თქვენს ვებ-ბრაუზერს ან არ აქვს JavaScript-ის მხარდაჭერა, ან სკრიპტების გამოყენება დაბლოკილია!

მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური

ცენტრი

პერიკარდიუმი

პერიკარდიუმი

თარიღი: 2019-03-11

დათვალიერება: 5797

პერიკარდიუმის დაავადებებია: მწვავე პერიკარდიტი, ექსუდაციური პერიკარდიტი (რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება იყოს სეროზული, ჰემორაგიული და ჩირქოვანი) და კონსტრიქციული (შეხორცებითი) პერიკარდიტი. ცალკე სინდრომად უნდა გამოიყოს გულის ტამპონადა.

პერიკარდიტი პერიკარდიუმის, გულის გარეთა გარსის (გულის პერანგის სეროზული ფურცლების), ანთებაა. მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ მის მწვავე (გრძელდება დაავადების დასაწყისიდან მე-6 კვირამდე), ქვემწვავე (გრძელდება მე-6 კვირიდან მე-6 თვემდე) და ქრონიკულ (გრძელდება ნახევარ წელიწადზე მეტხანს) ფორმებს.

მწვავე პერიკარდიტი, გამომწვევი ფაქტორის კვალობაზე, შეიძლება იყოს:

ინფექციური (ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, პარაზიტული.

ვირუსული ინფექცია პერიკარდიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ხშირად მწვავე პერიკარდიტი ზედა სასუნთქი გზების ვირუსული დაავადების შემდეგ, ავადმყოფობიდან მე-12-15 დღეს ვითარდება.

ბაქტერიული პერიკარდიტი შეიძლება გამოიწვიოს პნევმოკოკმა, სტაფილოკოკმა, ტუბერკულოზის მიკობაქტერიამ. ბოლო ხანს ტუბერკულოზური პერიკარდიტი გაიშვიათდა. იგი, წესისამებრ, შერწყმულია ტუბერკულოზის სხვა ლოკალიზაციასთან: სეროზიტთან, პლევრიტთან, პერიტონიტთან, ფილტვის, ბრონქული ჯირკვლების დაზიანებასთან. იწყება თანდათანობით, შეუმჩნევლად, მიმდინარეობს დიდხანს, თვეობით, რემისიებისა და გამწვავებების მონაცვლეობით. ექსუდატი სეროზული ან ჰემორაგიულია და მოზრდილ შეხორცებებს ტოვებს.

სიმსივნური (ფილტვის კიბო, მკერდის კიბო, ლიმფომა და სხვა).

სამწუხაროდ, გახშირდა მეტასტაზური - სიმსივნის გავრცელებით გამოწვეული - პერიკარდიტი. მეტასტაზური პერიკარდიტის დროს ექსუდატი სეროზულ-ჰემორაგიული ან ჰემორაგიულია. ზოგჯერ მასში სიმსივნურ უჯრედებსაც პოულობენ.

მიოკარდიუმის ინფარქტით გამოწვეული. ინფარქტი პერიკარდიტის მიზეზად შეიძლება იქცეს როგორც დაავადების მწვავე სტადიაში, აღმოცენებიდან 24 საათის განმავლობაში, ასევე მოგვიანებით, რამდენიმე კვირის და რამდენიმე თვის შემდეგაც კი. პირველ შემთხვევაში ინფარქტის ზონის მიმდებარე პერიკარდიუმის გაღიზიანების შედეგად ვითარდება მშრალი ფიბრინული პერიკარდიტი, ხოლო მეორე შემთხვევაში პერიკარდიტის მიზეზს წარმოადგენს მიოკარდიუმის ინფარქტით გამოწვეული აუტოიმუნური რეაქცია.

თირკმლის უკმარისობის თანმხლები. პერიკარდიტი საკმაოდ ხშირია თირკმელების მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროს. ამავე დროს, პერიკარდიუმის დაზიანება (პერიკარდიტი, გულის ტამპონადა) დიალიზის ერთ-ერთი უხშირესი გართულებაა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ნაწილობრივ მაინც თავად დიალიზის პროცესია. თირკმლის პათოლოგიით განპირობებული პერიკარდიტი უმეტესად ფიბრინულია, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში აქვს სეროზული ან ჰემორაგიული ხასიათი.

მიქსედემის (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნაკლოვანებით განპირობებული დაავადება) შედეგად განვითარებული პერიკარდიტი. ის ხშირად ექსუდაციით მიმდინარეობს. ექსუდატში შესაძლოა აღმოჩნდეს ქოლესტერინის კრისტალები.

ტრავმული პერიკარდიტი. მის მიზეზად შეიძლება იქცეს გულმკერდის ღია ან დახურული ტრავმა, ანდა გულის ოპერაცია (ანთება ვითარდება ქირურგიული ჩარევიდან 1-2 კვირის შემდეგ როგორც პოსტოპერაციული სინდრომი), ბლაგვი (ავტოავარია, აფეთქება, ნგრევა) ან ბასრი საგნით მიყენებული ტრავმა.

იონური რადიაციითა და სხივური ენერგიით გამოწვეული პერიკარდიტი. ჯერ კიდევ იშვიათია, თუმცა შეიმჩნევა მისი მატების ტენდენცია, რაც სიმსივნური დაავადებების სხივური მკურნალობით არის განპირობებული.

პერიკარდიტს შესაძლოა სათავე დაუდოს შემაერთებელი ქსოვილის დაავადებებმა, მაგალითად, რევმატიზმმა, სისტემურმა წითელმა მგლურამ, რევმატოიდულმა ართრიტმა, სკლეროდერმიამ. ექსუდატის ხასიათის მიხედვით უმეტესად ფიბრინული ან სეროზულ-ფიბრინულია, ეს უკანასკნელი კი შესაძლოა შეხორცებით ფორმაშიც გადაიზარდოს. მისი ამოცნობა ძნელია, რადგან პერიკარდიტის სიმპტომები სუსტია, ხოლო ძირითადი დაავადებისა - მკვეთრი. ავადდებიან უმთავრესად ქალები. რევმატული პერიკარდიტი, რომელიც დიდხანს გულის პერანგის ანთების ყველაზე გავრცელებულ ფორმად იყო მიჩნეული, ვითარდება როგორც რევმოკარდიტის ერთ-ერთი გამოვლინება და მწვავე, აქტიური პროცესის მაჩვენებელია. ეს დაავადება ხშირად ემართებათ ბავშვებს. რევმატული პერიკარდიტი მშრალიც შეიძლება იყოს და სველიც. ამ დროს სითხე შესაძლოა სწრაფად ჩადგეს პერიკარდიუმის ღრუში და ასევე სწრაფად გაიწოვოს. პიოგენური ანუ ჩირქოვანი პერიკარდიტი შეიძლება იყოს სტრეპტოკოკური, სტაფილოკოკური, პნევმოკოკური, მენინგოკოკური და გონოკოკური ეტიოლოგიისა. იგი გვხვდება იშვიათად, სეფსისისა და სათანადო ინფექციის კერების არსებობის დროს. დაავადება მიმდინარეობს ჩირქოვანი ექსუდატით, მძიმე საერთო მდგომარეობით, ჰექტიური ცხელებით.

მედიკამენტებიდან პერიკარდიტს ყველაზე ხშირად იწვევს პროკაინამიდი, ჰიდრალაზინი და იზონიაზიდი. პერიკარდიტის მიზეზად შეიძლება იქცეს თანდაყოლილი ანომალიაც, მაგალითად, პერიკარდიუმის განუვითარებლობა და პერიკარდიუმის კისტა. ეს უკანასკნელი უმეტესად კეთილთვისებიანია და უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

იდიოპათიური (დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული) პერიკარდიტი. ვარაუდობენ, რომ ხშირად ის ვირუსული ეტიოლოგიისაა, თუმცა ინფექციის დადგენა ვერ ხერხდება.

სიმპტომები და მიმდინარეობა. მწვავე პერიკარდიტი შემოფარგლული ანთებით იწყება. ამ დროს ფიბრინის ძაფები პერიკარდიუმის ფურცლებზე ილექება, რის გამოც მისი ზედაპირი ხორკლიანი ხდება, ეს კი ხელს უშლის სუნთქვის დროს მათ მოძრაობას.

თუ ფიბრინოზული პერიკარდიტი შემოსაზღვრულ ადგილას განვითარდა, პერიკარდიუმის ღრუში ანთებითი სითხე მნიშვნელოვანი რაოდენობით არ დაგროვდება. მწვავე პერიკარდიტი უმეტესად სწორედ ასეთი სახით გვხვდება.

მწვავე პერიკარდიტის ძირითადი სიმპტომია ტკივილი გულის არეში. ავადმყოფები უჩივიან ყრუ, მუდმივ ტკივილს მკერდის ძვლის უკან ან გულმკერდის მარცხენა ნახევარში, რომელიც ორივე ხელში გადაეცემა. ანალგეტიკები (ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები) ტკივილს უმეტესად აყუჩებს, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ის ხელახლა აღმოცენდება და საათობით, ხშირად დღეების განმავლობაშიც გრძელდება.

ზოგჯერ ტკივილი ისეთი ინტენსიურია, რომ სტენოკარდიის შეტევის და ინფარქტის სიმულაციას ახდენს. პერიკარდიული ტკივილის დამახასიათებელი ნიშანია მისი გაძლიერება ზურგზე წოლის, ღრმა ჩასუნთქვის, ხველისა და ყლაპვის დროს. ხშირად ტკივილის შეგრძნებას ამცირებს წამოჯდომა, წინ დახრა და ზედაპირული სუნთქვა. ნიტროგლიცერინი ტკივილს არ ხსნის.

ავადმყოფის დათვალიერებისას ყურადღებას იპყრობს ტკივილის დროს მისი დამახასიათებელი იძულებითი პოზა - წინ გადახრილი ჯდომა. ამ დროს მცირდება პერიკარდიუმის ფურცლების ერთმანეთთან ხახუნი.

ექსუდაციური პერიკარდიტი

ექსუდაციური პერიკარდიტი პერიკარდიუმის გავრცობილი ანთებაა. ამ დროს წარმოქმნილი ექსუდატის შეწოვა ირღვევა და იგი პერიკარდიუმის ღრუში გროვდება.

ექსუდაციური პერიკარდიტი უმეტესად მშრალს მოჰყვება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ეს სტადია გამოტოვოს და სითხე პერიკარდიუმში თავიდანვე ჩაგროვდეს (ალერგიის, ტუბერკულოზური და სიმსივნური პერიკარდიტების დროს).

თუ პერიკარდიუმის ანთებამ ტოტალური ხასიათი მიიღო, ექსუდატის უკუშეწოვა ირღვევა და იგი უხვად გროვდება პერიკარდიუმის ღრუში. ზოგჯერ სითხის მოცულობა 1-2 ლიტრს აღწევს.

ჩივილები. მცირე რაოდენობით ექსუდატი (პერიკარდიუმის შიგნით წნევა არ იმატებს 3-4 მმ ვწყ. სვ-ზე მეტად), ჩვეულებრივ, ჩივილებს არ იწვევს. შესაძლოა, გამოხატული იყოს მწვავე პერიკარდიტის სიმპტომები.

ინფექციური ექსუდაციური პერიკარდიტის მქონე ავადმყოფები უჩივიან ცხელებას, შემცივნებას. დაავადების დასაწყისში (მშრალი პერიკარდიტის სტადია) შესაძლოა აღნიშნავდნენ ტკივილს, ექსუდატის დაგროვებასა და პერიკარდიუმის ფურცლების დაშორებასთან ერთად ტკივილი თანდათან მცირდება და წინა პლანზე წამოიწევს ჰაერის უკმარისობა.

დიდი რაოდენობით სითხის დაგროვებისას ავადმყოფი საწოლში ხშირად იძულებით პოზას იკავებს - წამოჯდება. ეს იმიტომ, რომ წოლის დროს სისხლის უკუდენა ძნელია.

გულმკერდის დათვალიერებისას ზოგჯერ შეინიშნება გულმკერდის წინა კედლის გამობერვა პრეკარდიულ არეში, აგრეთვე - კანისა და კანქვეშა ქსოვილის უმნიშვნელო შეშუპება.

კონსტრიქციული პერიკარდიტი

კონსტრიქციული პერიკარდიტის დროს პერიკარდიუმის ფურცლები დიფუზურად სქელდება, მათში თანდათან ლაგდება კალციუმის მარილები, რაც გულს ერთგვარ მარწუხებში აქცევს. ამის გამო მცირდება გულის საკნების გადაჭიმვის უნარი და იზღუდება მისი ღრუების ავსება.

კონსტრიქციული პერიკარდიტის დროს ირღვევა გულის დიასტოლური ავსების პროცესი, მცირდება გულის კუმშვითი ფუნქცია, არტერიული წნევა და პერიფერიული ორგანოების სისხლით მომარაგება.

ორიდან ერთ შემთხვევაში კონსტრიქციული პერიკარდიტის მიზეზია ტუბერკულოზი, შედარებით იშვიათად - 15-20%-ში - გულის რევმატული დაზიანება. ხშირია სიმსივნური, რადიაციის, ტრავმის შედეგად განვითარებული კონსტრიქციული პერიკარდიტიც.

ამრიგად, კონსტრიქციული პერიკარდიტი შეიძლება იყოს ნებისმიერი წარმოშობის მწვავე ექსუდაციური პერიკარდიტის არასასურველი დასასრული.

ზოგჯერ გასქელებულ ფურცლებს შორის შეხორცებები ყალიბდება. ამგვარად წარმოშობილი შეხორცება გულს ყოველი მხრიდან ეკვრის გარს და გასაქანს არ აძლევს. კონსტრიქციული პერიკარდიტის ხანგრძლივი მიმდინარეობისას პერიკარდიუმის ფურცლები ჩაიკირება. ამ შემთხვევაში გული უფრო მტკიცე კალციფიკატით შემოისაზღვრება და ყალიბდება ჯავშნიანი გული - პერიკარდიუმის ფურცლები გარდაიქმნება მკვრივ, ნაკლებმოძრავ ტომსიკად და გულს ჯავშანივით ეკვრის გარს.

ჩივილები. ავადმყოფი უჩივის სისუსტეს, ადვილად დაღლას, გულის ფრიალს, ქოშინს, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ფიზიკური დატვირთვისას, მერე და მერე კი მოსვენების დროსაც ვითარდება. მიუხედავად ქოშინისა, ავადმყოფი დაბალ სასთუმალზე წევს, თუმცა ამ დროს მკვეთრად იმატებს ციანოზი და სახის შეშუპება. სხვა ჩივილებიდან აღსანიშნავია მუცლის ზრდა (ასციტის გამო), სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშ (ჰეპატომეგალიის გამო). მოგვიანებით თავს იჩენს ფეხების შეშუპებაც.

ყურადღებას იქცევს ავადმყოფის დამახასიათებელი გარეგნობა: ზედა ღრუ ვენაზე ზეწოლის გამო სახე ძლიერ შეშუპებულია, კისერი - გასქელებული, პირისკანი იღებს ციანოზურ (მოლურჯო) ელფერს, კისრის ვენები დაბერილია და კარგად პულსირებს. შეშუპება და ციანოზი ვრცელდება თავსა და მხრებზე. სიმპტომთა ამ კომპლექსს სტოქსის საყელოს უწოდებენ.

გულის ტამპონადა

გულის ტამპონადა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რომლის დროსაც პერიკარდიუმის ღრუში ექსუდატი ისე სწრაფად გროვდება და/ან ისეთ რაოდენობას აღწევს, რომ იწვევს გულზე ზეწოლას და ჰემოდინამიკის მოშლას. ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული ექსუდაციური პერიკარდიტი შეიძლება გართულდეს გულის ტამპონადით. გულის ტამპონადის დროს პერიკარდიუმის ღრუში დიდი რაოდენობით დაგროვილი სითხე აწვება გულს, რის გამოც გულის საკნები ადეკვატურად არ ივსება.

გულის ტამპონადის განვითარებისთვის მნიშვნელობა აქვს პერიკარდიუმის ღრუში სითხის დაგროვების სისწრაფეს. სწრაფი ექსუდაციის დროს პერიკარდიუმის ფურცლები სათანადო სისწრაფით ვერ იჭიმება, პერიკარდიუმის ღრუში წნევა სწრაფად იმატებს და ტამპონადის კლინიკური სურათი ყალიბდება.

კლინიკურ სურათში ჭარბობს სიმპტომები, რომლებიც ვენური უკუდინების შემცირებას და გულის დაბალ წუთმოცულობას უკავშირდება. დამახასიათებელია პროგრესირებადი საერთო სისუსტე, მზარდი ქოშინი და ტაქიკარდია, თავბრუხვევა, მძიმე შემთხვევებში კი ცნობიერების გარდამავალი დარღვევა, რაც თავის ტვინის არასაკმარის პერფუზიაზე მიუთითებს.

პერიკარდიუმის ღრუში წნევის შემდგომი მატება და გულის წუთმოცულობის კრიტიკული დაქვეითება იწვევს მკვეთრი სისუსტის შეტევებს, რომლებსაც თან სდევს ტაქიკარდია, ქოშინი, არტერიული წნევის დაქვეითება, ძაფისებური პულსი, უხვი ცივი ოფლი, ცნობიერების დარღვევა და დიურეზის დაქვეითება, მაშასადამე, კარდიოგენული შოკის ნიშნები. ბევრ ავადმყოფს ამ დროს სიკვდილის შიში ეუფლება.

გულთან ახლოს მყოფ ორგანოებზე, სისხლძარღვებსა და ნერვულ ღეროზე ზეწოლა (ტრაქეა, საყლაპავი, ღრუ ვენები, ხორხის შებრუნებითი ნერვი) ხშირად იწვევს შემდეგ სიმპტომებს:

მყეფავ ხველას (ტრაქეაზე ზეწოლა);

დისფაგიას ანუ ყლაპვის გაძნელებას (საყლაპავზე ზეწოლა);

ხმის ჩახრინწვას (შებრუნებით ნერვზე ზეწოლას).

მართალია, ტიპური პერიკარდიული ტკივილი გულის ტამპონადიან ავადმყოფებს არ აწუხებთ, მაგრამ მაინც ბევრი პაციენტი უჩივის გულის არეში მუდმივ ზეწოლას.

ავადმყოფი საწოლში, ჩვეულებრივ, ზის, დახრილია წინ და თითქოს ერთ პოზაშია გაყინული. ზოგჯერ მუხლებზე დგება, ბალიშს შუბლითა და მხრებით ეყრდნობა. ასეთი პოზა ამცირებს ზედა ღრუ ვენაზე ექსუდატის ზეწოლას და ნაწილობრივ განტვირთავს ქვედა ღრუ ვენის აუზს.

კისრის ვენები შებერილია, რაც პერიკარდიუმის ღრუსა და მარჯვენა წინაგულში წნევის მკვეთრ მატებაზე მიუთითებს. ჩასუნთქვის ფაზაში პულსი და სისტოლური წნევა 10 მმ-ზე მეტით მცირდება (ე. წ. პარადოქსული პულსი).

დიაგნოსტიკა. პერიკარდიტების დიაგნოსტიკა ემყარება ავადმყოფის ჩივილებს, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული (ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოსკოპია, რენტგენოსკოპია, საუღლე ვენის ფლებოგრაფია, გულის კათეტერიზაცია და სხვა) გამოკვლევების მონაცემებს.

ელექტროკარდიოგრაფია: აღინიშნება მწვავე, ექსუდაციური და კონსტრიქციული პერიკარდიტისთვის დამახასიათებელი ცვლილებები.

რენტგენოლოგია: პერიკარდიუმის ღრუში უმნიშვნელო რაოდენობის (200-300 მლ) სითხის დაგროვების დროს სურათი შესაძლოა ნორმალური იყოს; მნიშვნელოვანი რაოდენობის სითხის დაგროვების შემთხვევაში გულის ჩრდილი გადიდებულია, იღებს სამკუთხედის ფორმას, მკვეთრად არის შემცირებული პულსაცია.

კომპიუტერული ტომოგრაფია დღესდღეობით ქრონიკული კონსტრიქციული პერიკარდიტის ერთ-ერთ ყველაზე სარწმუნო სადიაგნოზო მეთოდად მიიჩნევა. მისი მეშვეობით კარგად ჩანს პერიკარდიუმის გასქელება.

ექოკარდიოგრაფია: გულის პერანგში პათოლოგიური სითხის არსებობისას, როდესაც მისი ოდენობა აღემატება ნორმას (30-50 მლ), ექოკარდიოგრამაზე ფურცლებს შორის ხედავენ თავისუფალ სივრცეს, რაც ღრუში სითხის არსებობაზე მიუთითებს.

ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, პერიკარდიუმის ღრუში მხოლოდ ექსუდატი კი არ აღმოვაჩინოთ, არამედ აღვნუსხოთ გულის ტამპონადის ადრეული ნიშნები კლინიკური სურათის გამოვლენამდე გაცილებით ადრე. პერიკარდიუმის ღრუს პუნქცია (პერიკარდიოცენტეზი): პერიკარდიუმის ღრუს პუნქცია ტარდება როგორც დიაგნოსტიკური, ისე სამკურნალო მიზნით. მას მიმართავენ, როდესაც:

გულის ტამპონადის სიმპტომები ძლიერდება. ამ შემთხვევაში პუნქცია ტარდება სასიცოცხლო ჩვენებით, სითხის ევაკუაციის მიზნით და გულზე ზეწოლის შესამცირებლად.

ჩირქოვან პერიკარდიტზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

ექსუდატის ხასიათის დასადგენად და მისი ხანგრძლივი არსებობისას. დიაგნოსტიკური პუნქცია საშუალებას იძლევა, ჩატარდეს ექსუდატის ფიზიკურ-ქიმიური, ციტოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და სხვა სახის გამოკვლევა. ანთების გამომწვევის (თუ ის, რასაკვირველია, ბაქტერიული წარმოშობისაა): სტრეპტოკოკის, პნევმოკოკის, გრამუარყოფითი ბაქტერიების, ტუბერკულოზის მიკობაქტერიის და სხვათა - გამოსავლენად;

სიმსივნური უჯრედების აღმოსაჩენად;

რევმატულ დაავადებებზე ეჭვის შემთხვევაში - ანტინუკლეარული ანტისხეულებისა და მგლურას უჯრედების გამოსავლენად.

მკურნალობა. პერიკარდიტის თერაპია პერიკარდიტის მიზეზის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა განხორციელებას გულისხმობს.

მწვავე პერიკარდიტის დროს აუცილებელია:

ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია, წოლითი რეჟიმის დაცვა და ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა; არტერიული და ცენტრალური ვენური წნევისა და პულსის კონტროლი, აგრეთვე - განმეორებითი ექოსკოპიური გამოკვლევა ექსუდატის დროული დიაგნოსტირების მიზნით.

მედიკამენტური პრეპარატებიდან უმეტესად ინიშნება:

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (დიკლოფენაკი, ინდომეტაცინი, იბუპროფენი, მოვალისი).

გლუკოკორტიკოიდები. მათი დანიშვნა მიზანშეწონილია ძლიერი ტკივილის, შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადების მძიმე მიმდინარეობისას, ალერგიული პერიკარდიტის, ექსუდაციური პერიკარდიტის დროს ექსუდატის უკეთ გაწოვის მიზნით. ვირუსული პერიკარდიტის შემთხვევაში გლუკოკორტიკოიდების დანიშვნა რეკომენდებული არ არის.

ანტიბიოტიკები. მათი დანიშვნა რეკომენდებულია, თუ პერიკარდიუმის ანთება განვითარდა აშკარა ბაქტერიული ინფექციის (სეფსისი, ინფექციური პერიკარდიტი, პნევმონია, ჩირქოვანი პროცესი) ფონზე.

ანტიტუბერკულოზური პრეპარატები - ინიშნება ტუბერკულოზური პერიკარდიტის დროს.

პერიკარდიუმის პუნქცია. ექსუდატისგან პერიკარდიუმის გათავისუფლება შესაძლოა საჭირო გახდეს ჩირქოვანი პერიკარდიტის დროს. ამ დროს მას გამორეცხავენ და პერიკარდიუმის ღრუში ანტიბიოტიკები შეჰყავთ.

პერიკარდიოცენტეზი - დაუყოვნებლივ კეთდება გულის ტამპონადის დროს.

პერიკარდექტომია (პერიკარდიუმის რეზექცია) - კონსტრიქციული პერიკარდიტის დროს მკურნალობის ერთადერთ მეთოდს წარმოადგენს. უმეტესად (ათიდან 9 შემთხვევაში) ოპერაციიდან 3-4 თვეში ავადმყოფთა მდგომარეობა უმჯობესდება.

პროგნოზი. მწვავე პერიკარდიტის პროგნოზი უმეტესად კეთილსაიმედოა. ადეკვატური მკურნალობის ფონზე ანთების სიმპტომები სწრაფად მცირდება. მწვავე ექსუდაციური პერიკარდიტის დროს გამოჯანმრთელება, ჩვეულებრივ, 2-6 კვირაში მიიღწევა.

გულის ტამპონადა უვითარდება ავადმყოფთა 15%-ს.

კონსტრიქციული პერიკარდიტის პროგნოზი დამოკიდებულია ჩატარებული ოპერაციის ეფექტურობაზე. ოპერაციული ჩარევის გარეშე პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.

სიახლეები

ანგიოლოგიური (სისხლძარღვოვანი) პათოლოგიების კომპლექსური კვლევა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სერვისი

ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა