ტუბერკულოზი
ტუბერკულოზი
თარიღი: 2016-03-24
დათვალიერება: 11424
ტუბერკულოზი ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს. დაავადება უპირატესად ფილტვებში ლოკალიზდება, მაგრამ პროცესში შეიძლება ჩართული იყოს სხვა ორგანოებიც. ტუბერკულოზურმა პროცესმა შეიძლება დააზიანოს ნებისმიერი ორგანო და სისტემა. ყველაზე გავრცელებული ფორმაა ფილტვის ტუბერკულოზი. შედარებით იშვიათია ფილტვგარე (ცენტრალური ნერვული სისტემის, ძვლების, სახსრების, საშარდე და სასქესო ორგანოების, ლიმფური კვანძების და სხვა) ტუბერკულოზი. ანუ ტუბერკულოზი იყოფა ფილტვის - ბაქტერიაგამოყოფით (ღია) და არაბაქტერიაგამოყოფით (დახურულ) - და ფილტვგარე (ტუბერკულოზური მენინგიტი, ძვლებისა და სახსრების, შარდსასქესო ორგანოების, პერიფერიული ლიმფური კვანძების, მუცლის ღრუს ორგანოების, თვალის, კანის) ფორმებად.
ტუბერკულოზი ახალგაზრდების დაავადებაა. ეს დაავადების ეპიდემიოლოგიით აიხსნება - ტუბერკულოზის მაღალი გავრცელების ქვეყნებში უმთავრესად ახალგაზრდებს აქვთ ინფექციის წყაროსთან კონტაქტის მეტი შესაძლებლობა.
დაავადების გამომწვევი
დაავადების გამომწვევი მიკობაქტერიათა დიდ ჯგუფს მიეკუთვნება. მას რამდენიმე სახელით იხსენიებენ: კოხის ბაცილა, კოხის ჩხირი, ტუბერკულოზის მიკობაქტერია. ცნობილია ადამიანის, ხარისა და ფრინველის ტიპის მიკობაქტერიები. ადამიანი ყველაზე მეტად პირველი ორი ტიპის მიმართ არის მგრძნობიარე. მიკობაქტერიის დამახასიათებელი თვისება მისი მჟავაგამძლეობაა, იგი მშვენივრად ინახავს თავს მჟავე არეში.
ორგანიზმში შეჭრის გზები
ყველაზე ხშირად ორგანიზმში მიკობაქტერია სასუნთქი გზებიდან, გამომშრალი ნახველის ნაწილაკებთან ერთად იჭრება, თუმცა შესაძლებელია ჰაერწვეთოვანი ინფიცირებაც - ჯანმრთელი ადამიანის სასუნთქ გზებში კოხის ჩხირი ლორწოს ან ნახველის წვეთებით ხვდება, რომელსაც ავადმყოფი საუბრისას, ხველისას და ცემინებისას გამოყოფს. არსებობს ინფიცირების ალიმენტური გზაც - ინფიცირება დაავადებული ცხოველის ხორცით ან იმ რძის პროდუქტებით, რომლებიც მიკობაქტერიას შეიცავს. შესაძლებელია დაავადების შეჭრა კანიდან, კონიუნქტივიდან, ნუშურა ჯირკვლებიდან, თუმცა გაცილებით იშვიათად.
ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელია მემკვიდრეობითი განწყობა (თავად დაავადება მემკვიდრეობით არ გადაეცემა, თუმცა არსებობს გენეტიკურად განპირობებული განწყობა ინფექციის მიმღეობისადმი; ოჯახური ტუბერკულოზის შემთხვევები ინფექციის წყაროსთან მჭიდრო და რეგულარული კონტაქტით არის განპირობებული). ტუბერკულოზით დასნებოვნების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია, როდესაც ჯანმრთელ ადამიანს დაავადებულთან დახურულ და ცუდად განიავებულ გარემოში ხანგრძლივი კონტაქტი უწევს.
მიჩნეულია, რომ ტუბერკულოზით ყველაზე ხშირად ავადმყოფობენ უსახლკარონი, ნარკომანები, მეძავები, თუმცა ბოლო ხანს დაავადება საზოგადოების სხვა ფენებსაც შეეხო. ყველაზე ხშირად ესენი არიან:
-სამედიცინო პერსონალი.
-სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და თავშესაფრებში მომუშავენი.
-დაავადებულთა ოჯახის წევრები.
ინფიცირების შემდეგ დაავადების განვითარების მაღალი რისკის ჯუფებს წარმოადგენენ:
-არასრულფასოვან (ცილით ღარიბი) კვებაზე მყოფი პირები. მათ შორის სოციალურად დაუცველი ადამიანები (უსახლკაროები, მარტოხელები, მიგრანტები, დევნილები).
-ადამიანები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ სტეროიდულ ჰორმონებს, აგრეთვე - სხივურ თერაპიაზე მყოფი პირები.
-სხვადასხვა თანმხლები დაავადების მქონე პირები (შაქრიანი დიაბეტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება და ა.შ.).
-ავადობენ არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ცხოველებიც, ამიტომ ზოგჯერ ისინიც იქცევიან ინფექციის წყაროდ.
გაუნიავებელ და ნესტიან ადგილებში, სადაც ვერ ხვდება მზის სხივები, ტუბერკულოზის ჩხირები წლობით ცოცხლობენ. ტუბერკულოზით ინფიცირება ხდება ახალგაზრდა ასაკში, თუმცა ყველა ინფიცირებული როდი ავადდება; დაავადების განვითარება დამოკიდებულია ორგანიზმის სისუსტეზე, ცხოვრების პირობებზე, კვებაზე, თამბაქოსა და ალკოჰოლის გამოყენებაზე და სხვა მავნე ჩვევათა არსებობაზე. როდესაც ადამიანი ჯანმრთელია, ნორმალური ყოფა-ცხოვრების პირობები აქვს და კარგად იკვებება, მისი იმუნური სისტემა ადვილად უსწორდება ტუბერკულოზის გამომწვევ ჩხირს.
ტუბერკულოზის სტატისტიკა
ეფექტური მკურნალობის გარეშე ტუბერკულოზი თანდათანობით პროგრესირებს და უმეტესად სიკვდილით მთავრდება. მიუხედავად მედიცინის დიდი მიღწევებისა ტუბერკულოზის მკურნალობისა და კონტროლის კუთხით, ეს დაავადება მაინც მნიშვნელოვან სამედიცინო პრობლემად რჩება. მისი გავრცელების მაჩვენებლები განსაკუთრებით მაღალია განვითარებად ქვეყნებში, თუმცა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ტუბერკულოზი განვითარებული ქვეყნებისთვისაც სერიოზულ პრობლემად იქცა.
მსოფლიოს მასშტაბით ტუბერკულოზის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი, რომელთაგან ერთ-ერთი ძირითადია აივ ინფექცია/შიდსი. აივ ინფექცია/შიდსი რეგისტრირებულია დედამიწის ხუთივე კონტინენტზე. უკანასკნელ ხანს მკვეთრად იმატა მის შემთხვევათა რიცხვმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.
განსაკუთრებით საგანგაშო ვითარებაა რუსეთსა და უკრაინაში, სადაც მოსახლეობის 1% აივინფიცირებულია. მეტად საყურადღბოა, რომ სტატისტიკური მონაცემები მოწმობს ტუბერკულოზსა და აივ ინფექცია/შიდსს შორის მჭიდრო კავშირს. ვინაიდან საქართველოში ტუბერკულოზით ავადობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ სოლიდურ რიცხვს აღწევს, დიდია ტუბერკულოზური ინფექციის რეზერვუარიც, ამიტომ აივინფიცირებულ პაციენტებში ტუბერკულოზის განვითარების ალბათობა მაღალია. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ზოგადად მოსახლეობას, განსაკუთრებით კი აივ ინფექცია/შიდსით ინფიცირებულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ტუბერკულოზის შესახებ და პირიქით, ტუბერკულოზით დაავადებულები უნდა ფლობდნენ გარკვეულ ცნობებს აივ ინფექციის თაობაზე.
დაავადებული თუ ინფიცირებული ანუ ნიშნავს თუ არა ინფიცირება დაავადებას - ტუბერკულოზის მიკობაქტერიით ინფიცირება დაავადებას არ გულისხმობს, თუმცა ინფიცირებულ ადამიანს შესაძლოა ოდესმე განუვითარდეს დაავადება - ტუბერკულოზი.
დაავადების განვითარების ალბათობა მეტია ინფიცირებიდან მოკლე ხანში, მერე და მერე კი თანდათან იკლებს. ინფიცირებულთა დიდ უმრავლესობას, დაახლოებით 90%-ს, არასოდეს უვითარდება კლინიკურად გამოხატული ტუბერკულოზი, დაავადება მხოლოდ 10%-ს შეიძლება დაემართოს. ამ კუთხით მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია ორგანიზმის იმუნური სისტემის სიჯანსაღე - ინფიცირების შემდეგ სწორედ ის უშლის ხელს დაავადების განვითარებას. ტუბერკულოზური დაავადება უვითარდებათ იმუნიტეტდაქვეითებულ პირებს. იმუნიტეტის დაქვეითების მიზეზი შეიძლება იყოს:
-ასაკი;
-ქრონიკული შიმშილი, არასრულფასოვანი (ცილით ღარიბი სურსათით) კვება;
-გენეტიკური ფაქტორები;
-იმუნოდეპრესორული პრეპარატების ხანგრძლივი მიღება;
-ზოგიერთი დაავადება, რომლებიც ასუსტებს იმუნიტეტს. ასეთებია შაქრიანი დიაბეტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, სილიკოზი და სხვა;
-ალკოჰოლის ჭარბი მიღება;
-ნარკომანია.
აივ ინფექცია კი ტუბერკულოზის განვითარების ყველაზე ძლიერ რისკფაქტორს წარმოადგენს.
რით არის საშიში ტუბერკულოზი
დაავადება ზოგჯერ ფარულად მიმდინარეობს, ზოგჯერ კი მის სიმპტომებს უბრალოდ სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. საბოლოოდ პაციენტები დაგვიანებით მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას, ამ შემთხვევაში კი მკურნალობა მოითხოვს მეტ დროს, ძალისხმევას და, რაც მთავარია, შესაძლოა, უშედეგოც კი აღმოჩნდეს. ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებულმა ერთი წლის განმავლობაში შესაძლოა 10-15 ჯანმრთელი ადამიანი დააინფიციროს. განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ ავადმყოფის ოჯახის წევრებსა და მასთან მჭიდრო კონტაქტში მყოფ პირებს.
ფილტვის ტუბერკულოზი
ფილტვის ტუბერკულოზი წარმოადგენს ტუბერკულოზის ყველაზე გავრცელებულ და ყველაზე გადამდებ ფორმას. მისი კლინიკური სიმპტომებია:
-სხვადასხვა ხასიათის (მშრალი ან ნახველიანი) ხველა 2 კვირისა და მეტი ხნის განმავლობაში;
-სისხლიანი ხველა;
-ფილტვიდან სისხლდენა;
-ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდის არეში;
-ჰაერის უკმარისობა;
-სიცხე;
-ღამით ოფლიანობა;
-წონის კლება;
-საერთო სისუსტე.
რეზისტენტული ტუბერკულოზი
ამჟამად ფთიზიატრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა რეზისტენტული ტუბერკულოზია. რეზისტენტული ტუბერკულოზი ისეთივე ინფექციური დაავადებაა, როგორიც ჩვეულებრივი ტუბერკულოზი, მაგრამ ამ შემთხვევაში ბაქტერიები რეზისტენტულნი არიან სტანდარტული ტუბერკულოზური მკურნალობის (მედიკამენტების) მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ წამლებს, რომლებიც ხოცავენ ჩვეულებრივი ტუბერკულოზის ბაქტერიებს, რეზისტენტული ბაქტერიების განადგურება არ შეუძლიათ. ისინი უფრო საშიშნი და ძნელად გასანადგურებელნი არიან, თუმცა კი მათი დამარცხებაც შესაძლებელია.
არსებობს რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადების ორი გზა:
-ადამიანი შესაძლოა იმთავითვე რეზისტენტობის მქონე ბაქტერიებით დაინფიცირდეს. ეს ხდება რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულთან კონტაქტის დროს.
-ჩვეულებრივი ტუბერკულოზის მკურნალობისას ბაქტერიებმა შესაძლოა შეიძინონ მანამდე არარსებული რეზისტენტობა, თუ ავადმყოფმა შეწყვიტა მკურნალობა, გამოტოვა წამლის დოზები ან იმკურნალა არასწორი სქემით.
რეზისტენტული ტუბერკულოზი ისევე ვრცელდება, როგორც ჩვეულებრივი, ანუ ბაქტერია ორგანიზმში ხვდება ჰაერწვეთოვანი გზით, როდესაც ბაქტერიაგამომყოფი ადამიანი ახველებს, აცემინებს, ლაპარაკობს ან იცინის.
რეზისტენტული ტუბერკულოზი არ ვრცელდება ხელის ჩამორთმევით, საყოფაცხოვრებო ნივთებით, ჭურჭლით, ტანისამოსით. რეზისტენტული ტუბერკულოზის სიმპტომები ისეთივეა, როგორიც ჩვეულებრივი ტუბერკულოზისა: ხველა, ტემპერატურა, ღამის ოფლიანობა, წონის კლება, საერთო სისუსტე.
რეზისტენტული ტუბერკულოზი უმეტესად იკურნება, მაგრამ უფრო ძნელად, ვიდრე ჩვეულებრივი და უფრო მეტი ხანიც სჭირდება, ვინაიდან მედიკამენტები, რომლებიც სპობდნენ ჩვეულებრივი ტუბერკულოზის ბაცილებს, არ არიან ეფექტურნი რეზისტენტული ბაქტერიების დასამარცხებლად. რეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალოდ საჭიროა განსხვავებული წამლები. ამ წამლებს II და III რიგის მედიკამენტები ეწოდება. ამ მედიკამენტებით მკურნალობას მეტი ხანი სჭირდება და უფრო მეტ გვერდით მოვლენასაც იწვევს, ვიდრე ტუბერკულოზის სამკურნალო სტანდარტული წამლები.
ბრონქიტი, პნევმონია და ტუბერკულოზი
ბრონქიტს და პნევმნიას თავ-თავისი გამომწვევი ჰყავს, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ ტუბერკულოზთან, მაგრამ საქმე ის არის, რომ დღეს ტუბერკულოზი შეიძლება სწრაფად განვითარდეს და, ამასთანავე, ფილტვის ანთებითაც შეინიღბოს. თუ პნევმონიის მკურნალობამ 10 დღეში არ გამოიღო შედეგი, ავადმყოფმა უნდა მიმართოს ფთიზიატრს. მაგრამ ზოგჯერ, სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ პაციენტები თვეობით მკურნალობენ ათასგვარი საშუალებით, შედეგად პროცესი ვრცელდება და შესაძლოა, მიღებული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობაც განვითარდეს.
ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა
ტუბერკულოზის დროულ დიაგნოსტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო დაავადებულის ადეკვატური მკურნალობის დროულად დასაწყებად, არამედ საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების პროფილაქტიკისთვისაც. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტუბერკულოზის კლინიკური სიმპტომატიკა მრავალფეროვანია და არ მოიცავს მხოლოდ ამ დაავადებისათვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ნიშნებს. მნიშვნელოვანია პაციენტის ანამნეზის ცოდნა. კერძოდ, ყურადღება უნდა მიექცეს:
-საყოფაცხოვრებო და შრომის პირობებს;
-პროფესიას. მედიცინის მუშაკები, რომელთაც მუდმივი კონტაქტი აქვთ ტუბერკულოზის გადამდები ფორმებით დაავადებულებთან, წარმოადგენენ ტუბერკულოზის განვითარების მომატებული რისკის ჯგუფს;
-კონტაქტს ტუბერკულოზით დაავადებულ ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან,
-თანმხლებ დაავადებებს.
როგორც ანამნეზის შეკრება, ისე ფიზიკური კვლევის მონაცემები ტუბერკულოზზე მხოლოდ ეჭვის მიტანის საშუალებას აძლევს ექიმებს. ძირითადი მეთოდები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფილტვის ტუბერკულოზის დიაგნოსტიკაში, არის: მიკრობიოლოგიური გამოკვლევები, ტუბერკულინოდიაგნოსტიკა (უმთავრესად - ბავშვებში) და რენტგენოლოგიური მეთოდები.
მიკრობიოლოგიური გამოკვლევები
ტუბერკულოზის დიაგნოზი დადასტურებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ნახველში, შარდში, ქსოვილოვან სითხეებსა და ქსოვილებში აღმოჩენილ იქნა ტუბერკულოზის მიკობაქტერია.
ფილტვის ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის ყველაზე ინფორმაციული საშუალებაა ნახველის მიკროსკოპიული გამოკვლევა. ნახველი უმჯობესია შეგროვდეს დილით. ტუბერკულოზის მიკობაქტერიების აღმოსაჩენად ნახველი მრავალჯერ უნდა იქნეს გამოკვლეული. სასურველია, გამოკვლევა ჩატარდეს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის დაწყებამდე. არსებობს ტუბერკულოზის მიკობაქტერიების აღმოჩენის ორი ძირითადი მეთოდი: ნაცხის პირდაპირი მიკროსკოპია და კულტურალური გამოკვლევა ანუ მასალის სპეციალურ ნიადაგებზე დათესვა.
თუ ფილტვების ტუბერკულოზით დაავადებულის ნახველი დიდი რაოდენობით შეიცავს ტუბერკულოზის მიკობაქტერიებს, მაშინ მათი აღმოჩენა შესაძლებელია ნახველის ნაცხის მიკროსკოპიული გამოკვლევის საშუალებით. თუ ნახველში გამომწვევი მცირე რაოდენობითაა, პირდაპირი მიკროსკოპიის მეთოდი მათ ვერ გამოავლენს. ამ შემთხვევაში ეფექტურია კულტურალური გამოკვლევა. ნახველის ბაქტერიოლოგიური (კულტურალური) მეთოდით გამოკვლევა, გარდა დიაგნოსტიკისა, საშუალებას იძლევა, შესწავლილ იქნეს მიკობაქტერიების მგრძნობელობა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ.
რენტგენოლოგიური გამოკვლევა ფილტვების ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის თვალსაზრისით
რენტგენოლოგიური გამოკვლევა იწყება მიმოხილვითი სურათით პირდაპირ და გვერდით პროექციაში. გამოკვლევა გვერდით პროექციაში საშუალებას იძლევა:
-დადგინდეს პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაცია წილებისა და სეგმენტების მიხედვით;
-გამოვლინდეს ცვლილებები წილთაშუა ნაპრალებსა და გულის ჩრდილის უკან ფილტვებში.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტომოგრაფიული გამოკვლევით. განსაკუთრებით ინფორმაციულია კომპიუტერული ტომოგრაფია.
ტუბერკულინოდიაგნოსტიკა
ტუბერკულინური სინჯი სპეციფიკური დიაგნოსტიკური ტესტია. იგი საშუალებას იძლევა, განისაზღვროს ტუბერკულინური ალერგია ანუ ტუბერკულინისადმი ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა, რომელიც ტუბერკულოზის მიკობაქტერიებით ან ბცჟ-ვაქცინაციით არის გამოწვეული.
მანტუს სინჯი
ამჟამად ტუბერკულინური სინჯებიდან ყველაზე ხშირად გამოიყენება მანტუს სინჯი (მანტუ ჩეხი მეცნიერის გვარია, რომელმაც ეს მეთოდი შეიმუშავა). სინჯი წარმოადგენს სტანდარტულ მეთოდს ტუბერკულოზის მიკობაქტერიებით ინფიცირებული პაციენტების გამოსავლენად. მანტუს სინჯი კეთდება წინამხრის შუა მესამედში. კანს წმენდენ სპირტით და შეჰყავთ ტუბერკულინის სტანდარტული დოზა. ტუბერკულინური ალერგია გამოვლენას იწყებს ტუბერკულინის შეყვანიდან 8 საათის შემდეგ და მაქსიმალურად გამოიხატება 48-72 საათის შემდეგ. ამ დროს ის უკვე უნდა შეფასდეს - გაიზომოს ინდურაცია (და არა ერითემა). რეაქცია უარყოფითად მიიჩნევა, თუ არ განვითარდა ინფილტრატი და ჰიპერემია. 10 მმ დიამეტრის და ამაზე დიდი ინდურაცია დადებით პასუხად ითვლება.
ბცჟ-ვაქცინაციის პირობებში მანტუს სინჯით შეიძლება დადგინდეს არა მხოლოდ ინფექციური, არამედ პოსტვაქცინური ალერგიის არსებობაც. დიაგნოსტიკის ამ მეთოდების ერთობლიობის საფუძველზე შესაძლებელია დადგენილ იქნეს ორგანიზმში ტუბერკულოზის (ინფიცირების ან დაავადების) არსებობა და შემუშავდეს საექიმო მოქმედების ტაქტიკა.
ტუბერკულოზის გართულებები
ტუბერკულოზის ტიპური გართულებებია:
-სისხლდენა ფილტვებიდან ან სისხლიანი ხველა;
-სპონტანური პნევმოთორაქსი (როდესაც ფილტვის ქსოვილის მთლიანობა ირღვევა, ჰაერი ხვდება პლევრის ღრუში, რაც იწვევს ფილტვის ნაწილობრივ ან სრულ კოლაბირებას და სუნთქვის მწვავე უკმარისობას);
-სუნთქვის უკმარისობა;
-ფილტვ-გულის უკმარისობა;
-შინაგანი ორგანოების ამილოიდოზი და სხვა.
ტუბერკულოზის პროფილაქტიკის საშუალებები
1903 წელს საფრანგეთში, ქ. ლილში, პასტერის ინსტიტუტში, კალმეტისა და გერენის მიერ ვაქცინაციისთვის მოწოდებულ იქნა M. ბოვის-ის ატენუირებული შტამი, რომელსაც BCG (კალმეტ-გერენის ბაცილა) ეწოდა. სწორედ ამ ვაქცინით იმუნიზაცია ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ტუბერკულოზის პროფილაქტიკისთვის. ვაქცინაცია უტარდება ახალშობილს სიცოცხლის მე-5 დღემდე. ვაქცინაციის შემდეგ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი 5-7 წელიწადს გასტანს.
ტუბერკულოზის მკურნალობა
ტუბერკულოზის მკურნალობის მეთოდებიდან პრიორიტეტი ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპიას ენიჭება. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის ერა დაიწყო 1945 წელს, როდესაც ვაქსმანმა სტრეპტომიცინი აღმოაჩინა.
ტუბერკულოზით დაავადების შემთხვევაში მკურნალობა ტარდება ძირითადი ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებით. ის ორ ფაზას მოიცავს: ინტენსიურსა და გაგრძელებისას.
ინტენსიური ფაზის დროს, რომელიც 2 თვე გრძელდება, პაციენტი ყოველდღე იღებს 4 პრეპარატის - იზონიაზიდის, რიფამპიცინის, პირაზინამიდისა და ეტამბუტოლის - კომბინაციას, გაგრძელების ფაზაში კი 2-3 მედიკამენტს 4 თვის განმავლობაში. მკურნალობის კურსი საშუალოდ 6-თვიანია. აუცილებელია:
-პაციენტმა ზედმიწევნით შეასრულოს მკურნალი ექიმის დანიშნულება;
-რეგულარულად და დროულად მიიღოს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტების ყოველდღიური დოზა, ვინაიდან წამლების არარეგულარული მიღებისა და მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ტუბერკულოზის მედიკამენტებისადმი გამძლე (რეზისტენტული) ფორმა, რომლის მკურნალობა გაცილებით რთულია და ზოგჯერ უშედეგოც. ეფექტური მკურნალობის დროს სიმპტომური გაუმჯობესება დაავადებულთა უმრავლესობას პირველ 2-3 კვირას აღენიშნება. 4-5 თვის შემდეგ რენტგენოლოგიურად დასტურდება პროცესის სტაბილიზაცია. ავადმყოფთა უმრავლესობა 2 თვის შემდეგ ბაქტერიებს აღარ გამოყოფს.
რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა
რეზისტენტული ბაცილების გასანადგურებლად პაციენტმა ყოველდღე უნდა მიიღოს 5-7 სხვადასხვა წამალი, ზოგიერთი მათგანი - დღეში 2-ჯერაც კი. ვინაიდან ამ წამლების ერთ აბად გაერთიანება შეუძლებელია (როგორც სტანდარტული ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლების შემთხვევაში), პაციენტს უწევს რამდენიმე აბის მიღება და ინექციის გაკეთება. ამასთანავე, ვინაიდან რეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალო წამლები არ არის ისეთივე ძლიერი, როგორიც ჩვეულებრივი ტუბერკულოზისა, მკურნალობა უფრო მეტხანს გრძელდება, უმეტესად - 2 წელიწადი, ვიდრე ექიმი არ დარწმუნდება, რომ ტუბერკულოზის ყველა ბაცილა დაიხოცა და ავადმყოფი განიკურნა. მკურნალობის პროცესს მეთვალყურეობას უწევს სამედიცინო პერსონალი - თუ დაავადებულმა მკურნალობის წესები დაარღვია, წამლის დოზა ან დოზები გამოტოვა ან ბოლომდე არ მიიყვანა კურსი, მკურნალობა შედეგს ვერ გამოიღებს, დაავადებული ისევ გადამდები გახდება და დააინფიცირებს ოჯახის წევრებს, ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიაც უფრო მეტ გამძლეობას შეიძენს და სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის სიცოცხლეს. სხვა სახის მკურნალობა ჯერჯერობით არ არსებობს.
ტუბერკულოზი და ქირურგიული მკურნალობა
ტუბერკულოზის მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ, მაშინ, როდესაც სხვა სახის მკურნალობა უეფექტოა. ოპერაციამდე საჭიროა ტუბერკულოზური პროცესის მაქსიმალური სტაბილიზაცია.
ტუბერკულოზის მკურნალობის გვერდითი ეფექტები
ადამიანთა უმრავლესობა ადვილად ასრულებს დანიშნულ მკურნალობას. არიან ისეთებიც, რომელთაც მკურნალობის პირველი ორი-სამი კვირის განმავლობაში აწუხებთ გვერდითი მოვლენები, რომლებიც მოგვიანებით, ჩვეულებრივ, ქრება, თუმცა არ არის გამორიცხული, გაძლიერდეს და შედარებით მეტხანსაც გაგრძელდეს, განსაკუთრებით - რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობისას. ამ შემთხვევაში გვერდითი მოვლენების სამკურნალოდ სპეციალური საშუალებები ინიშნება. გვერდითი მოვლენების შესახებ პაციენტმა უთუოდ უნდა აცნობოს მედდას და ექიმს, რათა პრობლემის დაძლევაში დაეხმარონ.
ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია:
-გულისრევა;
-ღებინება;
-სახსრების ტკივილი;
-თავბრუხვევა;
-თავის ტკივილი;
-კანის ქავილი;
-გამონაყარი;
-ტკივილი ინექციის ადგილას.
სტაციონარული მკურნალობის აუცილებლობა
გართულებებისა და ტუბერკულოზური პროცესის მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობა აუცილებლად ტუბსაწინააღმდეგო დაწესებულებაში (ტუბსაწინააღმდეგო დისპანსერში, კაბინეტში ან სტაციონარში) უნდა ჩატარდეს. პაციენტმა მედიკამენტის ყოველი დოზა უნდა მიიღოს სამედიცინო პერსონალის უშუალო ზედამხედველობით. რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულმა სტაციონარში მანამდე უნდა იმკურნალოს, ვიდრე ბაქტერიაგამომყოფია (ნაცხი დადებითია).
კვებისა და ცხოვრების რეჟიმი
ტუბერკულოზის მკურნალობის ეფექტიანობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობაზე. იმუნიტეტის შენარჩუნების ერთ-ერთი გზაა ცილით მდიდარი საკვების მიღება. ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს:
-ხაჭო;
-კვერცხი;
-რძის ნაწარმი;
-მოხარშული ხორცი;
-მოხარშული თევზი;
-მოხარშული ქათამი (აუცილებლად კანგაცლილი).
ძეხვეული უნდა გამოირიცხოს, რადგან მის შემადგენლობაში შემავალი ცხიმები ცუდად შეიწოვება.
ასევე აუცილებელია ხილ-ბოსტნეული, მათ შორის:
-კომბოსტო;
-ჭარხალი;
-სტაფილო;
-მწვანილი;
-ვაშლი.
ფილტვებში მიმდინარე ინფექციური პროცესი იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას. ამასთანავე, ავადმყოფს უხდება დიდი რაოდენობით წამლების მიღება, რაც ვნებს ღვიძლს. ხილ-ბოსტნეული კი ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფას აჩქარებს. დილით, უზმოზე, სასურველია 1 კოვზი თაფლისა და ნახევარი ლიტრი წყლის მიღება. ეს ორგანიზმს ღამით დაგროვილი მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდაში დაეხმარება.
ტუბერკულოზის დროს ყველა ავადმყოფს ეძლევა რეკომენდაცია, მიიღოს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის დროს პაციენტმა ექიმთან შეუთანხმებლად არ უნდა მიიღოს არც ერთი სხვა წამალი, მცენარეულიც კი, რადგან ის შესაძლოა რეაქციაში შევიდეს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ან შეამციროს მათი ეფექტი.
ანტიტუბერკულოზური მკურნალობის დროს იკრძალება ლუდი და სხვა ალკოჰოლური სასმელები, ასევე - ნარკოტიკული საშუალებები. მათი მიღება ხელს უშლის მკურნალობას და ვნებს ღვიძლს.
ქცევის წესები
სტაციონარიდან გაწერის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი ნაცხუარყოფითია, ჯერ კიდევ არსებობს გარშემო მყოფთა დასნებოვნების საფრთხე. პაციენტი გადამდები აღარ არის კულტურაუარყოფითი შედეგის 2-ჯერ ზედიზედ მიღების შემდეგ. შინ ინფექციის გადაცემის ალბათობის შესამცირებლად პაციენტმა უნდა დაიცვას ქცევის შემდეგი წესები:
-იძინოს ცალკე ოთახში;
-ხველების ან ცემინების დროს ცხვირ-პირზე აიფაროს ხელსახოცი;
-ერიდოს კოცნასა და უშუალო კონტაქტს, განსაკუთრებით - პატარა ბავშვებსა და სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებთან;
-საერთო ოთახში ყოფნისას გაიკეთოს ქირურგიული (ცისფერი) ნიღაბი. ნიღაბი ყოველდღე იცვალოს.
-გადააფურთხოს მხოლოდ გარეთ. ნახველისთვის გამოიყენოს დახურული კონტეინერი. ნახველი და კონტეინერი რეგულარულად გაანადგუროს.
გარდა ამისა:
-ნახველის დაღვრის შემთხვევაში დაბინძურებული ადგილი უნდა გაწმინდოს ქლორისა და წყლის ნაზავით: დაესხას ქლორის ხსნარი, 10 წუთის შემდეგ კი გაიწმინდოს ჩვეულებრივი საწმენდი საშუალებით. პროცედურის დასრულების შემდეგ ხელები კარგად უნდა დაიბანოთ.
-ბინის კარ-ფანჯარა, უამინდობასა და სიცივეშიც კი, რამდენიმე საათში ერთხელ 15 წუთით უნდა გაიღოს ოთახის გასანიავებლად.
-ოთახში უხვად უნდა შემოდიოდეს მზის სხივები, რადგან ტუბერკულოზის გამომწვევი ბაცილა მზის სხივების უშუალო ზემოქმედებით იღუპება.
-ავადმყოფის მეგობრებმა და ნათესავებმა, როცა ოთახში მასთან ერთად იმყოფებიან, უნდა გაიკეთონ მაღალი ფილტრაციის (ვარდისფერი) ნიღბები.
-ნახმარი ნიღბები, ხელთათმანები, ნახველით სავსე კონტეინერები უნდა მოთავსდეს ერთ პარკში. ავსების შემდეგ პარკი უნდა განადგურდეს.
რჩება თუ არა იმუნიტეტი
დაავადება მყარ იმუნიტეტს არ ტოვებს. ძალიან ხშირად ტუბერკულოზს თან ახლავს აივ/შიდსი, შაქრიანი დიაბეტი, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, რაც საგრძნობლად აქვეითებს იმუნიტეტს და მომავალში ხელს უწყობს რეციდივების განვითარებას.
ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამა
ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია ტუბერკულოზზე საეჭვო ნიშნების მქონე, აგრეთვე - ტუბერკულოზით დაავადებულ ბაცილაგამომყოფ პირებთან კონტაქტში მყოფთა ტუბერკულოზზე გამოკვლევა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პროგრამა აფინანსებს ტუბერკულოზით დაავადებულთა მკურნალობისა და პროფილაქტიკის ხარჯებსაც. ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევათა გამოვლენა, მკურნალობა, კონტაქტში მყოფ პირთა ქიმიოპროფილაქტიკა უფასოა.
სიახლეები
ანგიოლოგიური (სისხლძარღვოვანი) პათოლოგიების კომპლექსური კვლევა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სერვისი
ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა
სასარგებლო ბმულები