თქვენს ვებ-ბრაუზერს ან არ აქვს JavaScript-ის მხარდაჭერა, ან სკრიპტების გამოყენება დაბლოკილია!

მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური

ცენტრი

ადნექსიტი

ადნექსიტი

თარიღი: 2017-04-08

დათვალიერება: 5541

ადნექსიტი (იგივე სალპინგოოფორიტი) საშვილოსნოს დანამატების (საშვილოსნოს მილისა და საკვერცხეების) ანთებაა. მას უმეტესად არასპეციფიკური ფაქტორები: გადაღლა, გაციება, სტრესი, უარყოფითი ემოცია, ზოგიერთი ექსტრაგენიტალური დაავადება იწვევს.

ის ხშირად ახალგაზრდა ასაკში გვხვდება, ბოლო წლებში იმატა საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივების გამოყენებასთან დაკავშირებით. იმის მიხედვით, თუ რა გზით შეიჭრა გამომწვევი, საკვერცხეების ანთება არის ეკზოგენური (აბორტის შემდგომი, საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივების გამოყენებით გამოწვეული), პირველადი (ინფექცია ვრცელდება სასქესო გზების ქვედა ნაწილიდან) და მეორადი (ინფეცია ვრცელდება ახლომდებარე ორგანოებიდან, მაგ აპენდიქსი). ანთების გამომწვევის დასადგენად საჭიროა ნაცხის მიკრობიოლოგიური კვლევა. ყველაზე ხშირად ანთებას იწვევს გონოკოკი, ქლამიდია, მიკოპლაზმა, ტრიქომონა.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ადნექსიტის ყველაზე ხშირი და დამახასიათებელი ნიშანია ტკივილი, რომელიც მუცლის ქვედა არეში ლოკალიზდება და ზოგჯერ წელში ან გავის მიდამოში გადაეცემა. ტკივილი მეტწილად პერიოდულია, იშვიათად მუდმივი. არის შემთხვევები, როცა ტკივილი ანთებითი რეაქციის ნიშნების გაქრობის შემდეგაც გრძელდება და გაციების, ზოგიერთი დაავადების, ფიზიკური და ემოციური გადაძაბვის დროს ძლიერდება. ნებაზე მიშვებული ადნექსიტი ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება, რომელსაც პერიოდული გამწვავება ახასიათებს. საშვილოსნოს დანამატების ქრონიკული ანთების ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა მენსტრუაციული ციკლის დარღვევა. ამ დროს მენსტრუაციას თან სდევს ტკივილი, გამონადენი ჩვეულებრივზე ჭარბი ან მწირია და ზოგჯერ მენსტრუაციამდე ან მის შემდეგაც იჩენს თავს, ავადმყოფი უჩივის ძილის დარღვევას, გაღიზიანებადობას, შრომის უნარის დაქვეითებას, სწრაფად დაღლას. ადნექსიტით დაავადებულთა 60-70%-ს უშვილობა ემუქრება.

მკურნალობა. ადნექსიტის მკურნალობა კომპლექსურია და დაავადების გამომწვევის გამოვლენასა და დათრგუნვას ისახავს მიზნად. ნაცხის აღება, ანტიბიოტიკებისადმი გამომწვევის მგრძნობელობის განსაზღვრა და შესაბამისი პრეპარატის შერჩევა ექიმის პრეროგატივაა.

ადნექსიტის მწვავე ფორმის მკურნალობა ტარდება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით, ანთების საწინააღმდეგო და მადესენსიბილიზებელი პრეპარატებით, ტკივილგამაყუჩებლებით.

საშვილოსნოს დანამატების ჩირქოვანი ანთებისას მიმართავენ ლაპაროსკოპიას იღებენ ჩირქს და ანტიბაქტერიული პრეპარატები უშუალოდ ანთების კერაში შეჰყავთ. ინიშნება წოლითი რეჟიმი, ხოლო მწვავე სტადიის ჩაცხრობის შემდეგ ფიზიოთერაპია და ბიოსტიმულატორები.

გამწვავებისას ავადმყოფი უჩივის ძლიერ ტკივილს მუცლის ქვედა არეში, მტკივნეულ და ხანგრძლივ მენსტრუაციას.

ქრონიკული ადნექსიტის დროს ტარდება ანთების საწინააღმდეგო და მადესენსიბილიზებელი თერაპია, ინიშნება ტკივილგამაყუჩებლები, ვიტამინები და იმუნოსტიმულატორები. შედეგიანია ფიზიოთერაპია, ბალნეოთერაპია, ვაგინალური აბაზანებისა და გინეკოლოგიური მასაჟების კურსი.

თუ მკურნალობა ქრონიკულ სტადიაზეც არ ჩატარდა, ჩნდება ნაწიბურები, ირღვევა საშვილოსნოს მილის გამტარობა, იმატებს საშვილოსნოსგარე ორსულობისა და უშვილობის ალბათობა.

სიახლეები

ანგიოლოგიური (სისხლძარღვოვანი) პათოლოგიების კომპლექსური კვლევა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სერვისი

ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა