თქვენს ვებ-ბრაუზერს ან არ აქვს JavaScript-ის მხარდაჭერა, ან სკრიპტების გამოყენება დაბლოკილია!

მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური

ცენტრი

ცელიაკია

ცელიაკია

თარიღი: 2016-02-29

დათვალიერება: 8542

ცელიაკია (ცელიაკია სპრუ, არატროპიკული სპრუ, გლუტეინმგრძნობიარე ენტეროპათია) საჭმლის მომნელებელი სისტემის, კერძოდ წვრილი ნაწლავების ლორწოვანი გარსის, დაზიანებით მიმდინარე ქრონიკული დაავადებაა. მას განაპირობებს მცენარეულ პროდუქტებში არსებული ცილა გლუტენი. გლუტეინს შეიცავს ხორბლის, ჭვავის, ქერის პური, მაკარონი, ნამცხვარი, პიცა და მრავალი სხვა პროდუქტი. ამ ცილის შემცველი საკვების მიღებისას წვრილ ნაწლავში ვითარდება იმუნური რეაქცია, რომელიც იწვევს წვრილი ნაწლავის შიგნითა ზედაპირის დაზიანებას და განსაზღვრული საკვები ნივთიერებების შეწოვის პროცესების დარღვევას (მალაბსორბცია).

ცელიაკია შესაძლოა მუცლის ტკივილისა და ფაღარათის მიზეზად იქცეს. საკვები ნივთიერებების დაქვეითებული შეწოვა ვიტამინების დეფიციტს იწვევს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს თავის ტვინის, პერიფერიული ნერვული სისტემის, ძვლების, ღვიძლისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა ორგანოების ფუნქციობაზე.

მიზეზები

ცელიაკიის მიზეზი ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გარკვეული. ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმში ვითარდება ცვლილება და იმუნური სისტემა ზეაქტიური ხდება საკვებით მიღებული გლუტეინის მიმართ.

წვრილი ნაწლავის შიგნითა ზედაპირი ამოფენილია ხაოებით, სწორედ ამიტომ არის, რომ მიკროსკოპით დათვალიერებისას ნაწლავის შიგნითა ზედაპირს ხალიჩისმაგვარი შესახედაობა აქვს. ხაოები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ვიტამინების, მინერალების და საკვებით მიღებული სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებების შეწოვაში. ცელიაკიის დროს ხდება ამ ხაოების დაზიანება (ნორმაში წვრილი ნაწლავის ხაოს სიმაღლე 4-ჯერ და მეტად უნდა აღემატებოდეს მის სიგანეს. როცა ხაოს სიმაღლისა და სიგანის შეფარდება არის 1:2 ან 1:1, ეს ცელიაკია-სპრუს მაჩვენებელია), ნაწლავის შიგნითა ზედაპირი კარგავს ხალიჩისებრ შესახედაობას და პრიალა იატაკს ემსგავსება, რის გამოც ნაწლავები კარგავს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი ნივთიერებების შეწოვის უნარს. შედეგად ცხიმი, ცილა, ვიტამინები და მინერალები განავალთან ერთად გამოიყოფა.

დადგენილია, რომ ცელიაკია ხშირია ოჯახის წევრებს შორის. ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანს ცელიაკია აქვს, მის გენეტიკურად მონათესავე ოჯახის წევრს მომატებული ექნება ამ დაავადების განვითარების რისკი. მკვლევარებმა ისიც აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი გენეტიკური მუტაცია ზრდის ცელიაკიის ალბათობას, თუმცა მათი არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი აუცილებლად დაავადდება; ეს მოწმობს მხოლოდ სხვა, ჯერ კიდევ დაუდგენელი ფაქტორების მნიშვნელობას ცელიაკიის აღმოცენებაში.

ცელიაკიის რისკფაქტორები

ცელიაკია ნებისმიერს შეიძლება დაემართოს, მაგრამ მისი ალბათობა მეტია, როცა ადამიანს აქვს: შაქრანი დიაბეტი ტიპი I; ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადება; დაუნის სინდრომკოლაგენური ან ლიმფოციტური კოლიტი.

სიმპტომები და მიმდინარეობა

ცელიაკიის სპეციფიკური სიმპტომები არ არსებობს. პაციენტთა უდიდეს ნაწილს აწუხებს ზოგადი ნიშნები: ფაღარათი; მუცლის ტკივილი; მუცლის შებერვა, აირების ჭარბი დაგროვება და გამოყოფა.

არის შემთხვევები, როცა ცელიაკიით დაავადებულებს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანების სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნებათ, ზოგჯერ კი დაავადების გამოხატულება მოგვაგონებს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, კუჭის წყლულს, კრონის დაავადებას, პარაზიტულ ინვაზიას ან ანემიას.

შესაძლოა, დაავადებამ ისეთი ატიპური ნიშნებითაც იჩინოს თავი, როგორებიცაა:

-გაღიზიანებადობა ან დეპრესია;

-ანემია;

-სახსრების ტკივილი;

-კუნთების მტკივნეული შეკუმშვა - კრამპი;

-კანის გამონაყარი;

-პირის ღრუს დაზიანება;

-კბილების დაზიანება და ძვლების პრობლემები (ოსტეოპოროზი);

-ქვედა კიდურების პარესთეზია, რაც ნეიროპათიის გამოხატულებაა.

ნივთიერებათა შეწოვის დარღვევა იწვევს:

-წონის კარგვას;

-ფაღარათს;

-მუცლის ტკივილს, აირების დაგროვებას;

-ზოგად სისუსტეს;

-ფაღარათის დროს მყრალსუნიანი ცხიმის შემცველი განავლის გამოყოფას;

-ზრდის შეჩერებას;

-ოსტეოპოროზს.

ცელიაკიის გართულებები

მკურნალობის გარეშე ცელიაკიას შეიძლება მძიმე გართულებები მოჰყვეს:

-მალნუტრიცია - კვების დარღვევა. ნებაზე მიშვებული ცელიაკიის შემთხვევაში ვითარდება მალაბსორბცია (შეწოვის დარღვევა), რასაც მალნუტრიციამდე მივყავართ. ვინაიდან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებები იკარგება განავალთან ერთად და აღარ შეიწოვება ორგანიზმში, მალაბსორბცია იწვევს მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტს, იკარგება დ ვიტამინი, ფოლატები, რკინა, რაც ანემიისა და წონის დაკარგვის მიზეზად იქცევა. მალნუტრიცია ბავშვებში ზრდა-განვითარების შეფერხებას იწვევს.

-კალციუმის კარგვა და ძვლის სიმკვრივის დაქვეითება – განავალთან ერთად შეიძლება დაიკარგოს დიდი რაოდენობის კალციუმი და დ ვიტამინი. ეს შესაძლოა ოსტეომალაციის (ძვლის დარბილების) და ოსტეოპოროზის (ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითების) მიზეზად იქცეს. ოსტეოპოროზი საგრძნობლად ზრდის მოტეხილობის რისკს.

-ლაქტოზის აუტანლობა - გლუტენის ზემოქმედებით წვრილი ნაწლავის დაზიანების გამო მუცლის ტკივილი და დიარეა შეიძლება გამოიწვიოს იმ საკვებმაც, რომელიც სულაც არ შეიცავს გლუტენს. ცელიაკიით დაავადებული ზოგიერთი ადამიანი ვერ იტანს რძის შაქარს - ლაქტოზას. ამ მდგომარეობას ლაქტოზის აუტანლობა ეწოდება. ამ შემთხვევაში პაციენტი არა მარტო გლუტენის, არამედ ლაქტოზის შემცველ საკვებსაც უნდა ერიდოს. მდგომარეობის გაუმჯობესებისას ზოგიერთს შეუძლია რძის ნაწარმის მიღება, ზოგიერთს კი ლაქტოზის აუტანლობა მუდმივად აღენიშნება.

-ავთვისებიანი სიმსივნე - მას, ვინც ცელიაკიის დროს უარს არ ამბობს გლუტენის მიღებაზე, აქვს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების მაღალი რისკი. შესაძლოა, აღმოცენდეს ნაწლავის ლიმფომა ან კიბო.

-ნევროლოგიური გართულებები - ცელიაკიისას მოსალოდნელია ნერვული სისტემის დაზიანება - გულყრა, ნერვის დაზიანება - პერიფერიული ნეიროპათია.

დიაგნოსტიკა

ცელიაკიის დიაგნოსტიკისთვის ტარდება:

-სისხლის გამოკვლევა. ცელიაკიის დროს მოსალოდნელია ენდომიზიუმის საწინააღმდეგო და ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზის საწინააღმდეგო ანტისხეულების მომატება (ანტისხეული სპეციალური ცილაა, რომელიც ორგანიზმს გენეტიკურად უცხო ნაწილაკების მოცილებაში ეხმარება. ცელიაკიით დაავადებულთა იმუნური სისტემა ცილა გლუტენს უცხოდ აღიქვამს და მის საწინააღმდეგოდ დიდი რაოდენობით ანტისხეულს წარმოქმნის);

-წვრილი ნაწლავის გამოკვლევა, სახელდობრ, წვრილი ნაწლავის მცირე ნაწილის მიკროსკოპიული გამოკვლევა. საკვლევად ნაწლავის ფრაგმენტს სპეციალური ხელსაწყოთი - ენდოსკოპით დათვალიერებისას იღებენ.

მკურნალობა

ცელიაკია არ იკურნება, თუმცა უგლუტენო დიეტით შესაძლებელია დაავადების ეფექტური კონტროლი. ამისთვის რაციონიდან უნდა გამოირიცხოს:

-ქერი;

-ჭვავი;

-ხორბალი;

-შვრია;

-ნებისმიერი კერძი, რომელიც თუნდაც მცირე რაოდენობით შეიცავს ამ პროდუქტებს.

რაციონიდან გლუტენის ამოღების შემდეგ ნაწლავის ანთებითი ცვლილებები რამდენიმე კვირაში მცირდება, თუმცა ზოგი სულ რამდენიმე დღეში გრძნობს უკეთესობას. სრულ გაჯანსაღებასა და ხაოების აღდგენას შესაძლოა რამდენიმე თვიდან ორ-სამ წლამდე დრო დასჭირდეს. ნაწლავი ბავშვებს უფრო სწრაფად აღუდგებათ, ვიდრე ზრდასრულებს. გლუტენის შემცველი საკვების შემთხვევითი მიღებისას შესაძლოა ისევ განვითარდეს მუცლის ტკივილი და ფაღარათი, მაგრამ არა ყოველთვის. ზოგიერთი გლუტენის მიღების შემდეგ არავითარ დისკომფორტს არ უჩივის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მდგომარეობა საყურადღებო არ არის - გლუტენის უმნიშვნელო რაოდენობაც კი ნაწლავის გარდაუვალ დაზიანებას იწვევს.

ვიტამინები და საკვები დანამატები

მძიმე კვებითი დეფიციტის დროს აუცილებელია ექიმის დანიშნულებით განსაზღვრული ვიტამინებისა და მინერალების მიღება. სახელდობრ, კალციუმისა, ფოლატებისა, რკინისა, B12, D და K ვიტამინებისა. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს ამ ნივთიერებათა ნაწილის შეყვანა ინექციების მეშვეობით.

მედიკამენტები

წვრილი ნაწლავის მძიმე ანთების დროს ექიმმა შესაძლოა დანიშნოს სტეროიდები ანთების კონტროლის მიზნით. სტეროიდები ჯერ კიდევ მანამდე ამცირებს დაავადების სიმპტომებს, ვიდრე აშკარა შედეგს გამოიღებდეს საკვებიდან გლუტენის გამორიცხვა.

აკრძალულია:

-ხორბლის პური;

-ჭვავის პური;

-მანანის ფაფა;

-შვრიის, ხორბლისა და ქერის პროდუქტები;

-მზა ფარში (არ არის გამორიცხული, ის შეიცავდეს სახამებელს) და ხორცის ნახევარფაბრიკატები;

-ძეხვი, სოსისი, ლორი;

-ხორცის კონსერვები;

-თევზის კონსერვები;

-იოგურტი, ყველეული, მაიონეზი (არ არის გამორიცხული, შეიცავდეს სახამებელს);

-მზა ყავა და ყავის შემცველი სასმელები;

-ლუდი;

-ნაჩურთიანი კარამელი, შოკოლადი, ჩუპა-ჩუპსი;

-ხილფაფა;

-ნებისმიერი საკონდიტრო ნაწარმი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ვაფლი;

-ნაყინი (არ არის გამორიცხული, ის შეიცავდეს სახამებელს);

-კეტჩუპი, პომიდვრის პასტა.

ნებადართულია

-სიმინდის ფქვილის ნაწარმი - მჭადი, ფაფა, ღომი;

-სიმინდისა და კარტოფილის სახამებელი;

-ბატიბუტი;

-ბრინჯი და ბრინჯის კერძები - ფაფა, ფლავი;

-წიწიბურა;

-ახალი ან გაყინული ხორცის კერძები;

-კარაქი, მზესუმზირას, სიმინდის, სოიის, ზეითუნის ზეთი;

-ახალი და გაყინული თევზი;

-ნატურალური რძე და რძის ნაწარმი (თუ არ გაქვთ ლაქტოზის აუტანლობა);

-ხილი, ბოსტნეული (მდგომარეობის სტაბილიზაციამდე არ არის სასურველი ძნელად მოსანელებელი ბოსტნეულის - ლობიოს, კომბოსტოს - მიღება, რადგან მეტეორიზმს აძლიერებს);

-მხოლოდ შაქრით შინ მომზადებული მურაბები და ხილფაფები;

-შინ მომზადებული წვენი, ნატურალური ჩაი, ყავა, კომპოტი.

სიახლეები

ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა