თქვენს ვებ-ბრაუზერს ან არ აქვს JavaScript-ის მხარდაჭერა, ან სკრიპტების გამოყენება დაბლოკილია!

მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური

ცენტრი

გულის შეძენილი მანკები

გულის შეძენილი მანკები

თარიღი: 2018-12-25

დათვალიერება: 11495

გულის შეძენილი მანკები ვითარდება სარქვლების, ქორდების ან პაპილარული კუნთების მექანიკური, ანთებითი ან დესტრუქციული დაზიანების შედეგად. პათოლოგიური პროცესი იწვევს სარქვლის კარედების დეფორმაციას, რიგიდულობას, კალციფიკაციასა და შეხორცებების გაჩენას ან ქორდების შემოკლებას და ფუნქციის მოშლას.

საბოლოოდ ვითარდება სარქვლის ნაკლოვანება - სარქველი ჰერმეტულად ვეღარ ხურავს შესაბამის ხვრელს - ან ხვრელის სტენოზი. ხშირად სტენოზი და სარქვლის ნაკლოვანება თანაარსებობს, თუმცა ერთ-ერთი კომპონენტი ჭარბობს. სარქვლის დეფორმაცია იწვევს გულის შესაბამისი ღრუების მოცულობით ან წნევისმიერ გადატვირთვას, მათი კედლების ჰიპერტროფიას და საკნების დილატაციას. ძალიან ხშირად ამ ცვლილებებს განიცდის მარცხენა პარკუჭი. გულის მანკის შორს წასულ სტადიაზე ვითარდება გულის კუნთის დეკომპენსაცია, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა სიმძიმით მიმდინარე გულის უკმარისობის კლინიკური სურათით.

გულის შეძენილი მანკების მიზეზი ყველაზე ხშირად რევმატიზმია, იშვიათად - გახანგრძლივებული სეფსისური ენდოკარდიტი, ათეროსკლეროზი, სიფილისი. მანკი შესაძლოა გამოწვეული იყოს საკნებს შორის ხვრელის შევიწროებით ან სარქვლების ნაკლოვანებით.

განასხვავებენ რთულ და კომბინირებულ შეძენილ მანკებს. მანკი რთულია, როდესაც სტენოზი და სარქვლის ნაკლოვანება ერთი და იმავე სარქვლის აპარატში ვითარდება (მაგალითად, მიტრალური ხვრელის სტენოზი და მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება). მანკი კომბინირებულად ითვლება, როდესაც ერთდროულად არსებობს სარქვლოვანი აპარატის ორი ან მეტი დეფექტი (ასეთია, მაგალითად, მიტრალურ-აორტული მანკი).

ჰემოდინამიკური მდგომარეობის მიხედვით გულის მანკის მიმდინარეობაში გამოყოფენ კომპენსაციისა და დეკომპენსაციის პერიოდებს. მანკი კომპენსირებულია, თუ გამოხატულია მისი აუსკულტაციური ან სხვა ნიშნები ჰემოდინამიკის მოშლის გამოკლებით. დეკომპენსაციის სტადიაზე ვითარდება გულის უკმარისობა.

მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება

მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება არის მანკი, რომლის დროსაც მარცხენა პარკუჭის შეკუმშვისას მიტრალური ხვრელის არასრული დახურვის გამო სისხლის ნაწილი უკან, მარცხენა წინაგულში ბრუნდება. მისი მიზეზი ათიდან სამ შემთხვევაში რევმატიზმია. უმეტესად ავადდებიან მამაკაცები.

მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება შესაძლოა შეფარდებითი იყოს: ამ დროს სარქვლები შეცვლილი არ არის, მაგრამ მარცხენა პარკუჭისა და წინაგულოვან-პარკუჭოვანი ხვრელის გაფართოების გამო მიტრალური სარქვლის აფრები ბოლომდე ვერ ხურავენ ხვრელს. მიტრალური სარქვლის ორგანული ნაკლოვანება, ჩვეულებრივ, მიტრალური ხვრელის შევიწროებასთან ერთად ვლინდება და ხშირად რევმატული ენდოკარდიტით არის გამოწვეული. სიმპტომები. ავადმყოფი შესაძლოა უჩიოდეს ქოშინს ფიზიკური დატვირთვის დროს, გულისცემის შეგრძნებას, საერთო სისუსტეს, რაც გულის უკმარისობით არის გამოწვეული. აღინიშნება გულის გადიდება ზემოთ და მარცხნივ, რასაც ყველაზე უკეთ რენტგენოსკოპია ავლენს. მიტრალური ნაკლოვანების მნიშვნელოვანი სიმპტომია სისტოლური შუილი გულის მწვერვალზე, რომელიც ყველაზე ხშირად მარცხენა კუნთქვეშა მიდამოს გადაეცემა. I ტონი შესუსტებულია, II ტონი ფილტვის არტერიაზე - გაძლიერებული. სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში შეგუბებითი მოვლენების განვითარებისას მოგვიანებით დიდდება მარჯვენა პარკუჭი, შემდგომ კი ყალიბდება მისი უკმარისობა დიდ წრეში სისხლის შეგუბებით. ეკგ-ზე ჩანს მარცხენა პარკუჭის გადიდების ნიშნები, რასაც მოგვიანებით მარჯვენა პარკუჭის გადიდების ნიშნებიც ერთვის. მწვერვალზე სისტოლური შუილი ხშირად განპირობებულია გულის ფუნქციური ცვლილებებით და გვხვდება ჯანმრთელი ბავშვებისა და მოზარდების მესამედში, უფრო იშვიათად - მოზრდილებში. ამასთანავე, წარმოიშობა სირთულეები მიტრალური სარქვლის ნაკლოვანებისგან დიფერენცირებისას. გულის რევმატული მანკის დიაგნოზირებისას რევმატულ ანამნეზთან ერთად ყურადღება უნდა მიექცეს I ტონის შესუსტებას მწვერვალზე, მარცხენა პარკუჭისა და წინაგულის გადიდების რენტგენოლოგიურ ნიშნებს, სისტოლური შუილის ინტენსივობასა და ხანგრძლივობას. მანკის დიაგნოზი განსაკუთრებით დამაჯერებელია მიტრალური სტენოზის თუნდაც მცირედი ნიშნების არსებობისას.

მკურნალობა. მიტრალური სარქვლის ნაკლოვანების უსიმპტომო მიმდინარეობისას (კომპენსაციის სტადია) რეკომენდებულია ძლიერი ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა. 30 წლამდე ასაკის პაციენტებს რევმატიზმის გამწვავების საპროფილაქტიკოდ პერიოდულად ენიშნებათ ანტიბიოტიკები.

დეკომპენსაციის სტადიაში ნაჩვენებია საგულე გლიკოზიდები, აგფ-ინჰიბიტორები, პერიოდულად - ვაზოდილატატორები, შარდმდენები. მოციმციმე არითმიის განვითარების შემთხვევაში ინიშნება არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები.

უსიმპტომო მანკის დროს ქირურგიული მკურნალობა ნაჩვენები არ არის, რადგან შესაძლოა, სტაბილური მდგომარეობა დიდხანს შენარჩუნდეს, დეკომპენსაციის შემთხვევაში კი მიზანშეწონილია ქირურგიული კორექცია, რისთვისაც პაციენტი წინასწარ უნდა მომზადდეს.

აორტის სარქვლის ნაკლოვანება

ეს არის მანკი, რომლის დროსაც დიასტოლის პერიოდში აორტული სარქველი ბოლომდე არ იხურება და აორტაში გადასროლილი სისხლის ნაწილი უკან, მარცხენა პარკუჭში ბრუნდება. მანკი განპირობებულია რევმატიზმით, გახანგრძლივებული სეფსისური ენდოკარდიტით, სიფილისით, ათეროსკლეროზით, რევმატოიდული ართრიტით. სიმპტომები. დაავადება შესაძლოა დიდხანს მიმდინარეობდეს ჩივილების გარეშე. არცთუ იშვიათად გულის მიდამოში აღმოცენდება სხვადასხვა ხასიათის ტკივილი, ზოგჯერ - გახანგრძლივებული, განსაკუთრებით - დატვირთვის დროს. აღინიშნება გულისცემის შეგრძნება, პულსაცია კისრის მიდამოში, მოგვიანებით - ქოშინი. დამახასიათებელია სიფითრე, კისრის არტერიების პულსაცია (ე. წ. კაროტიდების ცეკვა). მარცხენა პარკუჭი საგრძნობლად დიდდება და ჰიპერტროფირდება, რაც ვლინდება მწვერვალის საძგერის გადანაცვლებით მარცხნივ და ქვემოთ, მეექვსე-მეშვიდე ნეკნთაშუა სივრცეში, მისი მნიშვნელოვანი გაძლიერებით. რენტგენოლოგიური გამოკვლევით გული იღებს აორტულ კონფიგურაციას მარცხენა პარკუჭის გადიდებით და გამოხატული წელით. ყველაზე ტიპობრივია დიასტოლური შუილის გაჩენა. აორტაზე შესაძლოა ისმინებოდეს ფუნქციური სისტოლური შუილი. პულსი სწრაფი, ხშირი და მაღალია. ეკგ ავლენს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ნიშნებს. მოგვიანებით სტადიაზე მარცხენა პარკუჭის გაფართოებას მივყავართ მიტრალური სარქვლის შედარებითი ნაკლოვანების განვითარებამდე, ფილტვებში სისხლის შეგუბებამდე და შემდგომ - ქოშინამდე. სიფილისური მანკის დროს დიასტოლური შუილი უფრო მკვეთრად ისმის პირველ-მეორე ნეკნთაშუა სივრცეში, მკერდის ძვლის მარჯვნივ. არცთუ იშვიათია სტენოკარდიული ტკივილები გულის მიდამოში. ამავე დროს რენტგენოლოგიური გამოკვლევა ავლენს აღმავალი აორტის ცვლილებებს.

მკურნალობა. აორტის სარქვლის ნაკლოვანების ქირურგიული მკურნალობა ყველაზე ეფექტურია. მისი ჩატარება მიზანშეწონილია გულის უკმარისობის განვითარებამდე. თუ აორტის სარქვლის ნაკლოვანება გულის უკმარისობით გართულდა, საწყის სტადიაში შედარებით ეფექტიანია მედიკამენტური მკურნალობა საგულე გლიკოზიდებით, შარდმდენებით და ვაზოდილატატორებით. ინფექციის საპროფილაქტიკოდ ნაჩვენებია ანტიბიოტიკოთერაპია. მიუხედავად მედიკამენტური მკურნალობისა, დეკომპენსაცია საკმაოდ სწრაფად ვითარდება, ამიტომ დროულად უნდა გადაწყდეს ქირურგიული ჩარევის საკითხი.

აორტის ხვრელის სტენოზი

ეს არის მანკი, რომლის დროსაც აორტის ხვრელის შევიწროების გამო ძნელდება მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გადასროლა. მას რევმატოიდული წარმომავლობა აქვს. უპირველეს ყოვლისა, ვითარდება მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია. დაავადების მიმდინარეობა უმთავრესად სტენოზის ხარისხზეა დამოკიდებული.

სიმპტომები. დაავადების კეთილსაიმედო მიმდინარეობისას განსაზღვრული ხნის შემდეგ მოსალოდნელია ტკივილები გულის არეში, გულის წასვლის ეპიზოდები, ქოშინი და გულისცემის გაძლიერება. გამოკვლევა აჩვენებს გულის გადიდებას მარცხნივ, მწვერვალის საძგერის შიგნით და ქვემოთ გადანაცვლებით, ადასტურებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიასა და გადიდებას. ზოგჯერ რენტგენოლოგიური კვლევა აორტის სარქვლების ჩაკირვას ავლენს. ყველაზე მეტად დამახასიათებელია უხეში სისტოლური შუილი, რომელიც ისმინება მეორე ნეკნთაშუა სივრცეში, მკერდის ძვლის მარჯვნივ. შუილი ტარდება კისრის სისხლძარღვებზე, ზოგჯერ - მთელი გულმკერდის გასწვრივ. ხშირად აღინიშნება სისტოლური თრთოლა აორტაზე. პულსი შენელებული და სუსტია, პულსური წნევა - შემცირებული.

აღნიშნული მანკი ხშირად ერთვის აორტის სარქვლის ნაკლოვანებას. შესაძლოა გართულდეს კორონარული სისხლის მიმოქცევის და აორტაში სისხლის გადასროლის შემცირების შედეგად განვითარებული სტენოკარდიით. დიაგნოზი მკვეთრად უარესდება გულის უკმარისობისა და ამით გამოწვეული მარცხენაპარკუჭოვანი ტიპის სისხლის მიმოქცევის დარღვევის, ქოშინისა და გულის ასთმის თანდართვის შემთხვევაში.

მკურნალობა. აორტის ხვრელის სტენოზის დროს გულის უკმარისობის პირველივე ნიშნების აღმოცენების შემთხვევაში უნდა დაისვას ქირურგიული მკურნალობის საკითხი. მანამდე ინიშნება საგულე გლიკოზიდები, შარდმდენები. სტენოკარდიული შეტევის მოსახსნელად გამოიყენება ნიტროგლიცერინი და რეგულარულად - ვაზოდილატატორები. აუცილებელია პერიოდული ანტიბიოტიკოთერაპია.

სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანება

სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანება იშვიათია და ვითარდება მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიისა და დილატაციის შედეგად, ხოლო თვით ეს უკანასკნელი - მცირე წრის ჰიპერტენზიის, მიტრალური მანკების და გულის იშემიური დაავადების, კარდიომიოპათიების, ფილტვისმიერი გულის ფონზე. სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანების შემთხვევაში მარჯვენა პარკუჭის შეკუმშვისას სისხლის ნაწილი უკან, მარჯვენა წინაგულში ბრუნდება. აღნიშნული მანკი, ჩვეულებრივ, მიტრალურ აორტულ მანკთან კომბინირებულად გვხვდება. ამასთანავე, არცთუ იშვიათია სამკარიანი სარქვლის შედარებითი ნაკლოვანება მარჯვენა პარკუჭის გადიდების შედეგად წინაგულოვან-პარკუჭოვანი ხვრელის დაჭიმვის გამო. სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანების განვითარების მიზეზი უმთავრესად რევმატიზმია, შედარებით იშვიათად - ინფექციური ენდოკარდიტი. გარდა ამისა, მანკი შესაძლოა განვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტის, ტრავმის ან სარქვლის პროლაფსის შედეგადაც.

სიმპტომები. დათვალიერება ავლენს კისრის ვენების გაფართოებას და არტერიებთან მათ სინქრონულ პულსაციას. გულის მარჯვენა საზღვარი გადანაცვლებულია მარჯვნივ მისი მარჯვენა ნაწილების გადიდების ხარჯზე.

დამახასიათებელი აუსკულტაციური ნიშანია ხანგრძლივი სისტოლური შუილი მკერდის ძვლის ფუძესთან.

ავადმყოფებში ადრეულად ვითარდება გულის უკმარისობა და შეგუბებითი მოვლენები სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში: ღვიძლის გადიდება, შეშუპებები, ასციტი, ვენოზური წნევის მომატება. შესაძლოა, აღინიშნებოდეს ღვიძლის პულსაცია.

კომბინირებულ მიტრალურ-აორტულ მანკს ახასიათებს ორი სარქვლის დაზიანება, ხშირად ერთ-ერთი მათგანის უპირატესი სტენოზით ან ნაკლოვანებით. უმეტესად გვხვდება მიტრალური მანკის, ხვრელის სტენოზის ნიშნების უპირატესი განვითარება და კომბინირება აორტის სარქვლის ნაკლოვანებასთან. ამასთანავე, მიტრალური ხვრელის სტენოზის სიმპტომებთან ერთად აღინიშნება დიასტოლური შუილი ბოტკინის წერტილში, თუმცა ნაკლები ინტენსივობისაა, ვიდრე აორტის სარქვლის იზოლირებული ნაკლოვანების დროს. მიტრალური სტენოზის აორტულთან შერწყმისას ამ უკანასკნელის სიმპტომები უფრო ზომიერად არის გამოხატული მარცხენა პარკუჭის ავსების დაქვეითების გამო.

მკურნალობა. ვინაიდან სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანება უმეტესად მეორეულია, მიზეზის მკურნალობა საგრძნობლად ამცირებს მარჯვენა პარკუჭის ზომას და მარჯვენა წინაგულში სისხლის უკუდაბრუნების ხარისხს. იშვიათად საჭირო ხდება ანგიოპლასტიკა.

სამკარიანი (ტრიკუსპიდური) ხვრელის სტენოზი

სამკარიანი ხვრელის სტენოზის ყველაზე ხშირი მიზეზი რევმატიზმია. უმთავრესად ავადდებიან ქალები. მანკი თითქმის ყოვლთვის კომბინირებულია და ერთვის მიტრალური სარქვლის რევმატული დაზიანება. იშვიათად სამკარიანი ხვრელის სტენოზი ვითარდება ავთვისებიანი სიმსივნის ფონზე.

ვინაიდან ორკარიანი სარქვლის სტენოზის განვითარებას ხშირად წინ უძღვის მიტრალური მანკი, ავადმყოფთა უმრავლესობას თავდაპირველად ამ მანკისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოაჩნდება. აღინიშნება საუღლე ვენების (ყელის ქვედა ნაწილში) პულსაცია, ღვიძლის გადიდება, კიდურების შეშუპება. ზოგჯერ ვითარდება სიყვითლე, ღვიძლის ციროზი, ასციტი. შესაძლოა, გადიდდეს ელენთა, განვითარდეს მოციმციმე არითმია. აუსკულტაციური და ელექტროკარდიოგრაფიული მონაცემები შეცვლილია.

მკურნალობა. აუცილებელია შარდმდენების დანიშვნა, მარილის შეზღუდვა. სამკარიანი ხვრელის გამოხატული სტენოზის დროს ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა.

მიტრალურ-ტრიკუსპიდური და მიტრალურ-აორტულ-ტრიკუსპიდური მანკები

ეს მანკები აღმოცენდება თითოეული მათგანისთვის დამახასიათებელი ზემოთ აღწერილი ნიშნების საფუძველზე. მრავალსარქვლიანი დაზიანება შესაძლოა ვივარაუდოთ რევმოკარდიტის გახანგრძლივებული მიმდინარეობის დროს. მიტრალური სტენოზის შერწყმა ორკარიანი სარქვლის ნაკლოვანებასთან გულის ყველაზე გავრცელებული მანკია. ყოველთვის აუცილებელია იმის გაგება, რომელი მანკის ნიშნები ჭარბობს. სტენოზის კლინიკურ გამოვლინებათა სიჭარბის დროს შენარჩუნებულია ტკაცუნა I ტონი, უკმარისობის უფრო მეტად გამოვლინებისას კი ის შესუსტებულია.

აღნიშნული მანკის დროს შესაძლოა გადიდდეს როგორც მარცხენა პარკუჭი სარქვლის უკმარისობის ხარჯზე, ასევე მარჯვენაც, რაც უფრო სტენოზისთვის არის დამახასიათებელი. ჩვეულებრივ, ისმინება როგორც სისტოლური, ასევე დიასტოლური შუილები. დიაგნოზის დაზუსტებაში გვეხმარება საფუძვლიანი რენტგენოლოგიური გამოკვლევა და ექოკარდიოგრაფია. კარდიოქირურგიის განვითარების, აგრეთვე კომბინირებული და შერწყმული მანკების აღმოფხვრის შესაძლებლობის გამო ოპერაციის ჩვენების დასაზუსტებლად ნაჩვენებია კარდიოანგიოგრაფია და გულის ზონდირება.

სიახლეები

ანგიოლოგიური (სისხლძარღვოვანი) პათოლოგიების კომპლექსური კვლევა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სერვისი

ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა