თქვენს ვებ-ბრაუზერს ან არ აქვს JavaScript-ის მხარდაჭერა, ან სკრიპტების გამოყენება დაბლოკილია!

მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური

ცენტრი

პაპილომავირუსული ინფექცია

პაპილომავირუსული ინფექცია

თარიღი: 2016-02-21

დათვალიერება: 12235

ადამიანის გენიტალიური (სასქესო ორგანოების) პაპილომავირუსული ინფექცია (აპვ, HPV) სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა. იგი დიდხანს კეთილთვისებიანად მიიჩნეოდა, მაგრამ გაირკვა, რომ შესძლებია საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოწვევა, რომელიც ქალებში კიბოსთან ასოცირებული სიკვდილიანობის მეორე მიზეზია მკერდის კიბოს შემდეგ.

მთელ მსოფლიოში პაპილომავირუსული ინფექცია უფრო ფართოდ არის გავრცელებული, ვიდრე ყველა სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადება ერთად აღებული (ინფიცირებულია დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი). იგი მიმდინარეობს სასქესო ორგანოებისა და უკანა ტანის ლორწოვანის დაზიანებით. გავრცელებულია როგორც ჰეტეროსექსუალებს, ისე ბისექსუალებსა და ჰომოსექსუალებს (ქალებსა და მამაკაცებს) შორის. აპვ-ინფექციის გამო უამრავი ჰომოსექსუალი და ბისექსუალი მამაკაცი ავადდება სწორი ნაწლავის კიბოთი.

პაპილომავირუსის 100-ზე მეტი ტიპია ცნობილი. მათ ორ დიდ ჯგუფად ყოფენ: დაბალი რისკისა და მაღალი რისკის პაპილომავირუსებად. დაბალი რისკის (HPV 6, 11, 42, 43, 44 და სხვა არაონკოგენური) ადამიანის პაპილომავირუსები იწვევენ მახვილწვერა კონდილომას, მაგრამ ნაკლებად ასოცირდებიან სასქესო ორგანოების კიბოსწინარე დაავადებებსა და კიბოსთან. მაღალი რისკის (ასეთია 13 ტიპი - HPV 16, 18, 31, 33, 35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59, 66, 68; მათ შორის ყველაზე ონკოაგრესიულია HPV 16 და HPV 18 ტიპები) ადამიანის პაპილომავირუსი კი საშვილოსნოს ყელის დისპლაზიასა და საშვილოსნოს ყელის, ვულვისა და სასქესო ასოს ავთვისებიან სიმსივნესთან ასოცირდება. მრავალრიცხოვანი ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები მოწმობს, რომ მაღალი რისკის ადამიანის პაპილომავირუსი სასქესო ორგანოების კიბოსწინარე დაავადებებისა და კიბოს მიზეზია.

მაღალი რისკის აპვ-ით დასნებოვნების მომენტიდან კიბოსწინარე დაავადების ან კიბოს განვითარებამდე უმეტესად 5-30 წელი გადის, იშვიათად - 1 წელზე ნაკლები.

ადამიანი შეიძლება ინფიცირებული იყოს ვირუსის ერთი ან რამდენიმე ტიპით. პაპილომავირუსით ინფიცირებულთა 5-30%-ს ერთდროულად ამ ვირუსის რამდენიმე ტიპი აქვს. სანამ ორგანიზმი სტრესულ სიტუაციაში არ მოხვდება და საკუთარი იმუნიტეტი საგულდაგულოდ იცავს, ყველაფერი რიგზეა; თუ იმუნიტეტი დასუსტდა, პაპილომავირუსები, რომლებიც ადრეც იყვნენ სისხლში, მაგრამ თავს არ ამჟღავნებდნენ, აუცილებლად მოგვცემენ ნიშანს - დაავადება გააქტიურდება და ეპითელიუმს დააზიანებს.

ინფექცია შეიძლება წლობით ფარულად არსებობდეს ორგანიზმში. ზოგჯერ ინფიცირება სიცოცხლის პირველივე დღეებში ხდება, მაგრამ ადამიანი ამის შესახებ შეიტყობს ათეულობით წლის შემდეგ, როცა მიზეზთა გამო იმუნიტეტი დასუსტდება და ვირუსი გამოიღვიძებს. მისი ზემოქმედებით კანის უჯრედები არაკორექტულ ფუნქციობას იწყებს. შედეგად ჩნდება კონდილომები. თუ აპვ 16, 18, 31-45 ტიპისაა, არსებობს ამ წარმონაქმნების კიბოდ გადაგვარების ალბათობა, თუმცა ვირუსის ეს ტიპები კონდილომებს იშვიათად იწვევს, აპვ 6-11 ტიპები კი, პირიქით, ონკოდაავადებების თვალსაზრისით არ არის საშიში, მაგრამ ხშირად აძლევს ბიძგს სასქესო ორგანოების კანსა და ლორწოვან გარსზე კეთილთვისებიანი კონდილომების განვითარებას.

ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციის სქესობრივი გზით გავრცელებას ხელს უწყობს კანისა და ლორწოვანი გარსის მიკროტრავმები. თუ დედა ინფიცირებულია, მოსალოდნელია ახალშობილის ინფიცირებაც მშობიარობის დროს. აუტოინოკულაცია და კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზით ინფიცირება შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად არის შესწავლილი. ინფიცირება უმეტესად 30 წლამდე ხდება, რაც ამ პერიოდში სქესობრივი ცხოვრების თავისებურებებს უკავშირდება. სისხლში დაბალი რისკის აპვ-ის არსებობა პაპილომავირუსული ინფექციის განვითარებისა და მახვილწვერა კონდილომების წარმოშობის აუცილებლობაზე არ მეტყველებს. კონდილომების გაჩენა და შესაძლო რეციდივები ზოგადი იმუნიტეტის დაქვეითებით არის განპირობებული.

პაპილომავირუსული ინფექციის განვითარების რისკფაქტორია ვირუსმატარებელთან ხშირი სქესობრივი კონტაქტი, და რაკი ეს ვირუსი ფართოდ არის გავრცელებული და ადვილად გადამდებია, იმ ახალგაზრდების უმრავლესობა, ვინც სქესობრივ ცხოვრებას ეწევა, პაპილომავირუსის მატარებელი ხდება. ეს საშიში არ არის, თუ კონდილომები არ გაჩნდა ონკოლოგიური თვალსაზრისით საშიშ ზონებში - საშვილოსნოს ყელსა და ასოს თავზე. მით უმეტეს, უსაფრთხოა აპვ-ის პასიური მატარებლობა, თუ მახვილწვერა კონდილომები არ წარმოიქმნა. ადამიანი შესაძლოა მთელი სიცოცხლე ვირუსმატარებელი იყოს და ეს არც კი იცოდეს. ექიმები ამჩნევენ პაპილომავირუსული ინფექციის აშკარა კავშირს სქესობრივი ცხოვრების ნაადრევ დაწყებასთან. დაავადება უფრო ხშირად ემართებათ იმ ქალებს, რომელთაც მრავალი სქესობრივი პარტნიორი ჰყავთ, ასევე - იმ ქალებს, რომელთა ქმრებსაც ჰყავთ მრავალი სქესობრივი პარტნიორი.

კლინიკური სურათი

ჩვეულებრივ, აპვ-ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მეტადრე მაშინ, როცა აპვ-ის მატარებელს აქვს ძლიერი იმუნიტეტი და ორგანიზმი ვირუსს უმკლავდება, მაგრამ იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში ვირუსმა შესაძლოა კანსა და ლორწოვან გარსზე სხვადასხვა სახის წარმონაქმნის გაჩენა გამოიწვიოს. მათგან ყველაზე მეტად გავრცელებულია მეჭეჭები, პაპილომები და მახვილწვერა კონდილომები.

პაპილომა, მეჭეჭის მსგავსად, კანზე ჩნდება. ეს არის რბილი, მრგვალი, კანისფერი ან ბაცი ყავისფერი, ფეხიანი ან ფართოძირიანი კეთილთვისებიანი წარმონაქმნი. ზომა 0,2-დან 10 მმ-მდე მერყეობს.

პაპილომები დროთა განმავლობაში იზრდება. ყველაზე ხშირად ლოკალიზდება ყელზე, სახეზე, იღლიაში და საზარდულის მიდამოში.

პაპილომები მარტო იმუნიტეტდაქვეითებულ მოხუცებს კი არა, ზოგჯერ ახალგაზრდებსაც უჩნდებათ სტრესის გადატანის, წამლის დიდხანს მიღების, კუჭ-ნაწლავის პრობლემების შემთხვევაში. ინფიცირება შეიძლება მოხდეს ყველგან, სადაც მაღალი ტენიანობაა და ადამიანის კანი ტანსაცმლით არ არის დაცული, მაგალითად, აუზზე ან პლაჟზე. პაპილომის გავრცელება ხდება კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზით.

მახვილწვერა კონდილომები უმეტესად სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსზე ლოკალიზდება, უფრო იშვიათად - პირის ღრუში და ყელზე. ქალებს კონდილომები საშვილონოს ყელის, საშოს, შორისის, შადსადენისა და ანუსის არეში უჩნდებათ, მამაკაცებს - სასქესო ასოს თავსა და ჩუჩაზე. კონდილომები დათვალიერებისას ძნელი შესამჩნევია, რადგან პატარაა (2-6 მმ) და არც ფერით განსხვავდება კანისგან, მაგრამ შეხებისას შეიგრძნობა. ბევრი მათ არც კი აქცევს ყურადღებას და ლორწოვანის უსწორმასწორობას ნორმად მიიჩნევს. სინამდვილეში გარეთა სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსი ერთგვაროვანი უნდა იყოს და გენიტალიებზე ნებისმიერი წარმონაქმნის გაჩენა ექიმთან ვიზიტის საფუძვლად უნდა იქცეს.

მახწვილწვერა კონდილომები სქესობრივი გზით ვრცელდება.

მახვილწვერა კონდილომები უმეტესად არც ტკივილს იწვევს და არც სხვა უსიამოვნო შეგრძნებას, თუმცა შესაძლოა დიდი კონდილომის დაწყლულება და მეორეული ინფიცირება, რასაც მოჰყვება ტკივილი, ქავილი და არასასიამოვნო სუნი. შარდსადენი მილის მახვილწვერა კონდილომამ შესაძლოა გამოიწვიოს საშარდე გზების ნაწილობრივი ან სრული ობსტრუქცია (ჩაკეტვა). განასხვავებენ ოთხი ტიპის მახვილწვერა კონდილომას:

ტიპურს. წესისამებრ, აზიანებს ლორწოვანი გარსისა და კანის სველ ნაწილებს, გამონაყარი ყვავილოვან კომბოსტოს მოგვაგონებს.

ჰიპერკერატოზულს. ასეთი კონდილომები დაფარულია რქოვანა ფენით. ხშირად მდებარეობს გარქოვანებულ ეპითელიუმზე.

პაპულოზურს. ჰიპერკერატოზული მახვილწვერა კონდილომებისგან განსხვავებით, არ გააჩნია რქოვანა ფენა, ხოლო მათი ზედაპირი გლუვია.

ბრტყელს. ვლინდება ლაქების სახით, რომლებიც კანიდან თითქმის არ არის წამოწეული. მათი შეუიარაღებელი თვალით დანახვა ძნელია.

მახვილწვერა კონდილომები ჩნდება ინფიცირებიდან 1-3 თვეში ან უფრო გვიან. განვითარებას იწყებს ძალიან სწრაფად - რამდენიმე საათის განმავლობაში. ერთდროულად ჩნდება რამდენიმე წარმონაქმნი. ინფექციის ყველაზე რთული გამოვლინება აქვთ ქალებს, როცა წარმონაქმნი ლოკალიზებულია საშვილოსნოს ყელზე და კონდილომატოზი ქრონიკულ სტადიაში გადადის. ამ შემთხვევაში ინფექცია ეპითელიუმს უჯრედულ დონეზე ცვლის.

დაავადება ან თვითგანკურნებით სრულდება, ან კონდილომები მრავლდება და იზრდება, ან პროცესი სტაბილურ ხასიათს იღებს, მაგრამ არ ქრება.

ადამიანმა, რომელსაც მახვილწვერა კონდილომა აღმოაჩნდება, უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა შიდსსა და სქესობრივი გზით გადამდებ სხვა დაავადებებზე.

მახვილწვერა კონდილომის დიაგნოზის დასმა შესაძლებელია კლინიკური სურათის მიხედვით, მაგრამ სასურველია, ის ნაცხის ლაბორატორიული ანალიზითაც დადასტურდეს.

დიაგნოსტიკა.

აპვ-დიაგნოსტიკა ორ ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს:

უშუალოდ ვირუსის გამოვლენას. HPV-DNA სინჯის მეშვეობით შესაძლებელია ვირუსის მაღალი რისკის ქვეტიპების არსებობის დადგენა. აღნიშნული სინჯით სკრინინგის შედეგად საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მაღალი რისკის მქონე ქალებს გამოავლენენ ადრეულ სტადიაში, ვიდრე ვირუსი საშვილოსნოს ყელის უჯრედებს დააზიანებს. მაღალი რისკის ქვეტიპების არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ ქალს აუცილებლად დაემართება საშვილოსნოს ყელის კიბო. ეს მხოლოდ დაავადების განვითარების მაღალ რისკზე მიუთითებს და მკურნალ ექიმს უფრო მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს. აღნიშნული სინჯით შესაძლებელია დაავადების პირველი ნიშნების ადრეულ ეტაპზე ამოცნობა და ეფექტური მკურნალობა. თუ მაღალი რისკის ქვეტიპები არ აღმოჩნდა, ქალს შეუძლია მომდევნო 5 წლის განმავლობაში მშვიდად იყოს - საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი თითქმის ნულის ტოლია.

ე.წ. PAP-ტესტს, რომლის მიზანია ლორწოვანი გარსის ისეთი ცვლილებების გამოვლენა, რომლებიც საშვილოსნოს ყელის კიბოს წინამორბედებად მიიჩნევა და რომელთა მკურნალობა სიმსივნის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია. ამერიკის კიბოს საზოგადოების რეკომენდაციით, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უნდა დაიწყოს სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან დაახლოებით სამი წლის შემდეგ, მერე კი PAP-ტესტი ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს. გამოკვლევები უნდა შეწყდეს 70 წლის ასაკში, თუ სამმა უკანასკნელმა გამოკვლევამ უარყოფითი შედეგი აჩვენა ან ბოლო 10 წლის განმავლობაში არც ერთ პაპ-ტესტს პათოლოგიური ცვლილებები არ გამოუვლენია. PAP-ტესტი საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ციტოლოგიური გამოკვლევაა. ის რეკომენდებულია ყველა ქალისთვის, ვინც სქესობრივ ცხოვრებას ეწევა. ტესტი გამოავლენს ინტრაეპითელურ დაზიანებას, ავთვისებიან პროცესს ან მიკროორგანიზმებით (ბაქტერიებით, ვირუსებით, პარაზიტებით) გამოწვეულ უჯრედულ ცვლილებებს. თუ ნაცხში პათოლოგიური უჯრედები აღმოჩნდა, უნდა მოხდეს მათი შეფასება-განსაზღვრა პათოლოგიის სიმძიმის მიხედვით.

ცერვიკალური ნაცხის ანალიზს შესაძლოა ჰქონდეს პასუხის 6 ვარიანტი:

1. ნორმალური;

2. არაადეკვატური;

3. მოსაზღვრე ცვლილებები (ASCUS);

4. დაბალი ხარისხის დაზიანება (LSIL);

5. მაღალი ხარისხის დაზიანება (HSIL);

6. ატიპური ჯირკვლოვანი უჯრედები (AGS).

ნორმალური შედეგი იმას ნიშნავს, რომ ნაცხში პათოლოგიური უჯრედები არ აღმოჩნდა და ნაცხის განმეორებითი აღება უნდა მოხდეს 3 წლის შემდეგ.

არაადეკვატური - ცერვიკალური ნაცხის სწორი შეფასება შეუძლებელია. პაციენტს იბარებენ ნაცხის განმეორებით ასაღებად 1 თვის შემდეგ.

ASCUS (Atypical Squamous Cells of Undetermined Significance - ატიპური ბრტყელი უჯრედები უცნობი მნიშვნელობის ატიპიით). მოსაზღვრე ცვლილებები ნიშნავს, რომ ნაცხში აღმოჩენილია ძალზე სუსტი პათოლოგიური ცვლილებების მქონე უჯრედები. მოსაზღვრე ცვლილებები უმეტესად სპონტანურ (თავისთავად, მკურნალობის გარეშე) უკუგანვითარებას განიცდის, შედარებით იშვიათად კი პროგრესს. ამ შემთხვევაში პაციენტს შესაძლოა მკურნალობა დასჭირდეს.

თუ ქალს აღმოაჩნდა მოსაზღვრე დაზიანება, იგი მოითხოვს:

განმეორებითი ნაცხის აღებას 6 თვის შემდეგ, რათა შეამოწმოს პათოლოგიური უჯრედების არსებობა. თუ განმეორებითი ნაცხი ნორმალური აღმოჩნდა, ქალს კიდევ ერთხელ მოსთხოვენ ნაცხის აღებას 6 ან 12 თვის შემდეგ. თუ ნაცხი ამჯერადაც ნორმალური აღმოჩნდა, ქალს შეუძლია ჩაიტაროს რუტინული გამოკვლევა ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ასაკის მიხედვით. თუ განმეორებითმა ნაცხმა მოსაზღვრე ან უფრო მძიმე ხარისხის დაზიანება აჩვენა, ქალი შესაძლოა კოლპოსკოპიურ გამოკვლევაზე გაიგზავნოს. ანდა კოლპოსკოპიურ გამოკვლევას.

LSIL (Luw Grade Sqaumous Intraepithelial Lesion - დაბალი ხარისხის ბრტყელუჯრედოვანი ინტრაეპითელური დაზიანება). ეს იმას ნიშნავს, რომ ნაცხში აღმოჩენილ უჯრედებს მსუბუქი პათოლოგიური ცვლილებები ახასიათებს. LSIL, ჩვეულებრივ, სპონტანურ უკუგანვითარებას განიცდის, თუმცა არის შემთხვევები, როცა სპონტანური უკუგანვითარება არ ხდება ან დაზიანება პროგრესირებს და მკურნალობას მოითხოვს. ამ შემთხვევაშიც ტარდება ან განმეორებითი ნაცხი 6 თვეში (რათა შემოწმდეს პათოლოგიური უჯრედები ნაცხში, კერძოდ, მოხდა მათი უკუგანვითარება, დარჩა უცვლელი თუ განიცადა პროგრესი. თუ განმეორებითი ნაცხი ნორმალურია, ქალს იბარებენ ორ ან მეტ განმეორებით ნაცხზე 6 ან 12 თვის შემდეგ. თუ პათოლოგია არც ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა, ქალს აბრუნებენ რუტინულ სკრინინგში; თუ რომელიმე განმეორებით ნაცხში ისევ აღმოჩნდა LSIL ან უფრო მძიმე ხარისხის დაზიანება, ტარდება კოლპოსკოპია. პათოლოგიის კოლპოსკოპიურად აღმოჩენის შემთხვევაში ექიმი პათოლოგიური უბნიდან აიღებს ქსოვილის მცირე ფრაგმენტს (ბიოფსია), რომელიც იგზავნება ლაბორატორიაში მიკროსკოპიული გამოკვლევისთვის. ეს მნიშვნელოვანია მკურნალობის შემდგომი სტრატეგიის განსაზღვრისთვის.

HSIL (High Grade Sqaumous Intraepithelial Lesion - მაღალი ხარისხის ბრტყელუჯრედოვანი ინტრაეპითელური დაზიანება). HSIL ნიშნავს, რომ ნაცხში აღმოჩნდა პათოლოგიური უჯრედები, რომლებიც მაღალი ხარისხის დაზიანების შესაძლო არსებობაზე მიუთითებს. ეს ჯერ კიდევ არ არის კიბო, თუმცა ჩაურევლად პროცესის უკუგანვითარება ნაკლებსავარაუდოა. ჩვეულებრივ, საჭიროა მკურნალობა. ამიტომ ყველა ქალი ასეთი შედეგით იგზავნება კოლპოსკოპიაზე საშვილოსნოს ყელის უფრო დეტალური გამოკვლევის მიზნით. კოლპოსკოპიურად პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში ხდება ბიოფსია და ქსოვილი იგზავნება ლაბორატორიაში მიკროსკოპული გამოკვლევისთვის, რაც მნიშვნელოვანია მკურნალობის შემდგომი სტრატეგიის განსასაზღვრად.

პაპ-ტესტის ჩატარებისას გასათვალისწინებელია:

პაპ-ტესტი არ უნდა იქნეს გამოყენებული სგგი-ს სკრინინგის მიზნით.

თუ ქალს აქვს მენსტრუაცია, ტესტი უნდა გადაიდოს და ჩატარდეს პირველი შესაძლებლობისთანავე.

ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენის გამო პაპ-ტესტი არ უნდა გადაიდოს. ტესტის ჩატარება შესაძლებელია ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონით გამონადენის ფრთხილად მოცილების შემდეგ.

გარეთა სასქესო ორგანოების მეჭეჭების შემთხვევაში საჭირო არ არის სკრინინგის უფრო ხშირად ჩატარება, ვიდრე მათი არარსებობისას, თუკი ქალს საამისოდ სხვა ჩვენება არ აქვს.

ქალებს, რომელთაც ჩაუტარდათ ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა), არ სჭირდებათ რუტინული პაპ-ტესტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ჰისტერექტომია გაკეთდა საშვილოსნოს ყელის კიბოს ან მისი წინარე მდგომარეობის გამო.

პაპილომავირუსით გამოწვეული ის ცვლილებები, რომლებიც ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ქალის ჯანმრთელობას, საწყის ეტაპზე სრულიად შეუმჩნეველია, ამიტომ ზემოხსენებული გამოკვლევების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შეუძლიათ, ქალი საშვილოსნოს ყელის კიბოსგან იხსნან.

მკურნალობა

მახვილწვერა კონდილომების მკურნალობა მათ მოშორებას გულისხმობს. კონდილომების მოშორება ხდება კრიოდესტრუქციით (მოყინვით), რისთვისაც თხევად აზოტს იყენებენ. გარდა ამისა, კონდილომების მოსაშორებლად გამოიყენება პოდოფილინი, ტრიქლორძმარმჟავა და დიქლორძმარმჟავა. შესაძლებელია მათი მოცილება ასევე მაკრატლით, ელექტოკოაგულაციითა და ლაზერის გამოყენებით.

მკურნალობის მეთოდები, რომლებიც აპვ-ინფექციის საბოლოო ლიკვიდაციას გამოიწვევდა ან კიბოსწინარე დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკის შეამცირებდა, არ არსებობს. მრავალი მეცნიერის აზრით, მახვილწვერა კონდილომების მოცილება ამცირებს სქესობრივი პარტნიორის დაინფიცირების რისკს, თუმცა ეს მოსაზრება მეცნიერულად დადასტურებული არ არის. მკურნალობა ათიდან 6-8 შემთხევვაში ეფექტურია. დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობის შემთხვევაში მკურნალობა არ არის საჭირო. საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის მკურნალობა დისპლაზიის ხარისხზეა დამოკიდებული.

პროფილაქტიკა

პრეზერვატივი საკმაოდ ეფექტური საშუალებაა სხვადასხვა ინფექციისგან თავის დასაცავად, თუმცა ის მაინც ვერ უზრუნველყოფს პაპილომავირუსისგან სრულყოფილ დაცვას, რადგან ვირუსი არის სასქესო ორგანოების გარშემო, კანის საფარველზეც. საბედნიეროდ, არსებობს ვაქცინა, რომელიც ქალს იცავს ვირუსის 2 ყველაზე გავრცელებული ტიპისგან. ეს ტიპებია 16 და 18, რომლებიც სამიდან 2 შემთხვევაში იწვევს საშვილოსნოს ყელის მაღალი ხარისხის დაზიანებებს და შემდგომ - საშვილოსნოს ყელის კიბოს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ვირუსის სხვა ტიპებიც, ამიტომ ქალმა, მიუხედავად აცრისა, რეგულარული გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს.

პაპილომავირუსული ინფექციის პროფილაქტიკა გულისხმობს:

ფონური დაავადებებისა და დისპლაზიების დროულ დიაგნოსტიკას (პაპ-ტესტი და კოლპოსკოპია) და კომპლექსურ მკურნალობას;

ჰორმონულ-მეტაბოლური სტატუსის აღდგენას;

ეტიოტროპულ (ინფექციების) თერაპიას;

უკვე განვითარებული დაზიანებების მკურნალობას (კრიოდესტრუქცია, კონიზაცია, ექსციზიო).

ვაქცინაცია

კვლევებმა დაადასტურა, რომ ვაქცინა ძალზე ეფექტურია.

ვაქცინაციის დროს ორგანიზმი სავსებით ჯანმრთელი უნდა იყოს, ქალს არ უნდა ჰქონდეს ალერგია ვაქცინის რომელიმე კომპონენტის მიმართ და არ უნდა გეგმავდეს დაორსულებას მომდევნო 6 თვის განმავლობაში, რადგან აცრა 3-ჯერადია (I, II და VI თვეს).

ვაქცინაცია 13 წლიდან სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე ტარდება. ამ შემთხვევაში ის ყველაზე ეფექტურია. სრულფასოვანი გამოკვლევის შემდეგ შესაძლებელი და ეფექტიანია ჯანმრთელი (აგრეთვე - ნამკურნალები) ქალების აცრაც.

კვლევები მოწმობს, რომ იმუნიტეტი სამუდამოა.

მამაკაცების აცრაც საჭიროა, რადგან ვირუსის ძირითადად გადამტანებად სწორედ ისინი მიიჩნევიან. აპვ მამაკაცების 2%-ში იწვევს სასქესო ორგანოს (ასოს) კიბოს. ეფექტურია მამაკაცების აცრა 9-დან 17 წლამდე.

როგორც ყველა ვაქცინას, HPV ვაქცინასაც ახასიათებს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ძალიან ცოტაა. აცრის წინ აუცილებელია, გაირკვეს ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობა.

სიახლეები

ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა