თქვენს ვებ-ბრაუზერს ან არ აქვს JavaScript-ის მხარდაჭერა, ან სკრიპტების გამოყენება დაბლოკილია!

მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური

ცენტრი

პოდაგრა

პოდაგრა

თარიღი: 2017-10-01

დათვალიერება: 13614

პოდაგრა (ნიკრისის ქარი) ორგანიზმის ზოგადი დაავადებაა, რომელიც ვითარდება გენეტიკური განწყობითა და ალიმენტური ფაქტორებით განპირობებული პურინული ცვლის დარღვევის გამო. პურინული ცვლის მოშლას თან ახლავს ორგანიზმში შარდმჟავა ნაერთების საგრძნობი მატება და სხვადასხვა ქსოვილში ჩალაგება.

დაავადებისთვის დამახასიათებელია ჰიპერურიკემია (სისხლის შრატში შარდმჟავას კონცენტრაციის მატება), შარდმჟავა მარილების (კრისტალური ურატების) შემაერთებელ ქსოვილში - სინოვიურ გარსში, მყესში, ხრტილში, ძვლის სახსროვან ნაწილში, თვალის სკლერაში, თირკმელების ინტერსტიციულ შრეში, სისხლძარღვებში - ჩალაგება, რაც მიმდინარეობს უპირატესად სახსრების რეაქტიული ანთებით (პოდაგრული ართრიტი და მრავლობითი კვანძის - ტოფუსების განვითარება), ასევე - შინაგანი ორგანოების, განსაკუთრებით კი თირკმელებისა და სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანებით.

ევროპასა და აშშ-ში გავრცელებულ დაავადებათა შორის პოდაგრის წილად 0,01-0,3% მოდის, სხვა რევმატულ დაავადებებს შორის კი მისი ხვედრითი წილი 2-5%-ია. უმთავრესად (დაახლოებით 98%) გვხვდება 30-40 წლის მამაკაცებში. ქალებში პოდაგრა იშვიათია და შეიძლება განვითარდეს მხოლოდ კლიმაქსურ პერიოდში.

გამომწვევი ფაქტორები

გენეტიკური განწყობა. თუ ადამიანს აქვს თანდაყოლილი ენზიმოპათია - სხვადასხვა ენზიმის (ფერმენტის) ცვლის გენეტიკურად განპირობებული დარღვევა, ამას მოჰყვება პურინების სინთეზის მკვეთრი გაძლიერება. აღსანიშნავია ისიც, რომ პოდაგრის დროს ფერხდება თირკმელებით შარდმჟავას გამოყოფა, რაც, თავის მხრივ, იწვევს ჰიპერურიკემიას - სისხლში მისი საერთო რაოდენობის მომატებას.

ალიმენტური ფაქტორი. იგულისხმება პურინების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველი საკვებისა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. არანაკლებ მნიშვნელოვანია მაღალკალორიული დიეტისა და მცირე ფიზიკური აქტივობის თანხვედრა. ჰიპერურიკემიასთან ერთად ავადმყოფებს არცთუ იშვიათად აღენიშნებათ ლიპიდური (ცხიმოვანი) ცვლის დარღვევა, კერძოდ, ჰიპერქოლესტერინემია, და უმნიშვნელო ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის დონის მომატება).

პოდაგრა შეიძლება იყოს პირველადი, ანუ პურინული ცვლის პირველადი დარღვევით განპირობებული, და სიმპტომური ანუ მეორეული. ეს უკანასკნელი თან ახლავს რომელიმე ძირითად დაავადებას, ისეთს, როგორიც არის, მაგალითად, ერითრემია, ლეიკოზი, ანემიის ზოგიერთი ფორმა, მიელომური დაავადება, ნეფროპათია, სარკომა და კიბო, ასევე - სხვადასხვა ნივთიერებით ინტოქსიკაციას, კერძოდ, ტყვიით მოწამვლას, სამკურნალო ნივთიერებებით მოწამვლას, სხივურ თერაპიას.

მწვავე პოდაგრული ართრიტი

პოდაგრის განვითარებაში განასხვავებენ სამ პერიოდს: პრემორბიდულს, ინტერმისიულს ანუ მონაცვლეობითს და ქრონიკულს.

პრემორბიდულ პერიოდს ახასიათებს სისხლში შარდმჟავას დონის უსიმპტომო მომატება, რომელიც შეიძლება თვეობით, ზოგჯერ კი წლობითაც გაგრძელდეს. არის შემთხვევები, როცა ჰიპერურიკემია პერიოდულად ქრება. მწვავე პოდაგრული ართრიტი აღინიშნება დაავადების მეორე, ინტერმისიულ ანუ მონაცვლეობით პერიოდში, რომელსაც ახასიათებს სახსრებში მწვავე ლოკალური ანთებითი პროცესის მონაცვლეობა უსიმპტომო პერიოდთან და მყარი ჰიპერურიკემია.

მწვავე პოდაგრული ართრიტი უმეტესად უვითარდებათ შუახნის მამაკაცებს ერთბაშად, თითქმის უმიზეზოდ, თუმცა ცნობილია შეტევის განვითარების რისკფაქტორები. მათგან აღსანიშნავია:

განსაზღვრული ტიპის (პურინებით მდიდარი) საკვები და ალკოჰოლური სასმელები;

ტრავმა;

ფიზიკური გადაღლა;

ნერვულ-ემოციური დატვირთვა;

გაციება;

ქირურგიული ჩარევა;

ცხოვრების წესის შეცვლა (აქტიური ცხოვრებიდან პასიურზე გადასვლა ან პირიქით);

ზოგიერთი ინფექციური დაავადება;

ალერგიული რეაქცია;

ზოგიერთი პრეპარატით (კოფეინი, თეობრომინი, დიურეტინი, ეუფილინი, ვიტამინები, შარდმდენები, სულფანილამიდები, ღვიძლის ექსტრაქტები და ა.შ.) მკურნალობა, ხანგრძლივი სტეროიდული თერაპია ან სტეროიდების უეცარი შეწყვეტა.

ხშირად რამდენიმე ფაქტორი ერთმანეთს ერწყმის.

მწვავე პოდაგრული ართრიტის კლინიკური სურათი, განსაკუთრებით - მისი პირველი შეტევა, იმდენად დამახასიათებელია დაავადებისთვის, რომ პოდაგრის ერთ-ერთ სადიაგნოზო კრიტერიუმადაც კია მიჩნეული. პოდაგრის პირველი სიგნალი უმეტესად ტერფის პირველი (დიდი) თითის წინატერფ-ფალანგის სახსრის ართრიტია, იშვიათად - ტერფის სხვა თითების, კოჭ-წვივის, მუხლის, კიდევ უფრო იშვიათად - სხივ-მაჯის, იდაყვის, ხელის მტევნის, მენჯ-ბარძაყის და სხვა სახსრების ართრიტი. წესისამებრ, საქმე გვაქვს ერთი სახსრის ანთებასთან, თუმცა არც პოლიართრიტია გამორიცხული.

პოდაგრულ ართრიტს ლოკალიზაციის მხრივ გარკვეული კანონზომიერება ახასიათებს: ზედა კიდურების სახსრებზე ხშირად ქვედა კიდურებისა ზიანდება, მსხვილ სახსრებზე ხშირად - წვრილი.

პოდაგრული ართრიტის შეტევა

შეტევა ვითარდება უეცრად, უმეტესად - ღამით. ავადმყოფს აღვიძებს ტერფის დიდი თითის ძლიერი ტკივილი. სახსარი სწრაფად (რამდენიმე საათში) სივდება, კანი ჰიპერემიულია, დაჭიმული და მბზინავი. ხშირად გაფართოებული ვენებიც კი მოჩანს. შესივებული ქსოვილები მკვრივია, ადგილობრივი ტემპერატურა - მომატებული, სახსარში ყოველგვარი მოძრაობა - მკვეთრად მტკივნეული (ასეთი ძლიერი ტკივილი არც ერთმა ართროლოგიურმა დაავადებამ არ იცის). ჩვეულებრივ, კრიზი გრძელდება რამდენიმე საათიდან 10-12 დღემდე და თანდათანობით (ერთ-ორ კვირაში) ცხრება. ამის პარალელურად ქრება შეშუპება და სახსრის ფუნქცია სავსებით აღდგება. ავადმყოფს თავი გამოჯანმრთელებული ჰგონია.

ზოგ შემთხვევაში ანთებითი პროცესი ითრევს პერიარტიკულურ ქსოვილს - მყესებსა და მათ ჩანთებს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ანთებითი პროცესი ლიმფის გზით ვრცელდება. პერიარტიკულური ქსოვილის ამგვარი დაზიანება კლინიკურად ძლიერ ჰგავს ფლეგმონას (ფაშარი ქსოვილის ჩირქოვან ანთებას). პოდაგრის ამგვარი ფსევდოფლეგმონური ფორმები ხშირად ქცეულა მცდარი ქირურგიული ჩარევის მიზეზად.

იშვიათად ტკივილი სუსტია, სახსრების შესივება და მათი ფუნქციის დარღვევა - მცირედ გამოხატული. ასეთ ფორმას ასთენიურს უწოდებენ.

მწვავე კრიზის დროს ავადმყოფს შეიძლება ჰქონდეს სუბფებრილური ტემპერატურა, მაგრამ თუ მსხვილი სახსრებია დაზიანებული, მაშინ ტემპერატურა მაღალია.

როგორც აღინიშნა, პოდაგრული კრიზის დასრულების შემდეგ ავადმყოფი თავს სავსებით ჯანმრთელად გრძნობს, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ შეტევა მეორდება. მისი სიხშირე და ინტენსივობა თითოეული ავადმყოფისთვის ინდივიდუალურია. ზოგიერთს სახსროვანი კრიზი უმეორდება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, ტკივილი არ არის ძლიერი და შრომისუნარიანობას დიდი ხნით არ აქვეითებს, ზოგი კი ძლიერ და ხშირ შეტევებს ადრეულ ინვალიდობამდე მიჰყავს. თუ პირველი რამდენიმე შეტევა უპირატესად აზიანებს ტერფის პირველი თითის წინატერფ-ფალანგთაშუა სახსარს, მომდევნო შეტევები უკვე სხვა სახსრების დაზიანებასაც იწვევს. თუ დაავადების დასაწყისში ძირითადად ერთი სახსრის ანთებასთან გვაქვს საქმე, შემდგომ პოდაგრის მწვავე შეტევა ერთდროულად ორი ან მეტი სახსრის დაზიანებით მიმდინარეობს.

შეტევებს შორის ავადმყოფების უმრავლესობა არაფერს უჩივის.

ტოფუსები

დაავადების განვითარების მესამე, ქრონიკულ პერიოდს ტოფუსების წარმოქმნა ახასიათებს. შეიძლება ჩამოყალიბდეს ქრონიკული პოდაგრული პოლიართრიტი ან ორივე პათოლოგია ერთად.

ტოფუსი სხვადასხვა ზომისაა, მაგალითად, გვხვდება როგორც მუხუდოს მარცვლისოდენა, ასევე ვაშლისოდენა წარმონაქმნები. კანქვეშა, ზედაპირულად მდებარე ტოფუსი თეთრია, მკვრივი. უმეტესად წარმოიქმნება ყურის ნიჟარაზე, სკლერაზე ან იდაყვის არეში, შედარებით იშვიათად - ხელის, ტერფის თითებზე და ნებისმიერ სხვა ადგილას.

ტოფუსი ხშირად რბილდება, თავისთავად იხსნება და იქიდან გადმოედინება კბილის პასტის მაგვარი თეთრი მასა. მიკროსკოპიული გამოკვლევისას მასში აღმოაჩენენ შარდმჟავა ნატრიუმის კრისტალებს. ჭრილობა ძალიან იშვიათად ინფიცირდება, რაც უნდა აიხსნას შარდმჟავა მარილების ბაქტერიციდული ეფექტით (ამ ეფექტს განაპირობებს მჟავა რეაქცია).

ქრონიკული ფორმა

პირველი სახსროვანი კრიზიდან 3-5 წლის შემდეგ პოდაგრა ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება. ასეა უმეტესად, მაგრამ არ არის გამორიცხული, ეს პერიოდი 10-15 წლამდეც გაგრძელდეს. შეტევებს შორის პერიოდი თანდათან მცირდება. პროცესი თანდათანობით ითრევს ახალ სახსრებს. შეუმჩნევლად წარმოიქმნება პოდაგრისთვის დამახასიათებელი კვანძები. დროთა განმავლობაში იმატებს სახსრების მყარი დაზიანებანი, ყალიბდება ტიპური ქრონიკული პოლიართრიტის სურათი - სახსრების დეფიგურაცია და დეფორმაცია ძვლების წანაზარდების ხარჯზე, თითების ქვეამოვარდნილობები, კონტრაქტურები, სახსრების უხეში ხრაშუნი, მოძრაობის შეზღუდვა. ავადმყოფს უჭირს მოძრაობა, უქვეითდება ან სრულიად ეკარგება შრომის უნარი. ჩვეულებრივ, ქრონიკული პოლიართრიტის საბოლოო შედეგი მეორეული მადეფორმირებელი პოლიოსტეოართროზია.

პოდაგრული თირკმელი

პოდაგრის ვისცერული გამოვლინებებიდან ყველაზე მეტად არის გავრცელებული შარდკენჭოვანი დაავადება, რომელიც პოდაგრით დაავადებულთა 14-38%-ს აღენიშნება.

პოდაგრული თირკმელი გულისხმობს ინტერსტიციულ ნეფრიტს თირკმელებში კენჭის არსებობის გარეშე და პოდაგრულ გლომერულონეფრიტს.

პოდაგრული თირკმლის ყველაზე სპეციფიკური ნიშანია ურატების ჩალაგება თირკმელების ტვინოვან, იშვიათად - ქერქოვან შრეში. ურატების ჩალაგება თავდაპირველად კეროვანი ხასიათისაა, მერე და მერე ამ კერის ირგვლივ მდებარე თირკმლის ქსოვილებში ვითარდება ანთებითი რეაქციები. ზიანდება თირკმლის სისხლძარღვები. ჯერ ფიბროზი ვითარდება, მოგვიანებით შესაძლოა ნეფროანგიოსკლეროზიც განვითარდეს. უფრო იშვიათად წინა პლანზე გორგლოვანი აპარატის დაზიანება წამოიწევს.

მიმდინარეობა და სიმპტომები

პოდაგრული თირკმელი კლინიკურად გამოვლინდება:

პროტეინურიით (შარდში ცილის არსებობით);

ცილინდრურიით (შარდში ცილინდრების არსებობით);

არტერიული ჰიპერტონიით (წნევის მატებით); ცალკეულ შემთხვევებში ვითარდება თირკმლის უკმარისობა.

სხვა ორგანოების პოდაგრული ანთება

მწვავე პოდაგრული ანთება, გარდა სახსრებისა, სხვა ორგანოებშიც შეიძლება განვითარდეს. აღწერილია პოდაგრული წარმოშობის მიოზიტი, კანის დაზიანება ჭინჭრის ციების სახით, ფარინგიტი, ტონზილიტი, ლარინგიტი, გლოსიტი, ფლებიტი, გასტრიტი, მწვავე ირიტი, ირიდოციკლიტი და სხვა.

პოდაგრით დაავადებულთა ნახევარზე მეტი სიმსუქნეს უჩივის. ხშირია პოდაგრის შერწყმა შაქრიან დიაბეტთან. ცნობილია აგრეთვე, რომ პოდაგრა ხელს უწყობს ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიის ადრეულ განვითარებას, ოღონდ პოდაგრის დროს სისხლძარღვებში ჩნდება არა ათეროსკლეროზული ფოლაქები, არამედ ურატული კვანძები და ვითარდება ე.წ. ურიკოსკლეროზული კარდიოსკლეროზი. კლინიკურად ეს უკანასკნელი ისევე მიმდინარეობს, როგორც ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი და ხშირად ადრეულ ასაკშივე იწვევს ინსულტს ან ინფარქტს.

სიახლეები

ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა