თქვენს ვებ-ბრაუზერს ან არ აქვს JavaScript-ის მხარდაჭერა, ან სკრიპტების გამოყენება დაბლოკილია!

მრავალპროფილური სამედიცინო-დიაგნოსტიკური

ცენტრი

სამწვერა ნერვის ნევრალგია

სამწვერა ნერვის ნევრალგია

თარიღი: 2019-10-27

დათვალიერება: 8854

სამწვერა ნერვის ნევრალგია (ტრიგემინალური ნევრალგია, trigeminal neuralgy) — გავრცელებული დაავადებაა. ამ დროს დაზიანებული ნერვის საინერვაციო არეში ძლიერი, ხშირად გაუსაძლისი ტკივილი აღინიშნება. დაავადება უმეტესად შუახნის ასაკში, უფრო ხშირად ქალებში ვითარდება. უფრო ხშირია მარჯვენამხრივი ან მეორე და მესამე ტოტების ტკივილი, შედარებით იშვიათი- ორმხრივი ნევრალგია და პირველი ტოტის დაავადება იზოლირებულად ან სხვა ტოტთან ერთად.

სამწვერა ნერვი თავის ტვინის მეხუთე წყვილი ნერვია, რომელიც მოიცავს სახეს, პირის ღრუს, ცხვირისა და თვალის კაკალს, და პასუხს აგებს მათ მიერ ტკივილის, სითბო-სიცივისა და შეხების შეგრძნებათა აღქმაზე.

სამწვერა ნერვის ტოტები სახის სხვადასხვა ნაწილის ინერვაციას (ორგანოთა და ქსოვილთა ნერვებით აღჭურვას) ახდენს:

პირველი ტოტი- თვალბუდის ნერვი მგრძნობიარეა და მოიცავს თვალის კაკალს, ზედა ქუთუთოს, წარბს, შუბლის კანს თხემამდე.

მეორე ტოტიც მგრძნობიარეა და ინერვაციას უწევს ზედა კბილებს, საკუთრივ ზედა ყბას, ცხვირის ღრუს მესამე ტოტი- ქვედა ყბის ნერვი ქვედა ყბის კბილებისა და ენის წინა ორი მესამედის ინერვაციას ახდენს. ეს ტოტი შერეულია- მგრძნობიარეა ბოჭკოებთან ერთად შეიცავს მამოძრავებელ ბოჭკოებსაც, რომლებიც საღეჭი კუნთებისა და ყბის მოძრაობას არეგულირებენ.

გამომწვევი მიზეზი

სამწვერა ნერვის ნევრალგიის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს მექანიკური, სისხლძარღვოვანი და სხვა თეორიები, რომლებიც ტკივილის განვითარებას თავის ქალასგარე პათოლოგიაში თუ შიგნით განვითარებული პათოლოგიური ცვლილებებით ხსნის. ქალას გარეთ ძვლოვანი ხვრელების შევიწროვება ან სისხლძარღვების ათეროსკლეროზული გადაგვარება იგულისხმება, ხოლო ქალას შიგნით- ტვინის გარსების ანთება.

ზოგჯერ სამწვერა ნერვის ნევრალგია გაფანტული სკლეროზის ერთ-ერთი გამოვლენაა, რომელიც შეიძლება მოჰყვეს რომელიმე ინფექციის გადატანას ან ნივთიერებათა ცვლის მოშლას.

კლინიკური სურათი

სამწვერა ნერვის ნევრალგიას ახასიათებს შეტევითი ხასიათის ტკივილი სახის იმ ნაწილში, რომლის ინერვაციასაც ახდენს დაზიანებული ტოტი. ტკივილი სხვადასხვაგვარია: დენის დარტყმისებული, გამჭოლი, მჩხვლეტი და მბურღავი.

შეტევა მოულოდნელად იწყება, რამდენიმე წამიდან ნახევარ წუთამდე გასტანს და მოულოდნელადვე წყდება. შეტევების სიხშირე სხვადასხვა ადამიანს განსხვავებული აქვს.ისინი ზოგჯერ სპონტანურად აღმოცენდება ან ისე სწრაფად მიჰყვება ერთმანეთს, რომ ავადმყოფი მათ ერთ ხანგრძლიივ შეტევად აღიქვამს. შეტევის პროვოცირებას ახდენს ჭამა, ლაპარაკი, პირის ბანა, პირის გაპარსვა, კბილების გამოხეხა. სახეზე წარმოიქმნება ე.წ. ზონები - 5-თეთრიანი მონეტისოდენა უბნები კანზე ან პირის ღრუში, მათ შეხებას ტკივილის ძლიერი შეტევა მოჰყვება.

დიაგნოსტიკა

დადგენილია, რომ სამწვერა ნერვის ნევრალგიის გამომწვევი მიზეზი 80- 90% მდე ნათხემ-ხიდის კუთხეში არსებული ნეიროვასკულარული კომფლიქტია - მოპულსირე სისხლძარღვის მექანიკური ზეწოლა ნერვულ ღეროზე იწვევს დემიელინიზაციას- პათოლოგიური იმპულსაციის შემდგომი გავრცელებით . აღნიშნული თეორიის შემუშავება და შემდგომი განვითარება ეკუთვნის ამერიკელ ნეიროქირურგს პიტერ ჯანეტს, რომელმაც 1967 წელს ყურადრება მიაქცია , რომ ნევრალგიის, ასევე ჰემიფაციალური სპაზმის გამომწვევი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ტვინის ღეროდან გამომავალ ნერვზე მიმდებარე სისხლძარღვის, უმეტეს წილად არტერიის, ზეწოლა.

პათოგენეზი:

არსებობს სხვადასხვა თეორია და ჰიპოთეზა, იმის შესახებ თუა რატომ იწვევს სისხლძარღვოვანი კომპრესია ტკივილს, მათ შორის ყველაზე აქტუალური ცენტრალური, პერიფერიული და კომბინირებული ჰიპოთეზებია.

1. ცენტრალური ჰიპოთეზის მიხედვით სამწვერა ნერვის ნევრალგიისას ფოკალური ეპილეფსიის მსგავსად სისხლძარღვის პულსაცია აღიზიანებს სამწვერა ნერვის ბირთვის ხიდში და იწვევს ტკივილს.

2. პერიფერიული ჰიპოთეზის მიხედვით ნეიროვასკულარული კონფლიქტის დროს სამწვერა ნერვის ფესვის კომპრესიის ადგილზე ვითარდება დემიელინიზაციური პროცესი, რომელიც ნერვის ფესვს ხდის უფრო მგრძნობიარეს მექანიკური გაღიზიანების მიმართ.

3 შერეული ჰიპოთეზის თანახმად დაავადების საწყის ეტაპზე სამწვერა ნერვის ფესვის დემიელინაზია და მისი ექტიპური გაღიზიანება იწვევს სეგმენარული რეგულაციის დარღვევას და სინაფსურ ცვლილებებს n.tractus spinalis და n. trigemini-ს ბირთვებში, რაც იწვევს თავის ტვინში ტკივილის სინდრომის ჩამოყალიბებას.

მკურნალობა

სამწვერა ნერვის ნევრალგიის სამკურნალოდ რამდენიმე მეთოდს მიმართავენ (- მედიკამენტოზური, ფიზიოთერაპიული და ქირურგიული). საწყის ეტაპზე მედიკამენტოზური თერაპიისთვის ბოლო დროს უმთავრესად გამოიყენება ანტიეპილეფსიური (კრუნჩხვის საწინააღმდეგო) საშუალებები — კარბამაზეპინი. ტკივილგამაყუჩებლები ფაქტობრივად უშედეგოა.

თუ მედიკამენტოზურ და ფიზიოთერაპიულ მკურნალობას შედეგი არ მოაქვს, მიმართავდნენ ქირურგიულ მკურნალობას. ბოლო პერიოდამდე გავრცელებული იყო მტკივნეული მიდამოს მაინერვირებული ნერვის ბლოკადა, რიზოტომია. დაზიანებული ნერვი ტკივილის აღქმის უნარს კარგავს. ავადმყოფს ნაოპერაციები მიდამო დაბუჟებული აქვს, თუმცა გარეგნულად არაფერი ეტყობა. ამ სახის ქირურგიულ ჩარევებს, რომელიც ნერვის ფუნქციის დარღვევას იწვევს და ამავე დროს ადრეულ ეტაპზევე ხშირი რეციდიულობა ახასიათებდა, განვითერებულ ქვეყნებში აღარ მიმართავენ.

დღესდღეობით არსებობს ტრიგემინალური ნერვის ინტრაკრანიალურ უბნებთან სამი ძირითადი მიდგომა: ფესვთან და გასერის კვანძთან საფეთქლიდან მიდგომა ქალას შუა ფოსოში სუბოკციპიტალური მიდგომა ქალას უკანა ფოსოდან, რომლის დროს შეიძლება განხორციელდეს ფესვის მგრძნობიარე ნაწილის ან სამწვერა ნერვის დაღმავალი ტრაქტის გადაჭრა

სამწვერა ნერვის მიკროვასკულარული დეკომპრესია ხიდ-ნათხემის კუთხეში მისი გამოსვლის უბანში.

მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდად ითვლება მიკროვასკულარული დეკომპრესია. ეს მეთოდი შეიმუშავა და დანერგა პიტსბურგის ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პიტერ ჯანეტამ, რომელმაც 1996 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში 3 000 მდე ოპერაციის შედეგები შეაჯამა. ნაშრომის თანახმად ტკივილის სრული რეცესია 82% ხოლო ნაწილობრივი 16 % აღენიშნებოდა.

ოპერაციის არსი მდგომარეობს ნეიროვასკულარული კომფლიქტის აღმოფხვრაში ხდება სისხლძარღვის ნერვისგან განცალკავება-იზოლაცია. გამოიყენება როგორც აუტოქსოვილი-ისე ბიოლოგიურად ინერტული ხელოვნური მასალა-ტეფლონის ბამბა, რომლის ფონზეც დაავადების რეციდივი კიდევ უფრო მინიმალურია. მკურნალობის მეთოდის არჩევამდე საჭიროა დიფერენციალური დიაგნოსტიკა სამწვერა ნერვის ნეიროპათიასთან, ფრთის კვანძის, მოცულობითი ახალწარმონაქმნებთან, მიოფაციალურ სინდრომებთან, კლასტერულ თავის ტკივილთან და სტომატოლოგიურ დაავადებებთან (ხშირად ტრიგემინალური ტკივილი შეიძლება გახდეს ჯანსაღი კბილის ექსტრაქციის მიზეზი).

ნეიროვიზუალიზაციური კვლევების განვითარების ფონზე, პირველ რიგში მ.რ.ტ კვლევით ხშირად ფიქსირდება ნეიროვასკულარული კომფლიქტის სურათი, რაც დაავადების ქირურგიულ მკურნალობის ეფექტურობის გარანტს განსაზღვრავს. დაავადების პათოგენეზისა და ქირურგიული მკურნალობის ეფექტურობის ინფორმატიულობის ფონზე საქართველოშიც მატულობს ქირურგიული მკურნალობის ამ მეთოდის პოპულარობა. საქართველოში მკურნალობის ეს მეთოდი-მიკროვასკულარული დეკომპრესია პირველად 1999 წელს წარმატებით შესრულებული იქნა თბილისის მთავარი ნეიროქირურგის გიორგი მაღალაშვილის მიერ.

სიახლეები

ანგიოლოგიური (სისხლძარღვოვანი) პათოლოგიების კომპლექსური კვლევა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სერვისი

ოპერაციული და ბიოფსიური მასალების ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა