ვიტამინების დეფიციტი
ვიტამინების დეფიციტი
თარიღი: 2017-04-01
დათვალიერება: 3537
ვიტამინების დეფიციტი, მიზეზების კვალობაზე, შეიძლება იყოს პირველადიც და მეორეულიც, ხარისხის მიხედვით კი - ნაწილობრივი და სრული. პირველს ჰიპოვიტამინოზს უწოდებენ, მეორეს - ავიტამინოზს.
ვიტამინების დეფიციტის განვითარებას ხელს უწყობს გარეგანი და შინაგანი ფაქტორების მთელი წყება.
გარეგანი ფაქტორებია: საკვების ნაკლებობა, საკვებში ვიტამინების დაბალი შემცველობა, დიეტები, ნარშირწყლებით მდიდარი არაბალანსირებული რაციონი, მავნე ჩვევები, საკვების არასწორი შენახვა და არასწორი კულინარიული დამუშავება.
შინაგანი ფაქტორებია: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, მოზარდი და ხანდაზმული ასაკი, ჰიპერთერმია, სტრესი, ორსულობა, ჭიებით ინვაზია, საფაღარათო საშუალებებისა და ვიტამინების ხანგრძლივი მიღება.
A ვიტამინი
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
თვალების დაზიანება (ქათმის სიბრმავე, კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, კერატიტი, კერატომალაცია, რქოვანას პერფორაცია, სიბრმავე);
კანისა და მისი დანამატების დაზიანება (წვრილი ქატოსებრი ქერცლი, ფოლიკულური ჰიპერკერატოზი მხრებზე, დუნდულა კუნთებზე, კიდურის სახსრების გამშლელ ზედაპირზე, თმის სიმშრალე და მტვრევადობა, ფრჩხილების განივი დახაზულობა);
საოფლე და საცრემლე ჯირკვლების ატროფია;
ლორწოვანი გარსის დაზიანება (სტომატიტი, ეროზიები, ბრონქების, საშარდე გზებისა და სასქესო ორგანოების ეპითელიუმის მეტაპლაზია);
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება (ჰიპოაციდური გასტრიტი, დიარეა);
ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარების შეფერხება.
ავიტამინოზის დროს:
დარიეს დაავადება (ფოლიკულური ჰიპერკერატოზი).
D ვიტამინი
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციის პროცესების დარღვევა (ოსტეომალაცია);
კრუნჩხვები;
ფსიქომოტორული განვითარების დარღვევა.
ავიტამინოზის დროს:
რაქიტი.
E ვიტამინი
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
კუნთოვანი სისტემის დეგენერაციული ცვლილებები (კუნთების სისუსტე, სიარულის მანერის შეცვლა, თვალის მამოძრავებელი კუნთების პარეზი, მიოკარდიუმის დაზიანება);
ნევროლოგიური დარღვევები (არეფლექსია, ზურგის ტვინის დისფუნქცია);
კაპილარების განვლადობისა და სიმყიფის გაძლიერება;
რეპროდუქციული ფუნქციის (სპერმატოგენეზის, ოვოგენეზის, პლაცენტის განვითარების) დარღვევა.
K ვიტამინი
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
ჰემორაგიული სინდრომი (K-ვიტამინდამოკიდებული შედედების ფაქტორების - II,VII, IX და XI ფაქტორების - აქტივობის დაქვეითების შედეგად).
H ვიტამინი
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
კანისა და მისი დანამატების დაზიანება (დერმატიტი, სებორეა, ალოპეცია, ფრჩხილების მტვრევადობა);
ნევროლოგიური სიმპტომები (ძილიანობა, ჰიპერესთეზია, ჰალუცინაციები, ატაქსია);
განვითარების შეფერხება.
C ვიტამინი
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
დაღლილობა, მადის დაქვეითება;
ხშირი და ხანგრძლივი რესპირატორული ინფექცია.
ავიტამინოზის დროს:
სურავანდი;
მელერ-ბარლოუს დააავადება (ძვლისაზრდელასქვეშა მოტეხილობები).
B1 ვიტამინი
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
დაღლილობა, აპათია, გაღიზიანებადობა, დეპრესია, ძილიანობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ანორექსია, გულზიდვები, მუცლის ტკივილი (ადრეული სიმპტომები);
პერიფერიული ნეიროპათია (მგრძნობელობის, რეფლექსების, მოძრაობის დარღვევა);
კორსაკოვის სინდრომი (მეხსიერების დაქვეითება, დროსა და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა, კონფაბულაციები (ცრუ მოგონებები));
ვერნიკის ენცეფალოპათია (ფსიქიკის ცვლილება, კოორდინაციისა და თვალის მოძრაობის დარღვევები);
ნაწლავების ტონუსის დაქვეითებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა (გულისრევა, ღებინება, ყაბზობა).
ავიტამინოზის დროს:
ბერი-ბერის სველი (გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებით მიმდინარე) ფორმა;
ბერი-ბერის მშრალი (ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარე) ფორმა.
B2 ვიტამინი
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
კანისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება (ნახეთქები კანზე, ანგულარული სტომატიტი. გლოსიტი, ენის დვრილების ატროფია);
თვალის დაზიანება (მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, წვის შეგრძნება თვალებში, კონიუნქტივიტი, ცრემლდენა);
სებორეული ეგზემა;
ზრდის დარღვევები;
ნორმოქრომული ანემია, ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია;
ნევროლოგიური დარღვევები (უძილობა, ატაქსია, კრუნჩხვები).
ავიტამინოზის დროს:
არიბოფლავინოზი.
PP ვიტამინი
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
საერთო სისუსტე, ცხელი კერძების მიმართ ზედმეტი მგრძნობელობა, თავბრუხვევა (ადრეული სიმპტომები ვიტამინის 2-3-თვიანი დეფიციტის დროს);
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება (ნერწყვდენა, სტომატიტი, დიარეისა და შეკრულობის მონაცვლეობა, კუჭის წვენში მარილმჟავასა და პეპსინის შემცველობის მკვეთრი დაქვეითება);
კანის დაზიანება (კანის გაუხეშება, აქერცვლა და ყავისფერი პიგმენტაცია).
ავიტამინოზის დროს:
პელაგრა (დერმატიტი, დიარეა, დემენცია).
B5 ვიტამინი
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
კანისა და მისი დანამატების დაზიანება (დერმატიტი, გაჭაღარავება, ალოპეცია);
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა;
თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა.
B6 ვიტამინ
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
კრუნჩხვები (უმეტესად - 2 წლამდე ასაკის ბავშვებში), მოუსვენრობა, დეპრესია;
პერიფერიული ნევრიტი, ტერფების წვა;
დერმატიტი (აქერცვლა ცხვირ-ტუჩისა და შუბლის ნაოჭების არეში, მოზარდებში - სებორეა და ჩვეულებრივი ფერიმჭამელები);
მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება.
Bc ვიტამინი
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
ლორწოვანი გარსის დაზიანება (გინგივიტი, სტომატიტი, გლოსიტი, ნეკროზული ანგინა, სისხლდენა ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან);
ნევროლოგიური სიმპტომები (საერთო სისუსტე, დაღლილობა, გაღიაზიანებადობა, დათრგუნულობა, სპასტიკური დამბლები და კრუნჩხვები);
მეგალობლასტური ანემია;
კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევა (დიარეა);
ზრდის შეფერხება;
ნაყოფის განვითარების დეფექტები;
გონებრივი განვითარების შეფერხება.
ავიტამინოზის დროს:
იაკშა-გაიემის ანემია (თხის რძით კვების დროს).
B12 ვიტამინი
ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება:
მეგალობლასტური ჰიპოქრომული ანემია;
ალოპეცია;
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება (გლოსიტი, გინგივიტი).
ვიტამინოთერაპია
არსებობს როგორც მონოვიტამინური, ისე პოლივიტამინური პრეპარატები. მონოვიტამინები სამკურნალო მიზნით გამოიყენება, ხოლო პოლივიტამინებს ხშირად მოიხმარენ პროფილაქტიკურ საშუალებად.
ვიტამინების კომბინირებული გამოყენებისას შესაძლოა მათი ბიოლოგიური თვისებები შეიცვალოს. მაგალითად, C ვიტამინის დოზის გაზრდისას მცირდება B2 ვიტამინის მოთხოვნილება, საკვებში ამ უკანასკნელის ნაკლებობის დროს კი მცირდება ქსოვილებში C და B1 ვიტამინების დონე; არსებობს ერთგვარი ანტაგონიზმი B1-სა და B12-ს შორის; C და P ვიტამინების ერთდროული მიღება მათ მოქმედებას აძლიერებს; C ვიტამინი ცუდად ეთავსება სპილენძს; E ვიტამინი ჭარბი ოდენობის რკინასთან ერთად მიღებისას აქტივობას კარგავს.
პოლივიტამინური პრეპარატის არჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს, შეიცავს თუ არა ის ადამიანისთვის აუცილებელ ვიტამინებს და როგორია მათი დოზირება. დოზები უნდა შეესატყვისებოდეს (არ უნდა ჭარბობდეს) ვიტამინების დღიურ მოთხოვნილებას. უპირატესობა უნდა მიენიჭოს მინერალებისა და მოკროელემენტების გარეშე შედგენილ პოლივიტამინებს ან ისეთ ფორმებს, რომლებშიც ვიტამინები და მიკროელემენტები სხვადასხვა აბის სახით არის წარმოდგენილი და სხვადასხვა დროს მიიღება.
სიახლეები
ანგიოლოგიური (სისხლძარღვოვანი) პათოლოგიების კომპლექსური კვლევა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სერვისი
ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა
სასარგებლო ბმულები