თრომბოზი
თრომბოზი
თარიღი: 2017-06-21
დათვალიერება: 4418
თრომბოზი (ბერძ. thrombosis - შედედება) არის სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის პროცესი, რომლის შედეგადაც სისხლძარღვის სანათური შეიძლება ნაწილობრივNან მთლიანად დაიხშოს.
თრომბოზის წარმოქმნას ხელს უწყობს სისხლძარღვთა კედლების დაზიანება (ათეროსკლეროზული, ანთებითი ან სხვა ხასიათისა), სისხლის ნაკადის შენელება, სისხლის შედედებისა და სიბლანტის მატება.
ყველაზე მეტად გავრცელებულია პერიფერიული ვენების თრომბოზი (თრომბოფლებიტი). შედარებით უფრო იშვიათია არტერიული სისტემის თრომბოზი, რომელიც იწვევს სისხლმომარაგების დარღვევას ქსოვილის შესაბამის უბანში და არცთუ იშვიათად - მის ნეკროზს.
როცა არტერიებში არსებული თრომბი მთლიანად გადაკეტავს სისხლის ნაკადს, ნაკადის ქვემოთ ქსოვილი კვდება. სწორედ ეს არის ქსოვილის ნეკროზი. თუ კვდომა კიდურის ქსოვილმა განიცადა, ვითარდება განგრენა, კორონარული სისხლის მიმოქცევის სისტემის თრომბოზი იწვევს მიოკარდიუმის ინფარქტს, ტვინის სისხლძარღვებისა - ინსულტს, ხოლო ნაწლავთა არტერიებში არსებული თრომბი ნაწლავების განგრენის მიზეზად იქცევა.ამ პათოლოგიების განვითარების შემდეგ შესაძლოა მოხდეს თრომბის გაწოვა (ლიზისი), რასაც მოჰყვება სისხლძარღვთა გამტარობის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა ან მათი გამკვრივება (ორგანიზაცია).
კაპილარების მრავლობითი თრომბოზი (სისხლის დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომი), რომელსაც ხშირად თან სდევს სისხლდენა ქსოვილებში, შესაძლოა აღმოცენდეს შოკის, სისხლდენის, მძიმე ინფექციური დაავადების და სხვათა დროს.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა. თრომბოზის დიაგნოზი შეიძლება დაისვას ავადმყოფის ჩივილებისა და გასინჯვის საფუძველზე. დიაგნოზის დასაზუსტებლად იყენებენ კვლევის ექოსკოპიურ, ბიოქიმიურ და რენტგენოლოგიურ მეთოდებს.
ნებისმიერი ლოკალიზაციისა და ნებისმიერი გართულების თრომბოზი თავისებურ მკურნალობას საჭიროებს. უშუალოდ თრომბის წარმოქმნასთან ბრძოლა გულისხმობს თრომბის წარმოქმნის პროცესის ლიკვიდაციას. ამისთვის ინიშნება ანტიკოაგულანტები (სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები), ფიბრინოლიზური (თრომბის, უფრო ზუსტად, შედედების ძირითადი ფაქტორის - ფიბრინის დამშლელი) საშუალებები. ქსოვილის დეფექტის შემთხვევაში ამ პრეპარატების მიღებამ შესაძლოა სისხლდენა გამოიწვიოს, ამიტომ მათი შერჩევა და დოზირება ექიმის პრეროგატივაა.
გარდა ზემოხსენებული საშუალებებისა, ავადმყოფს ენიშნება სპაზმოლიზური და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. ზოგჯერ თრომბის ოპერაციული წესით ამოღება ხდება საჭირო.
სიახლეები
ანგიოლოგიური (სისხლძარღვოვანი) პათოლოგიების კომპლექსური კვლევა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სერვისი
ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა
სასარგებლო ბმულები