნება (33%); სახესა და ყელზე სიცხის შეგრძნება (31%); იმპოტენცია (30%); სუბფებრილიტეტი (26%); გულის წასვლა (18%); დისმენორეა. დაავადების კლინიკური სურათის მრავალფეროვნების მიუხედავად, ყოველ სიმპტომს სხვადასხვა მნიშნელობა აქვს.
კარდიალგიური სინდრომი (ტკივილი გულის არეში)
გულის არეში ტკივილის სინდრომი ნდც-ით დაავადებულთა 80-100%-ს აღენიშნება. ტკივილის შეგრძნება სხვადასხვა სახისაა: ზოგიერთი გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებას განიცდის, ზოგიერთი კი ისეთ აუტანელ ტკივილს, რომ მოსვენებას კარგავს. ხშირად ტკივილს თან ახლავს სიკვდილის შიში. სხვადასხვანაირია ტკივილის ხასიათიც: ის შეიძლება იყოს მჩხვლეტი, ყრუ, მჭრელი, მოჭერითი, გულის არეში უცხო სხეულის შეგრძნებისმაგვარი და სხვა. ზოგიერთი ავადმყოფი ამბობს, თითქოს "გულზე მარწუხებს უჭერენ", "ბრჭყალებით კაწრავენ" და სხვა. სხვადასხვაგვარია ტკივილის ლოკალიზაციაც. ყველაზე ხშირად ტკივილი აღმოცენდება გულის პრეკარდიულ არეში ან ოდნავ ზემოთ. ბევრი ტკივილს მარცხენა ბეჭში შეიგრძნობს. ნცდ-ის დროს ხშირია პრეკარდიულ არეში მიგრირებადი ტკივილი.
ტკივილის შეგრძნება შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე წამს (მჩხვლეტი) ან რამდენიმე საათს (ყრუ და ზეწოლითი ხასიათისა). მოულოდნელადაც შეიძლება აღმოცენდეს, თანდათანობითაც შეტევითისებურადაც. ტკივილის აღმოცენების პირობები მრავალფეროვანია, თუმცა ყველაზე ხშირი მიზეზია გადაღლა, ფიზიკური გადადაძაბვა, ნერვიულობა, ამინდის ცვალებადობა, მენსტრუაციამდელი პერიოდი, ცხელი საკვებისა და ალკოჰოლის მიღება, ფორსირებული სუნთქვა. ზოგჯერ ტკივილის პროვოცირებას იწვევს მარცხენა ხელით მძიმე ტვირთის აწევა, ზოგჯერ ის თავს იჩენს კოშმარული სიზმრის შემდეგ და ყოველთვის აღმოცენდება ტაქიკარდიის, ვეგეტაციური პაროქსიზმის და არტერიული წნევის მომატების დროს ან შემდეგ. განსაკუთრებით საყურადღებოა ტკივილის კავშირი ფიზიკურ დატვირთვასთან, რადგან ასეთი სიმპტომი სტენოკარდიასაც ახასიათებს. ნცდ-ის დროს ტკივილი აღმოცენდება არა ფიზიკური დატვირთვისა და ხანგრძლივი სიარულის დროს, არამედ მის შემდეგ. ხშირად პაციენტები ამბობენ, რომ ტკივილი სიარულის დროს აღმოცენდება, მაგრამ თუ ექიმი კარგად ჩაეკითხება, აღმოჩნდება, რომ ამ დროს ტკივილი კი არ ჩნდება, არამედ ძლიერდება. როგორც წესი, ტკივილი არ ქრება შესვენების შემდეგ.
ნცდ-ის დროს გულის არეში განვითარებულ ტკივილს თან ახლავს შფოთვა, მოუსვენრობა, უგუნებობა, მოთენთილობა, სისუსტე. შეტევისებურ და ძლიერ ტკივილს ხშირად სდევს თან შიში და ვეგეტაციური მოშლილობა - ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, გულისცემის შეგრძნება, თავბრუხვევა, ოფლიანობა, შინაგანი კანკალი და არტერიული წნევის მომატება. სუსტი და ზომიერი ტკივილი, ჩვეულებრივ, არ საჭიროებს წამლის მიღებას და თავისთავად გაივლის. ზოგჯერ მის მოსახსნელად საკმარისია ყურადღების სხვა საგანზე გადატანა.
ზომიერი და ძლიერი ტკივილის შემთხვევაში ავადმყოფი იძულებულია, მიიღოს სხვადასხვა "საგულე" საშუალება, რომელთაც, როგორც წესი, მხოლოდ დროებითი შვება მოაქვთ.
ავადმყოფთა უმრავლესობა (98%) უპირატესობას ანიჭებს ვალოკორდინს ან კორვალოლს. ზოგიერთი იღებს ვალიდოლს, მაგრამ არა რეგულარულად. ნცდ-ით დაავადებულთა საკმაოდ დიდ ნაწილში ნიტროგლიცერინი იწვევს გვერდით ეფექტებს: ხმაურის შეგრძნებას თავში, გულისცემისა და ცხელების შეგრძნებას, თავის ტკივილს და სხვა, რის გამოც ამ პრეპარატს პრაქტიკულად არ იყენებენ.
სუნთქვითი მოშლილობანი
სუნთქვითი მოშლილობა ნცდ-ის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა. რესპირატორულ სინდრომს ახასიათებს ტაქიპნოე, ფიზიკური დატვირთვისა და მღელვარების დროს ზედაპირული სუნთქვის გახშირება, ჩასუნთქვის გაძნელება - ავადმყოფს არ ჰყოფნის ჩასუნთქული ჰაერი და აქვეს ღრმად ჩასუნთქვის მოთხოვნილება. ზოგჯერ სუნთქვითი დარღვევები აღწევს "მოხრჩობის", "ნევრასთენიული ასთმის" ან "სუნთქვითი კრიზის" ხარისხს. ამ დროს სუნთქვა შეიძლება წუთში 30-50 იყოს. არსებობს სუნთქვის მოშლილობის წაშლილი ფორმაც, ამ დროს მოსალოდნელია დისკომფორტი სუნთქვის დროს, ყელზე ზეწოლა, ავადმყოფი ვერ იტანს ჩახუთულ შენობაში ყოფნას, ფანჯარა მუდამ ღია აქვს, ხშირ-ხშირად გადის გარეთ და სხვა. არცთუ იშვიათად ამას თან ახლავს თავბრუხვევა, გულისცემის შეგრძნება, შფოთვა, დახრჩობისა და სიკვდილის შიში. ამ შემთხვევაში აუცილებელია დაავადების დიფერენცირება ბრონქული ასთმისა და გულის უკმარისობისგან.
ნცდ-ის დროს რესპირატორული სინდრომის განსაზღვრა არ არის ძნელი. მას მხოლოდ ეპიზოდური ხასიათი აქვს და მეტწილად ემოციური გადაძაბვის ფონზე ვითარდება. სუნთქვა ხშირია, შიგადაშიგ შეინიშნება ღრმა ჩასუნთქვა. აუსკულტაციურად ხიხინი არ ვლინდება, ამოსუნთქვა ხანმოკლეა, აღინიშნება სუნთქვითი არიტმია.
გულისცემის შეგრძნება, არიტმია და გულის რიტმის სხვა მოშლილობანი
ნცდ-ით დაავადებულთათვის დამახასიათებელია გულისცემის გახშირება. ზოგჯერ ამას თან ახლავს პულსაცია კისერსა და თავის არეში, რომელიც ვითარდება ფიზიკური დატვირთვისას, ზოგჯერ მოსვენების დროსაც, მაგალითად, ღამით, და ხელს უშლის ძილს. ზოგჯერ ავადმყოფი შეიგრძნობს გულის ხანმოკლე გაჩერებას. გულის მუშაობის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია ტაქიკარდია, რომელიც მოსვენებისას წუთში 80-89-დან 130-140 დარტყმამდე მერყეობს. ტაქიკარდია მუდმივი არ არის, იგი სხვადასხვა გამღიზიანებლის საპასუხოდ აღმოცენდება. კერძოდ, გულისცემის გახშირების პროვოცირება შეუძლია ფიზიკურ დატვირთვას, მღელვარებას, საკვების მიღებას, ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლას, ჰიპერვენტილაციას, ასევე - ყავის, ჩაის, ალკოჰოლიანი სასმლის დალევას, მოწევას. ტაქიკარდიის ფონზე არცთუ იშვიათად იმატებს არტერიული წნევა (განსაკუთრებით - სისტოლური). ამ დროს სრულიად უეფექტოა სათითურას პრეპარატები და ნაკლებეფექტურია ნოვოკაინამიდი. შედარებით ეფექტიანია ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორები.
ძალიან იშვითია ბრადიკარდიისკენ მიდრეკილება, რასაც ზოგჯერ თან ახლავს გულის გამტარობის ცვლილებები.
ასთენიური სინდრომი
ასთენიური სინდრომი ამა თუ იმ პერიოდში პრაქტიკულად ყველა ნცდ-ით დაავადებულს უვლინდება, ბევრს კი ეს სინდრომი მუდმივად აღენიშნება. ასთენიური სინდრომი ვლინდება ფიზიკური სისუსტის ან დაღლილობის სახით, რომელიც შეიგრძნობა გაღვიძებისთანავე ან ძლიერდება თანდათანობით და პიკს აღწევს შუადღისას ან საღამოს. წაშლილი ფორმის დროს ასთენია გამოიხატება დაღლილობით მცირე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. სისუსტისა და მუდმივი დაღლილობის სინდრომს თან ახლავს მოთენთილობა და უგუნებობა, თუმცა საწოლში ავადმყოფები თავს კარგად გრძნობენ. ჩვეულებრივ, ასთენია ვლინდება არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ინტელექტუალური დაღლილობით, ყურადღების კონცენტაციის დარღვევით, მეხსიერებისა და ნებისყოფის დაქვეითებითაც. მამაკაცებს შესაძლოა დაუქვეითდეთ პოტენცია. ასთენიური სინდრომის დროს დაქვეითებულია შრომის უნარიც.
ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიისა და ვეგეტოსისხლძარღვოვანი კრიზის სინდრომი
ნცდ-ის კლინიკური ნიშნების უმრავლესობა (ოფლის გამოყოფის, თერომორეგულაციის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, კუნთოვანი ტონუსის დარღვევები, პერიფერიული ვაზომოტორული სიმპტომები, არტერიული წნევისა და პულსის ლაბილურობა, ზოგიერთი სახის ტროფიკული დარღვევა) ვეგეტაციურ დარღვევებზეა დამოკიდებული. ვეგეტაციური ქერქქვეშა ცენტრების დისფუნქციით აიხსნება გულ-სისხლძარღვთა დარღვევების პაროქსიზმული (შეტევითი) ხასიათი. ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირია სისხლძარღვთა ტონუსის დარღვევა, რომელიც რეგიონულიც შეიძლება იყოს და გავრცობილიც. იგი გამოიხატება როგორც სისხლძარღვების სპაზმი და პერიფერიული წინააღმდეგობის მატება ან მათი არაადეკვატური გაფართოება.
სისხლძარღვოვანი დისტონია კლინიკურად ვლინდება თავის ტკივილით, თავბრუხვევით, მხედველობის დროებითი მოშლით, თვალების ქვემოთ შეშუპებით, თავში პულსაციის და ყურში მოპულსირე ხმაურის შეგრძნებით. ასეთი ავადმყოფები ცუდად იტანენ სიმაღლეს, რყევას, ტრანსპორტით მგზავრობას. ნცდ-ის დროს თავის ტკივილი ხშირი და არცთუ იშვიათად წამყვანი სიმპტომია. ტკივილი ლოკალიზდება ნათხემის, საფეთქლისა და კეფის არეში (მუზარადისებურად). როგორც წესი, იგი სუსტია, ხანგრძლივი და ანალგეტიკების მიღებას არ საჭიროებს. უმეტესად ძლიერდება საღამო ხანს. ზოგჯერ მას აქვს პაროქსიზმული ხასიათი, ემთხვევა მეტეოროლოგიურ ცვლილებებს, გადაღლას, ალკოჰლის მიღებას, მოწევას და მენსტრუაციამდელ სინდრომს. ძლიერი თავის ტკივილის დროს, ჩვეულებრივ, ზომიერად იმატებს არტერიული წნევა, ხელის შეხებით ვლინდება მტკივნეული წერტილები საფეთქლისა და კეფის არეში. პერიფერიული ანგიოდისტონიური დარღვევა ვლინდება კიდურების გაცივებით, მათი შეფერილობის ცვლილებით, არტერიული წნევის ასიმეტრიით (კიდურებზე არტერიული წნევა განსხვავებულია). ვენურ ჰიპოტონიას შესაძლოა თან ახლდეს (განსაკუთრებით - ქალებში) კიდურებზე ვენების გაგანიერება, კიდურების შეშუპება და სიმძიმის შეგრძნება საღამო ხანს. ნცდ-ით დაავადებულებს ასევე აღენიშნებათ არტერიული წნევის სპონტანური მატება და კლება. არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულებისგან განსხვავებით, არტერიული წნევა მათ ზომიერად უწევთ და ძირითადად ემოციურ ფაქტორებს უკავშირდება. წნევის ნორმალიზებისთვის ჰიპოტენზიური საშუალებების მიღება, როგორც წესი, არ არის საჭირო.
ნცდ-ის დროს დაბალი წნევა ძალიან იშვიათია, უფრო სწორად, ნცდ-ით დაავადებულ ახალგაზრდა ქალებს ზოგჯერ აქვთ დაბალი არტერიული წნევა, თუმცა ზოგჯერ მაღალი წნევაც აქვთ. ასე რომ, ნცდ-ის ჰიპერტონიულ და ჰიპოტონიურ ტიპებად დაყოფა სწორი არ იქნება.
გულის წასვლა
ფუნქციური გულსისხლძარღვოვანი დარღვევები ძალიან იშვიათია. ისინი მეტწილად გვხვდება ახალგაზრდა, ასთენიისკენ მიდრეკილ, მაღალ გოგონებში. ამის მთავარი მიზეზი ვენური ტონუსის არასრულფასოვნებაა. ვენური მიმოქცევის უკმარისობა ტვინის ჰიპოქსიას და გულის წასვლას განაპირობებს. ნცდ-ის დროს ორთოსტატიკური ტიპის "გულის წასვლა" საშიში არ არის და დროთა განმავლობაში თავისთავად გაივლის. ხშირად ანალოგიური ხასიათის გულის წასვლა შეინიშნება სტრესულ სიტუაციაში როგორც რეაქცია ტკივილზე, შიშზე და სხვა.
თერმორეგულაციის დარღვევა
ნცდ-ით დაავადებულები ცუდად იტანენ ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს. ისინი თავს ცუდად გრძნობენ გრილ შენობაში - ამცივნებთ და იფუთნებიან. ძნელად იტანენ სიცხესაც - ის ამწვავებს მრავალ სიმპტომს. ნცდ-ით დაავადებულთა ნაწილს პერიოდულად (რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე) აღენიშნება სუბფებრილური ტემპერატურა - ჩვეულებრივ, რომელიმე ინფექციური დაავადების (განსაკუთრებით - გრიპის) შემდეგ. დილით, გაღვიძებისას, ტემპერატურა თითქმის ნორმალურია, ან არ აღემატება 37-ს, დღის განმავლობაში კი არაერთხელ იმატებს 37,2-37,7 გრადუსამდე. ტემპერატურის მატებას თან არ სდევს სიცხის შეგრძნება, მაგრამ ახასიათებს სისუსტე, თავის დამძიმება. ბევრი ამას ყურადღებას აქცევს, დღის განმავლობაში რამდენჯერმე იზომავს ტემპერატურას და დარწმუნებულია, რომ მის ორგანიზმში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. კიდურები ცივია, რაც თერმორეგულაციის ადგილობრივ დარღვევაზე მიუთითებს. ნცდ-ის დროს ტემპერატურა არ იკლებს ანტიბიოტიკებისა და სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღების შედეგად.
ვეგეტოსისხლძარღვოვანი კრიზი
ნცდ-ით დაავადებულებს ხშირად ემართებათ ვეგეტოსისხლძარღვოვანი კრიზი. წესისამებრ, ის თავს იჩენს დაავადების ხანგრძლივი და მწვავე მიმდინარეობისას. პაროქსიზმები მოულოდნელად, მეტწილად ღამით, ძილის დროს, ან გაღვიძებისას თითქოსდა უმიზეზოდ აღმოცენდება. ვლინდება კანკალით, შემცივნებით, თავბრუხვევით, გულისცემის შეგრძნებით, ოფლიანობით, თავისა და გულის არეში ტკივილით, ჰაერის უკმარისობის შეგრძნებით, არტერიული წნევის მატებითა და უმიზეზო შიშით. კრიზი 20-30 წუთიდან 2-3 საათამდე გრძელდება. კრიზის დასასრულს არცთუ იშვიათია დიდი ოდენობით შარდის გამოყოფა, ზოგჯერ - თხევადი განავლისაც. კრიზი ზოგჯერ თავისთავად გაივლის, ზოგჯერ კი საჭიროა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება. კრიზის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში, იშვიათად - 2-3 დღეც, ავადმყოფს რჩება სისუსტე, შფოთვა, ტკივილი გულის არეში. კრიზი შეიძლება განმეორდეს კვირაში 1-3-ჯერ ან თვეში 1-2-ჯერ (შეიძლება უფრო იშვიათადაც). ავადმყოფის დამოკიდებულება დაავადებისადმი ამძიმებს ვეგეტაციურ კრიზს, აღრმავებს ნერვულ დარღვევებს. მიუხედავად ამისა, ვეგეტაციური კრიზი არ არის ნცდ-ის მყარი სიმპტომი და დროთა განმავლობაში თავისთავად ან შესაბამისი მკურნალობის შედეგად გაივლის.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ნცდ-ის დროს ნერვული სისტემის მხრივი დარღვევების სიხშირისა და როლის შესახებ მედიკოსებს საერთო აზრი არ გააჩნიათ. არსებობს დიამეტრულად განსხვავებული შეხედულებები. ნცდ-ით დაავადებულთა საკმაოდ დიდი ნაწილი ყურადღებას არ აქცევს ნევროზულ სიმპტომებს. მოუსვენრობა და შფოთვა, არათანამიმდევრული საუბარი, საკუთარ ავადმყოფობაზე უსასრულოდ საუბრის სურვილი, ხელისა და ქუთუთოების კანკალი საეჭვოს ხდის ნერვული სისტემის მხრივ დარღვევების არსებობას. მრავალ ავადმყოფს, რომლებიც უკვე დიდი ხანია უშედეგოდ მკურნალობენ, თვალებში სევდა აქვთ ჩაგუბებული და ხშირად ხუმრობაზეც კი არ იცინიან. ასეთ ავადმყოფებს ტანჯავთ სხვადასხვა დაავადების (ინფარქტი, ასთმა, კიბო და სხვა) და სიკვდილის შიში. ნევროზული ხასიათის დარღვევების დროს თავს იჩენს ძლიერი შფოთვა, ინტელექტუალური და ემოციური გამოფიტვა, ემოციის შეკავების უუნარობა და სხვა. შეიძლება ითქვას, რომ დაავადებულთა უმრავლესობას აქვს ფსიქოპათოლოგიური ნიშნები, რომლებსაც შესაძლოა თან ახლდეს ასთენიურ-დეპრესიული ან დეპრესიულ-ჰიპოქონდრიული სინდრომი. შედარებით იშვიათია, ისიც - უმეტესად ქალებში, ისტერიკა.
ნერვული სისტემის მხრივი დარღვევების აღმოცენებაში უმეტესად დიდ როლს ასრულებს ფსიქიკური სტრესი, მაგრამ დაავადებულთა მნიშვნელოვან ნაწილს ეს დარღვევები გადაღლის, ინფექციის, ტრავმის ფონზე უყალიბდება. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, არსებობს კავშირი ნევროზული სინდრომის გამოხატულებასა და კარდიოლოგიური სინდრომის ინტენსიურობას შორის. მაგალითად, ზომიერი ტკივილის დროს შედარებით ხშირია შფოთვა და დეპრესიული სინდრომი, იშვიათი - ისტერიკული და ჰიპოქონდრიული. ნევროზული და კარდიოფობიური სინდრომები ერთნაირი სიხშირით გვხვდება. გამოხატული ტკივილის დროს წამყვანია ისტერიკული და ჰიპოქონდრიული სინდრომები.
სხვა სიმპტომები
ნცდ-ის დროს შესაძლოა თავი იჩინოს დისპეფსიურმა მოვლენებმა, მაგალითად, ღებინებამ (რომელიც განპირობებულია კუჭის მოტორული ფუნქციის დარღვევით ან აქვს ისტერიული ხასიათი), ბოყინმა, სლოკინმა. ზოგიერთს, უმეტესად - ასთენიური კონსტიტუციის ქალებს, აღენიშნება ანორექსია და წონის შესამჩნევი კლება. ასევე დამახასიათებელია: საკვების მიღების შემდეგ ეპიგასტრიუმში სიმძიმის შეგრძნება და გულისრევა ან შეტევისებური ტკივილი ჭიპის არეში, რასაც თან ახლავს მუცლის შებერილობა, ყურყური, კუჭის მოქმედების დარღვევა, ასევე - ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ როგორც სანაღვლე გზების დისკინეზიის გამოვლინება. ზოგიერთს პალპაციის დროს აღინიშნება ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში. ასეთ დროს ზოგჯერ შეცდომით მწვავე პანკრეატიტის დიაგნოზს სვამენ. დაავადების განსაზღვრულ ეტაპზე შესაძლოა დისპეფსიური მოვლენები გახდეს წამყვანი. ნცდ-ით დაავადებული ქალების დიდი ნაწილი უჩივის ხშირ და მტკივნეულ შარდვას ცხარე საკვების მიღების შემდეგ, მამაკაცებს კი ხშირად უსვამენ პროსტატიტის დიაგნოზს. დაავადებულ მამაკაცთა 30%-ს აღენიშნება ლიბიდოს დაქვეითება, ქალებს კი ჯანმრთელ ქალებთან შედარებით ხშირად აქვთ მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მეტრორაგია, წინარემენსტრუაციული სინდრომი, მტკივნეული მენსტრუაცია და სხვა. ნცდ-ით დაავადებულები ხშირად უჩივიან სახსრების, ძვლების, კიდურების ნევრალგიურ ტკივილს. სახსრების ტკივილს თან არ ახლავს ანთების ობიექტური ნიშნები. ავადმყოფები, როგორც წესი, ვერ აზუსტებენ, სახსრები სტკივათ, ძვლები თუ კუნთები. ტკივილი მოსვენებისას აღმოცენდება და არა სიარულისა თუ ფიზიკური დატვირთვისას.
მკურნალობა
ნცდ-ის მკურნალობისადმი ძირითადი მიდგომები ასეთია:
ეტიოლოგიური მკურნალობა - გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრა ან მათი ზემოქმედების შემცირება (ცხოვრების ჯანსაღი წესი, გაკაჟება, ცურვა, ტანვარჯიში);
დიდი ნახევარსფეროების ქერქისა და ჰიპოთალამუსის მოქმედების ნორმალიზება;
ნერვული სისტემის დისფუნქციის მოხსნა;
კარდიალგიისა და გულის რიტმის დარღვევათა სიმპტომური მკურნალობა;
ფიზიოთერაპია და სამკურნალო ფიზკულტურა;
ფსიქოთერაპია, სანატორიულ-კურორტული მკურნალობა.
მედიკამენტური მკურნალობისთვის გამოიყენება:
სედაციური პრეპარატები: კატაბალახას ძირები, ვალოკორდინი, კორვალოლი და სხვა;
ტრანკვილიზატორები (ნევროზის, შიშის, შფოთვის შესამცირებლად, კრიზის შესასუსტებლად): დიაზეპამი, ელენიუმი, ფენაზეპამი, ნოზეპამი და სხვა;
ანტიდეპრესანტები (ჰიპოთალამუსის ნორმალური მუშაობის აღსადგენად ასთენიურ-დეპრესიული სინდრომის დროს): ამიტრიპტილინი, ტერაპენი და სხვა;
ნოოტროპული საშუალებები: პირაცეტამი, ფეზამი (ცინარიზინი + პირაცეტამი);
ცერებროანგიოკორექტორი (ცენტრალური ნერვული სისტემის დისტონიის შესამცირებლად): კავინტონი, სტუგერონი;
ვეგეტატიური კორექტორები (ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქციის მოსახსნელად, ჰიპოთალამუსისა და სიმპათიკური სტრუქტურების აღგზნების მოსახსნელად): ბელოიდი, ბელოსპანი, ბელოტამინალი;
ადრენომიმეტიკები - ინიშნება ტაქიკარდიის (პულსი - 120 და მეტი), არტერიული წნევის მატების, ხშირი ვეგეტოსისხლძარღვოვანი კრიზის, ტაქიკარდიის ფონზე გამოხატული კარდიალგიის დროს: ანაპრილინი, ატენოლოლი, კონკორი და სხვა;
კარდიოსელექციური საშუალებები ინიშნება ნცდ-ის კარდიული ფორმის დროს, ხოლო არასელექციური - ჰიპერტენზიის შემთხვევაში;
ადაპტოგენები: ელეუტეროკოკი, ჟენ-შენი და სხვა; დაბალი წნევის დროს - პანტოკრინი, ფეტანოლი.
სიახლეები
ანგიოლოგიური (სისხლძარღვოვანი) პათოლოგიების კომპლექსური კვლევა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სერვისი
ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა
სასარგებლო ბმულები