თქვენს ვებ-ბრაუზერს ან არ აქვს JavaScript-ის მხარდაჭერა, ან სკრიპტების გამოყენება დაბლოკილია!

მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური

ცენტრი

თმის ცვენა

თმის ცვენა

თარიღი: 2017-05-01

დათვალიერება: 4924

ადამიანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სცვივა თმა და ახალი ამოსდის. ეს თმის ზრდის ნორმალური ციკლია. დღე-ღამეში ადამიანი თმის 50-დან 150-მდე ღერს კარგავს. სტატუს ქუო-ს შესანარჩუნებლად აუცილებელია, დაცვენილი და ახალამოსული ღერების რაოდენობა ერთმანეთს შეესაბამებოდეს. როდესაც უფრო მეტი ცვივა, ვიდრე ამოდის, ვითარდება გამელოტება - ალოპეცია. ის შეიძლება დაემართოთ არა მარტო მამაკაცებს, არამედ ქალებსა და ბავშვებსაც. ალოპეცია სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ ფსიქიკურ დისკომფორტს, ზოგჯერ - აშლილობასა და ადამიანის სოციალურ იზოლაციას იწვევს (გარეგნობაზე ბევრად არის დამოკიდებული ადამიანის გუნება-განწყობა და მისდამი დამოკიდებულება სოციუმში).

განასხვავებენ ორი ტიპის ალოპეციას: ნაწიბუროვანს, რომელიც გამოწვეულია ანთებითი პროცესების, კანის ატროფიის ან დანაწიბურების შედეგად თმის ფოლიკულების განადგურებით და არანაწიბუროვანს. ამ უკანასკნელ ტიპს მიეკუთვნება ბუდობრივი, ანდროგენული და დიფუზური ალოპეცია.

ბუდობრივი ანუ კეროვანი ალოპეცია შეძენილი პათოლოგიაა. განასხვავებენ მის სამ ძირითად კლინიკურ ფორმას: ლოკალურს (კეროვანს), ტოტალურსა და უნივერსალურს. ბუდობრივ ალოპეციას ახასიათებს თმის ცვენა უპირატესად თავსა და სახეზე, თანაც - ერთობ სპეციფიკურად: ლოკალურად, ცალკეულ უბნებში (კერებში). დაავადების სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. გამელოტებული უბნები წრიული ან ოვალურია. მათ პერიფერიებზე თმის ძირები სუსტდება და ღერი სუსტი მოქაჩვითაც ძვრება. ამის გამო მელოტი უბნები თანდათან იზრდება და ბოლოს ერთდება. ამგვარად ყალიბდება კეროვანი ალოპეციის სუბტოტალური ფორმა.

სუბტოტალური ალოპეცია ნელა პროგრესირებს. ავადმყოფს მსხვილი თმა სცვივა და მხოლოდ ბუსუსები და მოკლე ღერები რჩება. არცთუ იშვიათად უთხელდება წარბებიც. ზოგჯერ წამწამების ცვენაც შეიმჩნევა.

ტოტალურ გამელოტებაზე მაშინ ვლაპარაკობთ, როდესაც ავადმყოფს თავსა და სახეზე თმა მთლიანად აქვს გაცვენილი, ხოლო როცა პათოლოგიური პროცესი მთელ სხეულს მოიცავს, ალოპეციას უნივერსალურს უწოდებენ. ამას შეიძლება დაერთოს ფრჩხილების დაზიანება - მსხვრევადობა და დეფორმაცია.

დაზიანებული უბნის ფართობის მიხედვით, გამოყოფენ კეროვანი ალოპეციის რამდენიმე სტადიას: მსუბუქს (დაზიანებულია 25%), საშუალოს (25-50%) და მძიმეს (50%-ზე მეტი).

ალოპეციის მიზეზი ბოლომდე არ არის გარკვეული. უმთავრეს ფაქტორებად მიჩნეულია სტრესი, ფიზიკური ტრავმა და მწვავე დაავადებები. დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი წინაგანწყობაც.

ამჟამად თმის ბუდობრივ ცვენას რამდენიმე თეორიით ხსნიან. განსაკუთრებით პოპულარულია გენეტიკური (მემკვიდრეობითი მიდრეკილება ბუდობრივი ალოპეციისადმი), იმუნური (ბოლო მონაცემებით, იგი აუტოიმუნურ დაავადებად ითვლება), დისცირკულარული (ყალიბდება კეროვანი იშემია - თმის ბოლქვის სისხლძარღვთა სპაზმი) თეორიები.

არსებობს დაავადებები, რომლებსაც კეროვანი ალოპეციის მსგავსი კლინიკური სურათი აქვს, მაგრამ განსხვავებული მკურნალობა სჭირდება. მცდარი დიაგნოზის შემთხვევაში თერაპია, ცხადია, შეუსაბამო და უშედეგო იქნება, ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე ეს დაავადებები უთუოდ უნდა გამოირიცხოს. დიფერენცირება საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, დერმატომიკოზთან (მას ახასიათებს კანის აქერცვლა და არა თმის ცვენა, არამედ ღერების მტვრევადობა). უნდა გამოირიცხოს სიფილისი (ამ დროს ალოპეცია წვრილკეროვანია - წვერი და თავის თმიანი ნაწილი თითქოს დაჩრჩილულია), დისკოიდური წითელი მგლურა, ტრავმული ალოპეცია, ტრიქოტილომანია (ამ უკანასკნელის დროს ადამიანი ფსიქიკური გადაძაბვის გამო თვითონვე იზიანებს თმოვან საფარველს).

ბუდობრივი ალოპეციის მკურნალობისას ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. დაავადების მიზეზის დადგენა აუცილებელია - მკურნალობის მეთოდი ამის მიხედვით შეირჩევა.

არის შემთხვევები, როდესაც ალოპეციის კერა სპონტანურად იხურება, მაგრამ რჩება რეციდივის საშიშროება. პაციენტთა ნახევარს პერიოდულად გამელოტების ახალ-ახალი კერები უჩნდება. 5-10%-ში დაავადება ტოტალური ან უნივერსალური გამელოტებით სრულდება. თუ გამელოტება სქესობრივ მომწიფებამდე დაიწყო, მკურნალობა უფრო რთულია.

ანდროგენული ალოპეცია (იგივე თმის ანდროგენეტიკური ცვენა, ნაადრევი ალოპეცია, ჩვეულებრივი ალოპეცია, მამაკაცური ტიპის გამელოტება, ქალების ქრონიკული დიფუზური გამელოტება) პროგრესირებადი გამელოტებაა, რომელსაც თმის ფოლიკულებზე ანდროგენების (მამაკაცის სასქესო ჰორმონების) ზემოქმედება იწვევს. ის გენეტიკურად განწყობილ პირებს ემართებათ. დაავადება შეიძლება აღმოცენდეს ნებისმიერ ასაკში სქესობრივი მომწიფების შემდეგ, თუმცა უმეტესად 40-50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს შორის არის გავრცელებული. ქალებში ეს დაავადება 60 წლის შემდეგ იჩენს თავს.

ქალებში ანდროგენული ალოპეცია ანდროგენების დონის მატებაზე მიუთითებს, რაც ენდოკრინულ დარღვევებს უკავშირდება.

ალოპეციის მთავარი მიზეზი თმის ფოლიკულებზე ანდროგენების ზემოქმედება და ფოლიკულთა მემკვიდრეობითი თავისებურებებია, რომლებიც მამაკაცების 70-72%-ს დედის ხაზით გადაეცემა. კერძოდ, ეს არის დიჰიდროტესტოსტერონის (ერთ-ერთი ანდროგენის) სიჭარბე, თმის ფოლიკულების მომატებული მგრძნობელობა დიჰიდროტესტოსტერონის მიმართ, ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდამქმნელი ფერმენტის (5-ალფა-რედუქტაზას) აქტივობის მომატება.

ანდროგენების გავლენით ტერმინალური (თავის თმიანი ნაწილის) თმის ფოლიკულები გადაგვარდება და უფრო მოკლე და თხელი, ბუსუსისებრი თმების წარმოქმნას იწყებს. შემდგომ ეს ფოლიკულები საერთოდ ატროფირდება. ბუსუსისებრი თმის ფოლიკულებში კი მიმდინარეობს საპირისპირო პროცესი - მათგან ტერმინალური ღერები იზრდება. შედეგად სახის, ბოქვენის, იღლიის გათმიანება ძლიერდება.

გამელოტებას ანდროგენებით მკურნალობაც იწვევს, თუმცა პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ პროცესი უკუვითარდება.

ქალებში ანდროგენული ალოპეცია დიფუზური და ნაკლებად გამოხატულია.

დაავადების კლინიკა ასეთია: გამელოტების უბანში თმის ღერები ჯერ მოკლდება და თხელდება, მერე მათ ადგილს თანდათანობით ღინღლი იკავებს, ბოლოს კი ისიც ცვივა. გამელოტებულ არეში კანი გლუვი და პრიალაა. ხშირად გამელოტებას თან ახლავს თავის თმიანი ნაწილის ცხიმოვანი სებორეა და სებორეული დერმატიტი. მამაკაცებს გამელოტება შუბლისა და თხემის ნაწილიდან ეწყებათ. საფეთქლებისა და კეფის არეში თმის შეთხელება ანდროგენული ალოპეციის მძიმე მიმდინარეობის დროსაც არ შეიმჩნევა.

განასხვავებენ ანდროგენული ალოპეციის 5 სტადიას:

I სტადია - თმის ცვენა შეიმჩნევა თავის თმიანი ნაწილის წინა ზღვარზე;

II სტადია - აღინიშნება ორმხრივი გამელოტება შუბლზე, ხოლო თხემის არეში - თმის შეთხელება.

III, IV, V სტადიები - შუბლსა და თხემის არეში თმის ცვენა პროგრესირებს და გამელოტებული უბნები ერთდება, რაც შუბლ-თხემის არეში სრული სიმეტრიული გამელოტებით სრულდება.

სქესობრივი მომწიფების შემდეგ ქალების 80%-ს ანდროგენების დონის მატებისა და გენეტიკური განწყობის გამო თმის ოდნავი დიფუზური შეთხელება აღენიშნება. ასიდან 20 შემთხვევაში მენოპაუზის შემდეგ ეს პროცესი ვრცელდება თხემის მიდამოზე, მაგრამ მაინც უფრო სუსტად არის გამოხატული, ვიდრე მამაკაცებთან.

ანდროგენული ალოპეციის დიაგნოსტიკა ემყარება ანამნეზს, კლინიკურ სურათს, კვლევის სხვადასხვა მეთოდის (ტრიქოგრამის, სისხლის ბიოქიმიური ანალიზის, ჰორმონული გამოკვლევის და ა.შ.) მონაცემებს, კანის პათომორფოლოგიას, ენდოკრინოლოგის, გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის კონსულტაციას.

რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უფრო უკეთესი იქნება შედეგი. ანდროგენული ალოპეციის მკურნალობა პრობლემად ითვლება, ვინაიდან არ არსებობს პრეპარატი, რომელიც ერთდროულად იმოქმედებდა ამ ტიპის ალოპეციის ყველა პათოგენურ ფაქტორზე, მაგრამ არსებობს ზოგადი და ადგილობრივი მოქმედების ეფექტური საშუალებები, რომლებიც პროცესს ანელებს.

არსებობს ალოპეციის მკურნალობის ქირურგიული მეთოდიც. ხელოვნური თმის გადანერგვამ, რომელიც წლების განმავლობაში უალტერნატივო მეთოდად მიიჩნეოდა, არ გაამართლა. ამჟამად ახდენენ საკუთარი თმის ტრანსპლანტაციას - თმის ცვენისგან გენეტიკურად დაზღვეული უბნებიდან ფოლიკულების გადანერგვას გამელოტებულ უბნებში.

დიფუზური ალოპეცია უმეტესად ფიზიოლოგიურია - ასაკობრივად ან ანდროგენეტიკურად განპირობებული, უფრო იშვიათად - ტოქსიკური ანუ მეტაბოლური.

ფიზიოლოგიურია თმის ცვენა:

ახალშობილებში;

მშობიარობის შემდეგ (იწყება დაახლოებით მე-8 კვირას). ასეთ შემთხვევაში თმის ცვენა, ჩვეულებრივ, უმნიშვნელოა, თუმცა არ არის გამორიცხული, დამატებითმა ფაქტორებმა (სტრესმა, ქრონიკულმა დაღლილობამ, ანემიამ) გააძლიეროს. პროცესი იშვიათად არის შეუქცევადი - თმის ცვენა, წესისამებრ, რამდენიმე თვეში წყდება. ასეთივე ხასიათის თმის ცვენა ვითარდება ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტის შემდეგ;

პოსტპუბერტატულ პერიოდში (ე.წ. თმის პოსტპუბერტატული ცვენა). ის 16-20 წლის გოგონებს აღენიშნებათ და ზოგჯერ ანდროგენეტიკური ალოპეციის საწყის სტადიადაც მიიჩნევენ, რადგან ანდროგენების გამომუშავების სიჭარბეს უკავშირებენ. თმა მაქსიმალურ სიხშირესა და მოცულობას სქესობრივი სიმწიფის პერიოდში აღწევს. ამის შემდეგ იწყება დაბერების ფიზიოლოგიური პროცესი, რასაც თმის შეთხელება სდევს თან. ეს პროცესი არაერთგვაროვნად და საფეხურებრივად მიმდინარეობს. თმის პოსტპუბერტატული ცვენა პირველი საფეხურია. ის შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა, ინფექციურმა დაავადებებმა, ანდროგენების სიჭარბემ.

ტოქსიკური ანუ მეტაბოლურია ალოპეცია, რომელსაც იწვევს:

ინფექციური დაავადებები;

ქიმიური ტოქსინები, სახელდობრ, მედიკამენტები (ზოგიერთი პრეპარატი, მაგალითად, ანტიკოაგულანტები, ანტითირეოიდები, ხელს უწყობს თმის ცვენას. ციტოსტატიკები, რომლებსაც ქიმიოთერაპიის დროს იყენებენ, სწრაფ და სრულ გამელოტებას იწვევს, მაგრამ ეს პროცესი სავსებით შექცევადია. ასეთივე შედეგი აქვს სხივურ თერაპიას); რკინის, თუთიის, ცილების, ვიტამინების დეფიციტი, რაც არაადეკვატური კვებით (მაგალითად, ხილისა და ბოსტნეულის ხანგრძლივი დიეტით) არის გამოწვეული;

ენდოკრინული დარღვევები (ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, აუტოიმუნური თირეოიდიტი); ძლიერი ემოციური დატვირთვა, სტრესი.

თმის ცვენის მიზეზად შეიძლება იქცეს თმის არასწორი მოვლა. მავნე გავლენას ახდენს ულტრაიისფერი სხივების ჭარბი ზემოქმედება, ფენისა და საღებავების ხშირი გამოყენება, ქიმიური დახვევა.

მკურნალობა. თმის ცვენის გამომწვევი ძირითადი დაავადების მკურნალობა ალოპეციის პრობლემას ხშირად ხსნის, ამიტომ თმის ცვენის ფარმაკოლოგიური მკურნალობა მეორეხარისხოვანი ხასიათისაა.

ნაწიბუროვანი ალოპეცია გამელოტების ის ფორმაა, რომელსაც თმის ფოლიკულის დესტრუქცია და კანის დანაწიბურება იწვევს. მისი მიზეზი შეიძლება იყოს განვითარების დეფექტი და მემკვიდრეობითი ფაქტორი, ტრავმა (დამწვრობა, სხივური დერმატიტი), ფოლიკულების დაზიანება სპეციფიკური ინფექციით ან სიმსივნური წარმონაქმნით, თავის თმიანი არის სკლეროდერმია, ფურუნკული, ფავუსი, წითელი მგლურა, სარკოიდოზი და სხვა სახის დერმატოზი.

კლინიკური სურათი ასეთია: თავის თმიანი ნაწილის კანზე წარმოიქმნება უხეში ნაწიბური (ისეთი, როგორიც კარბუნკულის შემდეგ) ან ვითარდება კანის ნაწიბუროვანი ატროფია. შედეგად თმის ფოლიკულები იღუპება. გასინჯვისას თავის კანი დაჭიმულია, აღინიშნება გამელოტების კერები.

სებორეული ალოპეცია გარდატეხის ასაკში იწყება. უმეტესად მამაკაცებს შორის არის გავრცელებული. თავდაპირველად თმის ცვენა ფიზიოლოგიურია. ამ დროს იმატებს კანის ცხიმოვნებაც - ყალიბდება ე.წ. (ფიზიოლოგიური სებორეა, რომელიც, ჩვეულებისამებრ, 2-5 წლის შემდეგ გაივლის და ცხიმის გამოყოფაც ნორმას უბრუნდება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა პროცესი არ უკუვითარდება და ყალიბდება მყარი სებორეა, რომელიც სებორეულ ალოპეციაში გადაიზრდება. სებორეულ ალოპეციას ახასიათებს ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერტროფია და კანის მიერ გამოყოფილი ცხიმის ხარისხის შეცვლა. ამ დროს აუცილებელია სებორეის მკურნალობა, რის შემდეგაც თმის ცვენის პრობლემა თავისთავად მოგვარდება.

სიახლეები

ანგიოლოგიური (სისხლძარღვოვანი) პათოლოგიების კომპლექსური კვლევა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სერვისი

ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა